შოუბიზნესი

რატომ ერიდებოდა გამარჯვებაზე ფიქრი ანდრია ფუტკარაძეს და როგორი ურთიერთობა აქვს მას მამასთან

№48

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 04.12

ანდრია ფუტკარაძე
დაკოპირებულია

„საბავშვო ევროვიზია“ წელს ესპანეთის ქალაქ მადრიდში გაიმართა, სადაც 17 ქვეყნის პატარა კონკურსანტები მონაწილეობდნენ. ჩვენი ქვეყანა კი „საბავშვო ევროვიზია 2024 წლის“ გამარჯვებული გახდა. 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ, თავისი ემოციური ნამღერით, კონკურსი მოიგო და ამით, გარდა იმისა, რომ საქართველოს გამარჯვება მოუტანა, რეკორდსმენიც გახადა – „საბავშვო ევროვიზიაზე“ ეს ჩვენი ქვეყნის რიგით მეოთხე გამარჯვებაა. პატარა მომღერალმა 12 ქულა 12 ქვეყნიდან დაიმსახურა, ჟიურისგან – 180 ქულა, ხოლო ონლაინ ხმებით 59 ქულა დააგროვა და ჯამში 239 მიიღო. საკონკურსო სიმღერა – To My Mom, გიგა კუხიანიძემ დაწერა. მასთან ერთად, ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა და უდიდესი წვლილი შეიტანა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო, კოსტიუმების ავტორი იზა ნადარეიშვილი გახლდათ.

17 ნოემბერს ანდრია საქართველოში პრიზით ხელში დაბრუნდა, საოცარი ემოცია ჩამოიტანა და აეროპორტში, გარდა ნაცნობებისა, მეგობრებისა და ნათესავებისა, მას უამრავი უცხო ადამიანი სითბოთი და სიყვარულით დახვდა.

– ანდრია, გილოცავ წარმატებას! ზუსტად ვიცი, წინ კიდევ უამრავი წარმატება და ბედნიერი მომენტი გელის. როგორია შენი განწყობა? ვფიქრობ, ჯერ კიდევ ემოციებში ხარ.

– დიახ, ჯერ კიდევ ემოციებში ვარ. მიხარია, რომ საქართველოს მეოთხეჯერ მოვუტანე გამარჯვება. როცა ქულები გამოაცხადეს, შოკში ვიყავი, ძალიან მაგარი იყო. იქ ჩასულს საკმაოდ ძლიერი კონკურსანტები დამხვდნენ და ვფიქრობდი, ნეტავ ხუთეულში მაინც მოვხვდე-მეთქი, გამარჯვებაზე ფიქრი მერიდებოდა. ყველა კონკურსანტი დავმეგობრდით და რომ გავიმარჯვე, ყველა მილოცავდა. ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვე და ჩემი ქვეყანა წარმოვაჩინე. პირველი ჩემი ყველაზე დიდი წარმატება, პირველი ნაბიჯი და სიხარული, მეშვიდე სეზონზე, კონკურს „რანინაში“ გამარჯვება იყო, ახლა კი, „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსზე გამარჯვებით, ეს სიხარული გაასმაგდა. მაყურებელმა პროექტ „რანინადან“ გამიცნო. უამრავი მეგობარი შევიძინე, ამ კონკურსზეც მგულშემატკივრობდნენ და აეროპორტშიც დამხვდნენ ბუშტებითა და ყვავილებით. მიხარია, რომ „საბავშვო ევროვიზიის“ მოგებით ჩემი ქვეყანა გავახარე. ბევრი ქუჩაში მაჩერებს, მეუბნება: რა მაგარი ბიჭი ხარ, ყოჩაღ, რომ ასახელე შენი ქვეყანაო. ასე რომ მეუბნებიან და მეფერებიან, ძალიან ამაყი და გახარებული ვარ. უცხო ადამიანები მწერენ: ყოჩაღ, მადლობა! შენი ასაკისთვის საკმაოდ ემოციური ნამღერი იყო. ის ემოცია ზუსტად მიიტანე მსმენელამდეო. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ასაკში ასეთი ცნობილი ვიქნებოდი. ბევრი იმასაც მეკითხება, სცენაზე „სკოჩები“ რატომ გქონდა ყურებზე აკრულიო. ეს იმიტომ, რომ დარბაზში ხმაური იყო და ყურსასმენი რომ კარგად დამაგრებულიყო.

– სიმღერა, რომელზეც გიგა კუხიანიძემ იმუშავა, ემიგრანტ დედიკოს ეძღვნებოდა. თავად გიგასთან როგორი იყო მუშაობა და ურთიერთობა?

– როცა „რანინას“ კონკურსი მოვიგე და გადაწყდა, „საბავშვო ევროვიზიაზე“ მე უნდა წავსულიყავი და გიგას უნდა ემუშავა ჩემთან, თურმე, რომ უთხრეს ანდრია უნდა მოამზადო კონკურსისთვისო, უთქვამს: ჯერ ბავშვი გამაცანით და მერე ვისაუბროთ შემდგომზეო. ისეთი სასწაული ადამიანია გიგა, ისე შემიყვარდა, რომ ამ სიყვარულს მართლა ვერ გადმოვცეთ სიტყვებით. ცოტა ჯიუტი ვარ, მაგრამ რასაც მეუბნებოდა, ყველაფერს ვუჯერებდი. ცხოვრების ბოლომდე მეყვარება, საოცარი ადამიანია, თბილი, მოსიყვარულე და რასაკვირველია, თავისი საქმის პროფესიონალი. საკონკურსო სიმღერა ჩემთვის მან და ქალბატონმა მაკა დავითაიამ დაწერეს. სიმღერის ინსპირაცია კი ჩემი დედიკო გახდა, რომელიც წლებია, ემიგრაციაშია. ეს მისთვის სიურპრიზი იყო, ერთგვარი საჩუქარი, რომელმაც გამარჯვება მომიტანა. ამისთვის მადლობა გიგას. რაც შეეხება დედიკოს, მართალია ემიგრაციაშია და ჩემგან შორსაა, მაგრამ როცა მჭირდება, სულ ჩემ გვერდითაა. რვა წლის ვიყავი, რომ წავიდა. თავიდან, ერთი წელი ვერ ჩამოვიდა, ახლა კი წელიწადში ორჯერ ახერხებს ჩამოსვლას. არ მინდა, რომ წავიდეს, მაგრამ ვცდილობ ხოლმე, ეს არ დავანახვო, თუმცა ვიცი, ხვდება. ვიცი, ჩემთვის შრომობს, რომ მე არაფერი მომაკლდეს. ხშირად არ ვართ ერთად, მაგრამ მე სულ დედაზე ვფიქრობ და ვიცი, ისიც სულ ჩემზე ფიქრობს. ვცდილობ, როგორც შემიძლია, გავახარო და დავუფასო შრომა, რომ ჩემით სულ იამაყოს. ჩემი „საბავშვო ევროვიზაზე“ გამარჯვება დედას, გიგა კუხიანიძეს და საქართველოს ყველა მოქალაქეს მივუძღვენი. როცა ჩვენი ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს, პირველად მათზე გავიფირე, როგორი ბედნიერები იქნებოდნენ იმ წამს. „რანინაშიც“ დედამ დამარეგისტრირა და „ევროვიზიის“ კონკურსზე რომ მივდიოდი, მამხნევებდა: თუ ვერ გაიმარჯვე, არ ინერვიულო, იქ რომ მოხვდი და მონაწილეობ, ეს უკვე შენთვის დიდი გამარჯვებააო. ამერიკიდან დედა სპეციალურად ჩამოვიდა, რომ კონკურსზე ჩემ გვერდით ყოფილიყო. კონკურსზე, დედასთან ერთად ბებიაც მახლდა. ბებიამ და ბაბუამ დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს გაზრდაში და დღემდე გვერდში მიდგანან. ყველაფერს აკეთებენ, რომ დედის სიშორე არ ვიგრძნო. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკისა და ჩვენი დრო ძალიან განსხვავდება, დედას მაინც ხშირად ვურეკავ და ვსაუბრობთ. მან ყველაფერი იცის ჩემზე, ყოველი დღე, სად ვიყავი, რა გავაკეთე, ვისთან ერთად ვითამაშე და სკოლიც ამბებიც.

– ანდრია, დედაზე საოცრად თბილად საუბრობ. მამაზე რას გვეტყვი? ვიცი, დედ-მამა წლების წინ დაშორდნენ და თუ გაქვს მამასთან ურთიერთობა?

– სამი წლის არ ვიყავი, როცა მამა და დედა ერთმანეთს დაშორდნენ. მამა უცხოეთში წავიდა და იშვიათად გვქონდა კონტაქტი, მირეკავდა ხოლმე. თუმცა, ესპანეთში ჩამომაკითხა, უნდოდა, „საბავშვო ევროვიზიაზე“ ჩემი გამოსვლა ენახა. ვიცი, რომ გავიმარჯვე, ჩემით ძალიან ამაყობს.

– გარდა სიმღერისა, კიდევ რა გატაცება გაქვს?

– რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი და ამის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია. პარალელურად, მიყვარს ცურვა, ხატვა, კომპიუტერული თამაშები. ბათუმში, „მეგა სკოლაში“, ვსწავლობ. ექვსი წლიდან ვოკალურ ანსამბლ „ზღვის შვილების“ წევრიც ვარ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ თერთმეტწლედშიც ვსწავლობ. მინდა, მსოფლიოში ცნობილი მომღერალი გამოვიდე... მხატვარიც და მოცურავეც. ადრეც სულ ვამბობდი, მინდა, მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ვიყო-მეთქი, მაგრამ ახლა, როცა „საბავშვო ევროვიზია“ მოვიგე, ეს ოცნება აუცილებლად უნდა ავიხდინო. ასევე, მაქვს ოცნება: რომ გავიზრდები, ბევრი ვიმოგზაურო და ბევრი საინტერესო ადგილი ვნახო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა