რა საოცარი ამბები ხდება ანანო სხილაძის ცხოვრებაში და როგორ იწინასწარმეტყველა მიხეილ თუმანიშვილმა მასთან დაკავშირებით
ავტორი: ქეთი კაპანაძე 19:00 30.05

ანანო სხილაძე „იმედის“ ახალი შოუს – „შაზამის“ – ერთ-ერთი წამყვანია. მისი და ანრი ჯოხაძის წყვილი მაყურებელმა ახლახან იხილა. ანანო ამ ყველაფრის შიდა სამზარეულოზე მოგვიყვება.
ანანო სხილაძე: ყველაფერი „ქავერ შოუდან“ დაიწყო. ნახევარფინალის დღეს გვითხრეს, რომ უნდოდათ, ერთ-ერთი ჩვენგანი მუსიკალური გადაცემის თანაწამყვანი გამხდარიყო. ყველას ძალიან გაგვიხარდა, ანკეტები შევიტანეთ, კონკურსი გავიარეთ და მას შემდეგ, დაახლოებით, ერთი წელი გავიდა.
– რა ემოციები გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ წამყვანი თქვენ გახდებოდით?
– არ ვიცი, როგორ ავხსნა. აღმაშენებელზე ვცხოვრობ და ალბათ, მთელ „პლეხანოვს“ ესმოდა ჩემი ბედნიერების ხმა (იცინის). მთელი დღე სახლში დავრბოდი, კიდევ კარგი, ადგილი მაინც მაქვს (იცინის). სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომომედგინა, თუ ეს მოხდებოდა. თავი ტელეწამყვანად ვერ წარმომედგინა, უფრო სხვა გოგოებზე ვფიქრობდი, მაგრამ ხომ იცით, ცდა ბედის მონახევრეაო. ძალიან გამიმართლა.
– პირველ ეთერს რომ უყურე, მოგეწონა თუ იყო რაღაც, რასაც ძალიან კრიტიკულად შეხედე?
– თავიდან ვერ ვუყურებდი, თითქოს, არ შემეძლო. მერე სხვანაირად მივუდექი, აუცილებელი იყო, ჩემი თავი შემეფასებინა. მენახა, რა გამომივიდა კარგად და რა მქონდა გამოსასწორებელი. ჩემი თავი ვაიძულე, დეტალურად მეყურებინა. ბევრი შეცდომაც ვიპოვე, რაღაცები არ მომეწონა, რაღაცები ნორმალური იყო. ბევრ რამეს უკეთ გავაკეთებდი. ალბათ, ეს მაყურებლისთვის არ არის შესამჩნევი, მაგრამ მე მგონია, რომ ჩემი მხრიდან მეტი მონდომებაა საჭირო. დანარჩენზე რა ვთქვა, ანრიც და მთელი შოუც წარმოუდგენლად კარგია.
– ანრი როგორი პარტნიორი აღმოჩნდა?
– პირველად რომ მითხრეს, წამყვანი ანრი იქნებაო, მდუღარე გადამესხა (იცინის). რა ვოკალურ კონკურსებშიც არ მიმიღია მონაწილეობა, ის ყველგან ჩემი ჟიურის წევრი იყო და მაფასებდა. წარმოიდგინეთ, ჟიურის წევრის გვერდით თანაწამყვანის ამპლუაში რომ უნდა დადგე... ამის გამო საოცრად ავნერვიულდი. ხალხს ვეკითხებოდი, როგორი არის ანრი, როგორია მასთან მუშაობა-მეთქი. პირველივე რეპეტიციაზე მივხვდი, რომ ძალიან გამიმართლა. როცა ამხელა გამოცდილების მქონე და ნიჭიერი ადამიანი გიდგას გვერდით, არაფრის არ უნდა გეშინოდეს.
– რადგან ყველაფერი „ქავერ შოუთი“ დაიწყო, მოვყვეთ მუსიკალურ ბეგრაუნდზე. როდის დაიწყე სიმღერა?
– მგონი, რაც დავიბადე, ვმღერი. მეც და ჩემ გარშემო ყველამ ყოველთვის ვიცოდით, რომ მე უნდა მემღერა. ისედაც სულ ვმღეროდი. ჩემ უკანა სადარბაზოში დედაჩემის მეგობარი, თინიკო ჭოხონელიძე ცხოვრობდა. ეზოში რომ დამინახავდა, მეძახდა: ანანო, ამოდი, გაკვეთილი გაქვსო. მინდა, მას უღრმესი მადლობა გადავუხადო. იმ პერიოდიდან უფრო მეტად დავინტერესდი მუსიკით. შემდეგ ჯარჯი მაღალაშვილმა ითამაშა დიდი როლი. დავამთავრე შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით, შემდეგ ათწლედი – ვოკალის განხრით და კონსერვატორიაში საოპერო ფაკულტეტზე ჩავაბარე ვოკალური განხრით. მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკასთან ვარ გადაჯაჭვული.
– ალბათ, სატელევიზიო მუსიკალურმა პროექტებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
– ჯერ კიდევ ძალიან პატარა, დაახლოებით, 11 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მქონდა შეხება ტელევიზიასთან. მაშინ „იმედზე“ გადიოდა „12 მტრედი“. ამ კონკურსში ჟიურის რჩეული გავხდი. 2015 წელს ისევ ამ არხზე მივიღე მონაწილეობა „ვოისში“. დაახლოებით ათწლიანი პაუზის შემდეგ „ქავერ შოუში“ ვმონაწილეობდი და ძალიან მიხარია, რომ ამ გრანდიოზული პროექტის მონაწილე ვარ. ამ კონკურსმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ჯერ თვითონ ეს კონკურსი იყო გასაოცარი და მერე ის ყველაფერი, რაც მას მოჰყვა. სულ ვამბობ, ის დღე დაილოცოს, როცა მე „ქავერ შოუში“ გავედი-მეთქი (იცინის). „შაზამი“ ამ ყველაფრის კულმინაციაა.
– პროექტებს მიღმა რამდენად აქტიური ხარ შემოქმედებითი თვალსაზრისით?
– ძალიან ხშირად მაქვს ივენთები. თვითონაც ვწერ მუსიკას და მინდა, ახლო მომავალში საავტორო სიმღერები გამოვუშვა. სულ მუსიკით ვარ მოცული.
– პირველი ხარ, ვინც ოჯახში მღერის?
– ჩემი დიდი ბებია მღეროდა და ამბობენ, რომ ეს ნიჭი მისგან მერგო. თუმცა, ზოგადად, უკვე მეოთხე თაობა, ყველანი, ხელოვნებით ვართ გატაცებული. მამა, კობა სხილაძე – რეჟისორი, დედა, ვერა პირმისაშვილი – მსახიობი, ბებია-ბაბუა – ბალეტის განხრით ქორეოგრაფები. აქედან გამომდინარე, სცენა ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა.
– ძალიან კარგი წინაპირობა გქონდა, რომ ამ სამყაროში თავი კომფორტულად გეგრძნო...
– კი, კულისებში გავიზარდე. ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ, ახალი ადგმული მქონდა ფეხი, როცა მიხეილ თუმანიშვილმა სცენაზე დამაყენა და თქვა, ფრთხილად იყავით, ამ ბავშვს სცენის მტვერი არ შეეყაროსო, მაგრამ მგონი, მაინც შემეყარა (იცინის).
– მუსიკის გარდა, რას უჭირავს განსაკუთრებული ადგილი შენს ცხოვრებაში?
– ვარ დედა, მყავს 7 წლის შვილი – ლევან ჟორჟოლიანი. როდესაც სამსახურში არ ვარ, მთელ ჩემს დროს შვილთან ერთად ვატარებ. მაქსიმალურად ვცდილობ, მის გვერდით ვიყო. მუსიკა და შვილი – ეს არის მთელი ჩემი ცხოვრება. ჩემი შვილი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ჩაწერაზეც იყო და ძალიან უხაროდა. ბავშვის თვალით ეს ყველაფერი ძალიან გრანდიოზული ჩანს და ალბათ, ასეც არის. რაც ჩემს ცხოვრებაში დღეს ხდება, ჩემთვის ეს ყველაფერი მართლა ძალიან გრანდიოზულია. ჩემი შვილი თვითონაც მღერის, მუსიკალურ სკოლაში დამყავს და ახლა ინსტრუმენტი უნდა აირჩიოს, რომელზეც დაკვრას დაიწყებს. მგონია, რომ მუსიკალური კუთხით გამოირჩევა.
– ბოლო პერიოდში თავბრუდამხვევი ამბები მიეწყო ერთმანეთს, რაზეც, შეიძლება, ცოტა ხნის წინ ვერც კი გეფიქრა. სამომავლოდ როგორია ოცნებები?
– მართლა ასეა და სხვათა შორის, რაც „ქავერ შოუში“ მივიღე მონაწილეობა, მივხვდი, რომ ოცნებები ხდება და ახლა უკვე ძალიან ბევრ რამეზე ვოცნებობ. მანამდე ასე არ იყო. ძალიან მინდა, რომ მუსიკალური კუთხით აქტიური ვიყო, შევდგე, როგორც მუსიკოსი და ამისთვის სულსა და გულს არ დავიშურებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან