შოუბიზნესი

როგორ მიიწევს ანა კაჭარავა მწვერვალებისკენ სამოდელო სფეროში და რა გეგმები აქვს მას „ვიქტორია სეკრეტთან“ დაკავშირებით

№5

ავტორი: ანკა რობაქიძე 20:49

ანა კაჭარავა
დაკოპირებულია

„ლიკა ყაზბეგის“ სააგენტოს გამორჩეული სახე – ანა კაჭარავა ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, მაგრამ უკვე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მას არაერთი შემოთავაზება აქვს უცხოეთიდან, მათ შორის Next Management Milan-იდან. მისი ოცნებაა, ოდესმე მაყურებელმა „ვიქტორია სეკრეტის” ჩვენებაზეც იხილოს. ანა კაჭარავა საკუთარ დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე თავად გვესაუბრება.

– ანა, გვიამბე მიწვევებზე და შენს გეგმებზე.

– მიწვებები, ზოგადად, ასე ხდება: იგზავნება მონაცემები, ისინი გარკვეული პერიოდის მერე გიწვევენ – განხილვასა და დადასტურებას დრო უნდა. მე ძალიან ბავშვური ვარ, ინფანტილური – როგორც ლიკა მასწავლებელი მეუბნება და მინდოდა, მეორე დღესვე მცოდნოდა, რომ მსოფლიოში ცნობილი ტოპ-მოდელი ვარ (იცინის). მასწავლებელი მამშვიდებდა და ანუკი არეშიძის მაგალითებით მამხნევებდა – ისიც ჩვენი სააგენტოს მოდელი იყო. ანუკი, თურმე, განსაკუთრებული გოგონა ყოფილა, არა მარტო გარეგნობით, არამედ პიროვნული თვისებებით. მასწავლებელი ხშირად გვიყვება მასზე, რაც ძალიან დიდ სტიმულსა და მოტივაციას გვაძლევს. მინდა, რომ მასავით მიზანდასახული ვიყო და ყველაფერი გამომივა. მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ როდესაც იმედი გადამეწურა და უკვე აღარც ვფიქრობდი, პასუხი მაშინ მოვიდა. ძალიან ბევრი ვიტირე. მე სულ ვტირი: მიხარია – მეტირება, მწყინს და მაშინაც ვტირი. ჩემი ემოციურობის გამო ჩემი სააგენტოს ხელმძღვანელი ცოტა ღელავს და მეუბნება, რომ სანამ მილანში წავალ, ფსიქოლოგთან უნდა მომამზადოს. ეს სფერო, მოდის სამყარო, გარედან ძალიან ლამაზია. შიგნით რომ აღმოჩნდები, მიხვდები, რომ ცოტა სასტიკია, ცოტა დაუნდობელი. ჩემი პედაგოგი ამაზე სულ გვესაუბრება, სულ გვაფრთხილებს, უნდა, რომ ფსიქოლოგიურად მომზადებულები ვიყოთ და კონკურენციამ არ გაგვანადგუროს.

– რადგან კონკურენცია ახსენე, თუ გქონია არასასიამოვნო სიტუაცია?

– სამწუხაროდ, უკვე შევეჩეხე მსგავს რამეს და გვიან გავიგე, რომ თურმე, ერთი გოგონა ფარულად გვბლოკავდა სხვებს. როცა ეს სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიგო, ის მოდელი მაშინვე გაუშვა. ვიცი, წინ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მომიწევს, ბევრი უსამართლობაც იქნება ამ გზაზე, რაც მე ავირჩიე, მაგრამ იმდენად მიყვარს პოდიუმი, მზად ვარ სიძნელეების გადასალახად.

– სამოდელო სფერო პატარაობიდანვე გიზიდავდა?

– დიახ, მოდა პატარაობიდანვე მიზიდავდა. ბავშვობაში საათობით ვხატავდი კაბებს, ვოცნებობდი კერვის სწავლაზე და მოდის სამყაროში საკუთარ ადგილს ვეძებდი. დედას ქუსლიანებს ვიცვამდი, დეფილეებს ვუყურებდი... შვიდი წლის ვიყავი, როცა ლიკა ყაზბეგის „პატარა დიზაინერების სკოლა“ აღმოვაჩინეთ, რაც ჩემი გზის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა. სწორედ იქიდან დაიწყო ყველაფერი. ლიკამ მალევე მიმიყვანა თავის სამოდელო სააგენტოში და ასე გადაიკვეთა ჩემი ბავშვობის ოცნება რეალურ გზასთან. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს დიდი პაუზა გამოგვივდა, დავბრუნდი ამ სფეროში და იმავე სიყვარულით ვაგრძელებ გზას.

სამოდელო სააგენტში შესვლის პირველივე დღიდან შემიყვარდა ყველაფერი, სიარულის სწავლა, ვარჯიშები, დისციპლინა და ის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელსაც ლიკა ქმნიდა. გაკვეთილები მხოლოდ პროფესიულ განვითარებაზე არ იყო ორიენტირებული. ვთამაშობდით, ვსაუბრობდით, ვმხიარულობდით. ყოველი გაკვეთილის მოლოდინი ჩემთვის სიხარული იყო. პანდემიის შემდეგ მალევე გავედი ჩვენებებზე, მქონდა ფოტოსესიები და აქტიურად დავუბრუნდი მოდელობას. ჩემი პირველი გამოსვლის ემოციები არასდროს დამავიწყდება. სცენამდე დაძაბული ვიყავი და ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ პოდიუმზე გასვლისთანავე ყველაფერი გაქრა. ის სიამოვნება, რასაც იმ წამებში ვგრძნობდი, ზუსტად მაჩვენებდა, რომ სწორ ადგილას ვიყავი.

პატარა ასაკის მიუხედავად, უკვე სხვადასხვა ქვეყნიდან გაქვს შემოთავაზებები...

– დიახ, ჩემი სამომავლო გეგმები მკაფიოდ უკავშირდება მოდის სფეროში პროფესიულ ზრდას. მიზნად მაქვს მუდმივი განვითარება, გამოცდილების დაგროვება და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა. ჩემი ოცნებაა „ვიქტორია სეკრეტის“ ჩვენებაზე გამოვიდე.

ამ ეტაპზე ვმუშაობ ტექნიკის დახვეწაზე, პოდიუმზე მუშაობის გაუმჯობესებაზე და ფოტოსესიების გამოცდილების დაგროვებაზე, რადგან მჯერა, რომ წარმატება დეტალებზე ყოველდღიური შრომით მიიღწევა. როგორც უკვე აღვნიშნე, მომავალში ვგეგმავ საკუთარი ძალების მოსინჯვას საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით იტალიასა და საფრანგეთში, სადაც მოდა არა მხოლოდ ინდუსტრიაა, არამედ კულტურა და ცხოვრების სტილი. მინდა, ვითანამშრომლო სხვადასხვა სააგენტოსთან, ვიმუშაო საერთაშორისო დიზაინერებთან და მონაწილეობა მივიღო მაღალი მოდის ჩვენებებში. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა სწრაფი შედეგი, არამედ მყარი, პროფესიონალურ ღირებულებებზე დაფუძნებული კარიერა. ამასთანავე, მინდა, საკუთარი გამოცდილება მომავალში სხვებსაც გავუზიარო, განსაკუთრებით იმ გოგოებს, რომლებიც ახლა იწყებენ გზას და საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ. მჯერა, რომ შრომით, დისციპლინითა და სწორი ადამიანების გვერდში დგომით შეუძლებელი არაფერია. ჩემი მთავარი მიზანია, არასდროს დავკარგო სიყვარული იმ საქმის მიმართ, რომელიც ბავშვობიდან ჩემთან ერთად იზრდებოდა.

მოდელობასთან ერთად, დიზაინერების კუთხით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, რაც ასევე, ჩემი ბავშვობის ოცნებების გაგრძელებაა. პირველი შეხება ჭრასთან, კერვასთან, მოდელების შექმნასთან „პატარა დიზაინერებში“ სიარულის დროს ძალიან ნიჭიერ და უსაყვარლეს დიზაინერთან – ნინო გოგიბერიძესთან მქონდა. სულ პატარა ვიყავი და სულ დედასთვის მინდოდა შემექმნა ტანსაცმელი თუ ჩანთები, რასაც ნინო გოგიბერიძე იმხელა სიხარულითა და ენთუზიაზმით მაკეთებინებდა და დედასთვის ეს იმხელა ემოციებთან იყო დაკავშირებული, რომ, რა თქმა უნდა, ჩემზეც აისახებოდა და ალბათ, ეს ემოციებია ყველაფერი, რაც ცხოვრებას გილამაზებს და სამუდამოდ ილექება შენში. სწორედ ამიტომ მინდა, დიზაინერების კუთხითაც განვვითარდე. დიდი სურვილი მაქვს, წარმატებებს მივაღწიო გაცილებით დიდი მასშტაბით, რომ ადამიანების გაბედნიერების მომენტებით დავტკბე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი