რატომ თქვა უარი ნათია შელეგიამ პარიზულ წარმატებაზე და როგორ უმკლავდება ის ყველა პრობლემას დამოუკიდებლად
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის მოდელ ნათია შელეგიას წარმატებაში, როგორია მისი ცხოვრების კრედო და რა სიამოვნებს მას განსაკუთრებით, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნათია შელეგია: ვფიქრობ, თუ ადამიანი ბევრს არ შრომობ, წარმატებას ვერ მიაღწევ, მაგრამ თუ შრომისმოყვარესთან ერთად, იღბლიანიც ხარ, ეს უკვე დიდი წარმატებაა. რთულია თქმა, თუ რამდენად იღბლიანი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ იღბალი „თავზე დამეცა“, ეს არ იქნება სიმართლე, რადგან რასაც მივაღწიე, ყველაფერი ჩემი ძალიან დიდი შრომის შედეგია. ახლაც ბევრს ვშრომობ. შრომა არასდროს მეზარებოდა, ამიტომ ვფიქრობ, ჩემს შემთხვევაში, იღბალიც შრომის დამსახურებაა.
– საჭირო დროს საჭირო ადგილას თუ აღმოჩენილხართ?
– კი, მქონია ეს განცდა, თუმცა, ისეც მომხდარა, რომ საჭირო ადგილას აღმოვჩენილვარ სწორ დროს და ეს შანსი არ გამომიყენებია. არ მოვუსმინე საკუთარ თავს ისე, როგორც საჭირო იყო. ვერ გავბედე ნაბიჯის გადადგმა. რისკზე ვერ წავედი. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ჩემი მოდელობის ძალიან ადრეულ ეტაპზე, პარიზში აღმოვჩნდი. მაშინ ეს მარტივად არ ხდებოდა. მოწვევა მქონდა სააგენტოდან, ეს ძალიან კარგი შანსი იყო. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე, არ დავრჩი პარიზში. არ ვნანობ, მაგრამ რისკიანი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, დავრჩებოდი და დიდი შრომის შედეგად შეიძლებოდა, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვლილიყო.
– პროფესიისთვის მეტს შრომობთ თუ ოჯახისთვის?
– ძალიან დიდ შრომას ვდებდი ოჯახში, სანამ ჩემი შვილები პატარები იყვნენ. ახლა უკვე გაიზარდნენ და ჩემგან „თავის გადადება“ აღარ სჭირდებათ. ახლა უფრო მეტად პროფესიული კუთხით ვშრომობ. ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. შვილები რომ პატარები გყავს, ბუნებრივია, მეტ ყურადღებას მოითხოვენ.
– საკუთარ თავს სიზარმაცის უფლებას როდის აძლევთ?
– ხანდახან გინდა, მარტო, მშვიდად დაჯდე, იფიქრო, უბრალოდ, ჩუმად იყო... ზოგჯერ ისე იღლები, საუბრის თავიც არ გაქვს. ასეთ დროს უნდა მისცე თავს უფლება, მოეშვა და დაისვენო. განსაკუთრებით ზაფხულში მიყვარს დასვენება – ზღვა, სანაპირო, რუჯი, კოქტეილი, ყავა და ასეთ დროს, ნამდვილად ვაძლევ თავს უფლებას, ვიყო ზარმაცი – დავისვენო და დავტკბე (იცინის).
– გქონიათ განცდა, რომ შრომამ ფუჭად ჩაიარა?
– მქონია ასეთი განცდა, მაგრამ იშვიათად. როცა რაღაც ძალიან მინდა და მისთვის ვშრომობ, არ არსებობს, მიზანს არ მივაღწიო. ფარ-ხმლის დაყრა არ მიყვარს.
– წარუმატებლობის პერიოდში როგორ ეხმარებით საკუთარ თავს?
– ყოველთვის მჯერა, რომ დაღმართს აღმართი მოჰყვება. ცუდი პერიოდი აუცილებლად გაივლის და წარმატების დრო დადგება. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, მართლაც ასეა. საერთოდ არ ვარ დეპრესიული ნატურა. როცა რაღაც ისე არ გამოდის, როგორც მინდა, ამის გამო არ ვითრგუნები, ალბათ, მყარი ფსიქიკა მაქვს. ყოველთვის ვახერხებ, პრობლემებიდან ისე გამოვიდე, რომ არ ვიზუზუნო, სხვა არ შევაწუხო და მე ვფიქრობ, ამაში ზუსტად ის აზრი მეხმარება, რაც უკვე აღვნიშნე, ჩავარდნებს აუცილებლად მოჰყვება წარმატებები.
– გამორჩეულად კარგად და შედარებით რთულად რომელი პერიოდები გახსენდებათ?
– რთული რაც მახსენდება, რამდენიმე წლის წინანდელი პერიოდია. ჩემი მეუღლე უმუშევარი დარჩა და სანამ ფეხზე დადგებოდა, მე მომიწია ყოფით პრობლემებთან გამკლავება. ბევრი შრომა იყო საჭირო იმისთვის, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავით.
საბედნიეროდ, კარგი პერიოდები მეტი მახსენდება. ვფიქრობ, რომ კარიერულად მუდმივად ვიზრდები, წარმატებები ხშირია. ბევრ ადილას ვმუშაობ – აქტიური და დაკავებული ვარ.
– წარმატების გზაზე, ალბათ, დროის სწორად განაწილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და როგორ გამოგდით?
– დროის სწორად განაწილება და დაუზარლობა – ეს არის მთავარი. არასდროს არაფერი უნდა დავიზაროთ. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებიან ხოლმე, როგორ არ გეზარება ამდენი რამის კეთებაო, როგორი ენერგიული ხარო?! მაგალითად, ავიღოთ ახალი წლის პერიოდი, უამრავი ღონისძიება მიეწყობა ხოლმე ერთმანეთს, როგორც ვთქვი, არაერთი სამსახური მაქვს, მაგრამ საღამოს გასართობად წასვლასაც მოვახერხებ, მეგობრებსაც მოვინახულებ, ოჯახის წევრებთანაც გავატარებ დროს. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერს ვახერხებ. მე ვფიქრობ, ზუსტად ენერგიულობა და დაუზარლობაა წარმატების განმაპირობებელი.
– ვინ არის თქვენი მოტივაციის წყარო?
– ჩემი მეუღლე და შვილები. ჩემი ზრდასრული შვილები მართლა ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევენ. მათ ხშირად ვეკითხები რჩევებს. უკვე როლები გავცვალეთ (იცინის).
– რამდენად უფრთხილდებით საკუთარ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას?
– ვერ ვიტყვი, რომ ჯანმრთელობას ძალიან ვუფრთხილდები. საერთოდ, საკმაოდ ჯანმრთელი ადამიანი ვარ. განსაკუთრებით, მენტალური თვალსაზრისით. ამ მხრივ დახმარება არასდროს დამჭირვებია. ჩემს პრობლემებს ყოველთვის დამოუკიდებლად ვუმკლავდები. ფიზიკურად, ავადაც გავხდარვარ და პატარ-პატარა პრობლემები მეც მაქვს ხოლმე და საჭიროების მიხედვით, ექიმთანაც დავდივარ, მაგრამ მნიშვნელოვანი – არაფერი. საერთოდ, ავადაც რომ ვარ, წუწუნი არ მიყვარს. ვცდილობ, დიდხანს არ დავწვე და ამაზე ბევრი არ ვიფიქრო. ასე თითქოს ყველაფერი უფრო მალე გვარდება. ხშირად ვიღებ საკვებ დანამატებს. მიმაჩნია, რომ ეს იმუნური სისტემისთვისაც კარგია და ენერგიის წყაროცაა.
– რამდენად ზრუნავთ საკუთარ გარეგნობაზე?
– გარეგნობაზე ნამდვილად ვზრუნავ. ადრე გვრცხვენოდა ასაკის მატების. ახლა ისეთი დრო მოვიდა, პირიქით, თავს ვიწონებთ. 57 წლის ვარ და რომ იგებენ, არ სჯერათ. მეც ამაყად ვამბობ ჩემს ასაკს (იცინის). ეს ძალიან მეხმარება ჩემს პროფესიაშიც. თავს ვუვლი, მაქვს ყოველდღიური რუტინა, რომელსაც არ ვღალატობ. ვიყენებ, საცხებს, შრატებს... ინიექციებსაც მივმართავ, ოღონდ ძალიან იშვიათად და დოზირებულად, რადგან ზედმეტი არაფერი მიყვარს, ბუნებრიობის მომხრე ვარ. გენეტიკაც ხელს მიწყობს, მაგალითად, კარგი მეტაბოლიზმის წყალობით, წონის პრობლემას არასდროს შვუწუხებივარ.
საერთოდ, მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები. გამორიცხულია ქუჩაში მოუწესრიგებელი გამოვიდე. მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი და თითქმის ყოველთვის მას ვატარებ. ვცდილობ, ყოველთვის გემოვნებიანად გამოვიყურებოდე, რადგან ეს სიამოვნებას მანიჭებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





