შოუბიზნესი

როგორ დაიწყო მარიამ მანაგაძის თავბრუდამხვევი კარიერა დუბაიში

№49

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 14.12, 2022 წელი

მარიამ მანაგაძე
დაკოპირებულია

წარმატებული მოდელის, მარიამ მანაგაძის ცხოვრებაში ახალი და ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო. მარიამი საცხოვრებლად და სამუშაოდ დუბაიში გადავიდა და საკუთარი თავი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა.

მარიამ მანაგაძე: როგორც იცით, დუბაიში გამართულ „ექსპო 2020-ზე” პირველი ადგილი ავიღე „Miss Model of the World-ზე“. ამ კომპანიამ ორი თვის შემდეგ ისევ მიმიწვია გადაღებებზე. კომპანიის მფლობელთან, მის ანასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. დაინახა, რომ ძალიან შრომისმოყვარე და სანდო ადამიანი ვარ და ნოემბერში კომპანიამ საუკეთესო რამ, დუბაიში, მათ ოფისში მუშაობა შემომთავაზა: როგორც „Miss Model of the World-ის“ ტოპ- მოდელს მთხოვეს, გავმხდარიყავი მათი კომპანიის სახე და წარმომადგენელი. უპირველესად კონტრაქტს გავეცანი და ძალიან კარგ პირობებს მთავაზობდნენ, ამიტომ დავთანხმდი. MMW სერიოზული კომპანიაა სამოდელო ინდუსტრიაში. ის 1988 წლიდან არსებობს და დიდი გამოცდილება და კარგი სახელი აქვს. კონკურსს, რომელშიც მე გავიმარჯვე, ყოველწლიურად ატარებენ და მონაწილე გოგონები 90 ქვეყნიდან ჩამოჰყავთ. სამოდელო ინდუსტრიის გარდა, სხვა მიმართულებებიც აქვთ და დუბაის უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობენ.

- საკმაოდ რთული ხელშეკრულება გაქვს, ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ 15 დღით შეგიძლია საქართველოში ჩამოსვლა. არ იყო ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი?

- ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, დუბაიში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება გამიფორმეს. კონტრაქტის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში მხოლოდ 15 დღით შემიძლია ჩამოსვლა. საკმაოდ რთული გრაფიკი მაქვს, დილის 7-ზე გასული სახლში საღამოს 7-ზე ვბრუნდები და დღის განმავლობაში, ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოს ვასრულებ. სახლში მარტო ვარ და კონტაქტი არავისთან მაქვს. გარეთაც მარტო არ მიშვებენ, რადგან მათ აიღეს ჩემზე პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ზრუნავენ კიდეც, რაც ძალიან მომწონს - დღეს მოლში ვიყავით და ხელის დასაბანადაც კი არ გამიშვეს მარტო, თუმცა, ეს ყველაფერი სასიამოვნოსთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან რთულიცაა.

- თბილისში ბევრი მიმართულებით იყავი აქტიური. ერთი ხელის მოსმით, როგორ მოახერხე ყველაფრის დატოვება?

- ბოლოს მხოლოდ ცეკვა მქონდა დარჩენილი და მართლა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა „სუხიშვილების“ გოგონებთან გამომშვიდობება. თუმცა სხვა ყველაფრისთვის უკვე თავი მქონდა დანებებული და გულწრფელად ვიტყვი, მინდოდა იმ ნეგატივს მოვშორებოდი, საქართველოში ასე დიდი დოზით რომ არის. ეს შემოთავაზებაც ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ავდექი და ახალი ცხოვრებისკენ გადავდგი ნაბიჯი.

- რა მოხდა, რის გამო გამოემშვიდობე შენს უამრავ აქტივობას?

- პირადი ურთიერთობის ფონზე. პირად ურთიერთობებში ითვალისწინებ სხვის აზრსაც და გიწევს დათმობაზე წასვლა. ამ მიზეზით იყო, რომ ბოლო პერიოდში მხოლოდ ცეკვით ვიყავი დაკავებული და სხვა საქმეებს შევეშვი.

- მარიამისგან, რომელთანაც აქამდეც ბევრჯერ ჩამიწერია ინტერვიუ და მგონია, რომ ვიცნობ, ეს ნაბიჯი ძალიან მიკვირს.

- მე არასდროს მჯეროდა სიყვარულის, ყოველთვის კარიერაზე ვიყავი ორიენტირებული, თურმე ძალიან ძლიერი და იშვიათი სიყვარული შემძლებია. ამას მივხვდი, მაგრამ იმასაც მივხვდი, არ უნდა იყო ძალიან მიმნდობი და გულწრფელი, რომ მერე იმედი არ გაგიცრუვდეს და უსამართლობას არ შეეჯახო. მანამდე ვამბობდი კიდეც, ვინც ჩემ გვერდით იქნება, ალბათ, ბედნიერებისგან გული გაუსკდება- მეთქი და მე მართლა ყველაფერი გავაკეთე. მივეცი ბედნიერება, სიყვარული, კომფორტი, ერთგულება. ძალიან ბევრი დავთმე, მათ შორის ჩემი კარიერა, რომლისთვისაც 14 წლიდან თავდაუზოგავად ვიშრომე, მაგრამ საპასუხოდ, ნახევარიც ვერ მივიღე. ამიტომ მიხარია, რომ ახლა აქ ვარ, მარტო ვარ და ახალ ნაბიჯებს ვდგამ ჩემი კარიერის გზაზე. რთულია, სამსახურიდან მოსული სახლში მარტო რომ ხარ, საკუთარ თავთან ჭიდილი მიწევს და სულ ვიმეორებ: მარიამ, ძალიან ძლიერი ხარ და შენი კეთილდღეობისთვის ასე ჯობია.

- ღირდა ეს ურთიერთობა?

- თავიდან ყველა მამაკაცი კარგი ტიპია, მაგრამ მერე ხედავ, რომ იმდენად სუსტია, საკუთარი აზრიც არ გააჩნია - ყველას მანიპულირების ქვეშ ექცევა. ასეთ სუსტ ადამიანს ვერ გავუძელი, რადგან მე ძალიან ძლიერი ვარ და გვერდითაც ასეთი მამაკაცი მჭირდება. მით უმეტეს, როცა ცოტა ასაკში ხარ და კიდევ დედიკო- მამიკოს ბიჭი ხარ, თან უამრავი კომპლექსით, ესე იგი, ვერ შედექი, ეს კი ჩემთვის მიუღებელია. ამას გვიან მივხვდი, მაგრამ მივხვდი. წერტილის დასმა არ იყო მარტივი. ერთი წლის განმავლობაში ალბათ 15-ჯერ დავშორდი. ყველაფრის დამთავრება მიჭირდა, მეცოდებოდა, იქნებ გამოსწორდეს-მეთქი, ვფიქრობდი. მაგრამ საბოლოოდ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე და დავასრულე ეს ურთიერთობა.

- ახლა, როცა დუბაიში ხარ, მეგობრები არ გეხუმრებიან, უკან არაბი შეიხით არ დაგვიბრუნდეო?

- კი, მათთვის წამოყვანასაც მთხოვდნენ (იცინის). სიმართლე რომ ვთქვა, ამ საკითხზე არც მეცინება, უფრო მეშინია. გარეთ რომ გავდივარ, მამაკაცებს თვალებში არ ვუყურებ. აქ ზოგს იმხელა ძალაუფლება აქვს, მათ წინაშე პოლიციაც უძლურია. თუმცა სინამდვილეში ვხედავ, რომ ძალიან მშვიდი გარემოა, რასაც ალბათ, ჩემი კომპანიაც უზრუნველყოფს. წინა ჩამოსვლაზე, ერთ შეხვედრაზე ძალიან ცნობილი კომპანიის დამფუძნებელმა არაბმა შეიხმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ჩემ მიმართ და ჩემმა კომპანიამ მასთან კონტაქტი გაწყვიტა. ასეთ საკითხებში ძალიან ფრთხილები არიან, ყველაფერს მაღალი პროფესიონალიზმით უდგებიან. მარიამი ჩვენი კომპანიის ხელშეუხებელი მოდელიაო, ამბობს ხოლმე მფლობელი, თუ რომელიმე შეხვედრაზე ვინმემ ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა