რა ასწავლა ოთო კოვზირიძეს იმედგაცრუებებმა და როდის არ ღალატობს მას ინტუიცია
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 17.12
იღბალი თუ შრომისმოყვარეობა, რამ განსაზღვრა მომღერალ ოთო კოვზირიძის წარმატება, ამაზე ის თავად მოგვიყვება.
ოთო კოვზირიძე: ზოგადად, იღბლიანი ვარ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში იღბალი და გამართლება ყოველთვის მაშინ მოდიოდა, როდესაც თავდაუზოგავად ვშრომობდი და ჩემს თავთან მართალი ვიყავი.
საერთოდ, შრომა არ მეზარება. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ასეა, მაგრამ როდესაც თავდაუზოგავად ვშრომობ, ყოველთვის მიმართლებს. შრომისთვის კი ყოველთვის მაქვს სტიმული. ეს სტიმული ჩემი შვილებია, სწორედ ისინი მხდიან შრომისმოყვარესაც და შრომისუნარიანსაც.
ხშირად მითქვამს, გამიმართლა, რომ ის ვარ, ვინც ვარ. თუმცა, თავი რომ დამეზოგა, დღევანდელ დღემდე ვერ მოვიდოდი ისე, როგორც მოვედი. მე იღბალს ყოველთვის ღმერთთან ვაკავშირებ. ვგრძნობ, რომ უფალი ყოველთვის მეხმარება, გამომივიდეს ის, რაც ძალიან მინდა და რისთვისაც ბევრს ვაკეთებ.
– სიზარმაცის უფლებას როდის აძლევთ თავს?
– ეს ყოველთვის თან გდევს ადამიანს. როდესაც თავდაუზოგავად ვმუშაობ, მაშინაც კი, შემომეპარება ხოლმე სიზარმაცე, მაგრამ ალბათ, ზუსტად მაშინ არ უნდა დანებდე. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ყოველთვის შეიძლება, სიზამაცე შემოგეპაროს, მაგრამ არ უნდა გაჩერდე. თუ ამ დროს გაჩერდი, ვეღარაფერს გააკეთებ, შესაბამისად, მერე აღარც იღბალი გწყალობს.
– გქონიათ განცდა, რომ შრომა წყალში ჩაგეყარათ?
– კი, ძალიან ბევრი იმედგაცრუება მქონია. ცხოვრებამ ისიც მასწავლა, რომ შეიძლება, რაღაც ერთხელ და ორჯერ არ გამოგივიდეს, მაგრამ არ უნდა გაჩერდე. საქმეს რომ აკეთებ, იდეა რომ გამოძრავებს, ერთხელ თუ შეგიშალა რამემ ხელი, ეს არ ნიშნავს, რომ თავი უნდა დაანებო. ყველა საქმე გაკეთებადია, თუ არ გაჩერდები, თუ არ დანებდები, თუ მიზეზებს არ გამოეკიდები. პირველად თუ არა, მეორედ ან მესამედ გაგიმართლებს და გაწეული შრომა ცხოვრებაში აუცილებლად დაგიფასდება. თუმცა, იმედგაცრუბების შემდეგ კიდევ ერთხელ ცდა ძალიან რთულია. თან მე ძალიან ბევრი იმედგაცრუება მქონდა ცხოვრებაში და ამან გარკვეული ხინჯი დამიტოვა გულში, ისეც მომხდარა, რომ რაღაცები საერთოდ აღარ გამიკეთებია, მაგრამ ამანაც მასწავლა, რომ ნამდვილად არ უნდა დავნებდე. იმხელა სიამოვნებაა, როცა არაერთი წარუმატებლობის მიუხედავად, ბოლოს მაინც გააკეთებ იმას, რაც ძალიან გინდოდა, რომ ამაზე უარის თქმა არასწორი მგონია. რამეს რომ საკუთარი შრომით მიაღწევ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
– რთულ პერიოდებში რა გეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში?
– სხვათა შორის, ჩემზე ძალიან ბევრი რამ მოქმედებს. შეიძლება, კარგმა, მზიანმა ამინდმა განაპირობოს ბევრი რამ. ჩემი შვილები არიან ჩემი ანტიდეპრესანტები. ისინი ყოველთვის მაძლიერებენ და სტიმულს მაძლევენ იმისთვის, რომ ჩემი საქმე ვაკეთო. როდესაც ყველაზე გულჩათხრობილ ან უიმედო მდგომარეობაში ვყოფილვარ, იშვიათად, მაგრამ მაინც, ასეთ მომენტებში ყოველთვის ჩემი შვილები მაძლიერებენ.
– არადა, ეკრანზე და სოციალურ ქსელებში საკმაოდ მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ.
– ვდილობ, მხიარულობით, პოზიტიური ვიდეოებით ჩემი თავი „დავქოქო“. არ ვიყო გულჩათხრობილი და საკუთარ თავს პოზიტიური განწყობა შევუქმნა. ყოველთვის არ ხარ კარგ ხასიათზე, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა მოწოდების სიმაღლეზე არ დგახარ, დათრგუნული ხარ და რაღაც მხიარულების საშუალებას არ გაძლევს. ასეთ დროს სოციალურ ქსელში აქტიურობა და თუნდაც ეს სახალისო ვიდეოები მეხმარება, რომ ჩემი თავი დავაბალანსო და უკან-უკან არ წავიდე, სევდას არ ჩავყვე და გულჩათხრობილი არ ვიყო.
– ადამიანებში რამდენად გიმართლებთ?
– ყოველთვის არა, მაგრამ ამას წინასწარ ვგრძნობ. ადამიანს რომ გავიცნობ, ინტუიცია მკარნახობს, როგორ წარიმართება მასთან ურთიერთობა. თუ გულთან ახლოს არ მოდის, არ ვაგრძელებ კონტაქტს. ვისთანაც მიმეგობრია, ძირითადად, ყველა საოცარი ადამიანია და ამაში ძალიან გამიმართლა. საბედნიეროდ, ადამიანებთან მიმართებით ინტუიცია არ მღალატობს. მე თვითონაც ვცდილობ, რომ სუფთა და პირდაპირი ვიყო მათთან, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს და მათგანაც იმავეს მოვითხოვ. გულწრფელობა და პირდაპირობა აუცილებლად უნდა ახასიათებდეს იმ ადამიანს, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს. თუ ადამიანში ამ თვისებებს ვერ ვხედავ, მაშინ ვცდილობ, მასთან ურთიერთობისგან თავი შევიკავო.
– საქმეში რამდენად გეხმარებათ ინტუიცია?
– საქმეში – ნაკლებად. ძალიან ბევრჯერ დარწმუნებული ვიყავი, რომ ესა თუ ის საქმე აუცილებლად გამოვიდოდა, რომ წყალი არ გაუვიდოდა, მაგრამ როცა რამეში ძალიან დარწმუნებული ხარ და მერე არ გამოდის, იმედგაცრუებაც ძალიან ძლიერია. იყო რამდენიმე ასეთი მაგალითი ჩემს ცხოვრებაში და ბევრი რამ ვისწავლე. მას შემდეგ, როცა საქმეს ვეკიდები, მე ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვარ დარწმუნებული, სკეპტიკურობას მაინც ვინარჩუნებ, რომ მერე თუ არ გამოვიდა, დიდი იმედგაცრუება არ განვიცადო.
თამამად ვიტყვი, რომ შეცდომებზე სწავლა შემიძლია. ვისწავლე, რომ ადამიანებთან და საქმეში ზომიერებაა საჭირო. ზედმეტი ეიფორია არ არის სასარგებლო. თუ გინდა, იმედი არ გაგიცრუვდეს, ყველაფერს რეალურად უნდა შეხედო. ფანატიზმს ჩემთვის კარგი არაფერი მოაქვს.
– კარიერა და ოჯახი – რომელს რა ადგილი უჭირავს?
– უფრო მეოჯახე ტიპი ვარ, ვიდრე კარიერისტი. არ შემიძლია, კარიერის გამო მოვიკლო შვილებთან და ოჯახთან ურთიერთობა. ჩემი პროფესია მიყვარს, მაქსიმალისტი ვარ და საქმის ნახევრად გაკეთება არ შემიძლია. ისეც მომხდარა, რომ პროფესიის გამო, ოჯახისთვისაც მომიკლია ყურადღება, მაგრამ ეს არ არის მუდმივი ხასიათის. ძირითადად, ვცდილობ, რომ ოჯახს არაფრის გამო არ მოვაკლო ყურადღება. არცერთი კარიერა და საქმე, რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, არ ღირს ოჯახის ფასად. ოჯახური ურთიერთობები ყველაზე ძვირფასია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან