შოუბიზნესი

ნანა ნებიერიძე: ბევრი დრო დამჭირდა იმასთან შესაგუებლად, რომ უკვე დიდი გოგო ვარ

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 26.08

ნანა ნებიერიძე
დაკოპირებულია

ნანა ნებიერიძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ნანა ნებიერიძე?

ნანა ნებიერიძე: მე ვარ ქალბატონი, დედა, ბებია, დიდი გულისა და სულის პატრონი, ღმერთის ბავშვი ვარ.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– რაც ახლა მთელ დედამიწაზე ხდება, აქედან გამომდინარე, საოცნებოა სიმშვიდე, თავისუფლება, სიყვარული, ბედნიერება, პატივისცემა – ეს არის ჩემი ოცნება. უკვე 50 წლის ვარ და არ ვიცი, ასაკის თუ რის, მაგრამ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე კარგად ვხვდები, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი – სულიერი სიმშვიდე, მშვიდი გარემო და სიყვარული.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?

– არ დავასახელებ, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი სამსახური ძალიან არ მიყვარდა, ძალით ვმუშაობდი. ყველაფერს ორი მხარე აქვს. გონება მკარნახობდა, ეს უნდა გააკეთო, იმიტომ რომ... შემოსავალი თუ სხვა საჭიროებებია ის, რაც გავალდებულებს, მაგრამ ჩემი სული და შინაგანი სამყარო მკარნახობდა – წამოდი, ეს არ არის შენი ადგილიო. როდესაც წამოსვლა გადავწყვიტე და ასეც მოვიქეცი, მაშინ დავრწმუნდი, რომ „როცა ერთი კარი იხურება, მეორე იღება“ სიმართლე ყოფილა. ჩემს ცხოვრებაშიც ასე მოხდა. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენი რუკა ჩვენი შინაგანი შეგრძნებებია და მან ძალიან კარგად იცის, როდის რა გვჭირდება.

– თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ, რის გამო მისულხართ ცრემლამდე, სიხარულის იქნებოდა ეს თუ ტკივილის?

– ორჯერ დამემართა, სიხარულისგან რომ ვბღაოდი, ვკიოდი, ვწიოდი, საოცარი ემოციები იყო – როდესაც გავხდი ევროპის ჩემპიონი და როდესაც დედა გავხდი. ყველაზე მტკივნეული ცრემლები ორი წლის წინ დავღვარე, მაშინ, როდესაც დედა გარდამეცვალა. პანაშვიდზე და გასვენებაში საერთოდ არ მიტირია, მაგრამ ცოტა დრო რომ გავიდა, ძალიან ცუდად ვიყავი, ბევრს ვტიროდი. ბევრი დრო დამჭირდა, იმასთან შესაგუებლად, რომ უკვე დიდი გოგო ვარ. როდესაც მშობლები ცოცხლები არიან, ეს უდიდესი ბედნიერებაა. რამხელებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც ბავშვებად ვრჩებით. ხოლო, როცა მათ ვკარგავთ, ჩვენი ბავშვობა მთავრდება. ამ ტკივილის გამო დღემდე ვტირი. დღე არ გავა, დედა არ გამახსენდეს. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. მეგობრები მეუბნებოდნენ, დრო მკურნალიაო და სამწუხაროდ, ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამ ტკივილს ვერაფერი კურნავს.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?

– ჩემს თავს მოვახმარდი სიამოვნებით, დავეხმარებოდი ჩემს შვილს, შვილიშვილს, მეგობრებს. ჩემს დაქალებს წავიყვანდი დასასვენებლად და დროს არაჩვეულებრივად გავატარებდით. ეს არის ერთადერთი, რაც გვრჩება ადამიანებს.

– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანული უკავშირდებოდეს?

– ბევრი შეცდომა დამიშვია. ადამიანები ვართ და ვერ დავიჯერებ, რომ არსებობს ადამიანი, რომელმაც უშეცდომოდ იცხოვრა. ბევრია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თითოეული შეცდომა ჩვენი გამოცდაა. უნდა გავიაროთ ეს შეცდომები, რომ ვისწავლოთ და მეორედ იგივე აღარ დაგვემართოს. კი, ბევრი შემშლია, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე და მეორედ იმავე შეცდომებს აღარ დავუშვებ. გამოცდა ჩაბარებული მაქვს და დღემდე ვაბარებ.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– ყველაზე სასტიკი ჩემი შვილის მიმართ ვიყავი, როდესაც ის სკოლის მოსწავლე იყო. რთულად სწავლობდა და რთული პერიოდი გავიარეთ. ახლა 31 წლის არის და ლამის ყოველდღე მადლობას მეუბნება იმისთვის, რომ მაშინ ვაძალებდი, ესწავლა. ხვდება, რომ ასე ჯობდა. ალბათ, ამ რთულ პერიოდს ყველა მშობელი გავდივართ. მე ყოველთვის ვუხსნიდი ნინას, რომ სწავლა არის მთავარი, რომ განათლების გარეშე არაფერია და როცა ეს გაქვს, დანარჩენი თავისთავად გამოვა, რომ როცა განათლება გაქვს, ცხოვრებაში შენს გზას იპოვი. მით უმეტეს, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სულიერი და ადამიანური განათლება.

– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...

– სახალისო ის არის, რის გამოც ჩემი დაქალები მეხუმრებიან (იცინის). მე არანორმალურად პუნქტუალური ადამიანი ვარ. სამწუხაროდ, საქართველოში ეს უდიდესი პრობლემაა. ერთხელ, მახსოვს, პაემანზე მივდიოდი და დაქალს დავურეკე რჩევებისთვის და პირველი რაც მირჩია ის იყო, რომ მამაკაცზე ადრე არ მივსულიყავი (იცინის). ქალი ხარ და ელემენტარულია, 10-15 წუთი მაინც დაიგვიანე, ცოტა ინერვიულოს, აუცილებელი არ არის, შვეიცარიული საათის სიზუსტით მიხვიდეო (იცინის). რა ვქნა, ჩემთვის გამორიცხულია სადმე დაგვიანება, ამის შანსი არ არსებობს. არ ვიცი, აღზრდის ბრალია თუ ჩემი ბიოლოგიური საათის, მაგრამ პაემანი კი არა, სადაც არ უნდა მივდიოდე, დათქმულ დროს ადგილზე უნდა ვიყო.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან. თუ გასწავლათ ცხოვრებამ მატყუარა ადამიანების ამოცნობა?

– ტყუილის თქმა არ შემიძლია, მაშინვე მეტყობა. ადრე ვნერვიულობდი, როცა ვხედავდი, რომ ადამიანი თვალებში მიყურებდა და მატყუებდა, მაგრამ ყოველ წამს ვსწავლობ და ახლა უკვე ვიცი, რომ ეს მატყუარა ადამიანების პრობლემაა. მე არანაირი რეაქცია აღარ მაქვს, უბრალოდ, მეცინება. თუ ადრე სიმართლის მტკიცებას დავიწყებდი, ახლა რეაქცია აღარ მაქვს. საერთოდ, როდესაც გული და სული გაქვს გახსნილი, აუცილებლად მიხვდები, ადამიანი შენთან გულწრფელია თუ გატყუებს. რაც მთავარია, არ უნდა ვინერვიულოთ, თორემ როდესაც ამ მდგომარეობაში ვვარდებით, შეგრძნებებს ვკარგავთ. ძალიან მარტივად და მშვიდად რომ შევხვდებით, თვითონვე იგრძნობენ თავს უხერხულად. ცხოვრება ბუმერანგია და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. ყველაფერი ძალიან მარტივია.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე, როგორც კარგი, ისე ცუდი, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?

– ბევრჯერ მსმენია, „ეს რომელია, ლამაზი გოგო რომ არის?!“ და ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა (იცინის). თუმცა, მხოლოდ ეს არ არის. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ხილს ვყიდულობდი სახლთან ახლოს, გამყიდველი გოგო მეუბნება, გუშინ რომ იყავი ჩემთან, ვიღაც კაცი მოვიდა შენს შემდეგ და შენზე მკითხა, ვინ იყოო. რომ ვუთხარი, თქვა, აუ, ახალგაზრდობაში რა მაგარი გოგო იყო, მთელი უბნის ბიჭები გიჟდებოდნენ მასზეო და მე დავიძაბე, იყო, ახლა აღარ არის-მეთქი? (იცინის). სიმართლე გითხრათ, ეს ცოტა მტკივნეული იყო (იცინის).

– ყველაზე დიდ შიშზე რა გახსენდებათ?

– ყველაზე მეტად გველების მეშინია. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ პროექტში, „ყველაზე ძლიერში“, მივიღე მონაწილეობა და მგონი, იქ გადავლახე ჩემი ყველაზე დიდი შიში. ეს საშინელი ფობია იყო, რომელიც ძალიან მაწუხებდა, მაგრამ მოვერიე. არაფერია შეუძლებელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა