რამაზ ნოზაძე: მტერიც ბევრჯერ დამილოცნია
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 25.10, 2022 წელი
გულახდილი საუბარი რამაზ ნოზაძესთან 👇
– ვინ არის რამაზ ნოზაძე?
– რამაზ ნოზაძე არის დამსახურებული ქართველი სპორტსმენი.
– რა მოიტყუეთ ბოლოს?
– არ ვიტყუები. ეს თვისება საერთოდ არ მახასიათებს. თამაშისას შეიძლება, ხუმრობით კარტი დავუმალო მეგობარს ან რამე მსგავსი, თუმცა, არც თამაშის მოგება მიყვარს ტყუილით. უფრო გულწრფელობა მახასიათებს.
– გულწრფელ აღიარებას ველოდები – თუ მოგიპარავთ რამე?
– არასდროს არაფერი მომიპარავს. ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი ამბავი მახსენდება: ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ 4 წლის, ბაღში ვსწავლობდი. ბავშვურად, გასართობად, მასწავლებლის ფული ავიღე. მგონი ათმანეთიანი იყო და გავაფუჭე, დავჩხაპნე. ამას თუ მოპარვაში ჩამითვლით... ამის გამო დედაჩემისგან „მომხვდა“. ისედაც არ მახასიათებდა მოპარვა და ამის შემდეგ ჩემში ეს მცირედიც აღმოიფხვრა. ამიტომ დედაჩემის მადლობელი ვარ. ბავშვს ასეთი ქცევა რომ მოუწონო, შეიძლება, ცუდი გზით წავიდეს. პატარა კი ვიყავი, მაგრამ დღესაც მახსოვს, როგორ დამტუქსა მაშინ დედამ.
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?
– ო, რა კარგი იქნებოდა (იცინის). ნახევარს ქველმოქმედებაში დავხარჯავდი და დანარჩენს ჩემს ოჯახსა და ახლობლებს მოვახმარდი. უმრავლესობა ხარბი გახდა. შუღლი სუფევს და ეს ძალიან ცუდი სანახავია, უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა. ზოგჯერ ძალიან ცუდი რამ ხდება – ჩინოვნიკები იპარავენ, ადამიანები ერთმანეთს ატყუებენ. ბოდიში და „დვარნიაშკა“ ძაღლი რომ ნორმალურ საჭმელს პირველად დაინახავს, მშიერი მივარდება, ყველაფერს შეჭამს და მერე გვერდზე გულს ირევს, ისე ხდება. სამწუხაროდ, ეს მომენტები ჭარბობს საქართველოში. ადრე მისვლა–მოსვლა, გადაპატიჟება, სულ სხვა ურთიერთობები იყო, რაც სამწუხაროდ, ძალიან დავივიწყეთ. არადა, პირიქით, ამ ურთიერთობაში უნდა ვეძებოთ სიძლიერე და სიკეთე.
– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი?
– არ მახსოვს ჩემი საქციელით ვინმე დამეზიანებინოს, მაგრამ ერთხელ მამაჩემთან და დედაჩემთან ხმას ავუწიე. ეს ძალიან ცუდად მახსოვს, არ უნდა მოვქცეულიყავი ასე. მშობლებთან ხმას არასდროს არ უნდა აუწიო. ამის უფლება არავის აქვს. არ ხარ მართალი, როცა ასე იქცევი. წყობიდან ვიყავი გამოსული და მაშინვე მივხვდი, რომ უნდა დავწყნარებულიყავი, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?
– ბავშვობაში ფეხი მოვიტეხე. 6 წლის ვიქნებოდი. საავადმყოფოში საკაცით მიმიყვანეს. საცვალი უნდა გაეხადათ. ძალიან თავმოყვარე ბავშვი ვიყავი. მიჭრიან ჩემს ტრუსიკს, რომელიც მე ხელით მიჭირავს და ვყვირი – „ტრუსიკი, ტრუსიკი“. მახსოვს რამდენად უხერხულად ვგრძნობდი მაშინ თავს. და მამაჩემი დიდხანს „მეკაიფებოდა“ ჩემს მაშინდელ რეაქციაზე (იცინის).
– ყველაზე სასტიკი როდის ყოფილხართ?
– ყველაზე სასტიკი მაშინ ვიყავი, როდესაც ვჭიდაობდი, ყველა შეხვედრაზე. მინდოდა ის სიძულვილი, რომელიც ჩემში სუფევდა, ბოლომდე გადმომენთხია ლეიბზე. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მეხმარებოდა. მთელ სიძულვილსა და აგრესიას რომ ლეიბზე ვუკეთებდი რეალიზებას, ეს მათავისუფლებდა და გარეთ მშვიდი და ამისგან ბოლომდე გათავისუფლებული გამოვდიოდი. ცხოვრებაში ურთიერთობების ძალიან მოყვარული ადამიანი ვარ, მეგობრული და მეგობრების გარეშე, ჩემი თავის წარმოდგენა არ შემიძლია. ყოფილა სუფრები, სადაც ჩემს მოყვარესთან ერთად, ჩემი მტერიც მიდღეგრძელებია. მტერიც ბევრჯერ დამილოცნია. მე ვინ ვარ? – არავინ. მთავარი ღმერთია და მე რა უფლება მაქვს, ვინმეს შევაგინო ან დავადანაშაულო?! თუმცა, არის მომენტები, როცა ძალიან გაბრაზებენ და ამ დროს არ არის მარტივი თავის შეკავება. ერთხელ, მახსოვს, ნასვამი ვიყავი, გარეთ გამოვედი და ვხედავ, ჩემი მანქანა წაუყვანიათ. მილიციელს დავუწყე ლაპარაკი და ცუდად შემხვდნენ, ძალიან უხეშად და აგრესიულად მომმართეს – „ბიჭო“. ამ „ბიჭოზე“ მეც ისე ვუპასუხე, როგორც პასუხობენ ხოლმე და ადგნენ და მომახტნენ, ოცი კაცი იყო. ყველასთვის შემეძლო ცხვირ-პირის დამტვრევა, მაგრამ ხელი არ გამინძრევია. მაგათ დონეზე არ დავეცემოდი. უბრალოდ, მრცხვენია იმ პატარა ბიჭის გამო, რომელიც პირველი მომახტა ხელზე. შევუთვალე კიდეც, პატარაა ეს ქვეყანა და მიხვდები, რომ სამარცხვინოდ მოიქეცი-მეთქი. დამიჭირეს, ერთი დღე საკანში გავატარე. უცნაური, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. მეორე დღეს გამომიშვეს. სასამართლოა და ჩემი მეუღლეც მოსულია. იქაც არასასიამოვნოდ წარიმართა დიალოგი და ხატიამ მიმართა ამ პოლიციელებს: რომ დამდგარხართ და ამ გამოჩენილ ხალხს დასდევთ სი...-ითო... უცებ სიჩუმე ჩამოვარდა და ეს პოლიციელები, მაშინვე მიუბრუნდნენ მოსამართლეს, ხომ ხედავთ, კიდევ რას გვეუბნებაო. მოსამართლემ ხატიას მიმართა, ვერ გავიგეთ, რა თქვით და გადავახვიოთო? ხატიამ არა, რა გადაახვიოთ, ეგენი არიან, რად უნდა გადახვევაო (იცინის). მთელი დარბაზი სიცილით დაწვა. ხატიამ განა უარყო, ბოლომდე „მიაწვა“, ეგენი არიანო. მერე ამის გამო დამატებით გადაგვახდევინეს ჯარიმა. ეს სასაცილო იყო, თუმცა, შემთხვევა არასასიამოვნო გამოვიდა. მე რომ ასე დამახტნენ თავზე, სხვას უარესს გაუკეთებენ. რა თქმა უნდა, კანონი ყველასთვის კანონია, არავინ არ უნდა დაარღვიოს, მე თუ ვარღვევ, მეც უნდა მომთხოვო პასუხი, მაგრამ მიუდექი, რა, ადამიანურად! მაგრამ ვიღაც ხეპრეები ჰყავთ, ბევრმა ოჯახში არ იცის მოქცევა, გარეთ ბოდიში და საერთოდ არაფერი იციან. საბოლოოდ, დარჩა ასეთი ისტორია, რომელიც ხატიამ დააგვირგვინა. ძალიან სასიამოვნოა, როცა ცოლი ასე გიდგას გვერდით და შენთან ერთად იბრძვის. ჩემნაირი „რიკოშეტია“ (იცინის).
– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარი თავის შესახებ კარგი, რამაც გაგახარათ და ცუდი, რამაც გული გატკინათ?
– ცოტა ხნის წინ, ჩემმა შვილმა სკოლიდან მათემატიკის წიგნი მოიტანა და მასში ათენის ოლიმპიური თამაშების მოწინავეები ვიყავით გამოსახული და ჩემი ფოტოც იყო. ძალიან მესიამოვნა ამის დანახვა. არასასიამოვნო, რაც ძალიან მძიმედ მივიღე, რუსეთ-უკრიანის ომია. რაც ეს დაიწყო, მას შემდეგ, ვიძინებ თუ ვიღვიძებ, გულზე ხინჯი მაქვს, თითქოს ლოდი მადევს.
– რის გამო გაკრიტიკებენ მეგობრები?
– ძალიან მიყვარს კარტის, დომინოს თამაში და სულ ვცდილობ, ჩემი თამაში იდეალურთან მიახლოებული იყოს. თამაშია და ზოგჯერ წააგებ კიდეც, რაც ძალიან არ მიყვარს და ერთი მეგობარი მყავს, რომ წავაგებ, მაშინვე ამერიკაში რეკავს და მერე იქიდან მირეკავენ: რა ქენი რამაზ, წააგეო?! (იცინის). სულ მაგაზე „მიჩმახებენ“, შენ რომ ასე „გევასება“ მოგებაო. მოგება ვის არ უყვარს, წაგება – არავის, მაგრამ მოგებაზე რომ ვარ ჩაციკლული, სულ წინსვლა რომ მინდა, ამის გამო მეხუმრებიან ხოლმე და თუ წავაგე, ყველას აგებინებენ (იცინის).
– რომ გაიგოთ, მეგობარს პარტნიორი ღალატობს, ეტყვით?
– თუ ჩემს ბიჭ მეგობარს ცოლი ღალატობს, მაშინვე ვეტყვი სიმართლეს. არ დავუმალავ. რა წესია ტყუილში ცხოვრება?!
– გოგო მეგობარს რომ ღალატობდეს ქმარი?
– ვერ ვეტყვი. კაცი რომ ამის გაკეთებას გადაწყვეტს, ალბათ, იცის, რასაც აკეთებს და ამაზე მიდის. მე რა კაცი ვიქნები, რომ მივიდე და მის ცოლს ვუთხრა?! ქალის შემთხვევაში კი, თუ ჩემს ძმაკაცს ღალატობს, მე რა კაცი ვიქნები, თუ ჩემს ძმაკაცს სიმართლე არ ვუთხარი?! როგორ ვუყურო თვალებში, როგორ დავჯდე და ვილაპარაკო მასთან, თუ ვიცი, რომ ცოლი ატყუებს და მან არაფერი იცის? არავითარ შემთხვევაში არ დავუმალავ.
– რა არის ცხოვრების მიზანი?
– ადამიანმა შთამომავლობა უნდა დატოვოს. თითოეული ადამიანის მიზანია, შვილი შვას, გამრავლდეს, ბევრი შვას, გააბევროს კაცობრიობა. მოდი უხეშად ვთქვათ – მეტი რა შეგვიძლია?! ხალხმა მილიონები იშოვა, ჩვენც რომ ვიშოვოთ, მერე რა? მოვკვდებით და მილიონები ჰაერში დარჩება. მხოლოდ შთამომავლობას დავტოვებთ, ეს არის ჩვენი გამოძახილი, თორემ თუ გინდა, ქვეყნის მეფე გახდი, მოკვდები და წახვალ, მთავარია, რომ გამრავლდე. სახელმწიფოს კი ვეტყოდი, რომ დაეხმარეთ ოჯახებს, თორემ დღეს ადამიანებს ეშინიათ შვილის გაჩენის, რადგან მისი გაზრდა ძალიან რთულია. ღმერთის წყალობით, ოთხი შვილი მყავს, ჩემზე მეტიც ჰყავთ და ყველას ვენაცვალე, ღმერთმა ყველას ჯანმრთელი შთამომავლობა გაუზარდოს. ადამიანისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან