ნოდიკო ტატიშვილი: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ექსტრაორდინარული ტალანტის არტისტის წოდება მომანიჭა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 20.11, 2023 წელი
მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის ამერიკაში ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. თუ რატომ, ამაზე თავად მოგვიყვება და აქტუალურ კითხვებზეც გვიპასუხებს.
ნოდიკო ტატიშვილი: ამერიკაში უკვე მეოთხედ ვარ. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, განსაკუთრებით კი – ნიუ-იორკი. მე ნიუ-ჯერსიში, მანჰეტენთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ, ჩემი მეგობრების ოჯახში, რომელთა შვილის ნათლიაც ვარ. ისინი ქართველები არიან, მაგრამ ბევრი წელია, აქ ცხოვრობენ. საოცარი ადამიანები არიან და საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ საკუთარ სახლში არ ვარ. მათი დამსახურებით, აქ თვე-ნახევრის გატარება საერთოდ არ გამჭირვებია, რისთვისაც ამ ოჯახის ძალიან მადლობელი ვარ. 17 ნოემბრიდან თბილისში ვბრუნდები და ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობ საქმიანობას. კონცერტები უკვე დაგეგმილი მაქვს.
– შემოქმედებითი თვალსაზრისით, ამერიკაში გატარებული თვე-ნახევარიც ძალიან ნაყოფიერი იყო...
– ჩემს ამერიკაში წამოსვლასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი ატყდა. წერდნენ, ყველა გარბის ქვეყნიდან და ნოდიკოც გაიქცაო, ზოგი წარმატებას მისურვებდა. სინამდვილეში არსად არ გავქცეულვარ და ჩემს ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი სამშობლო არის და იქნება საქართველო. ადამიანს მხოლოდ ერთი სამშობლო აქვს და ამას ვერაფერი შეცვლის. საქმე ისაა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამ მართლაც დიადი სახელმწიფოს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ექსტრაორდინარული ტალანტის არტისტის წოდება მომანიჭა, რის საფუძველზეც მომცა ამერიკაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ეს ნიშნავს იმას, რომ მე შემიძლია, ვიცხოვრო და ვიმუშაო ამერიკაში და იგივე გავაკეთო საქართველოშიც. ვფიქრობ, ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება ამერიკასაც აქტიურად დავუკავშირო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე საქართველოდან სამუდამოდ წამოვედი ან ამას ვაპირებ. პერიოდულად მომიწევს ხოლმე ხან ამერიკაში ყოფნა. სამუდამოდ არსად წავსულვარ, უბრალოდ, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია. ძალიან მინდოდა, ეს სტატუსი მიმეღო და მადლობელი ვარ ამ სახელმწიფოსი ამ შანსისთვის.
– ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ჩვენგან საკმაოდ შორსაა, შეგიძლია, არცერთ ქვეყანას არ მოაკლდე.
– ასეა. როგორც ვთქვი, ახლა საქართველოში ჩამოვდივარ და უკვე ბევრი კონცერტი მაქვს დაგეგმილი. ყველაფერს ჩვეულებრივად ვაგრძელებ, უბრალოდ, პერიოდულად მომიწევს ხოლმე ამერიკაში ყოფნა. 8 ოქტომბერს ერთი კონცერტი უკვე ფილადელფიაში მქონდა. იქ მცხოვრები ჩემი მეგობარი ნანიკო კორახაშვილი იყო ორგანიზატორი და ფანტასტიკური საღამო გამოვიდა. საოცარი მსმენელი იყო, არც მათ უნდოდათ კონცერტის დასრულება და არც – მე. 11 ნოემბერს ნიუ-იორკში ვიმღერე. ამ კონცერტმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. მის ორგანიზებაში აქ მცხოვრები ქართველი – მაკა ზაბახიძე მეხმარებოდა. ამ კონცერტზე ჩემთან ერთად იმღერა ჩემმა ბავშვობის უსაყვარლესმა მეგობარმა, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია, ნინი შერმადინმა და ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე საღამო გამოვიდა. ძალიან მიხარია, რომ ემიგრანტები გახარებულები და ბედნიერები იყვნენ.
– საერთოდ, მათთან შეხვედრა, ალბათ, ძალიან ემოციურია.
– კი, ეს ადამიანები ხომ წლებია, ოჯახისგან, მეგობრებისგან და სამშობლოსგან ძალიან შორს ცხოვრობენ. მე ჯერ შვილი არ მყავს, მაგრამ წარმომიდგენია, რამდენად რთულია, მშობელი რომ ხარ და საკუთარ შვილს წლების განმავლობაში ვერ ნახულობ და ვერ ესიყვარულები. ერთი ადამიანი მეუბნებოდა, 15 წელია, დედა არ მინახავს, ლამის გავგიჟდეო. აქ ყველას თავისი ისტორია აქვს და ყველა ისტორია ძალიან ემოციურია. მეც ვცდილობ, მათთან ისეთი რეპერტუარი ჩამოვიტანო, რომ ის რამდენიმე საათი სამშობლოში დავაბრუნო. კონცერტებზე ისეთი რამეები ხდება, გული მიჩუყდება ხოლმე. ერთი ქალბატონი ჩამეხუტა და მითხრა, შენხელა ბიჭი მყავს და მგონია, მას ვეხუტებიო, ძალიან განვიცადე.
– 37-ე დაბადების დღეს ამერიკაში შეხვდი და წერდი, 33-საათიანი დაბადების დღე გამომივიდა ორივე ქვეყნის დროითო. როგორ გაატარე ეს დღე?
– კი, 33-საათიანი დაბადების დღე მქონდა. მართლა გრანდიოზული დაბადების დღე გამომივიდა. უამრავი მოლოცვა მივიღე, მართლა ძალიან ბევრი და ვეცადე ყველასთვის გამეცა პასუხი. ნაწილობრივ მოვახერხე, ნაწილისთვის ჯერ ისევ გასაცემი მაქვს პასუხი და ამაზე ძალიან ვნერვიულობ, იმედი მაქვს, მოვახერხებ ყველას ვუთხრა მადლობა, რადგან როცა ადამიანი გულით გილოცავს, მადლობის თქმა არ უნდა დაიზარო. მინდოდა, ამერიკაში შევხვედროდი დაბადების დღეს და ასეც მოხდა. მეგობრებმა დამპატიჟეს ძალიან კარგ მექსიკურ რესტორანში, ნინი შერმადინი იყო ჩვენთან ერთად და ეს დღე ძალიან ვიწრო წრეში, ნათლულთან და რამდენიმე უახლოეს მეგობართან ერთად აღვნიშნე. თბილისიდან მეგობრები მირეკავდნენ, მეუბნებოდნენ, აქ როგორ არ უნდა იყო ახლაო. რამდენიმე მეგობარი ერთად შეიკრიბა, დამირეკეს, მიმღერეს. რადიოებმა, ტელევიზიებმა, საინფორმაციო პორტალებმა და ჩემმა მსმენელმა ამ დღეს მართლა გამანებივრა მოლოცვებით. მე ძალიან მიყვარს ასეთი ქაოსი. ზოგი რომ გირეკავს, ზოგი რომ გწერს, გიკომენტარებს – ეს მაბედნიერებს. არ ვიცი, მარტო მომღერლისთვის კი არა, ალბათ, ნებისმიერი ადამიანისთვის ასეა. როცა ხედავ, ადამიანებს უყვარხარ, გულით გილოცავენ და საოცარ სიტყვებს გწერენ, რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება?! ემოციებით ავივსე და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ამ დღეს ამერიკაში ყოფნაც განსაკუთრებულ ელფერს აძლევდა. ზოგადად, ამერიკა არის ქვეყანა, სადაც გამორიცხულია, თავი სტუმრად ან ტურისტად იგრძნო. ჩვენთან რომ ქუჩაში ძირითადად მოწყენილი სახეებით დადიან, რადგან უამრავი პრობლემა გვაქვს და ყველას, ჩემიანად, ბანკის სესხი გვაწევს მხრებზე, აქ ამ მხრივაც ძალიან განსხვავებული მდგომარეობაა. აქ ამდენ მოწყენილ და დადარდიანებულ ადამიანს ვერ ნახავ, პირიქითაა. ჩემი ძალიან დიდი ნატვრაა, რომ ჩვენი ხალხიც ასეთი გაღიმებული ვნახო. თუმცა არავის ეგონოს, რომ ამერიკა უდარდელი და ფეხი ფეხზე გადადებული ხალხის ქვეყანაა. ამ ქვეყანას მშრომელი ადამიანები უყვარს და ცხოვრება აქაც რუტინულია. თუ გინდა, აქ თავი კარგად იგრძნო, შრომა ძალიან უნდა გიყვარდეს.
– საქართველოსთან ერთად, უკვე ამერიკაშიც რომ შეგიძლია კარიერის გაგრძელება, ალბათ, ერთ-ერთი ახდენილი ოცნებაა.
– კი, ეს სურვილი ყოველთვის მქონდა. ამერიკაში სრულფასოვნად ცხოვრება არ არის მარტივი საქმე. ყველა საბუთი რომ ხელში გიჭირავს, ყველაფერი რომ პატიოსნად გაქვს მოპოვებული და სახელმწიფო შენ მიმართ პატივისცემას გამოხატავს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ამისთვის დიდ მადლობას ვეუბნები ამ ქვეყანას. კი, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მიზანი და მიხარია, რომ ის მიღწეულია. ყველაფერთან ერთად, ამერიკაში საოცარი კლიპი გადავიღე. სიმღერის ავტორი გახლავთ ლევან ყანდიაშვილი, ოპერატორი – ზურა ქირია. სამი დღე ვიღებდით და ძალიან ბევრი კარგი კადრი გადავიღეთ და გული მწყდება, რომ კლიპში ყველა ვერ მოხვდება. რეჟისურა და მონტაჟი ჩემი უმაგრესი, უსაყვარლესი მეგობრისა და კლიპმეიკერის, ნესტან სინჯიკაშვილის იქნება. მუსიკალური პროდიუსინგი ბორიკო შხიანს ეკუთვნის. ბედნიერი ვარ, რადგან ისეთი კლიპი გამოდის, ეჭვი მაქვს, რომ ჩემს მსმენელს ძალიან მოეწონება.
– როგორია 37 წლის ნოდიკო და რა ოცნებებით შეხვდა ამ ასაკს?
– ძალიან კარგი ასაკია. არაფერი აღარ გაკვირვებს და ვერავინ ვეღარ გაოცებს. საკმაო გამოცდილების მქონე ადამიანი ვარ, ბევრი მინახავს და ბევრი რამ გადამხდენია თავს. ეს კარგიცაა და თან ძალიან საპასუხისმგებლოც. ასეთ ასაკში უკვე აღარ მაქვს შეცდომების დაშვების უფლება. ამას კარგად ვაანალიზებ და ისიც ვიცი, რომ უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვგრძნობ. ვიცი, რომ მეტად დაკვირვებული უნდა ვიყო, უფრო გააზრებულად ვიცხოვრო და მეტად ვაკონტროლო საკუთარი თავი. გამოცდილებამ მასწავლა, რომ ადამიანს შეუძლია, იმაზე კარგად იცხოვროს, ვიდრე ცხოვრობს, იმაზე მეტად მოუფრთხილდეს თავს, ვიდრე უფრთხილდება, იმაზე მეტად მშვიდი და გაწონასწორებული იყოს, ვიდრე არის. ამ ქვეყნიდან რომ მიდიხარ, მხოლოდ სიყვარული რჩება შენი პიროვნებისადმი და ამას განსაზღვრავს ის, თუ როგორ იცხოვრე შენ. თუ ბოღმითა და გესლით იცხოვრე, თუ არასწორი გზებით იარე, ეს ვერ გექნება. თუ სიყვარულით და სითბოთი ცხოვრობ, თუ ადამიანის გვერდში დგომა შეგიძლია, მაშინ შეძლებ, კარგი სახელი დატოვო. სიყვარულისა და სიკეთის მეტი ვერაფერი გადაგვარჩენს. არავინ დაიჯეროს, რომ დედამიწაზე ამაზე მნიშვნელოვანი რამე არსებობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან