შოუბიზნესი

ნია წივწივაძე: 25-ჯერ მაინც ვიყავი ჩასული, ზოგჯერ ორი საათითაც, მის თამაშს დავსწრებივარ და უკან წამოვსულვარ

№14

ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 11.04, 2022 წელი

ნია წივწივაძე
დაკოპირებულია

„მის საქართველოს“ – ნია წივწივაძის – ცხოვრებაში, პანდემიასთან ერთად, სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მან და ფეხბურთელმა ნიკუშა ჭანტურიამ, რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ ოჯახი შექმნეს.

ნია წივწივაძე: ანდემიის მიუხედავად, ჩემი დღის რუტინა არ შეცვლილა. ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობ და მთელი ეს პერიოდი აქტიურად ვსაქმიანობ – უამრავ ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება სამოდელო ბიზნესს, ამ პერიოდში აქ თითქმის არაფერი ხდებოდა. ახლა ცოტა გააქტიურდა, მაგრამ მე იმდენად ვარ გადართული სპორტზე, რომ მოდას თითქმის ჩამოვშორდი. ჩემს თავს პროფესიონალ მოდელად არც ვთვლიდი, უფრო მოყვარული ვიყავი. „მის საქართველოს“ ტიტული არ ნიშნავს, რომ მოდელი ხარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ტიტული ჩემ საქმეში კარგად გამოვიყენე.

– რამდენი ხანია, რაც ოჯახი გაქვთ?

– დაახლოებით, ორი წელია. მანამდეც ვფიქრობდით ერთად ცხოვრებას, მაგრამ სახლის მშენებლობის პროცესი გაიწელა. მაშინ ერთად არ ვცხოვრობდით, მაგრამ 24 საათს ერთად ვატარებდით. წლები რომ იცნობ ადამიანს, ერთად დადიხართ დასასვენებლად, დიდ დროს ატარებთ საერთო წრეში, ერთად ცხოვრებას აღარ უკავშირდება აღმოჩენები. ერთად რომ გადავედით, ოთხ თვეში თვითონ ბათუმში წავიდა საცხოვრებლად და დისტანციური ურთიერთობა გვქონდა. თვეში ორი-სამი დღე ვნახულობდი და ეს ცოტა რთული იყო. ასე ერთი წელი გაგრძელდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ის პერიოდი ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. სამსახურში დღეებს ვეძებდი ბათუმში წასასვლელად, ანალოგიურად იყო ისიც, ამიტომ ეს რთული პერიოდიც საინტერესოდ გავატარეთ.

– როგორი დიასახლისია ნია?

– მისი გადმოსახედიდან, მგონი, კარგი (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ჭამა ძალიან მიყვარს, მაინც ცოტა პრობლემური ვარ, ბევრი რამ არ მიყვარს. მაგალითად, ბოსტნეული და წვნიანები – მათ არ ვჭამ. რაც სასარგებლოა, არ მიყვარს (იცინის). მიუხედავად ამ „ნაკლისა“, მეუბნება ხოლმე, რომ კარგი მზარეული აღმოვჩნდი (იცინის). დღეს რამის გაკეთება თუ გინდა, უმარტივესად გამოგივა. სხვა თუ არაფერი, ინტერნეტში ყველაფრის რეცეპტია, ვიდეოს უყურებ და იმავეს გაიმეორებ. თვითონაც აკეთებს ხოლმე საჭმელს, ისე არ არის, რომ მარტო მე ვამზადებდე. არ მიყვარს, რომ ამბობენ, ისიც კარგი მეუღლეა ან კარგი მამააო. მგონია, რომ ეს ასეც უნდა იყოს და ხაზგასმა სულაც არ სჭირდება. თვითონაც ასე ფიქრობს და მე თუ სახლში არ ვარ, არ დამელოდება, როდის მოვალ და მოვამზადებ საჭმელს ან დავალაგებ სახლს. თვითონაც შეუძლია, თავს მიხედოს. ეს აუცილებლად ცოლმა უნდა გააკეთოს, რადგან ქალის საქმეაო – ჩვენთან ასეთი შეხედულება არ არსებობს. მსგავსი თემები არც განიხილება.

– ერთად ყოფნამ პროფესიულად ხომ არ მოგადუნათ?

– არა, პირიქით. მისი გაცნობის შემდეგ უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე მანამდე. „მის საქართველოზეც“ მისი რჩევითა და ბიძგით გავედი. მერეც, როცა აქ მუშაობას ვიწყებდი, ვფიქრობდი, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი და ის დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში. შარშან ერთად გავიარეთ სპორტული მენეჯმენტის კურსები და დავალებებსაც ერთად ვაკეთებდით ხოლმე (იცინის). მგონია, რომ ასეთი სიახლეები უფრო საინტერესოს ხდის ცხოვრებას და ამიტომ მოდუნებას ნამდვილად არ ვაპირებთ, პირიქით.

– რომელი უფრო რომანტიკულია?

– ალბათ, უფრო მე. მგონია, რომ ქალი უფრო რომანტიკოსია. მე რომ გავიცანი, თვითონ იმდენად შორს იყო რომანტიზმისგან, ისიც კი არ იცოდა, სად იყიდებოდა ყვავილები. გოგოსთვის ყვავილი არასდროს მიჩუქებია, არ მქონია ეგეთი ურთიერთობაო. ადამიანი რომ გიყვარდება და ხედავ, რა სიამოვნებს, მერე ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, შესაბამისი სიურპრიზი გაუკეთო, მე ასე მგონია. მატერიალურ და ძვირფას საჩუქრებზე არ მაქვს საუბარი, ყურადღება ძალიან ელემენტარულ დეტალებში გამოიხატება. ცოტა ხნის წინ შეკრებაზე იყო წასული ქალაქგარეთ. მე თბილისში ვიყავი და ნახევარი საათით გაითავისუფლა თავი იმისთვის, რომ ლამის 12 საათზე ჩემთვის ყვავილები მოეტანა. ზუსტად ათი წუთით მოვიდა სახლში და მერე უკან დაბრუნდა (იცინის).

– ნია როგორი გოგოა?

– პირველი, რაშიც მას გვერდში დგომა სჭირდება ეს ფეხბურთი და მისი კარიერაა. ვფიქრობ, რომ ყველანაირად გვერდში ვუდგავარ. შარშან, ბათუმში რომ მოუწია ცხოვრება, იმ პერიოდზე სულ მეხუმრება ხოლმე, ალბათ 25-ჯერ მაინც ვიყავი ჩასული. ზოგჯერ ორი საათითაც ჩავსულვარ, მის თამაშს დავსწრებივარ და უკან წამოვსულვარ. სიურპრიზიც ბევრჯერ გამიკეთებია, მითქვამს, რომ ვერ ვახერხებდი ჩასვლას, მაგრამ ისე ჩავსულვარ, რომ არ ელოდა. ყოველთვის მინდოდა, თამაშზე მის გვერდით ვყოფილიყავი. სადაც არ უნდა იყოს, მინდა, იცოდეს, რომ მეც აუცილებლად იქ ვიქნები.

– შვილზე არ გეკითხებიან, როდის აპირებთო?

– კი, კი (იცინის). როცა მე და ნიკუშა საცხოვრებლად ერთად გადავედით, მეუბნებოდა, შენ როცა გინდა, ეს შენი სხეულია, შენ უნდა გააჩინო ბავშვი და როცა მზად იქნები, მაშინ გადავდგათ ეს ნაბიჯიო. მე მგონია, რომ თავდაპირველად მარტო ორნი უნდა ვიყოთ. დასაწყისში ესეც ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ბათუმში წავიდა საცხოვრებლად, მივხვდი, რომ ორსული ან ბავშვიანი რომ ვყოფილიყავი, ძალიან გამიჭირდებოდა. ამიტომ, ვფიქრობდი, რომ ბავშვისთვის ჯერ მზად არ ვიყავი. სამომავლოდ, ვნახოთ, რა იქნება. თვითონაც პატივს სცემს ჩემს აზრს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული. მარტო ერთს ან მეორეს რომ უნდა, ეს არ არის მთავარი, ორივეს უნდა უნდოდეს. ჯერჯერობით ასეა და ვნახოთ, რა იქნება მომავალში (იცინის).

– დედამთილ-სიდედრის ამბები როგორ გაქვთ დალაგებული?

– ჩვენს მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ისინი უფრო დიდი დოზით საუბარობენ ერთმანეთთან, ვიდრე ჩვენ მათთან. დედაჩემს რომ დავურეკავ და რამეს ვეუბნები ჩემს დედამთილზე, მპასუხობს, კი ვიცი ეგ ამბავი, ახლახან ველაპარაკეო.. ან საერთოდ, მპასუხობს, არ მცალიაო, რადგან მას ელაპარაკება (იცინის). საბედნიეროდ, ამ მხრივ, უსიამოვნებები ნამდვილად არ გვაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა