ფატუნა ბუშიჰედი: გადავწყვიტე, რომ ჩემი თავი აღარ გავწირო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 04.08

ფატუნა ბუშიჰედის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ფატუნა ბუშიჰედი?
ფატუნა ბუშიჰედი: ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ ასიამოვნოს მის გვერდით მყოფ ადამიანებს და მაქსიმალურ კომფორტში ამყოფოს ისინი. ბავშვობიდან მქონდა ეს სურვილი. ბევრი უარყოფითი მომენტი იყო ჩემს ბავშვობაში და ალბათ, როდესაც ფსიქოლოგიურად გავაანალიზე, რატომ მინდა, ასე ძალიან ყველა კარგად და კომფორტულად მყავდეს, მივხვდი, რომ ძალიან განვიცდი ყველა მათგანის ყოფას, ძალიან ვნერვიულობ მათ მდგომარეობაზე და ამიტომაცაა, რომ ყველანაირად ვცდილობ გარშემო მყოფებისთვის კომფროტის შექმნას. მე გავურბივარ კონფლიქტურ სიტუაციებს და ვცდილობ, ნებისმიერ დროს შევძლო გარშემო მყოფების დახმარება. ამას მარტო ვერ შევძლებ და დახმარებას ღმერთსა და სამყაროს მთელი გულით შევთხოვ ხოლმე. დილით რომ ვიღვიძებ, ზუსტად ამ თხოვნით მივმართავ უფალს, ვევედრები მომცეს სიკეთის კეთების ძალა ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება.
– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?
– ჩემი ერთი პროფესია სტომატოლოგიაა. ვმუშაობდი თერაპიაშიც და ქირურგიაშიც. რომ გითხრათ, არ მიყვარდა ეს საქმე-მეთქი, ძალიან დიდი ტყუილი იქნება. რადგან ამ საქმეს ხელი მოვკიდე, ესე იგი, ეს გამოწვევა სამყარომ გამომიგზავნა და მე ეს უნდა გამეკეთებია. თითოეულ პაციენტს წინასწარ ვუბოდიშებდი და ვლოცულობდი, რომ არ სტკენოდათ კბილზე მუშაობის პროცესში. სტომატოლოგიაც ისევე მიყვარდა, როგორც ჩემი ახლანდელი შემოქმედებითი ცხოვრება მიყვარს. თუმცა, სტომატოლოგიას აღარ დავუბრუნდები, რადგან ხელოვნება უფრო ჩემია.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ძალიან ემოციური ვარ. ხანდახან შვებას ვგრძნობ ხოლმე, როდესაც ხატს ვეხუტები ან ეკლესიაში შევდივარ და იქ მარტო ვარ, ასეთ მომენტში ვივსები, საოცრად ღვთიურ ენერგეტიკას ვგრძნობ. როდესაც სანთელს ვანთებ, სახლში იქნება თუ ტაძარში, ვუყურებ, როგორ იღვენთება და ისეთ ძლიერ კავშირს ვგრძნობ, ამ დროს ცრემლიც არაერთხელ წამომსვლია. ძალიან გულჩვილი ვარ, სრულიად უცხო ადამიანის შესახებ გაგებული ამბავიც ისე მძაფრად მრჩება გონებაში, რომ შეიძლება, ღამე გამათენებინოს.
გადავწყვიტე, რომ ჩემი თავი აღარ გავწირო. მოვერიდო უარყოფითისთვის თვალის დევნებას. ჩემს თავს დავუკანონე, რომ არასდროს წავიკითხო ან ვუყურო ისეთ ინფორმაციას, რომელიც ჩემში ნეგატიურად დაილექება.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– ეს ძალიან პირადულია. ყველას ჩვენი პრობლემა გვაქვს და საკუთარ ჯვარს ვატარებთ. ძალიან ცოტა ხნის წინ, გავიგე, რომ მამას ცუდი დიაგნოზი დაუსვეს. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. პირველმა მე გამოვიტანე ანალიზები, ვუყურებდი და 20 წუთი ვფიქრობდი, რა მექნა, როგორ მიმეწოდებინა ინფორმაცია მამასთვის ან ოჯახისთვის. ღმერთმა გაგვაძლიერა, სწორი მიმართულებით წავედით. ძალიან კარგი ექიმები დაგვეხმარნენ, მოხდა რეზექცია და ახლა მამა უკვე მკურნალობის მეორე ეტაპს გადის. ეს იყო ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თორემ მანამდე, 36 წლის ულამაზესი და უსაყვარლესი ძმა გარდამეცვალა. როდესაც მის ოთახში შევედი, იატაკზე ეგდო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ვერ ვუშველე, ვიდრე სასწრაფო დახმარება მოვიდა, ჩემი ლევანი უკვე აღარ იყო ცოცხალი. როდესაც ექიმმა თქვა, ის უკვე გარდაიცვალაო, ამ შეგრძნებას ვერ აღვწერ, რაც მაშინ დამეუფლა. თუმცა, არ მინდოდა დაჯერება, მეგონა, იტყუებოდა. როდესაც ლევანი სასახლეში დავასვენეთ, ვაფარებდი, მეგონა სციოდა. ძალიან რთული იყო...
ღმერთს ვთხოვ, ყველაფერი კარგად იყოს, ყველა კარგად გვყავდეს და უფრო მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი. ზუსტად ვიცი, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა და დრო ნეგატივსა და ბოროტებაში არ უნდა დავხარჯოთ. ღმერთსაც ვაწყენინებთ ასე. ღმერთი ერთია, ჩვენ – ამდენი, ესე იგი, ღმერთს ჩვენ უნდა მოვუაროთ, მოვუფრთხილდეთ. მე ასე ვუყურებ ცხოვრებას. როგორ უნდა მოვუარო? – მის გაჩენილ შვილებთან კარგი ურთიერთობა უნდა მქონდეს, თუ რამე დასჭირდებათ, დავეხმარო და ასე შემდეგ.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ჩემს გამარჯვებად მიმაჩნია ღმერთის სიყვარული ამ უღმერთობაში, ასევე, ის, რომ მე ღმერთმა მაჩუქა ჩემი სამი შვილი; ის, რომ მყავს დედა და მამა, მყავს საოცარი მეგობრები; ის, რომ ღმერთი ყოველთვის მიგზავნის კარგ ადამიანებს. პროფესიასა და კარიერაზე აღარაფერს ვამბობ, რადგან ყველაფერი, რაც ხდება, უფლის ნებაა.
მარცხი? რა თქმა უნდა, ადამიანი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, თუმცა, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, ბევრს ვფიქრობ, რა შეიძლება, მოჰყვეს ჩემს გადადგმულ ნაბიჯს. მარცხია ის, რომ ვიღაცაზე გავბრაზებულვარ, ეს არასწორია, არავისზე არ უნდა გაბრაზდე, მაგრამ ტყუილად არაფერი ხდება და ალბათ, ესეც სამყაროს გამოგზავნილია.
– სახალისო ამბავი თუ გადაგხდენიათ თავს პაემანზე?
– ბავშვობიდან გათხოვილი ვარ და პაემნებზე არ მივლია (იცინის). 15 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი, ჩემს უფროს შვილზე 16 წლით უფროსი ვარ, როდის უნდა მომესწრო პაემანი, თან, ორი გადარეული ძმა მყავდა (იცინის). პაემანი კი არა, ვინმე თუ დამირეკავდა, იმას იძიებდნენ (იცინის).
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე კარგიც და ცუდიც, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
– ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება, როცა პარიზის მოდის კვირეულზე ძალიან დიდი ანშლაგით სრულდებოდა ჩემი ჩვენებები. ჩემს კაბებში ჩემს შინაგან სამყაროს გადმოვცემ, ისინი არ იქმნებიან, როგორც მხოლოდ გასაყიდი პროდუქტი, ეს ჩემი შემოქმედებაა და ამიტომ თითოეული კაბა ისტორიის მატარებელია. როდესაც მათ სწორად იღებს მაყურებელი, ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. ესე იგი, სწორად გადმოვეცი შინაგანი ფატუნა. დადებითთან ერთად, შეფასება შეიძლება, უარყოფითიც იყოს და ესეც მისაღებია. დადებითი თუ ნეგატიური, როგორიც არ უნდა იყოს, ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი შეფასებები, ჩემს შემოქმედებას უკავშირდება და მე არასდროს მწყინს.
– რა გამოსცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?
– ცოტა ხნის წინ, ჩემს ძაღლს გაუკეთდა საკეისრო კვეთა და მე რვა პატარა ლეკვს ვუვლიდი, სამწუხაროდ, ორი დაიღუპა. პირველად ვნახე ჩემს საკუთარ ოთხფეხა ცხოველზე საკეისრო კვეთა. დედისა და შვილების ურთიერთობა საოცარი სანახავი იყო, განსაკუთრებულ ემოციებს იწვევდა.
– რამის ფობია გაქვთ?
– კი, კატის მეშინია. ბავშვობაში მყავდა კატა, რომელმაც კი არ დამკაწრა, დამარტყა (იცინის). ძალიან შემაშინა და მას შემდეგ სერიოზული შიში დამჩემდა. ამიტომ, იმ დროიდან მოყოლებული, ძაღლების დედოფალი გავხდი (იცინის). კიდევ, მაიმუნზე ვგიჟდები. მთელი ცხოვრება მინდოდა, მყოლოდა და ერთხელ თანაკლასელებმა მომიყვანეს. გავასეირნე ბაღში და დამკბინა. ქალაქში შრატი არ იშოვებოდა და დედამ ძალიან ინერვიულა, როცა სახლში მილიციამ მომაკითხა და უთხრეს, რაც მოხდა, უნდა დავაკვირდეთო. მე დედას არ ვეუბნებოდი მომხდარის შესახებ, რადგან მაიმუნი რომ დაწყნარდებოდა, მის სახლში მოყვანას ვაპირებდი (იცინის). ეს ოცნება ახლაც მაქვს. კიდევ ძალიან მიყვარს პატარა პონი. ჩემი ნატვრაა, პინგვინი, პონი და მაიმუნი მყავდეს (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან