როგორ გაყიდა ბექა სიხარულიძემ ორი ბინა ფილმის გადასაღებად და როდის აჩუქა მან მამას ბავშვობაში დაპირებული ახალი მანქანა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
„სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ ბექა სიხარულიძის ფილმი გახლავთ, რომელმაც არაერთ ფესტივალზე მოიპოვა გამარჯვება და რომლის შესაქმნელადაც ბექას დიდ მსხვერპლზე მოუწია წასვლა.
ბექა სიხარულიძე: წლებია, „ჰოლივუდის“ მსახიობი ვარ და ეს ჩემი მეცხრამეტე ფილმია. ამის წინ სტივენ სოდელბერგის ფილმში ვითამაშე.
გულწრფელად გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ რეჟისორი გავხდებოდი, მაგრამ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ბევრი სათქმელი დამიგროვდა. არაერთ უსამართლობას ვხედავდი და მინდოდა, ამასთან დაკავშირებით ჩემი გულისტკივილი გარკვეული ფორმით გამომეხატა. დავიწყე რეჟისურის სწავლა და ფიქრი ფილმზე, რომელიც ამის საშუალებას მომცემდა. ამ ფილმის სცენარში ძალიან ბევრი რამ ჩავდე, თითოეული ნიუანსი საყურადღებოა და იმედი მაქვს, მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩება.
ამ ფილმის გადაღება ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ ჩვენ ამისთვის ორი ბინა გავყიდეთ, ერთი – ლოს-ანჯელესში და მეორე – გუდაურში.
– ძალიან დიდ მსხვერპლზე წასულხართ...
– დიახ, ძალიან დიდ მსხვერპლზე წავედით. როცა ორი პატარა შვილი, მეუღლე, სიდედრი, მამა – ანუ, დიდი ოჯახი გაქვს და ამას აკეთებ, ეს ცოტა სიგიჟეს ჰგავს. შეიძლება, სხვებიც არიან, მაგრამ მე მხოლოდ ორი რეჟისორი ვიცი, ვინც მსგავსი ნაბიჯი გადადგა: კოპოლა და კასავეტესი. ერთმა სახლი გაყიდა, მეორემ – ღვინის მეურნეობა. მე მესამე ვარ. დიახ, ეს სიგიჟეა, მაგრამ ამ პროექტში დარწმუნებულები ვიყავით და ეს ნაბიჯი ამიტომაც გადავდგით. ღმერთის მადლობელი ვარ, ისე მოხდა, რომ 12 ფესტივალი მოვიგეთ და 9 ნომინაციაში ვიყავით წარდგენილები.
– როგორ დაითანხმეთ გარშემო მყოფები ამ ნაბიჯზე?
– საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ როცა ოჯახი გაქვს, დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია. ადამიანი რომ ქორწინდები, ორი შვილი რომ გყავს, მანამდე რაც არ უნდა გქონდეს გაკეთებული, მხოლოდ შენი აღარაფერი აღარ არის, ყველაფერი შენი მეუღლისა და შვილებისაა. მე ასე ვუყურებ ამ საკითხს. ამიტომ ჩემს რისკს რომ არ გაემართლებინა, ეს ჩემთვის დიდი სირცხვილი იქნებოდა. მეუღლეს ვუთხარი, თუ წარმატებას მივაღწევ, ეს ჩვენი მიღწევა იქნება, თუ არ გამომივა, ეს მხოლოდ ჩემი შეცდომა იქნება-მეთქი.
ყველაფერი ჩემმა სიდედრმა დაიწყო. პირველმა მან გააჟღერა, რომ ეს ფილმი ბინის თანხით გადაგვეღო. მალე მას ჩემი მეუღლე ამოუდგა გვერდით. მადლობელი ვარ სიდედრის, მეუღლის, მამაჩემის, როგორღაც ისიც დაგვთანხმდა. ეს რომ გაიგო, ჯერ გაგიჟდა, მაგრამ მიხვდა, რომ უკვე ვეღარაფერი შეგვაჩერებდა. ჩემი ოჯახის ძალიან მადლიერი ვარ ამ დამოკიდებულების გამო. როგორც ამბობენ „თუ არ გარისკავ, შამპანურსაც ვერ დალევ“. შამპანური საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში ნამდვილად არის მომენტი, როცა უნდა გარისკო, მაგრამ ეს რისკი გარკვეულ ლოგიკას უნდა ეფუძნებოდეს.
შუაღამისას მეღვიძებოდა და ვეღარ ვიძინებდი, ამ ფილმზე ფიქრი არ მასვენებდა და აუცილებლად უნდა გადამეღო. ყველაფერი ღმერთის ნებაა. გადაღება რომ დავიწყეთ, ორი ძალიან მნიშვნელოვანი მსახიობი არ გვყავდა, ქასთინგს შესვენების დროს ვმართავდი. სირთულე ბევრი იყო, მაგრამ ყველაფერი გამოვიდა.
ეს ფილმი არის კაცზე – ღმერთის შვილზე, წესიერ, ვაჟკაც ადამიანზე, რომელმაც იცის, რა არის ვალდებულება: ღმერთის, ქვეყნის, ოჯახისა და პროფესიის წინაშე.
სამწუხაროდ, საქართველოდან მათგან, ვისაც ეს ეხებოდა, არანაირი გვერდში დგომა არ გვქონია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ასი პროცენტით ქართული ფილმი, რომელშიც არ ვხვდებით ბილწიტყვაობას (მხოლოდ ერთ – ჩხუბის სცენაშია), მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ნამდვილი ქართული ფილმი ნამდვილ ქართველ ვაჟკაც კაცზე, გვერდში არავინ დაგვიდგა. მხოლოდ ორი ადამიანი – ნანა ჯორჯაძე და გიორგი ოვაშვილი, მხოლოდ მათი მადლიერი ვარ, რადგან ისინი ყველანაირად ეცადნენ მხარდაჭერას. ასევე, ძალიან მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, ყველამ ძალიან კარგად იმუშავა, მაგრამ ყველას გული გვეტკინა საქართველოს მხრიდან ასეთი დამოკიდებულების გამო.
– ამ ფონზე, ალბათ, ორმაგად საამაყო იყო თითოეულ ფესტივალზე მოპოვებული წარმატება...
– საფესტივალო ფილმების შესახებ ინფორმაციებს რომ ვეცნობოდი, ვხედავდი, რომ თითოეულ ფილმზე ხუთი ქვეყნის საპროდიუსერო გუნდს ჰქონდა ნამუშევარი. ეს ქვეყნები იყო: საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია და ასე შემდეგ. მხოლოდ ჩვენი ფილმი იყო თავიდან ბოლომდე ქართული და 12 ფესტივალი მოვიგეთ. მიხაროდა, რომ ჩვენმა პატარა ქვეყანამ ასეთ ქვეყნებსა და ამდენი პროდიუსერის ნამუშევრებს მოუგო. ყველაზე ძალიან ის მიხაროდა, რომ ამ ფესტივალებზე ჩვენი ქვეყნის სახელი ჟღერდა.
ძალიან გამიხარდა, როცა საქართველოს საკონსულომ ვატიკანში მიგვიწვია, სადაც გასაოცრად დაგვხვდნენ. ძალიან ცნობილ კინოდარბაზ Cinema Farnese-ში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ოცამდე ელჩი ესწრებოდა. ამ ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა უძვირფასესი ქალბატონი – თავადიშვილი ქეთევან ბაგრატიონი.
– არაერთ ფესტივალზე მოპოვებული გამარჯვება თავის სათქმელს ამბობს, მაგრამ რა იყო ის, რაც ამ ფესტივალებიდან განსაკუთრებულად დაგამახოვრდათ?
– ცოტა მეუხერხულობა საკუთარ ფილმზე ამ კონტექსტში საუბარი, თუმცა ერთ-ერთ ფესტივალს გავიხსენებ, რომელიც ასევე, მოვიგეთ. ამ ფესტივალის ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ჩვენთვის კითხვის დასმისას ტირილი დაიწყო. ვერ დაამშვიდეს, საუბარი ვეღარ შეძლო. ასეა, ამ ფილმის ნახვისას, ძალიან ბევრი ტირის. ბევრმა მითხრა, ეს ფილმი ყველა ექიმმა უნდა ნახოსო. ჩემი ფილმი ნახა მელ გიბსონის „მარჯვენა ხელმა“, დამირეკა და მითხრა: შვილს ველოდები, რომელიც ზუსტად ასეთ ფილმზე უნდა გავზარდოო...
ეს ფილმი, პირველ რიგში, საქართველოსა და ამერიკისთვის შეიქმნა. მე ამ ორი ქვეყნის მოქალაქე ვარ. მადლიერი ვარ ღმერთის, რომ საქართველოში გავჩნდი და ჩვენი ტრადიციებით ვცხოვრობ. ასევე, მადლობელი ვარ ამერიკის, რომ მომცა უფლება, ამ ქვეყანაში მესწავლა და მეშრომა.
დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი ახალგაზრდობა უყურებს ამ ფილმს და ასეთი წესიერები და საკუთარი საქმის პროფესიონალი კარგი ადამიანები გაიზრდებიან.
– მამასთან – გივი სიხარულიძესთან ერთად ამ ფილმის ფარგლებში მუშაობა როგორი იყო?
– თავიდან ძალიან ძნელი იყო. ამ ფილმში მამაჩემს ხნიერი ადამიანის როლი ვათამაშე, რომელიც ძალიან განსხვავდება მისგან, მოგეხსენებათ მამა როგორი ენერგიაულია და ატეხა ერთი ამბავი (იცინის). თავიდანვე ვუთხარი, ამ ფილმში მე არ მინდა ის მსახიობობა, რაც „უძინართა მზეშია“, აქ აბსოლუტურად სხვა ადამიანი მჭირდება-მეთქი. თავიდან ბობოქრობდა, მაგრამ რომ დაწყნარდა და მიხვდა, რა მინდოდა, თავის საქმე 5 პლუსზე შეასრულა. ზუსტად ის მივიღე, რაც მინდოდა. ეს როლი მისი ყველა სხვა როლისგან განსხვავდება.
– მინდა, მამასთან დაკავშირებით ერთი ისტორიის გახსენება გთხოვოთ, რაც ფილმის შინაარსაც ეხმაურება ადამიანობისა და პირობის შესრულების კუთხით – ცოტა ხნის წინ, მამას ბავშვობისდროინდელი დანაპირები აუსრულეთ და მანქანა აჩუქეთ...
– 13 წლის საფრანგეთში გავხდი. შანზ-ელიზეზე ვიტრინაში ახალი, ძალიან მაგარი მანქანა დავინახე და მამას ვუთხარი: მამა, გავიზრდები და მე შენ ახალ მანქანას გაჩუქებ-მეთქი. მამას გაეღიმა...
23 წლის ვიყავი, როცა „ლექსუსი“ ვაჩუქე, მართალია, ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ახალი – არა. ის, რომ მე მას ახალ მანქანას შევპირდი, არასდროს დამვიწყებია, ჩემს სიტყვას კი ბევრ კონტრაქტზე დიდი ძალა აქვს. ცოტა ხნის წინ შევძელი ამის გაკეთება და მამაჩემის გარდა, ყველამ ყველაფერი იცოდა. მას გარკვეული პერიოდი ვატყუებდით, თითქოს ბინის ყიდვას ვაპირებდი და მინდოდა, ენახა. მხოლოდ გასაღებზე მისულმა გაიგო, რომ მანქანა ვაჩუქე და გაგიჟდა. აფექტში იყო და გინება დაიწყო, ნამდვილად არ ელოდა ასეთ რამეს (იცინის). ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ მამაჩემი გამეხარებინა. ამის გამო უფლის უზომოდ მადლიერი ვარ. ადამიანი უნდა ეცადოს, საკუთარი ოჯახი და ქვეყანა გაახაროს, მე ასე მესმის და ვცდილობ, შესაბამისად ვიცხოვრო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





