რატომ არ უყვარს წყნარ გარემოში დასვენება ციაკო ფიფიას და როგორ აკეთებდა ის ფულს სურამში
ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 31.08, 2021 წელი
მსახიობ ციაკო ფიფიას თქმით, ეს ზაფხული ყველაზე ცუდად დაამახსოვრდება. ვერც დასვენება მოასწრო, ვერც ემიგრანტი დედის სრულფასოვნად მოსიყვარულება, სანერვიულოც შეხვდა და როგორც თავად აღნიშნავს, ჯოჯოხეთი გამოიარა. თუმცა, ეს გარეგნულად არ ემჩნევა და გული სწყდება, რომ იმ სეზონმა, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს და ელოდება, ისე სწრაფად გაირბინა, ვერაფერი შეიგრძნო.
ციაკო ფიფია: ზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია. ვგიჟდები ამ სეზონზე. მირჩევნია, მცხელოდეს, ვიწვებოდე, ვიდრე ოდნავ მაინც მციოდეს, რადგან ამ დროს დიდ დისკომფორტს განვიცდი. მთასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს – მელამაზება, კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ რა ვქნა, ზღვა უფრო ჩემია. მიყვარს ხმაურიანი და აქტიური დასვენება, ამით ვივსებ ენერგიას და სულ ვხუმრობ: დასასვენებლად რომ მივდივარ, კი არ ვისვენებ, ვიღლები-მეთქი (იცინის). სიმშვიდეში ვერ ვისვენებ, ხალხმრავლობა მიყვარს. რაც უნდა კარგი პირობები შემიქმნა მთაში, ჰამაკში ჩამაწვინო, მთებს ვუყურო და სუფთა ჰაერი ვყლაპო – ასეთი კომფორტის მოყვარული არ ვარ. გართობა და გიჟობა მიყვარს. სამწუხაროდ, წელს პირველი წელია, როცა ზღვაზე ვერ წავედი. ამის გამო, ძალიან ბევრი რამ დამაკლდა, ასე მგონია, ზაფხული არც ყოფილა და ეს სეზონი გამოვტოვე. ერთადერთი, იმით იყო განსაკუთრებული და პოზიტიური ის მოხდა, რომ დედა ჩამოვიდა ამერიკიდან, კერძოდ, ნიუ-იორკიდან, სადაც უკვე 13 წელია, ცხოვრობს და მუშაობს. წამოიდგინეთ, სულ მენატრება. 13 წელია, ზაფხული ერთად არ გაგვიტარებია, გეგმებით ჩამოვიდა, რომ ჩვენი დიდი ოჯახი ერთად დავისვენებდით ზღვისპირეთში. თუმცა, ყველა გეგმა ჩაგვეფუშა, დედა უკან დაბრუნდა და სულ რამდენიმეჯერ მოვახერხეთ ნახვა, ისიც დისტანციურად.
– რატომ ვერ მოახერხეთ ერთად დასვენება?
– ივლისის შუა რიცხვებში, ჩემს შვილს, ალექსანდრეს კორონა დაუდასტურდა, თან ინდური შტამი და ლამის მოვკვდი, ეს რომ გავიგე. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ქმარი სულ გარეთ ვართ, ყველა წესს და რეგულაციას ვიცავთ. ყველაზე მეტად ბებიასა და შვილზე ვნერვიულობდი. ბებო გავიდა მაღაზიაში, იქიდან დაბრუნებული დაქალს შეხვდა, ელაპარაკა. იმ დღეებში, მთელ უბანში ოჯახი არ იყო დარჩენილი, კორონა რომ არ დაფიქსირებულიყო. ჩვენც ვერ გადავრჩით – ბებოს დაქალს დაუდასტურდა, ბებოც დავტესტეთ და დაუდასტურდა. ეს ძლივს გადავიტანეთ, ისედაც სუნთქვის პრობლემები აქვს. საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ჩვენც გავიტესტეთ და არ აღმოგვაჩნდა. ძალიან პანიკიორი ვარ, ემოციური და გადავწყვიტე, 72 საათში გადამოწმება. დიდებს არ აღმოგვაჩნდა და ბავშვს დაუდასტურდა. იმ წუთას მის წინ როგორ შევიკავე ემოცია, არ ვიცი. ერთი სიტყვით, ბავშვი თავს კარგად გრძნობდა, არაფერი ეტყობოდა და ჩვენ დავიხოცეთ. პირველი სამი დღე ბავშვს თავზე დავტიროდი. მერე ჩემს თავს შემოვულაწუნე და ვუთხარი: გამოფხიზლდი! ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე, ათას სისულელეს ვფიქრობდი, ვლოცულობდი... მიუხედავად იმისა, რომ არცერთს არ გვქონდა, მთელი ოჯახი სახლში გამოვიკეტეთ სამი კვირა. მადლობა ღმერთს, ახლა კარგად არის. აცრაც გავიკეთე და ახლა მეორე დოზის გაკეთებას ველოდები.
– სოციალურ ქსელში ფოტოები დადე. ანუ, მიუხედავად გამოვლილი ჯოჯოხეთისა და ნერვიულობისა, მაინც მოახერხე თბილისიდან გასვლა და დასვენება?
– ოთხი დღით ყინწვისში ვიყავით, დეიდაშვილს აქვს სახლი. ასე რომ, ეს ზაფხული კი ამოვარდა ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მაინც მოვახერხე ოთხი დღით ამ სეზონის შეგრძნება და დასვენება (იცინის). მთავარია, ყველაფერი კარგადაა. არ დამავიწყდება, ჩემს ბავშვობაში, ერთი თვე სურამში მივდიოდით დასასვენებლად, მერე სამეგრელოში, ზუგდიდში ვისვენებდით და მერე, აუცილებლად ზღვაზე მივდიოდით. არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. სხვათა შორის, ჩემი პირველი ჰონორარი – 3 ლარი და 70 თეთრი, სწორედ სურამში ავიღე და სამყარო ჩემი მეგონა (იცინის). მე და ჩემი დაქალი კონცერტებს ვმართავდით – თან ვისვენებდით, თან ვერთობოდით და ფულსაც ვშოულობდით. ბავშვობაში ზღაპარი „ქათმის ქურდი“ წავიკითხე და სიტყვა ქურდი ძალიან ცუდად ჩამრჩა გონებაში, ამიტომ ძალიან მშიშარა ვიყავი, მაგრამ სხვები რომ ხილს მოიპარავდნენ, მათ ნაქურდალს გემრიელად მივირთმევდი (იცინის). ერთხელ ჩანჩქერზე ვიყავით ბავშვები, გველი დავინახე, წყალში შევვარდი შიშით და ჩუსტები წყალმა წამართვა. ფეხშიშველა ვერ ვივლიდი და ჩემი მეგობრების ზედები ამოვიცვი ფეხზე და ისე დავბრუნდი სახლში. დამცინოდნენ: ტანსაცმელი ფეხსაცმლის ფუნქციასაც თუ ასრულებდა, არ ვიცოდითო (იცინის). ერთხელ კი თბილისში დაქალთან გავიპარე და დავიკარგე (იცინის).
– როგორ თუ დაიკარგე?
– ეზოში მიშვებდნენ ხოლმე სათამაშოდ და თან, ყოველ წამს მეძახდნენ ფანჯრიდან: აბა, სად ხარ? თან, გლდანში ისეთი კარგი სამეზობლო იყო, ერთი ოჯახივით ვიყავით და ყველა ყურადღებას მაქცევდა. ერთ დღესაც ბებომ გამიშვა ეზოში სათამაშოდ, თან ფანჯრიდან იყურებოდა, სადარბაზოდან როდის გავიდოდი და გავქრი! სად არის ციაკო? ჩავედი კიბეზე და სადარბაზოში დავიკარგე. თან, შვიდი წლის ვიყავი, არც ისე პატარა. ატყდა ამბავი, ძებნა, კივილი. მთელი ერთი საათი რომ გავიდა, ბებიას ასულიერებენ და სამეზობლო დამტირის, გამოვჩნდი გაბუსხული სახით (იცინის). იმის მაგივრად ბოდიში მომეხადა, ბებოს ვებუზღუნებოდი: რა ამბები ამიტეხე, დაქალთან ვიყავი-მეთქი. კიბე კი ჩავირბინე, მაგრამ უკანა გასასვლელით გავედი სადარბაზოდან და მთელი ერთი საათი დავიკარგე, ავაწიოკე სამეზობლო და ბებიაჩემს კინაღამ გული გავუხეთქე (იცინის).
– ეჭვი მაქვს, მკაცრად დაისჯებოდი. ასეა?
– ზოგადად, როცა რამეს დავაშავებდი, ჩემი სასჯელი ჩემი საყვარელი ტკბილეულობის ჭამის, სათამაშოებით თამაშის, საბავშვო გასართობი პროგრამის ყურების აკრძალვა და ერთი დღით სახლში ჯდომა იყო (იცინის).
– კი თქვი დასვენება ვერ მოვასწარიო, თუმცა, საკმაოდ კარგი გარუჯული ხარ. სად მოასწარი?
– კერძო სახლში ვცხოვრობ, ჩემს შვილს აქვს გასაბერი აუზი, ჯერ იქ ჩავხტებოდი და მერე ეზოში ვირუჯებოდი და ისეთი „ზაგარი“ მაქვს, ყველას ჰგონია, ზღვა მოვიარე და კარგად დასვენებული ვარ (იცინის). თუმცა, წელს ისეთი რუჯი ვერ მივიღე, როგორიც მინდოდა. ახლა, ზაფხული რომ იწურება, შემოდგომა მოდის და თან დასვენება ვერ მოვასწარი, ვსევდიანობ. ვიზუალურად ყველა სეზონი მომწონს, მაგრამ სიცივეს ვერ ვიტან და მინდა, დათვივით სულ სადმე ვიყო შემძვრალი. ზაფხულში კი ციყვივით ვარ – აქტიური და ენერგიული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან