შოუბიზნესი

ნიკო ნანიტაშვილი: ხშირად საჭმელიც არ მქონია, მაგრამ ეს ყველაფერი ამდიდრებს და ამის გამოვლაც აუცილებელია

№39

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 09.10

ნიკო ნანიტაშვილი
დაკოპირებულია

მსახიობ და ტელეწამყვან ნიკო ნანიტაშვილის განვლილი ცხოვრების გზა არ ყოფილა მარტივი, თუმცა, დღეს იმ გამოცდილებების მადლიერია, რაც ამ გზაზე ფეხდაფეხ ხვდებოდა. მართალია, სატელევიზიო სფეროში პაუზაა, მაგრამ სამაგიეროდ, შემოქმედებით ცხოვრებაში დიდი სიახლეები აქვს – თეატრსაც დაუბრუნდა, სპექტაკლიც ითამაშა და საკუთარი ცეკვის სტუდიასაც სულ მალე გახსნის.

ნიკო ნანიტაშვილი: ჩემი ოჯახის, შობლებისა და ბებია-ბაბუების ხელშეწყობითა და დიდი მონდომებით, უდარდელი და მრავალფეროვანი ბავშვობა მქონდა. ყველანაირ წრეზე დავდიოდი. ზოგადად, ბავშვობიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარე, მათ შორის, ოჯახურიც, მაგრამ ყველაფერი ისეთი, რაც საჭიროა და დიდ გამიცდილებას გაძლევს. სტუდენტობისას თბილისში წამოვედი, ბიძაჩემმა შემიფარა, ასე ვთქვათ, მიშვილა და თავის შვილებთან ერთად, მამობა გამიწია. ფაქტობრივად, ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი გახდნენ ჩემი მშობლები. ცარიელ-ტარიელმა ჭიათურიდან დედაქალაქში ამოვყავი თავი, მათ კი ორი წელი, თავად ნაქირავებ ბინაში მაცხოვრებელმა, ლუკმა გამიყვეს და გზაზე დამაყენეს. ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი რომ არ ყოფილიყვნენ, ძალიან გამიჭირდებოდა და არ ვიცი, დღეს რა, როგორ, სად და რანაირად იქნებოდა.

– თქვი, მიუხედავად მაშინდელი რეალობისა, უდარდელი ბავშვობა მქონდა, თუმცა ცხოვრებისეული გამოცდილებაც ადრეული ასაკიდან მივიღეო. ხომ არ გულისხმობდი ადრეულ გამოცდილებაში იმას, რომ დედ-მამა ერთმანეთს დაშორდნენ და ბებია-ბაბუასთან იზრდებოდი?

– ამ თემაზე საუბარს ვერიდები, მით უმეტეს, რაც მამა გარდაიცვალა. სამი წლის ვიყავი, როცა დედა და მამა დაშორდნენ. ორივეს თავისი ცხოვრება ჰქონდა. დედას, დაქალთან ერთად, ხან ერთ ქვეყანაში უწევდა წასვლა, ხან მეორეში, რომ ფინანსურად დაგვხმარებოდა. ბებია-ბაბუებმა გამზარდეს. დღეს თუ ადამიანი ვარ, კაცი მქვია და რამე ვიცი – ჩემი ბებიებისგან და ბაბუებისგან. ჩემი მთავარი გულშემატკივრები ისინი არიან. მათ რომ ჩემი სიხარული უხარიათ და ჩემი ტკივილი სტკივათ, ისე – არავის. მამას თავისი ოჯახი ჰყავდა და მისგან ნახევარდა-ძმა მყავს. კარგი დაძმობა გვაქვს. მამას არ ჰქონდა მარტივი ცხოვრება. ქუჩაში გახდა შეუძლოდ, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ შეძლეს, გარდაიცვალა. მამაჩემზე ყველგან და ყოველთვის ვამბობ, რომ ის იყო ადამიანი, ვისაც სიყვარულის მეტი არაფერი შეეძლო. ჩვენი თითოეული განშორების მერე გადაკვეთა იყო ცრემლი, ჩახუტება და სიხარული. იყო ადამიანი, რომელსაც სულ ერიდებოდა, სიტყვებს ვერ პოულობდა, მაგრამ მისი თვალებიდან უზომო სიყვარული მოდიოდა. არც ბაბუა და ბებია მაკლებდნენ ყურადღებას. ბავშვობაში ისინი მიწევდნენ მამობასაც, დედობასაც და ბებია-ბაბუობასაც, მაგრამ მახსოვს, მაინც სულ მამის მოსვლას ველოდებოდი. მიუხედავად ამისა, მაინც არ მქონია მამასთან გაუცხოების მომენტი. სამი წლის ასაკის მერე მამას მხოლოდ რამდენიმეჯერ შევხვდი, თუმცა, ცოლის მოყვანა რომ გადავწყვიტე, პირველად მამაჩემს დავურეკე. მინდოდა, ეს ამბავი პირველად მისთვის მეთქვა და ბედნიერი ვარ, ასე რომ მოვიქეცი. ძალიან ბედნიერი იყო, ჩემს ჯვრისწერასაც დაესწრო და ჩემ გვერდით იყო. მისი გარდაცვალების მერე დამაკლდა ადამიანი, რომელიც ყოველთვის მჭირდებოდა. თუმცა, გარდაცვალების მერეც ის სულ ჩემ ვგერდით იქნება ემოციურად და სულიერად.

– დედამ არ შექმნა მეორე ოჯახი?

– დედა, მალევე დაბრუნდა ემიგრაციიდან ჭიათურაში და ოჯახი შექმნა და მისგან მყავს ძმა. დედა სამუსიკო სკოლაში ასწავლის, წარმატებული პედაგოგია. ასე რომ, დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც, დედმამიშვილების სახით, ნამდვილად ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ. საქმეებიდან გამომდინარე, ხშირად ვერ ვხდებით, მაგრამ ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.

– ორი წლის შემდეგ, როცა ბიძის ნაქირავები ბინა დატოვე, დედაქალაქში სად გააგრძელე დამოუკიდებლად ცხოვრება?

– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ბიზნესმართვაზე. სამი წელი ვისწავლე, ვეღარ გამიძლო გულმა და იმავე უნივერსიტეტში გადავაბარე, თეატრალურზე, ბატონ ოთარ ეგაძესთან. ფაქტის წინაშე დავაყენე ჩემი ოჯახი, როცა ტელევიზიით გამოვჩნდი თეატრალურ დასთან ერთად სიმღერით. ბავშვობიდან ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი ჯერ „ჭიათურა 21-ე საუკუნეში“ და მერე, ანსამბლ „ჩანგში“. ცხოვრებაში ჩემი ცეკვასთან და ჩემს ქორეოგრაფებთან დამოკიდებულება ყველამ კარგად იცის. ბევრმა ადამიანმა მასწავლა ბევრი რამ, მიპატრონა და მიმშობლა. მათ შორის ჩემი არაჩვეულებრივი ქორეოგრაფები იყვნენ, ვისთანაც 5 წლიდან დავდიოდი და ყოველ რეპეტიციაზე მისვლა იყო უდიდესი სიხარული. როცა ჩემს პედაგოგებს თამაზსა და ნონას ვახსენებ, ყოველთვის ვიცი, რაც მათ ჩემთვის გააკეთეს და ჩემში ჩადეს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა გავამართლო. 15 წლის ვიყავი, პირველი ხელფასი რომ ავიღე კონცერტიდან და არ დამავიწყდება, გავცვითე თვლაში – თავთან მედო და ყოველ ათ წამში ერთხელ ვთვლიდი (იცინის). მოკლედ, მინდოდა, ქორეოგრაფიულზე ჩამებარებინა. უბრალოდ, ბებიების დამოკიდებულება ხომ იცით: ჩემი შვილიშვილი ექიმი ან ბანკირი უნდა იყოსო (იცინის). ამის გათვალისწინებით ჩავაბარე ბიზნესის მართვაზე და მერე გადავაბარე და დავამთავრე კიდეც. ასე შევრჩი ბებია-ბაბუებს არა ექიმი და ბანკირი შვილიშვილი, არამედ მსახიობის დიპლომიანი (იცინის). მეოთხე კურსის სტუდენტი მოზარდ მაყურებელთა თეატრში მივედი გასაუბრებაზე და მალევე ამიყვანეს. დამენიშნა ხელფასი – 180 ლარი და ეს იყო მიზეზი იმისა, რომ დავმშვიდობებოდი ბიძაჩემს, ბიცოლას და ბიძაშვილებს და ცალკე გადავსულიყავი საცხოვრებლად. მეგობართან ერთად ვიქირავე პატარა ოთახი. იქ ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე. ხშირად საჭმელიც არ მქონია, მაგრამ ეს ყველაფერი არის ის, რაც ამდიდრებს და რისი გამოვლაც აუცილებელია სტუდენტისა და ადამიანის ცხოვრებაში – იცოდეს ყველაფრის გემო და ფასი, იქნება ეს შემოსავალი, საჭმელი თუ ჩასაცმელი. რა თქმა უნდა, დახმარების გარეშე ვერ „გავქაჩავდი“, ბიძა მიხდიდა სწავლის გადასახადს და ჩემები 20 და 30 ლარს რომ გამომიგზავნიდნენ, ეს დიდი ბედნიერება იყო. ალბათ, გული უგრძნობდათ ჩემებს და როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, ზუსტად მაშინ ჩამომდიოდა ფული და ამანათი მჭადის ფქვილით, ლობიოთი და ყველით. ის დრო ბედნიერად და სიყვარულით მახსენდება.

სულ ვამბობ, არ ვიცი იმერული ხასიათიდან რა დამყვა-მეთქი, თუმცა ერთი ფაქტია, ჩემს იმერულ კილოს არ ვივიწყებ არასდროს და არავისთან არ ვიწყებ პრანჭვას. თუ ტელევიზიით არ გამოვდივარ და სამსახურში არ ვარ, სამეგობროში ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელიც „დეილაპარაკებს წევიდა-მევიდათი“(იცინის). ყველგან ვამბობ, რომ ჭიათურაში დავიბადე, გავიზარდე და ის ჩემი ქალაქია, მიყვარს იმერული კილო, ბუნებრივად ჩემია.

– წარმატებული და ცნობადი ადამიანი ხარ, საყვარელ პროფესიას ემსახურები, ალბათ, რომც ვერ იფიქრებდი, ისეთი ოცნებები აგიხდა, თუმცა, ვფიქრობ, შენი მთავარი იღბალი და წარმატება შენი მეუღლე და შვილებია.

– გეთანხმებით. ცოლში ყველაზე მეტად გამიმართლა და მასთან შეხვედრაც უფლის ნება იყო. ანო არ არის მსახიობი, თუმცა სცენაზე გადავიკეთეთ, იმის შემდეგ სცენაზე აღარ მდგარა. ამიტომ ვამბობ, ალბათ, ორივეს ასე გვეწერა, შევხვედროდით ერთმანეთს, დავახლოვებულიყავით, შეგვყვარებოდა და შეგვექმნა ოჯახი. გაცნობიდან ძალიან მალე გავცვალეთ ჩვენი ემოცია და სურვილები და ოჯახიც მალევე შევქმენით. დღეს გვყავს არაჩვეულებრივი ორი შვილი. ჩემი ბავშვობა რომ მახსენდება, გაასმაგებულად მაქვს გამძაფრებული მამობრივი სიყვარული. არ მინდა, ჩემმა შვილებმა მამის დიდხნიანი განშორება განიცადონ და ამიტომ, როცა გასტროლზე ან კონცერტზე ვარ წასული, სულ კონტაქტზე ვარ. ორივე შვილის დაბადებას დავესწარი. ვბანდი კიდეც და საფენსაც ვუცვლიდი.

– როგორც ვიცი, შენ შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეებია. ეს ერთგვარი გამოწვევაა თუ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა?

– ბევრი სირთულე გამოვიარე, ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტებიც იდგა, მაგრამ ასაკი მაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ გამოვცადო ახალი ეტაპები, მივიღო ახალი გამოწვევბი და მჯერა, ის გზა, რაც უკვე გავიარე და რაც უნდა გავიარო, ჩემი ბედისწერაა. მგონია, ჩემს ცხოვრებაში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ცეკვის სტუდიას ვხსნი და მინდა, ამ მიმართულებაშიც გამოვცადო საკუთარი თავი. თეატრში ცოტახნიანი პაუზის შემდეგ მივბრუნდი და მივხვდი, მომნატრებია. ბედისწერის მჯერა, რადგან ბევრი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რაც უბრალოდ, დამთხვევა ვერ იქნებოდა. ცხოვრებაში სიახლეები – ახალი სივრცე, ახალი სახეები, ახალი გამოცდილება აუცილებელია. ჩემს ცხოვრებაში ეს ახალი ეტაპიც, ჩემი პედაგოგებისა და ქორეოგრაფიის მიმართულებით, ახალი გამოცდილებაა. თუ რამეს მოვკიდე ხელი, ვაკეთებ გულით და ამიტომ არ მეშინია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა