შოუბიზნესი

როგორ დაიწყო ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის შეყვარებულობა ხელმეორედ რთული პერიოდის შემდეგ და რა სიურპრიზი გაუკეთა მეუღლემ ანუკის ქორწინების ათი წლის იუბილეზე

№12

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 28.03, 2023 წელი

ანუკი ცქვიტინიძე
დაკოპირებულია

მუსიკოსი ცოლ-ქმარი ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე, კარიერული თვალსაზრისით, მთელი ცხოვრება აქტიურები არიან, თუმცა, მათი წყვილი განსაკუთრებით პოპულარული ბოლო პერიოდში, სატელევიზიო პროექტ „მიმღერეში“ მონაწილეობის შემდეგ გახდა.

ანუკი ცქვიტინიძე: როცა მეუღლეები ერთ საქმეს ემსახურებით, ინტერესებიც საერთო გაქვთ და მუსიკალური გემოვნებაც, ეს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ცხოვრებასაც და შემოქმედებით პროცესსაც. იმხელა სიხარულია და ისეთი სასიამოვნო, საზოგადოება ჩვენ მიმართ ასეთ გულწრფელ სიყვარულს რომ გამოხატავს, რომ მართლა ძალიან ბედნიერები ვართ.

– თქვენი შვილები როგორ ხვდებიან იმ ამბავს, რომ მათი მშობლები ასეთი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ?

– მარიამი 10 წლისაა, იკაკო 8-ის. რა თქმა უნდა, მოსწონთ და უხარიათ, მაგრამ გულისწყვეტაც აქვთ, რადგან ცოტა შემოაკლდათ ის დრო, რომელიც მათ ეთმობოდათ და ამის გამო, ზოგჯერ ცოტას წუწუნებენ, თუმცა, ძირითადად, ძალიან უხარიათ და ეამაყებათ.

– თვითონ ჰგვანან მშობლებს მუსიკალური შესაძლებლობებით?

– კი, გვგვანან, ორივეს აქვს მუსიკალური ნიჭი. ახლა უკვე პროფესიულად ეუფლებიან მუსიკას. სასწავლებელში სწავლობენ. იკაკო ოთხი წლის იყო, როცა თავისით უკრავდა სადმე მოსმენილ მელოდიას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ეზიაროს კლასიკურ და ქართულ ხალხურ მუსიკას. მერე არჩევანს თვითონ გააკეთებენ. არ არის აუცილებელი მუსიკოსები გამოვიდნენ, მთავარია, მათთვის მუსიკა ძალიან ორგანული იყოს, მუსიკალური განათლება ჰქონდეთ და საზოგადოებაში ლამაზად დაკვრა და სიმღერა შეეძლოთ.

– ცოლ-ქმარი ასეთი აქტიურები რომ ხართ, მეოჯახეობა როგორ გამოგდით?

– ახლა მოვედი სამსახურიდან და სახლი ცოტა მოსაწესრიგებელი დამხვდა, ვახშამი – მოსამზადებელი და დაჩქარებული ტემპით მოვახერხე, ისე, რომ ყველა კმაყოფილი ყოფილიყო. ამ მხრივ, სამწუხაროდ, ძალიან აქტიურები ვერ ვართ – ყოველდღე სადილს ვერ ვამზადებ და ის ტრადიცია, რომელიც ჩემს მშობლებთან ცხოვრების დროს გვქონდა, დიდ ოჯახურ სადილს ვგულისხმობ, არ გამოგვდის, პირიქით, მიკვირს, მაშინ როგორ ვახერხებდით. ეს საოცრად ლამაზი ტრადიციაა, მაგრამ ჩვენთან, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. თუმცა, როცა კი ამის საშუალება მეძლევა, მე მგონი, კულინარობაც კარგად გამომდის და დიასახლისიც კარგი ვარ.

– თქვენი მეუღლე თუ მიეკუთვნება იმ კაცების კატეგორიას, რომელთა გულის გზაც კუჭზე გადის?

– თვითონაც ძალიან მეხმარება, ამ მხრივ, აქტიურია. სხვათა შორის, კარგი კულინარია, რაჭველი კაცია და მშვენივრად გამოსდის სხვადასხვა კერძის მომზადება, ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ მისთვის მთავარი ეს არის, თუმცა, უხარია, როცა ჩემს მომზადებულ გემრიელ კერძს მიირთმევს (იცინის). ჩვენ ამ უდროობის გამო და იმის გამო, რომ სახლში დამხმარე არ გვყავს, ყველა საქმეში ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს. თუ საჭიროა, მე წავალ პროდუქტებზე, როცა მე არ ვარ სახლში, თვითონ გაამზადებს ბავშვებისთვის საჭმელს და ასე შემდეგ, ორივე ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ და ჩვენს შვილებს გვჭირდება.

– რა ხდება, როცა ორივე ძალიან დაკავებულები ხართ?

– ჩვენი და ჩვენი მშობლების სახლი ერთმანეთისგან არც ისე შორსაა. ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ და ისინი ძალიან გვეხმარებიან. როცა ჩვენ ძალიან დაკავებულები ვართ, ბავშვებს დედა იტოვებს. მყავს ორი და, საოცარი დაიკოები, რომლებიც ასევე, ნებისმიერ დროს მზად არიან, ხელი შეგვიწყონ. ჩემი ოჯახი მართლა ძალიან გვეხმარება.

– როგორ დაიწყო თქვენი და მომავალი მეუღლის ურთიერთობა?

– ჩვენ მუსიკამ შეგვახვედრა ერთმანეთს. როდესაც გელა, როგორც სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის, „ბასიანის“ სოლისტი, ანსამბლთან ერთად, გასტროლზე იყო და ამ გასტროლის საორგანიზაციო ჯგუფში ვიყავი მე. ერთმანეთს იქ შევხვდით და ეს იყო საქმიანი შეხვედრა, მაგრამ გელას გამოსვლამ ევროპულ სცენაზე, ჩაკრულოს ჩოხაში შესრულებამ და მისი საოცარი ნამღერის შემდეგ აღფრთოვანებული მსმენელის თვალების ხილვამ, ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. იმ საღამოსვე გაიმართა წვეულება, სადაც მე მომიწია ინსტრუმენტთან მისვლა, დაკვრა და სიმღერა, ერთად პირველი დუეტი შევასრულეთ და როგორც ჩანს, მაშინ ვიგრძენით ორივემ პირველი იმპულსი და ერთმანეთით დავინტერესდით.

– ესე იგი, პირველი შთაბეჭდილება ერთმანეთზე სიმღერით მოახდინეთ.

– კი, ასე იყო. მერე დავბრუნდით საქართველოში და იქიდან გამომდინარე, რომ საერთო სამეგობრო წრე გვქონდა, გელასთვის მარტივი იყო ჩემს გარემოცვაში მოხვედრილიყო. ხან, როგორც ხდება, ტელეფონით მომიკითხავდა ხოლმე და ნელ-ნელა სხვა სახე მიიღო ჩვენმა ურთიერთობამ. ერთხელაც, ჭავჭავაძეზე, სახლში მომაცილა და აქ, როგორც დღეს, არც მაშინ არ შეიძლებოდა მანქანის გაჩერება ჩემს სახლთან და სწრაფად გადავედი მანქანიდან და გადავირბინე. უცებ სიგნალის ხმა გავიგე, ვიფიქრე, რომ რაღაც დამრჩა და სასწრაფოდ დავბრუნდი ავტომობილთან. ჩქარა, ჩქარა, ჩაჯექიო, დამიძახა. რომ ჩავჯექი, ხელი მომკიდა და მითხრა: ვერ გაგიშვებ, იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრაო და სიყვარული ამიხსნა.

– თქვენი პასუხი როგორი იყო?

– ძალიან გამიხარდა, მაგრამ მაინც ცოტა მოულოდნელი იყო (იცინის). რა თქმა უნდა, ეს ინტერესი და გრძნობა ორმხრივი იყო, მისი ზარი ან შეტყობინება რომ შემოდიოდა, ძალიან გულაჩქარებული დავხედავდი ხოლმე ტელეფონს, მაგრამ სიყვარულში გამოტყდომას მაინც მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა (იცინის). მე უარყოფა არ მიცდია და ალბათ, ამით უკვე გასაგები იყო, რომ მეც აღფრთოვანებული ვიყავი მისით (იცინის).

– როგორ გახსენდებათ შეყვარებულობის პერიოდი?

– ძალიან კარგად, მუსიკითაც სულ კავშირში ვიყავით. მერე კიდევ ორი გასტროლი გვქონდა, მაშინ უკვე შეყვარებული წყვილი ვიყავით. ქორწილის დღეს, ჯვრისწერის შემდეგ, უწმიდესმა დაგვლოცა, რადგან გელა მის წიაღში გაიზარდა, გამორჩეული სიყვარული აქვს გელას მისადმი და უწმიდესისთვის საყვარელი ადამიანია გელაც. დიდი ბედნიერება იყო მისგან დალოცვა. ბევრი საჩუქარი გვაჩუქა, ეს იყო დაუვიწყარი დღე ჩვენს ცხოვრებაში და იმ ღამესვე გავფრინდით ამსტერდამში, სადაც, ასევე, კონცერტი გვქონდა და ქორწილის დღესაც საორგანიზაციო საკითხებზე დავრბოდით. ბანკში ვიყავი და მახსოვს, ვამბობდი, ჩქარა გამიშვით, კაბა უნდა გამოვიტანო, თორემ ქორწილში კაბის გარეშე დავრჩები-მეთქი (იცინის). ეს რიტმი მთელი ცხოვრება მოგვყვება. ჩვენი ერთობლივი პოპულარობა ბოლო პერიოდს უკავშირდება და ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ცალ-ცალკე ორივე პატარა ასაკიდან ვართ სცენაზე: გელა – ფოლკლორის განხრით, მე 11 წლიდან მოყოლებული ვწერდი სიმღერებს. ძალიან ბევრი მომღერალი ასრულებდა ჩემს სიმღერებს. შეიძლება, ასე არ ვჩანდი, მაგრამ მუსიკალურ სამყაროში ჩემი ადგილი მქონდა. ამიტომ შემოქმედებითად ორივე ძალიან აქტიურები ვიყავით და მერე უკვე ერთად განვაგრძეთ.

– რომელი უფრო რომანტიკული ხართ?

– მგონი, ორივე. ძალიან გვიყვარს ერთმანეთის გახარება. გელამ უფრო საინტერესოდ იცის საჩუქრების გადმოცემა და სიურპრიზების მოწყობა, მაგრამ სიყვარულის გამოხატვა ორივეს თანაბრად შეგვიძლია. ჩახუტება, ერთმანეთისთვის თავის დადება და იმის თქმა, რომ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მე ვფიქრობ, რომ ადამიანს როცა გინდა, ამის თქმა, აუცილებლად უნდა თქვა.

– გამორჩეული სიურპრიზი გავიხსენოთ...

– ქორწინების ათი წლის იუბილეზე გამიკეთა გელამ გამორჩეული სიურპრიზი. ჩვენ ამერიკის ათწლიანი ვიზები გვქონდა და ჩემი მხრიდან განსაკუთრებული მომზადება არ მჭირდებოდა, ამიტომ სიურპრიზიც მარტივად გამოუვიდა და ჩვენს ათი წლის იუბილეს ამერიკაში შევხვდით. „ბასიანს“ ჰქონდა დიდი ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეც წამიყვანა და იუბილე ნიუ-იორკში აღვნიშნეთ. ეს მართლა დაუვიწყარი იყო. მე ასეთი მასშტაბური სიურპრიზი არ გამიკეთებია, თუმცა, პანდემიის დროს სიმღერა მივუძღვენი.

– კრიზისული პერიოდები...

– სამწუხაროდ, ჩვენც გვქონდა, იყო პერიოდი, როცა ორივეს დაგვჭირდა იმის გააზრება, თუ რა იყო მნიშვნელოვანი, რა გვინდოდა სამომავლოდ. ეს უფრო ჩვენი ქორწინების პირველ პერიოდს უკავშირდება. რაღაც პერიოდი ცალ-ცალკეც მოგვიწია ყოფნა, ყოველგვარი ჩხუბისა და უსიამოვნების გარეშე, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მივმხვდარიყავით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ერთად ყოფნა. ამის შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყო. ახალი პეპლებით მუცელში, ახალი საოცარი შეტყობინებებით, ახალი სიმღერით, თითქოს თავიდან გავხდით შეყვარებულები და ამან კიდევ უფრო გაალამაზა ჩვენი ურთიერთობა. თავიდან ვეპრანჭებოდით და ვაწონებდით თავს ერთმანეთს, კიდევ ერთხელ განვიცადეთ გულის აჩქარების მომენტები (იცინის). როცა საბოლოოდ ასე კარგად მთავრდება რაღაც, მერე ის ცუდიც ისე გახსენდება, თითქოს შენ არც გადაგხდენია თავს. რაც წლები გადის, ვგრძნობ, რომ ჩვენი სიყვარული უფრო მძაფრდება, სულ გვინდა, ერთად ვიყოთ და სიყვარულის განელება ჯერ არ გვიგრძნია. იმედი მაქვს, რომ არც ვიგრძნობთ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი