რატომ გადაწყვიტა თაკო გურგენიშვილმა 40 წლის შემდეგ მოდელობა და როგორ გახდა ის MRS PLANET 2025-ის გამარჯვებული
ავტორი: ანკა რობაქიძე 21:00
სამი შვილის დედა – თაკო გურგენიშვილი თურქეთში გამართული სილამაზის კონკურსის, MRS PLANET-2025-ის გამარჯვებული გახდა. თაკო თავის საინტერესო ცხოვრებაზე ვრცლად გვესაუბრა.
– ჩემი ბავშვობა ქუთაისთან ასოცირდება, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო, მოდელი გავმხდარიყავი, თუმცა ოჯახიდან მხარდაჭერა ვერ მივიღე, რადგან მამა საკმაოდ მკაცრი მყავს. დედაც ვერაფერს გახდა, ამიტომ მრავალი მცდელობის შემდეგ ჩავიქნიე ხელი და სხვადასხვა აქტივობაზე გადავერთე.
– სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ, შემდეგ – პროფესიების არჩევა და ოჯახის შექმნა...
– სკოლის პერიოდში ძალიან დატვირთული ვიყავი, მუსიკალურ სასწავლებელში დავდიოდი, შვიდწლედი დავამთავრე. ასევე, დავდიოდი ქართულ ხალხურ ცეკვებზე, სამხატვრო აკადემიაში, ვემზადებოდი სხვადასხვა საგანში... სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიის ფაკულტეტზე, მეორე კურსიდან, პარალელურად, ამავე უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. უნივერსიტეტი წარჩინებით, წითელ დიპლომზე დავამთავრე. სწორედ ამ პერიოდში, იურიდიულ ფაკულტეტზე, გავიცანი ჩემი მეუღლე – რომა სარია, რომელიც მზრუნველობით გამოირჩეოდა და განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ. ერთ წელიწადში დავქორწინდით, შეგვეძინა ტყუპი ბიჭი – სანდრო და გიორგი. ტყუპების გაზრდა, მოგეხსენებათ, საკმაოდ რთულია. დედა და დედამთილი მეხმარებოდნენ, მყავდა სადღეღამისო ძიძა, მაგრამ ამდენი დამხმარის მიუხედავად ყველა მაინც გადაქანცულები ვიყავით. დღეს ტყუპები მეტად წარმატებული ბიჭები არიან – სწავლობენ შავი ზღვის უნივერსიტეტში ფინანსების ფაკულტეტზე, ასევე მუშაობენ სპორტული ავტომობილების სალონში – FORZA_Tbilisi. გიორგი გახლავთ დირექტორი, სანდრო კი – მისი ასისტენტი. ფაქტობრივად, ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ტყუპები ყველას ჩემი ძმები ჰგონიათ... შემდეგ ჩავაბარე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, პიარის და ინტეგრირებული მარკეტინგის ფაკულტეტზე და ისიც დავამთავრე. პარალელურად ვმუშაობდი ერთ-ერთ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში, ვიყავი CHANEL-ის გაყიდვების მენეჯერი, სადაც 12 წელი დავყავი.
– მესამე შვილმა რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?
– სულ მინდოდა, გოგონა მყოლოდა, მაგრამ ტყუპების გადამკიდე, ისეთი გადაღლილი ვიყავი, აღარც კი ვფიქრობდი, თუ გავბედავდი და მესამე შვილს გავაჩენდი. გადის ბევრი წელი და ჩნდება ნიკოლა სარია, ისევ ბიჭი, რომელმაც შემივსო გოგოს ყოლის სურვილიც. ის დღეს 5 წლისაა და ჩვენი ოჯახის ყველაზე აქტიური წევრია. ნიკოლა ყველაზე ბედნიერია, როდესაც დედას სცენაზე ხედავს. თუ მაქვს შესაძლებლობა, ყოველთვის ვცდილობ, რომ ნიკოლა ჩემს გამოსვლებზე წავიყვანო, თბილისში თუ საზღვარგარეთ. სულ დამყავს, რადგან მინდა, დედა სცენაზე დაამახსოვრდეს, ლამაზი და წარმატებული. ასევე, დამყვება მეუღლეც, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერია და დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ახერხებს, მაქსიმალურად იყოს ჩემ გვერდით. დიდი იმედია, როდესაც იქ, სადღაც, სცენის მიღმა შენი ოჯახი დგას და შენი გულშემატკივარია. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.
– როდიდან შედგით ფეხი სამოდელო სფეროში და როგორ აეწყო თქვენი კარიერა ამ მხრივ?
– ჩემი სამოდელო კარიერა ერთი წლის წინ დაიწყო – რამდენიმე სერიოზული შემოთავაზება მქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და „კატრინის” სამოდელო სააგენტოში შევდგი ფეხი. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენთვის, ყველასთვის, საყვარელ მომღერლებს – თამუნა ამონაშვილსა და მარკუს მეტრეველს. მარკუსი „კატრინის“ დეფილეს პედაგოგია, ყოველმხრივ მოწესრიგებული და თავისი საქმის პროფესიონალი. მან გამაცნო „კატრინის“ დამფუძნებელი და საერთაშორისო ჟიურის წევრი, ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი. ყველასთვის საყვარელი ქალბატონი ეკა თავისი საქმის პროფესიონალია, რომელიც დღესა და ღამეს ასწორებს, რომ თითოეულ „კატრინელს“ სათანადო ყურადღება მიაქციოს. ეკა ჩვენთვის მეორე „დედაა“, მას ლომის წილი მიუძღვის ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
– გვიამბეთ მოდის კვირეულებზე და განსაკუთრებით იმ კონკურსზე, სადაც დიდი გამარჯვება გხვდათ წილად...
– პირველი ჩემი გამოსვლა შედგა დუბაიში, ყველაზე მასშტაბურ სცენაზე, რომლისთვისაც მთელი სამი თვე ვემზადებოდი. ამას მოჰყვა საქართველოში სხვადასხვა მოდის კვირეულზე გამოსვლა და ასე ნელ-ნელა ახდა ჩემი ბავშვობის ოცნება.
რაც შეეხება MRS PLANET – 2025-ში მონაწილეობას, არც მიფიქრია, სანამ ქალბატონმა ეკა მგალობლიშვილმა არ შემომთავაზა. გადაწყვეტილება ოჯახისგან დიდი მხარდაჭერის შემდეგ მივიღე. რატომაც არა, ვცდი, მივიღებ მონაწილეობას-მეთქი და დავთანხმდი. კონკურსი თურქეთში, კერძოდ ანტალიაში, ჩატარდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში იღებდნენ მონაწილეობას. საკონკურსო რეჟიმი ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანი იყო: ექსკურსიები, ამასთან, შვიდი დღის განმავლობაში – დღისით რეპეტიციები, საღამოს უკვე კონკურსი სხვადასხვა ნომინაციაში. დადგა ის მნიშვნელოვანი ფინალის დღე, იმატა მღელვარებამ, რადგან საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა მქონდა დაკისრებული: ჩემი ულამაზესი, პატარა ქვეყნის დროშა უნდა გამეტანა ამ ბუმბერაზი ქვეყნების გვერდით და გამემარჯვა!
დაჯილდოება ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა ნომინაციაში და ყველაზე ბოლოს აცხადებენ – Georgia თამარ გურგენიშვილს, გამარჯვებულს. ჩემს ბედნიერებას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. როდესაც შენს ქვეყანას და სახელს აცხადებენ და ხდები ამ საპასუხისმგებლო ტიტულის, MRS PLANET – 2025-ის მფლობელი!
მთელი ცხივრების განმავლობაში ქალბატონ ეკა მგალობლიშვილის მადლობელი ვიქნები, რომელმაც მომცა საშუალება, გავმხდარიყავი პროფესიონალი მოდელი და მიმეღო მონაწილეობა ამ კონკურსში. რაც ყველაზე მთავარია, მინდა, მოტივაცია მივცე ახალბედა მოდელებს და ყველა იმ ქალბატონს, რომლებიც ფიქრობენ, რომ დაგვიანებულია და აზრი აღარ აქვს. ოცნებებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არასდროს გადადოთ. რაც გულით გსურთ, აუცილებლად გამოგივათ! მთავარია ბევრი შრომა და ასევე, დისციპლინა, რაც ამ სფეროს ძალიან სჭირდება.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, კონკურსში გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღე მოწვევა: ამერიკიდან, კერძოდ, ფლორიდის შტატიდან, კანადიდან, ნიგერიიდან, ვიეტნამიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ემირატებიდან... გაჩერებას არ ვაპირებ, პირიქით, მინდა, ბოლომდე დავიხარჯო ამ სფეროში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მოდის კვირეული – WRS საქართველოში გაიმართა. ჩვენთან 25 ქვეყნის 150-მდე სტუმარი ჩამოვიდა, მათ შორის, 50 უცხოელი მოდელი, 17 დიზაინერი, 70 კონკურსანტი. მერვე წელია, ამ ყველაფრის ორგანიზატორი ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი გახლავთ. ასე რომ, სამოდელო სააგენტო „კატრინმა“ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ გააცნო ჩვენი ლამაზი საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა მოდის კვირეულების, სილამაზისა თუ სამოდელო კონკურსების, ფესტივალების დირექტორებს თუ დელეგაციას.
– იქნებ გაგვიზიაროთ საიდუმლო, როგორ ახერხებთ სულ ასე შეუდარებლად გამოიყურებოდეთ?
– რაც შეეხება ჩემი თავის მოვლის რუტინას, საკმაოდ მარტივია – ცოტა სპორტი. თუ დრო ან გარემოება არ გვიწყობს ხელს, რომ სპორტდარბაზში ვიაროთ, სახლის პირობებშიც შესაძლებელია ვარჯიში. ამასთან ერთად, წონას სწორი კვებითა და დისციპლინითაც ვინარჩუნებ – ყოველდღიური რაციონიდან ამოღებული მაქვს ტკბილეული, გაზიანი სასმელები, ცხიმში შემწვარი… ძირითადად, მივირთმევ აირღუმელში მომზადებულ საკვებს, ცილას – პროტეინებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ტკბილი მომინდება, უარს ვიტყვი. მთავარია, ვისწავლოთ მცირე ულუფებით მირთმევა და ვაკონტროლოთ დღიური კალორაჟი. ზოგადად, დისციპლინა ადამიანის პრობლემების 99 პროცენტს აგვარებს და შედეგიც არასოდეს აყოვნებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





