შოუბიზნესი

როგორ დარჩა საყრდენის გარეშე ნინუსი ტურავა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და როდის ეგონა მას თავი გამოუვალ მდგომარეობაში

№3

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 24.01, 2023 წელი

ნინუსი ტურავა
დაკოპირებულია

პერსონალური ტრენერი ნინუსი ტურავა საზოგადოებამ რეალითი შოუ „პრაიმჰაუსიდან“ გაიცნო. ნინის საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი და დღემდე არაერთ პრობლემასთან უწევს გამკლავება.

ნინუსი ტურავა: დრო დამჭირდა იმის გადასაწყვეტად, მივსულიყავი თუ არა „პრაიმჰაუსში“. ვიცოდი, რომ მარტივი არ იქნებოდა. თუმცა, გარედან რომ ვუყურებდი, ისეთი რთულიც არ წარმომედგინა, როგორიც რეალურად აღმოჩნდა.

- მაყურებელმა როგორ მიგიღო?

- თავიდან მიწერდნენ: აუ, როგორი მშვიდი და წყნარი გოგოაო, იმიტომ რომ ბევრს არ ვლაპარაკობდი და ძალიან მშვიდი ვიყავი დაკვირვების რეჟიმში. მესამე კვირიდან მივხვდი, რომ უნდა გავაქტიურებულიყავი, თამაშს უნდა ავყოლოდი, თორემ ისე არაფერი გამოვიდოდა. გოგასთან მომივიდა კამათი და ცოტა აგრესიული გამოვჩნდი. მერე წერდნენ, ეს გოგო როგორი მშვიდი ჩანდა და როგორი აგრესიული ყოფილაო (იცინის).

- შენი გამომწვევი და სექსუალური სტილი როგორ მიიღეს?

- ალბათ, ერთი პროცენტი მახსოვს, ვინც არასასიამოვნოდ გაუსვა ხაზი ჩემს სპორტულ სტილს შოუში. როგორ გამომწვევად აცვიაო და მსგავსი აქცენტები დიდად არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, არაფერს შეცვლიდა. მე მომწონს ასეთი სამოსი და თუ რამეს იხდენ, რატომ არ უნდა ჩაიცვა, ასაკის გამო? ასაკს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ მასში თავს კომფორტულად გრძნობ. მცმია გრძელი კაბაც, მაგრამ თუ ვინმეს ჩემი გალანძღვა სდომებია, მიზეზი უპოვია და მაინც გავულანძღივარ. მომწონს ცოტა გამომწვევად ჩაცმა და ვიცვამ. ჩემი თამამი ფოტოებიდან გამომდინარე, ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი „მაგრად მკიდია“, ძალიან თამამი ვარ და ასე შემდეგ. რომ გამიცნობენ, მერე მეუბნებიან ხოლმე, რომ რადიკალურად სხვა ვარ.

- რა იგულისხმება?

- არ ვარ ისეთი თამამი, როგორიც ფოტოებში ვჩანვარ, ბევრად კომპლექსიანი ვარ გარკვეულ საკითხებში. უბრალოდ, მომწონს ასეთი ჩაცმულობა და ლამაზი ფოტოები, მაგრამ ურთიერთობებში ცოტა პრეტენზიულიც ვარ და მკაცრიც. არ შემიძლია მარტივად ადამიანების მიღება. ამიტომ, იმ ტიპებს, ვისაც ჩემი ფოტოებიდან და „ზმანებიდან“ გამომდინარე, ძალიან თამამი ვგონივარ, აღმოუჩენიათ, რომ რადიკალურად სხვა ვარ.

- საკმაოდ პრეტენზიული ვარო ახლაც თქვი და შენს „ფეისბუკს“ რომ გადავხედე, იქაც წერდი, დაბალი ბიჭები ტყუილად ნუ მწერთო და რომ მეუბნებით, გათხოვდი, გათხოვდი, ვინც მომეწონა, ყველა თვითონ გათხოვდაო...

- მართლა ასეა და რა გავაკეთო (იცინის). არ მომწონს დაბალი ბიჭები. ბევრჯერ დამიწერია, რომ მომწონს სპორტული ტანსაცმელი, სპორტული მანქანები, სპორტული აღნაგობის ბიჭები და ნუ მწერთ ეს ღიპიანი კაცები-მეთქი (იცინის). შეიძლება, ცუდად გამომდიოდა, მაგრამ მაქვს ჩემი შეფასების კრიტერიუმები, რომელსაც ვაკვირდები და რა გავაკეთო, ხომ მაქვს უფლება?!

- ამის გარდა, როგორი მამაკაცები მოგწონს?

- კრიტიკული ვარ ამ მხრივ. უპირველესად, მამაკაცთან თავს ძალიან თავისუფლად უნდა ვგრძნობდე. არ მიყვარს შეზღუდვები. თუ ვინმესთან ურთიერთობა გადავწყვიტე, არ მჭირდება იმის ხაზგასმა, რა უნდა გავაკეთო და რა - არა. ისეთ რამეს, რაზედაც შეიძლება, შენიშვნა მივიღო, თვითონ არ გავაკეთებ. აკრძალვები დისკომფორტს მიქმნის და მე ურთიერთობაში თავი კომფორტულად უნდა ვიგრძნო. მამაკაცი ჩემ გვერდით უნდა იყოს ყველანაირად ძალიან მაგარი ტიპი. ძალიან ძლიერი ყველა მხრივ, მათ შორის, ფინანსურადაც. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ფულს უყურებსო. ასე არ არის, მაგრამ ფინანსები ყველასთვის საჭიროა. ის ჩემზე მეტად ძლიერი უნდა იყოს. ეჭვიანობებს ვერ გავუძლებ ასეთი არ უნდა იყოს, თორემ დავხოცავთ ერთმანეთს. რომ ამბობენ, ხასიათი უნდა ჰქონდეს კარგი, ვიზუალს არ აქვს მნიშვნელობაო - მე რომ შევხედავ ადამიანს, ჯერ ვიზუალურად უნდა მომეწონოს, თორემ თუ არ მომეწონა, არც მისი ხასიათი მაინტერესებს. ასევე, უნდა იყოს ძალიან მამაკაცური, ლამაზი ტიპები არ მიყვარს, მაგრამ მოვლილი და მოწესრიგებული უნდა იყოს.

- შენი გული როგორ უნდა მოიგოს?

- ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოს და ბევრჯერ მომიკითხოს დღის განმავლობაში. ჩემი ყველა ნაბიჯი უნდა აინტერესებდეს, მაგრამ ეს შემაწუხებელი არ უნდა იყოს, ყოველ წუთს არ უნდა მწერდეს. შეიძლება ადამიანი უსიმპათიურესი იყოს, ყველანაირად ჯდებოდეს ჩემს სტანდარტებში, მაგრამ თუ უყურადღებოა, არ არსებობს, მასთან ყოფნის სურვილი არ მექნება. ურთიერთობაში პატარა დეტალებზე მიცრუვდება გული. შეიძლება, ერთი სიტყვა არ მომეწონოს და დავასრულო ურთიერთობა. თუმცა, ჯერ გაგიჟებით არ მყვარებია.

- პროფესიით ვინ ხარ?

- ჟურნალისტიკა დავამთავრე, სტუდენტობისას ცოტა ხანი ვმუშაობდი ჩემი პროფესიით. მერე გავთხოვდი და აღარ მიმუშავია. შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა - როცა შვილს მარტო ზრდი, ბევრი მოვალეობა გეკისრება და ამიტომ, სულ ვმუშაობდი - ხან სად, ხან სად. რაღაც მომენტში, ძალიან სტრესულ ფონზე, გადავწყვიტე, ვარჯიში დამეწყო. ჩემმა ტრენერმა ჩემში პოტენციალი დაინახა და მირჩია, თვითონაც ტრენერი გავმხდარიყავი. ბევრი ვიწვალე, ყველაფერი კარგად შევისწავლე და ერთ დღეს მეც პერსონალი ტრენერი გავხდი. ამის შემდეგ ცოტა ამოვისუნთქე.

ჩემი მეუღლე დაღუპულია და არა მგონია, ასეთი თემით ვინმეს მანიპულირება შეეძლოს, მაგრამ მე რომ „პრაიმჰაუსში“ ამის შესახებ ვთქვი, ამის შემდეგ დაიწყეს მსგავსი საუბრები. ააფრიალეს ერთ-ერთი გადაცემის ვიდეოები ჩემი მონაწილეობით, რომელიც რამდენიმე წლის წინანდელია. მასში სახალისო თემებზე ვსაუბრობდით და იქ ჩემი ტრაგედია არაფერ შუაში იყო, ამიტომ არაფერი მითქვამს. რეალურად კი, როდესაც ორსულად ვიყავი, ჩემს მეუღლეს, რომელსაც თავის ბიზნესი ჰქონდა, საქართველოში დიდი პრობლემები შეექმნა და საზღვარგარეთ წავიდა. შვილი ისე გავაჩინე, ის ჩვენთან არ იყო, თუმცა იდეალური ურთიერთობა გვქონდა. ყველანაირად გვეხმარებოდა, მაგრამ ერთად არ ვცხოვრობდით და დრო რომ გადიოდა, ურთიერთობა განელდა. თან, როცა იცი, რომ ეს ადამიანი ვერასდროს დაბრუნდება, რთულია. ეს უკვე ნიშნავდა, რომ ჩვენ დაშორებულები ვიყავით, ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვქონდა, მაგრამ გვყავდა საერთო შვილი და ერთმანეთს პატივს ვცემდით. ის ყველანაირად გვედგა გვერდში მე და ჩემს შვილს. ამ დროს მან გაიგო, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ღვიძლი დაეშალა. ინდოეთში გადანერგვა გაიკეთა და რამდენიმე თვეში დაიღუპა. როგორ შეიძლებოდა მე ეს არ განმეცადა? წერდნენ, თითქოს მოვიტყუე, რადგან იმ გადაცემაში ნათქვამი მქონდა, რომ მეუღლეს დაშორებული ვიყავი, ანუ მისი გარდაცვალება ჩემთვის მტკივნეული აღარ უნდა ყოფილიყო? ეს აფერისტი მატყუარა, თურმე გაშორებული ყოფილა ქმარსო, წერდნენ. ამ ადამიანთან წლები გავატარე, ის ჩემი შვილის მამა იყო და როგორ შეიძლებოდა, არ განმეცადა მისი ტრაგედია?!

- ემოციების გარდა, ფინანსურადაც ამ ადამიანზე იყავი დამოკიდებული და ალბათ, ამ მხრივაც ძალიან შეიცვალა ცხოვრება, არა?

- კი და ესეც აღვნიშნე. მისი დაღუპვის შემდეგ სრულიად მარტო დავრჩი ჩემს შვილთან და ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. მანამდე ყველანაირად კარგად ვიყავით და სრულიად მასზე ვიყავი დამოკიდებული. არ ვიცი, რატომ მიიღეს ცუდად და რატომ გამიხდა ეს ასახსნელი. როცა საყრდენი გყავს, როცა ყველაფერი გაქვს და უცებ ყველაფერი ხელიდან გეცლება, ძალიან რთულია. ამის შემდეგ, მთელი შვიდი წელი ვცხოვრობდით ქირით - მე, დედა და ჩემი შვილი. ერთი ადამიანი ვიყავი ყველა პრობლემის წინაშე პასუხისმგებელი და ყველაფერი უნდა გამეკეთებინა. უმძიმესი პერიოდი გამოვიარე. წარმოუდგენელი პრობლემების წინაშე ვიდექი ხოლმე. ხშირად მიფიქრია, მორჩა, აღარაფერი გვეშველება-მეთქი, მაგრამ ღმერთმა არასდროს გამწირა. უცებ სასწაული გამოჩნდებოდა და ყველაფერს ვაგვარებდი. მერე ისევ პრობლემები იწყებოდა, მერე ისევ გამონათება და დღემდე ასე ვარ - ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, თუმცა ძალიან ძლიერი ვარ და ყველაფერს ვუმკლავდები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა