ნინო ბაშარული: თავად ვუტარებ ქირურგიულ ოპერაციას საკუთარ თავს, ფიზიკურ თუ სულიერ დონეზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:09 18.12
მომღერალ ნინო ბაშარულის შემოქმედებით ცხოვრებაში ძალიან კარგი სიახლეებია, რომელთაც ის თავად გაგვიზიარებს.
ნინო ბაშარული: არ ვეწევი ისეთ შემოქმედებით ცხოვრებას, რომელიც ყველასთვის შესამჩნევია. ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ჩანხარო და იმასაც მოაყოლებენ ხოლმე, რომ ენატრებათ ჩემი გამოჩენა. ჩემთვის ეს არ არის ხელოვნური მდგომარეობა, მე არ ვცდილობ განდეგილი მომღერალი ვიყო. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ როდესაც შემოქმედის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, ამის პარალელურად, ეს ადამიანი ვითარდება. მსმენელს და გულშემატკივარს კი ყოველთვის აინტერესებს დიდი ცვლილებები. მომღერალს მსმენელისთვის ამის მიცემა უნდა შეგეძლოს.
მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, ვისაუბრო იმაზე, თუ როგორი კაბები მაქვს გარდერობში, ან რა ფერს ვანიჭებ უპირატესობას, თუნდაც რა ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში. როგორც მომღერალმა, მე ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ ღირს ინფორმაციის მიწოდება ჩემი მსმენელისთვის და ამის შემდეგ ვიწყებ საუბარს.
ამჯერად, ვიფიქრე, რომ მოეწონებოდა ჩემს გულშემატკივარს, როდესაც ვეტყოდი, რომ ჩემით ლათინოამერიკელი კომპოზიტორი დაინტერესდა. ეს კომპოზიტორი კარლოს რაფაელ რივერა გახლავთ. მას ჩემი სიმღერები მოასმენინეს და უთქვამს, ამ გოგონამ ჩემს კომპოზიციაზე უნდა ჩაწეროს სიმღერაო. დამიკავშირდა ერთ-ერთი ქართული ჩამწერი სტუდია და ამ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს.
ძალიან გამიხარდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა ლათინოამერიკელ კომპოზიტორს. ჩემთვის ესპანური კულტურა, ქართული მუსიკის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან ადვილად გავუგეთ ერთმანეთს მე და კარლოსმა. ამაზე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ მე ვმღერი ესპანურ ფლამენკოს, პორტუგალიულ ფადოს – ეს ურთულესი ჟანრები საქართველოში პირველად მე შევასრულე და შევასრულე ისე, როგორც შეასრულებდა იმ ქვეყნის წარმომადგენელი. ამაზე წერდნენ, ამაზე ბევრს მესაუბრებოდნენ. მეუბნებოდნენ, ფლამენკოს რომ ასრულებ, ესპანელი გვგონიხარო. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ ეს ფაქტია.
კარლოს რაფაელ რივერამ ჩემი ჩანაწერი თავის ლამაზ მუსიკაში ჩასვა, ჩვენ დისტანციურად გავაკეთეთ კოლაბორაცია, რომელიც სერიალ Monseinur Spade-ში გაჟღერდა. ამ სერიალის ნახვა უკვე ყველას შეუძლია ონლაინ სხვადასხვა პლატფორმებზე.
ალბათ, იცით ცნობილი სერიალები Queen’s gambit, Griselda, Lessons in chemistry – ისინი სწორედ კარლოსის მიერაა მუსიკალურად გაფორმებული. ის გენიალური კომპოზიტორი და ადამიანია. მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული საკუთარი კომპოზიციებისთვის, მათ შორის „გრემისა“ და „ემის“ ჯილდოები. მთხოვა, კავშირზე იყავი, ახალ კოლაბორაციისთვისაც დაგიკავშირდებიო.
მე, ჩემი შემოქმედებიდან გამომდინარე, ძალიან რთული გზა გავიარე. ყველგან აუტსაიდერი ვიყავი. ადრე არავინ უსმენდა ესპანურ სიმღერებს. თავისუფლებისთვის მებრძოლები ვიყავით და ძირითადად, ჯაზს ვუსმენდით. ასევე, ვასრულებდით ქავერებს. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად ძალიან გვიჭირდა და მე და ჩემი მეგობარი მუსიკოსები ხანდახან უფასოდაც ვუკრავდით, მაინც არ ვღალატობდი ჩემს მუსიკალურ სტილს. მეუბნებოდნენ, „პაპსა“ სიმღერები კომერციული მიზნით მაინც ჩაწერე. აუცილებლად გაიყიდება, ფულსა და სახელს მოგიტანსო. მე ყოველთვის კატეგორიულ უარს ვამბობდი და ჩემს შინაგან ხმას, ჩემს სტილს არ ვღალატობდი. მე ესპანურ და პორტუგალიურ კულტურებთან მეგობრობამ და ამ ერთგულებამ მომცა საკუთარი ხელწერა შემოქმედებითი თვალსაზრისით. აუტსაიდერობიდან აუტსაიდერობამდე საკუთარი საავტორო სიმღერები დავწერე და მიხარია, რომ ჩემი „ის ვაჟი“ ქართველმა საზოგადოებამ ასე ერთბაშად, ანუ, ყველა კატეგორიის, პროფესიისა და ჟანრის მოყვარულმა ადამიანმა შეიყვარა. ამიტომ შემიძლია, ვთქვა, რომ კარგია, როცა საკუთარ თავს არ ღალატობ.
– ბოლო პერიოდში კიდევ ერთი სირთულე გამოიარეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით. ახლა როგორ გრძნობთ თავს?
– ყველა განსაცდელი ადამიანის განვითარებისთვის არის მოცემული. ეს განსაცდელები იმიტომ მოდიან, რომ ჩვენ გავძლიერდეთ. ოპერაციამაც ასეთი ფუნქცია შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი ფილტვი აღარ მქონდა, უფრო მეტად მომინდა მევარჯიშა. მეკეთებინა ის, რასაც ადრე არ ვაკეთებდი. მანამდე არ ვინდობდი ჩემს თავს, ვოკალის გაკვეთილებს არ ვიტარებდი, ხმას არ ვავარჯიშებდი, სუნთქვით ვარჯიშებს არ ვაკეთებდი. მე ახლა დავიწყე ამ ყველაფრის გაკეთება და შემიძლია, ვთქვა, რომ მანამდე მომღერლი არ ვყოფილვარ. „განსაკუთრებული მომღერალი“, „კაშკაშა ვარსკვლავი“, „ქართული სიმღერის დედოფალი“ – ისეთებს მეუბნებოდნენ, რომ გულის სიღრმეში ძალიან მეცინებოდა. მეცინებოდა, რადგან მე თავს ასეთ მომღერლად არ მივიჩნევდი. შესაძლოა, თვითშეფასების ამბავიცაა, თვითკრიტიკა ღრმად არის გამჯდარი ჩემში და საერთოდ, ხელოვან ადამიანს ძალიან უჭირს დაიჯეროს, რომ ის ნამდვილად ღირებულია. მე ყოველთვის ეჭვის ქვეშ ვაყენებდი ჩემს შესაძლებლობებს. ახლა, ამ ოპერაციის შემდეგ, როდესაც ძალიან ბევრს ვმეცადინეობ და ვმუშაობ საკუთარ თავზე, შემიძლია ვთქვა, რომ უკვე თავად ვუტარებ ქირურგიულ ოპერაციას საკუთარ თავს, ფიზიკურ თუ სულიერ დონეზე. მხოლოდ იმ ერთი ოპერაციით არ დასრულებულა პროცესი, მე საფუძვლიანად ჩავერიე ჩემს შესაძლებლობებში. ვცდილობ, საკუთარი თავი გავაუმჯობესო.
ამის შედეგია ისიც, რომ 14 დეკემბერს ამერიკაში, ნიუ-იორკში, გალა კონცერტზე, სხვა ნიჭიერ ქართველ მომღერლებთან ერთად, ქართველი ემიგრანტების წინაშე შევასრულებ ჩემს სიმღერებს, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამის შემდეგ, გაზაფხულისთვის, იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ შევინახავ.
– ცოტა ხნის წინ, დიდ ბრიტანეთშიც წარმატებული ვიზიტი გქონდათ...
– კი, ბრიტანეთშიც ვიყავით ხელოვანი ადამიანები – მინანქრის დიდოსტატები, მხატვრები და ასევე, უნდოდათ, ქართული კულტურის დღეებისთვის საქართველოს სახელით, მომღერალი წასულიყო და მე ამირჩიეს. ისე წარვსდექით მათ წინაშე, რომ ბრიტანელები გამოდიოდნენ და ქართულად ამბობდნენ სადღეგრძელოებს. „გაუმარჯოს, საქართველოს!“ – ეს ძალიან სასიამოვნო იყო. მათ სულ სხვა საქართველო აღმოაჩინეს. კუნძულზე, რომელსაც ჩვენ ვეწვიეთ, ქართველი მომღერალი არასდროს ყოფილა. მე ვიყავი პირველი ქართველი, რომელმაც იქ კონცერტი ჩაატარა. უცხო ქვეყნის კულტურა მათთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა, საოცარი ტაში და ემოციები იყო. არ მოელოდნენ, რომ ასეთი მუსიკა და კულტურა გვქონდა. იცოდნენ ქართული ღვინო, სამზარეულო, პოლიფონიური მუსიკაც, მაგრამ მთის სიმღერები პირველად მოისმინეს და აღტაცებულები იყვნენ. ეს კუნძული სამუდამოდ მოვნუსხეთ და წამოსვლისას ძალიან ბევრმა მითხრა, ჩვენ აუცილებლად მოვინახულებთ საქართველოსო.
– ბოლო დროს არაერთ ქვეყანაშიც იმოგზაურეთ.
– პოსტოპერაციული მდგომარეობა ძალიან ცუდი მქონდა, ურთულესი. სულიერად დათრგუნული ვიყავი. ჩემთვის სიმღერა ძალიან ბევრს ნიშნავს და მზად ვიყავი, რომ რამდენიმე თვე ვერ ვიმღერებდი, რადგან ხმა ძალიან მისუსტებული მქონდა, მაგრამ ამ ყველაფერმა დიდი დეპრესია გამოიწვია. მაშინ მეგობარმა მითხრა, შენ ახლა მოგზაურობა გიშველისო. ის თავად მოგზაური ქალია, რომელსაც თავისი ტურისტული კომპანია აქვს და სრულიად უანგაროდ ვიმოგზაურე მასთან ერთად. მე ამან მიშველა და გამომაძვრინა საშინელი დეპრესიისგან, რომელიც არ ვიცი, რა შედეგებს მომიტანდა. ეს მოგზაურობა მალამოდ მერგო. განსაკუთრებით იორდანია მომეწონა. პეტრა ნამდვილი მარგალიტია, ადგილი, სადაც რწმუნდები, რომ შემოქმედი არსებობს და ეს ადამიანის სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ გავლენას ახდენს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან