შოუბიზნესი

რომელ კონკურსზე მოხსნა დოდონა ნამორაძემ გრანპრის რეკორდი და რის გამო თქვა მან უცხოეთში წარმატებულ კარიერაზე უარი

№15

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 17.04

დოდონა ნამორაძე
დაკოპირებულია

დოდონა ნამორაძე, მიუხედავად მცირე ასაკისა, საკმაოდ გამოცდილი მომღერალია. მას მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად დაჰყვა. დოდონა ბავშვობიდან მღერის, ვუნდერკინდული ნიჭიც აქვს და უყვარს ცხოვრებისეული გამოწვევბი. მართალია, ქართულ მუსიკალურ კონკურსებზე არ გაუმართლა, თუმცა, საბერძნეთის „ახალი ხმის“ კონკურსზე ფინალამდე მივიდა და ეს უცხოეთიდან ჩამოსული კონკურსანტისთვის ნამდვილად დაუჯერებელი იყო.

დოდონა ნამორაძე: ჩემი მშობლები მეუბნებიან, ათი თვის იყავი, როცა მელოდია გაიმეორეო. აქტიურად მღერა კი ჩვიდმეტი წლიდან დავიწყე. მუსიკალური მაქვს დამთავრებული, პიანისტი ვარ და მანამდე ამ კუთხით ვვითარდებოდი. ფორტეპიანოს განხრით კი ვიყავი, თუმცა სულ ვმღეროდი. სცენაზე დადგომას და პროფესიულ დონეზე სიმღერას, სიმართლე გითხრათ, არ განვიხილავდი, რადგან ფორტეპიანოსა და სპორტის კუთხით ვაწყობდი კარიერას. მამაჩემს კი სულ სჯეროდა, რომ სიმღერის კუთხით ვიქნებოდი წარმატებული.

– როგორც ვიცი, მუსიკალურობის ნიჭი გენეტიკურად დაგყვა, ხომ ასეა?

– დიახ, ნამდვილად მუსიკალური ოჯახი მაქვს. მამა კლარნეტისტია, ბებია – ფორტეპიანოს პედაგოგი, ბაბუა 46 წელი თბილისის ორკესტრში უკრავდა ვიოლაზე, ანუ ალტზე, დედა და მისი მხარე, ფოლკლორს მღერის კარგად.

– დოდონა, როგორი ბავშვი იყავი? როგორც შენი მეგობრები აღნიშნავენ, ვუნდერკინდი იყოო.

– საერთოდ არ ვიყავი პრანჭია ბავშვი და მთელი ცხოვრება ოჯახში იმაზე იყო ჩხუბი – დოდონა, თმა დაივარცხნე, დოდონა, წესიერად ჩაიცვი... (იცინის) ქალაბიჭა ვიყავი, თან სპორტით ვიყავი დაკავებული. დიდად ჩემს გარეგნობასა და ჩაცმას ყურადღებას არ ვაქცევდი, გაწეწილი თმით დავდიოდი, თუმცა, მიყვარდა კითხვა, სწავლა. მერე ნელ-ნელა დავიხვეწე. ქუსლიანი ფეხსაცმელი პირველად თვრამეტი წლის ასაკში ჩავიცვი. რაც შეეხება ვუნდერკინდობას, სამი წლის ჩვეულებრივად ვკითხულობდი და ეს ჩემმა მშობლებმა, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს და გაუკვირდათ. შემაწუხებელი ბავშვი ვიყავი, ხშირად ვეკითხებოდი: ეს რა ასოა, ეს რა ასოა-მეთქი. ისინი მპასუხობდნენ და ვერც წარმოედგინათ, თუ ვიმახსოვრებდი. ოთხი წლის ასაკში უკვე წიგნებს ვკითხულობდი როგორც ქართულად, ისე ინგლისურად და რუსულად. ზოგადად, თვალის მეხსიერება კარგი მაქვს და მახსოვრობაც (იცინის). ამბობენ, ეს უცნაური ნიჭიაო, მაგრამ მე ასე არ აღვიქვამ – ეს ჩემთვის ნორმაა. სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც მაღალ ქულებზე ვსწავლობდი. სკოლაში ქართულის წიგნს რომ გვაძლევდნენ, ერთ დღეში ვკითხულობდი. ხოლო ინგლისურად – საათში 400 გვერდს. სულ მეჩხუბებოდნენ სკოლის ბიბლიოთეკაში. დიდ დასვენებაზე რომ შევდიოდი და ავიღებდი წიგნს, წავიკითხავდი ოც წუთში და რომ ვუბრუნებდი, უკვე წავიკითხე-მეთქი, ბიბლიოთეკარი მეჩხუბებოდა: ტყუილად ზიხარ და ფურცლავ წიგნსო. ეგონა, ვატყუებდი (იცინის). მერე გამომცადა, გამომკითხა წიგნის შინაარსი და დარწმუნდა ჩემს სიმართლეში. სხვათა შორის, მამაჩემიც მთლიან აბზაცს კითხულობს ერთიანად. ასე რომ, ეს ნიჭი მამისგან დამყვა. 16 წლის ასაკში, ერთ წელში 500 წიგნი წავიკითხე. კონკურენტული ადამიანი ვარ. იყო ერთი გოგო, რომელმაც თქვა: მე, წელს უნდა წავიკითხო ასი წიგნიო. გავბრაზდი, რადგან ვიცოდი, მას არ უყვარდა წიგნები და ვთქვი: მე წელს 500 წიგნს წავიკითხავ-მეთქი (იცინის). მე და მამაჩემი ერთად ვითვლიდით წაკითხულ წიგნებს.

– ერთი პერიოდი საქართველოს დატოვება მოგიწია. უცხოეთში კი სპორტშიც საკმაოდ წარმატებული იყავი და კაპიტანიც და ჩემპიონიც გახდი...

– დიახ, ექვსი წელი ფრენბურთის გოგონათა გუნდის კაპიტანი ვიყავი და ბადმინტონის ჩემპიონიც ვარ. ჩემი მშობლები წავიდნენ დოქტურანტურაში სასწავლებლად ფილიპინებზე და მე და ჩემი ძმაც წაგვიყვანეს. მე თერთმეტი წლის ვიყავი. ჩემთვის უცხო ქვეყანაში ჩასვლა მაშინ დიდი სტრესი იყო, რადგან ენა არ ვიცოდი. მაგრამ ერთ თვეში ვისწავლე სრულყოფილად. ექვსი წელი ვიცხოვრე ფილიპინებზე და სპორტში მაშინ ვიყავი ჩართული. მერე საქართველოში მოგვიწია დაბრუნება. ახლა კი ჩემი მშობლები და ძმა ამერიკაში ცხოვრობენ, მე კი საქართველოში დავრჩი. დამოუკიდებელ ცხოვრებას მიჩვეული ვიყავი და არ გამჭირვებია.

– ერთი პერიოდი მშვიდობის ხიდზეც ხომ მღეროდი?

– დიახ, სამი წელი ვიყავი ქუჩის მუსიკოსი – 18 წლიდან, 21 წლამდე. სრულიად შემთხვევით დავიწყე მშვიდობის ხიდზე სიმღერა. მე და ჩემი მეგობარი ვსეირნობდით, გავიცანით იოსებ ახალკაციშვილი, რომელიც მშვიდობის ხიდზე მღეროდა, აკორდების დაკვრა ვთხოვე და ვიმღერე. პირველი სიმღერის მერე დავმეგობრდით და სამი წელი ერთად ვმღეროდით. არაჩვეულებრივი ადამიანია, არაჩვეულებრივი ოჯახით. ქუჩის მუსიკოსობა, ემოციური თვალსაზრისით, საუკეთესო ფაზაა ჩემს ცხოვრებაში. ყოველდღიურად ვერა, მაგრამ კიდევ ხშირად ვიმღერებ მშვიდობის ხიდზე. ამას ჩემთვის დიდი ემოცია, გამოცდილება, ურთიერთობა, სიყვარული და სითბო მოაქვს. ბუნებრივი თუ არ ხარ, ქუჩაში ვერ იმღერებ. დაყენებული, არაბუნებრივი მანერებით ქუჩა არ მიგიღებს.

– როგორი იყო ოჯახის განწყობა, როცა ქუჩაში მღეროდი?

– მენდობიან, იციან, რომ ისეთ რამეს არ გავაკეთებ, რაც მე მავნებს და ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებაში არ ჩარეულან. მშობლებს არასოდეს ჰქონიათ იმის კომპლექსი, რომ ხიდზე ვმღეროდი, მამაჩემი ხშირად მოდიოდა იქ ჩემს მოსასმენად. მაქსიმალურად გვერდით მედგნენ და ხედავდნენ, როგორ სითბოსა და სიყვარულს მჩუქნიდნენ და როგორ მისმენდნენ საათობით გამვლელები, მათ შორის უცხოელებიც. წინ, გიტარის ქეისი გვედო, სადაც ფულს გვიდებდნენ. მე იქიდან არასოდეს ამიღია თანხა, თუ ტაქსისთვის აღებულ ხუთ ლარს არ ჩავთვლით. მე ხიდზე ფულისთვის არ ვმღეროდი, არ მინდოდა, ეს ყოფილიყო ჩემი შემოსავლის წყარო. იქ მისულს ფული კი არა, ის ემოცია უფრო მაბედნიერებდა, რითიც ვიცლებოდი და ისევ თავიდან ვივსებოდი. ჩემთვის ყველაზე დიდი სცენა მშვიდობის ხიდზე დგომა და სიმღერაა.

– გამოდიოდი ქართულ მუსიკალურ კონკურსებზე, სწორედ „ნიჭიერიდან“ და „X ფაქტორიდან გაგიცნო ფართო აუდიტორიამ. თუმცა, დიდი წარმატება, აღიარება და ცნობადობა, საბერძნეთის „ახალი ხმის“ კონკურსმა მოგიტანა და პრაქტიკულად, შენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა. როგორ ფიქრობ, რატომ არ გიმართლებდა ქართულ მუსიკალურ კონკურსებზე?

– „X ფაქტორის“ კონკურსანტი 17 წლის ასაკში ვიყავი. იმ ასაკში სცენაზე ახალი დაწყებული მქონდა სიმღერა, დიდ სცენაზე კი პირველად დავდექი და ჩემი ნამღერი არ იმსახურებდა გამარჯვებას და ამას მე ვაღიარებ. გამარჯვებას არა, თუმცა კიდევ ერთ ტურს ვიმსახურებდი. ამის შემდეგ წავედი ისრაელში კონკურსზე, 200 მონაწილე იყო და მე გავიმარჯვე. სამი ჟანრი ვიმღერე, სამი „გრანპრი“ და ერთი სუპერ „გრანპრი“ ჩამოვიტანე. ამ კონკურსის რეკორდი მოვხსენი (იცინის). ასე რომ, „X ფაქტორში“ წარუმატებლობა არ ყოფილა იმის საბაბი, რომ სიმღერისთვის თავი დამენებებინა, სტიმული დამეკარგა და სცენას ჩამოვცილებოდი. მერე „ნიჭიერის“ კონკურსზე გავედი, ნახევარფინალამდე მივედი და ხალხისა და ჟიურის ხმები ფინალში მოსახვედრად არ მეყო. კონკურსზე არავის დავუწუნებივარ, უბრალოდ, ასე მოხდა. რაც შეეხება საბერძნეთის „ახალი ხმის“ კონკურსს, მან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადამიყვანა. ერთ-ერთმა უცნობმა ემიგრანტმა შემომთავაზა მონაწილეობის მიღება, დავფიქრდი და გადავწყვიტე. არ მიყვარს გეგმებზე წინასწარ საუბარი, არავის არაფერი ვუთხარი, ისე შევავსე აპლიკაცია. როცა დამირეკეს და მიმიღეს, როცა ზუსტად ვიცოდი პასუხი და ბილეთის აღებაზე მიდგა საქმე, მერე გავაჟღერე. ჟიურის ოთხივე წევრი შემომიბრუნდა და კონკურსის განმავლობაში უცხოელის ასეთი წარმატება, დაუჯერებელი იყო არა მარტო ჩემთვის, პროდიუსერებისთვისაც. ჩემი მენტორი მეუბნებოდა: არ ვიცი, რამდენად დაგიჭრენ მხარს ბერძნები, არადა, შენი ხმის პატრონი მენანები, კონკურსს რომ გამოეთიშოო. მოკლედ, ყოველი ტურიდან ტურზე გადასვლის შემდეგ ყველა გაოცებული რჩებოდა (იცინის). ჩვენმა ემიგრანტემა ძალიან იყოჩაღეს და ამისთვის მადლობა მათ. მეუბნებოდნენ: შენ გამო თავაწეულები დავდივართო. ფინალამდე მივედი და ეს უკვე დიდი გამარჯვება იყო. ბევრი შემოთავაზება მქონდა, რომ იქ გამეგრძელებინა კარიერა, თუმცა არ დავრჩი და ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი. ბევრი იმასაც მეუბნება: მშობლები ამერიკაში გყავს და შენც რატომ არ მიდიხარო. ამერიკიდანაც მაქვს შემოთავაზება, თუმცა, მე ჩემს ქვეყანაში მინდა ცხოვრება და სიმღერა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი