როგორ გახადა ავთვისებიანმა სიმსივნემ ნატუკა გულისაშვილი მზეთუნახავი და რის გამო თქვა უარი მან საოპერო კარიერაზე
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 23.06

მსახიობი და ტელეწამყვანი ნატუკა გულისაშვილი ნამდვილად გამოირჩევა ხალასი იუმორით, ღიმილითა და მუდმივად პოზიტიური განწყობით. მიუხედავად იმისა, რომ პროფესია სკოლის დამთავრებისთანავე აირჩია და ბევრისთვის საყვარელი მსახიობი გახდა, არასოდეს შეუწყვეტია განვითარება, სწავლა და სიახლეებისადმი მისწრაფება. ახლახან კიდევ ერთი დიპლომი აიღო. მიიჩნევს, რომ სწავლა არასოდესაა გვიან. ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ნატუკას სამი წლის წინ, საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. თუმცა, ამასაც მოერია, დროულად იმოქმედა, ის დღეები წარსულს ჩაბარდა და დღეს, სრულიად ჯანმრთელია.
– ნატუკა, ბავშვობაში ვინ გინდოდა, მომავალში ყოფილიყავი, რომელ პროფესიაზე ოცნებობდი?
– ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ცხოველების დირექტორი და ექიმი. ცხოველების დირექტორს იმიტომ ვამბობდი, რომ მინდოდა, ზოოპარკისა და ცირკის უფროსი ვყოფილიყავი. ყოველთვის მქონდა პროტესტი, ცირკში რომ ცხოველები გამოჰყავდათ და ცირკის დირექტორი რომ ვიქნებოდი, იმ ცხოველებს არ გამოვიყვანდი.
– რომ გაიზარდე, მსახიობობა გადაწყვიტე, არადა ბევრმა არ იცის, რომ არაჩვეულებრივად შეგიძლია ცხოველების პირველადი დახმარება, მაგრამ ამ მხრივ განათლება არ მიგიღია. ასევე, გადასარევად მღეროდი საოპერო არიებს, ამ განხრით დიდ მომავალსაც გიწინასწარმეტყველებდნენ და ამაზეც უარი თქვი. რატომ იცვლიდი არჩევანს და საბოლოოდ, რის გამო შეაჩერე არჩევანი მსახიობობაზე?
– მამა მეღვინე იყო. ძალიან მიყვარს ვენახი, ყურძნის კრეფა, მიწათმოქმედება. მამა ადრე გარდაიცვალა და მისი სამეგობრო და ნათლიაჩემიც იძახდა: ნატუკა ძალიან კარგი მეღვინე გამოვაო. უნდოდათ, რაღაცნაირად მამის კვალი გამეგრძელებინა. მე კი არასდროს მინდოდა მეღვინეობა, ამ დარგში ჩემს თავს ვერ ვხედავდი, მიუხედავად იმისა, რომ დიდ დროს ვატარებდი ბავშვობაში მამასთან, ღვინის ქარხანაში და სახლში წამოსვლა აღარ მინდოდა. ყურძნის კრეფა, დაყენება, ვაზთან ურთიერთობა ძალიან მომწონს, მაგრამ კიდევ ვამბობ, ის, რომ მეღვინე ვყოფილიყავი, არა! სხვათა შორის, კულინარიული განხრითაც მიფიქრია სამომავლო პროფესიის არჩევა, მაგრამ იმ პერიოდში არც ამდენი კულინარიული სასწავლებელი იყო და ზოგადად, ეს პროფესია არ იყო დაფასებული. ვეტერინარია კი იმიტომ არ ავირჩიე, რომ ისეთი რთული საგნები ბარდებოდა, რომელიც ჩემთან ახლოს არ იყო – ბიოლოგია, ზოოლოგია, მათემატიკა, ქიმია... იმ პერიოდში, კონსერვატორიაში არსებობდა მოსამზადებელი სასწავლებელი, სადაც დავდიოდი, ბატონ ნოდარ ანდღულაძესთნ ვმღეროდი, თუმცა, მაინც თეატრალურში ჩაბარება და სამსახიობო კარიერა ვარჩიე. არ დამავიწყდება, ბავშვობაში რომ მინდოდა ცხოველების დირექტორობა და ვეტერინარობა, პარალელურად, აბაზანაში ვიკეტებოდი, ვიღებდი სავარცხელს, ვითომ მიკროფონი იყო და სარკის წინ ვპოზიორობდი, როლებს ვასრულებდი და ვმღეროდი. მაშინ, თეატრალურიდან ისეთი დახვეწილი და ლამაზები თაობა მოდიოდა, როგორებიც არიან ზურა ყოფშიძე, ნინელი ჭანკვეტაძე და ასე შემდეგ, იქ ჩემი თავი ვერ წარმომედგინა და ვფიქრობდი: ალბათ, ვერასოდეს მოვეწყობი-მეთქი. ერთი სიტყვით, ჩემთვის თეატრალური მიუწვდომელი მეგონა. მაესტრო ნოდარ ანდღულაძეს კი ვუთხარი: მოდი, ვცდი ბედს, მაინც იგივე ბარდება, რაც კონსერვატორიაში და იქნებ რა ხდება-მეთქი. არ დამავიწყდება, მაესტრომ მითხრა: „არა!“ მაგრამ მე, მაინც ვცადე, გამიმართლა და მოვეწყვე. ასე რომ, არჩევანი რომ არ შემეცვალა, დღეს მეცო-სოპრანო ვიქნებოდი, მაგრამ მიუწვდომელის მიწვდომა მინდოდა და ამიტომ გადავწყვიტე თეატრალურში ჩაბარება. მივწვდი კიდეც, მაგრამ რომ მკითხოთ, რას ნანობ ცხოვრებაშიო, გიპასუხებთ: ინგლისურის მასწავლებელი არ მომწონდა, ვიზარმაცე და ეს ენა არ ვისწავლე და მეორე ის, რომ არ მივაქციე ყურადღება ჩემს ვოკალს. ახლახან კურსები გავიარე, ჩავუჯექი, წარმატებით ჩავაბარე გამოცდა და ეიჩარის დიპლომი ავიღე.
– ეს შენთვის მერამდენე დიპლომია?
– სამწუხაროდ, ეს ჩემთვის მხოლოდ მეორე დიპლომია, დანარჩენი პროფესიები უდიპლომოა (იცინის). თუმცა, რომ ვაკვირდები, დღეს დიპლომს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, უფრო გამოცდილებას ითვალისწინებენ.
– მხირული, ხალიანიანი და იუმორით სავსე ადამიანი ხარ, ისეთი, დარდს რომ არ იმჩნევს. თუმცა, შენს ცხოვრებაში, იყო საკმაოდ რთული პერიოდები და მათ შორის, საკმაოდ საშიში დაავადება – ავთვისებიანი სიმსივნე. რას გრძნობდი მძიმე დიაგნოზის გაგებისას და შენი პოზიტიური განწყობა თუ დაგეხმარა ამ დაავადების დაძლევაში?
– არ მიყვარს ჩემს პრობლემებზე საუბარი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა, ადამიანები გავაფრთხილო. პირველი მესიჯი არის ის, რომ დროულად აღმოჩენილი სიმსივნე არ არის განაჩენი და ასევე, მეორე – მეგობრებო, მოერიდეთ მზეს, დიდხანს და არასწორად რუჯის მიღებას და მიაქციეთ ყურადღება ხალებსა და წამონაზარდებს. მოკლედ, ცხვირ-ტუჩის ადგილას, მარჯვენა მხარეს, მქონდა, ეგრეთ წოდებული, საგვარეულო ხალი. საგვარეულოს იმიტომ ვამბობ, რომ მამიდაჩემს ჰქონდა ზუსტად ამ ადგილას, ჩემს მამიდაშვილსაც. იდენტური მქონდა მეც. დროთა განმავლობაში, გაიზარდა და წინ წამოიწია. ძალიან მიყვარდა რუჯი. შემეძლო გავსულიყავი მზეზე გასარუჯად დილის 11 საათიდან და სახლში საღამოს 8 საათზე შემოვსულიყავი. ჩემთვის არ არსებობდა შუადღის მზის მორიდება. მიყვარდა, როცა მაგრად გარუჯული სხეული მქონდა, მწვანე თვალები კიდევ უფრო ანათებდა კანის სიშავის ფონზე და თან, ასე მეგონა, უფრო გამხდარიც ვჩანდი. არასოდეს ვხმარობდი მზისგან დამცავს, არ ვუვლიდი ჩემს კანს, მაგრამ სოლარიუმს არ გავკარებივარ და ეს კიდევ ერთი პლუსი იყო ჩემი. ერთ მშვენიერ დღეს, მივხვდი, როცა სახის დაბანის დროს ან სათვალის გაკეთებისას უნებლიედ ხალს ვეხებოდი, ღიზიანდებოდა. მირჩიეს დერმატოლოგ-ონკოქორურგი გია ლეჟავა. მის შესახევბ ბევრი მსმენია, მათ შორის, ისიც, რომ ერთი დანახვით დიაგნოზს სვამდა.
მოკლედ, იმ დღეს მეცალა, მივედი და რომ შემხედა, ჩაილაპარაკა: უი, ეს ისაა... არ მივაქციე ყურადღება ამ ნათქვამს. მითხრა: საათ-ნახევარში გავიკეთოთ ოპერაცია, ვინმეს დაურეკე, მოგაკითხოს და მერე წაგიყვანოსო. დავწექი, ადგილობრივად გამიყუჩა და მე, მსახიობს ექიმი ვერ გამომაპარებს ვერცერთ მიმიკას. სანიტრის სიტყვები მესმოდა: ვაიმე, რამსიღრმე ფესვი აქვს, როგორი სისხლმდენია... არ შევიმჩნიე. მოკლედ, ფანტასტიკურად გამიკეთა ქირურგმა ოპერაცია, დათესეს და პასუხი მოვიდა ათ დღეში-ავთვისებიანი სიმსივნე. გაინტერესებთ, ჩემი რეაქცია, როცა გავიგე სიმსივნე? ვიყვირე – რა?! ექიმმა კი მიპასუხა: ნუ გეშინია, ღმერთს უყვარხარ, ძალიან ღრმად იყო, მაგრამ არ იყო დამჯდარი ძვალზე და არ იყო მეტასტაზები წასულიო. იმ მომენტში, არ ჩამომიყრია ფარ-ხმალი, ვიფიქრე: ნატუკა, შენ ამას მოერევი! იცით, როგორი „რა“ წამოვიყვირე, რომლითაც ვამბობდი: რა? მე, ახლა ამას შევებრძოლები. მინდა, გითხრათ, იმ პერიოდმა შიში არ დამიტოვა, უბრალოდ, მეტად ფრთხილი გავხდი. ყოველთვის ვამბობ, მფარველი ანგელოზის ძალას სულ ვგრძნობ-მეთქი და ალბათ, მისმა მფარველობამ გადამარჩინა და იმან, რომ დროულად მივაკითხე ექიმს. ჩემდა საბედნეიროდ, დაემთხვა ისე, რომ ორი წელი ზღვაზე არ ვიყავი ნამყოფი. რომ წავსულიყავი და იმ რეჟიმით მიმეღო რუჯი, რა რეჟიმითაც სხვა წლებში ვიღებდი, არც კი მინდა გაფიქრება, რა მოხდებოდა. საქმე იცით რაშია? ბედია, რომ ასე მოხდა. სხვათა შორის, ბატონმა გია ექიმმა მითხრა: ეს ისეთი ვერაგი რამაა, შესაძლოა, თავი კიდევ წამოჰყოს და ამიტომ, მზეზე გარუჯვა უნდა დაივიწყო, იყავი მზეთუნახავი, სულ უნდა დაიცვა თავიო. მეც ზაფხულში დავდივარ ქუდით და დიდი სათვალით. ასე რომ, ჩემმა ვერაგმა დაავადებამ, გამხადა მზეთუნახავი. არადა, ვინც მიცნობს, კი იცის, როგორც კი ზამთარი მიიწურებოდა და მზე გამოჩნდებოდა, ჯერ ვიღებდი კახურ რუჯს, მერე ზღვაზე ვამატებდი და მერე, ისევ კახურ მზეს ვეფიცხებოდი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან