შოუბიზნესი

ნეკა დოროყაშვილი: ის საშინელებები რომ არ გამომევლო, ვერასოდეს მივხვდებოდი, რისი პოტენციალი მქონია

№44

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 04.11

ნეკა დოროყაშვილი
დაკოპირებულია

როგორც მუსიკალურ სფეროში გავლენიანი და გემოვნებიანი პროდიუსერები და მუსიკათმცოდნეები ამბობენ, სულ მალე ქართულ შოუბიზნესში ახალი სახე გამოჩნდება და ეს, არც მეტი, არც ნაკლები, მოდელი ნეკა დოროყაშვილი იქნება. როგორც თავად ამბობს, ალბომზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, სტუდიაში წერს სიმღერებს და არა მარტო საქართველოს, არამედ ქვეყნის გარეთაც აპირებს, სასიმღერო კარიერაში მყარი ნაბიჯები გადადგას. ცოტა ხნის წინ ნეკა ქართულ სერიალ „მარჯვენა სანაპიროშიც“ გამოჩნდა.

ნეკა დოროყაშვილი: ძალიან განსხვავებული ბავშვი ვიყავი. მიყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ ისინი ხშირად ჩემ გვერდით ან კომპლექსდებოდნენ, ან ჩემი მიუღებლობა ჰქონდათ. ალბათ, მათთვის უინტერესო თემებზე ვსაუბრობდი, ვერ იგებდნენ, ვერ ხვდებოდნენ და ამის გამო ხდებოდა ეს ყოველივე. პრანჭიაც ვიყავი, აქტიურიც, ენერგიულიც და ახლანდელი ჩემი გადასახედიდან, განვითარებით ასაკსაც ვუსწრებდი. მაინტერესებდა ისეთი რაღაცები, რაც ალბათ, იმ ასაკის ბავშვებს არ აინტერესებდათ. სხვათა შორის, ჩემი შვილი, ლუკასი, ამაში მგავს, თუმცა მისი მეგობრებიც ასეთები არიან და ზოგადად, ახლანდელი თაობა სხვანაირია. მიხარია, რომ ახლანდელ ბავშვებს სხვა განვითარების დონე აქვთ, მაშინ კი, ჩემი შეხედულებებითა და სასაუბრო თემებით, ბავშვების გარკვეული კატეგორია ვერ მიღებდა. თუმცა, მაინც ბევრი მეგობარი მყავდა, ყველა ასაკის და ეს იყო უცნაური.

– ნეკა, რაზე ოცნებობდი ბავშვობაში, რა გინდოდა, გამოსულიყავი?

– პატარა ასაკში მინდოდა, მომღერალი ვყოფილიყავი, მქონდა მიკროფონი, მუსიკაზეც დავდიოდი და სახლში მასწავლებელიც მოდიოდა. მასწავლიდა პიანინოზე და გიტარაზე დაკვრას და ერთად ვმღეროდით. სხვათა შორის, შვიდი წლის ასაკში, თავადაც ვწერდი სიმღერებს.

– სასიმღერო კარიერას რატომ არ გაჰყევი?

– სანამ ამაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ ბავშვობაში, ასევე, ვოცნებობდი სამოდელო სფეროზე, მინდოდა, მოდელი ვყოფილიყავი. მომწონდა, გოგოები როგორც დადიოდნენ პოდიუმზე და დედას ქუსლიან ფეხსაცმელს ვიპარავდი, ვიცვამდი და მთელი მონდომებით დავდიოდი (იცინის). შემდეგ ერთ-ერთ კონკურსზე აღმოვჩნდი და იმის მერე გავაგრძელე მოდელობა. მერე ჩემი ქმარი (ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი) გავიცანი, ორი წელი ვხვდებოდით და პატარა ასაკში, 19 წლის გავთხოვდი. აღარ მინდა ცუდზე საუბარი, მაგრამ რადგან თემას მოჰყვა, გეტყვით, რომ მან ჩამომაშორა სამოდელო კარიერას. მოკლედ, ჩემს კარიერაზე უარი ვთქვი და დავიწყე ნიკას მომავალზე ოცნება და მთელი ჩემი რესურსი ამაში ჩავაქსოვე. გავხდი ნიკას ფსიქოლოგი, ნიკას ცოლი, ნიკას შეყვარებული, ნიკას შვილის დედა, ანუ საკუთარი კარიერა გვერდით გადავდე და ჩემი თავი ოჯახს მივუძღვენი. სხვათა შორის, ლუკასი პატარა რომ იყო, ჩემი მშობლები, ბებია-ბაბუა, დეიდა ყველა მეხმარებოდა, იტოვებდნენ ბავშვს, ამიტომ, ის რომ მთელი რვა წელი სამოდელო სფეროს ჩამოვშორდი, მას არ უკავშირდება.

– იმის გამო, რომ ქმარმა სამოდელო კარიერას ჩამოგაშორა, პროტესტი არ გქონია?

– როგორ არა, სულ მქონდა პროტესტი და ამ პროტესტის გამო ხდებოდა ოჯახში კონფლიქტები. როცა მეუღლეს გავშორდი, დაიწყო საშინელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. წლები გაგრძელდა სასამართლო პროცესები. თუმცა, როგორც კი გავშორდი, დავიწყე ზრუნვა ჩემი თავის რეალიზებაზე, ფიქრი იმაზე, თავად შემექმნა ჩემი მომავალი. ფაქტობრივად, ქმრისგან გაშორების მერე ნულიდან დავიწყე ცხოვრება. ძალიან რთული იყო ცხოვრების თავიდან დაწყება, მაგრამ ეს საშინელებები რომ არ გამომევლო და დალხენილი ცხოვრება მქონოდა, ალბათ, ვერასოდეს მივხვდებოდი, რეალურად რა შემიძლია და რისი პოტენციალი მქონია. მართლა ნულიდან დავიწყე ცხოვრება, მათ შორის, ფინანსური კუთხითაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები სულ გვერდით მედგნენ და ფინანსურადაც მეხმარებოდნენ. წარმოიდგინეთ, უცებ დამენგრა ყველაფერი, დავრჩი საკუთარი თავის იმედად და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დავიწყე.

– რა იყო პირველი ნაბიჯი?

– ძალიან აქტიურად დავიწყე ზრუნვა ჩემი სამოდელო და ინფლუენსერის კარიერის განვითარებაზე. ასევე, დავიწყე „ინსტაგრამზე“ გააქტიურება და დღეს უკვე ხუთასი ათასამდე გამომწერი მყავს. ამისთვის მართლა ბევრი შრომა დამჭირდა. ექვსი თვე „ბოლივუდში“ მომიწია ცხოვრება, მქონდა გადაღებები, კონტრაქტები. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო ჩემი „ბოლივუდური“ ცხოვრება, გარდა ფინანსებისა და აქტიური საქმიანობისა, უდიდესი გამოცდილება მომცა, საერთოდ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ჩემთვის მაგიური ენერგეტიკის მატარებელი იყო ინდოეთის მიწა. და, ზუსტად იქ გაჩნდა იდეა, სერიოზულად მეფიქრა სასიმღერო კარიერისთვის. მოდელები „ბოლივუდის“ ერთ-ერთ წვეულებაზე ვიყავით მიწვეული და იქ ვიმღერე, როგორც სტუმარმა. ძალიან დაინტერესდნენ და მეორე დღეს ჩვენს სააგენტოს მისწერეს: ამ გოგონას აქვს ნიჭი, გარეგნობაც ხელს უწყობს და კარგი იქნება, ამ კუთხითაც ვიფიქროთ მისი ნიჭის რეალიზებაზეო. ოცნება კი მქონდა სცენაზე სიმღერა, მაგრამ სხვა თემებით ვიყავი დაკავებული, ვერ წარმომედგინა ამ კუთხით ჩემი თავი და შოკი მივიღე. მოკლედ, ინდოეთში დაიწყო ჩემი ოცნების ფრთაშესხმა, რომ შოუბიზნესში გამოვჩენილიყავი. ჩამწერეს, მომისმინეს და მითხრეს: მოდი, აღმოვაჩინოთ შენი მიმართულება სასიმღერო კარიერაში და ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, რომ სიმღერა დაიწყო – კარგად გამოგდისო. თავიდან ცოტა ეჭვი მეპარებოდა, ნეტავ, რასაც მეუბნებიან, მართლა ასეა-მეთქი (იცინის). ეს მოხდა ორწელიწად-ნახევრის წინ. შევთანხმდით, რომ ჩამოვიდოდი საქართველოში, მოვიფიქრებდი და პასუხს ვეტყოდი. მოვემზადე ვოკალში და ახლა, უკვე დაწყებული მაქვს თანამშრომლობა ჯგუფთან და სტუდიაში ინგლისურენოვან სიმღერებს ვწერ. თუმცა, ალბომში აუცილებლად შევა ერთი ქართული სიმღერაც, რომელშიც ჩვენი ერის კულტურის შტრიხები იქნება წამოწეული. ასე რომ, სულ მალე ჩემი პირველი ალბომიც გამოვა. უახლოეს სამ თვეში კლიპის გადაღებასაც ვგეგმავთ და ქართულ შოუბიზნესში ამ კლიპით გამოვჩნდები. საერთაშორისო პროდუქტს ვქმნით, თან ინგლისურენოვანს და საკმაოდ პრესტიჟული სარეკლამო სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომლობ, დამეხმარება ჩემი ალბომის საერთაშორისო ბაზარზე გატანაში. ინდოელებთანაც ვაგრძელებ კონტაქტს და სააგენტოებთანაც, ასევე, მყავს ამერიკელი პროდიუსერი. მანამდე კი სამი წლის განმავლობაში მქონდა საერთაშორისო კონტრაქტი ინდოელებთან – ისინი მიგზავნიდნენ პროდუქციას და 48 პროდუქტს მე ვაპიარებდი მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ფინანსურადაც გავძლიერდი.

ამან ძალიან იმოქმედა ჩემს თვითშეფასებასა და შინაგან რწმენაზე, „ინსტაგრამის“ განვითარებაზე. ასევე, დავიწყე სამოდელო სფეროში მოღვაწეობა. ვაგროვებდი ფულს, იაფად ვყიდულობდი კომერციულ ფართებს, ძველ შენობებს, ვარემონტებდი და ვყიდდი ორ ან სამმაგ ფასში. მოკლედ, შეიძლება, შენობა ძალიან კარგ ადგილას ყოფილიყო, მაგრამ გაუბედურებული, მოძველებული და დანგრეული, მე მას ვყიდულობდი, ვაშენებდი, ვაძლევდი მეორე სიცოცხლეს და მერე შესაბამის ფასში ვყიდდი. ამის შედეგად, ჩემი ფინანსური კაპიტალი საკმაოდ გაიზარდა. საერთაშორისო ურთიერთობები მაქვს დამთავრებული და „ჯიპაში“ – პიარი. ჩემი „ინსტაგრამისა“ და სამოდელო სფეროს განვითარებისთვის იქ მიღებული ცოდნა, საერთაშორისო თემები და პიარიც გამოვიყენე და ძალიან გამომადგა.

– ანუ, ნელ-ნელა უახლოვდები ბავშვობის ოცნების ასრულებას, სამომავლოდ სასიმღერო კარიერის შექმნას გეგმავ, დიდ სცენაზე მიკროფონით ხელში გიხილავთ და ეს ყველაფერი სულ მალე მოხდება.

– დიახ, სწორად მიხვდით. ადრე მხოლოდ ვოცნებობდი შოუბიზნესსა და დიდ სცენაზე დადგომაზე. რეალურად, აქამდე მოსასვლელად გავაკეთე ის ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ყველა სიმღერა, რომელიც ჩემს ალბომში შევა, ჩემს რეალურ ისტორიასა და ცხოვრებაზეა და ყველა სიმღერის ტექსტი ჩემი დაწერილია.

– ქართულ სერიალ „მარჯვენა სანაპიროში“ გამოჩნდი და ანიტას სახით, საკმაოდ სახასიათო როლიც მოირგე. სერიალში როგორ მოხვდი?

– სერიალში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. წელს 33 წლის გავხდი და ვამბობდი: მეზარება, დაბადების დღეს არ გადავიხდი, ბევრი საქმე მაქვს-მეთქი. მეგობრებმა ამიკლეს, უნდა გადაიხადოო და ძალიანაც კარგი ქნეს, რომ დამაძალეს. მთელი სამი დღე აღვნიშნავდით და სამი დღე ვაქრობდი ტორტზე სანთლებს (იცინის). მოკლედ, დაბადების დღის მესამე დღე იყო და იმ დროს დამირეკეს სერიალზე. ბოლომდე მეგონა, მეგობარი მეხუმრებოდა და მეც დავთანხმდი როლზე. მეორე დღეს ისევ დარეკა ტელეფონმა, შემახსენეს, რომ შეხვედრა მაქვს დანიშნული და აღმოჩნდა, რომ სულაც არ იყო ხუმრობა. სხვა გზა არ მქონდა, მოვკიდე ჩემს ძმას ხელი და წავედი. სცენარი რომ წავიკითხე, მომეწონა. ჩემმა პერსონაჟმა ანიტამაც ძალიან დამაინტერესა, რადგან რეალობაში ძალიან მგავდა. მართალია, ჩემი ტრაგიკული ისტორია არ ემთხვევა ანიტას ტრაგიკულ ისტორიას, მაგრამ ბევრი ტკივილი აქვს, ბავშვობიდან მიღებული ბევრი ტრავმა და მოკლედ, არც ანიტას აქვს ბედნიერი ცხოვრება. დავთანხმდი, კარგად მოვირგე როლი, სიამოვნებით ვთამაშობ და შემიძლია, გითხრათ, ჯერ პატარ-პატარა ეპიზოდებში ვჩანვარ, მაგრამ სულ მალე ანიტას ეპატაჟურ სცენებსაც იხილავთ (იცინის).

– ნეკა, ქმართან თანაცხოვრების დროს, დათმე კარიერა, ოცნებებზე თქვი უარი, ხოლო როგორც კი დამოუკიდებლად დაიწყე ცხოვრება, შენი გეგმები რადიკალურად შეიცვალა. ფიქრობ, რომ თუ ქალი ძლიერი და შემდგარია, სტიმულისთვის სულაც არ სჭირდება მამაკაცი, თუნდაც ფინანსურად მყარი?

– გეთანხმები. ქალი, თუ ძლიერია, შემდგარი და იცის, რა უნდა ცხოვრებაში და რისთვის ისწრაფვის, ის აუცილებლად მიაღწევს მიზანს. მის გვერდით თუ არასწორი მამაკაცი დგას, პირიქით, კი არ გაძლიერებს, გინგრევს ყველაფერს და შეიძლება, რაც გაქვს, ისიც წაგართვას. ჩემმა მწარე გამოცდილებამ კი მომცა სტიმული, უფრო ძლიერი ვყოფილიყავი და ფინანსურადაც უფრო წარმატებული. მიმაჩნია, რომ სიყვარულში არ გამიმართლა. თუმცაღა, ცხოვრება წინ არის და მე ცხოვრებას ახლა ვიწყებ. ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს ოჯახსა და შვილში, რომელიც ჩემი მთავარი მამაკაცია. ლუკასი უკვე ცხრა წლისაა და ვცდილობ. ყოველი თავისუფალი წამი და დრო მის გვერდით გავატარო. მე და ლუკასს ერთად გვძინავს ღამე, რომ დღის განმავლობაში უერთმანეთოდ გატარებული საათები ავინაზღაუროთ. ხანდახან, თუ ძალიან მომენატრა, სკოლიდან ადრე გამომყავს და ერთად ვატარებთ დროს. ლუკასი არის ის ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც უპირობოდ ვუყვარვარ, ვენდობი, ჩემი იმედია და ის ადამიანია, რომელიც არასოდეს მიმატოვებს და არ მიღალატებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა