ნანა ლორთქიფანიძე: არ ვინდობ თავს და ეს ძალიან მაზარალებს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:30 01.02
რამდენად იღბლიანი ადამიანია ნანა ლორთქიფანიძე, რაში უშლის ხელს მას შრომისმოყვარეობა და რაში უჭირს საკუთარი ბუნების წინააღმდეგ წასვლა, ამას მისგან გავიგებთ.
ნანა ლორთქიფანიძე: რთულია იმის თქმა, რამდენად იღბლიანი ადამიანი ვარ. თავს უიღბლოდ ნამდვილად არ მივიჩნევ. ბევრ რამეში გამიმართლა, მაგრამ არის რაღაცები, რაშიც არ გამიმართლა. ამიტომ, გადაჭრით, თავს უიღბლო ან იღბლიანი ვუწოდო, რთულია. პირად ცხოვრებაში, რაღაც მხრივ, არ გამიმართლა. თეატრში, კინოში – იყო რაღაცები რაშიც არ გამიმართლა, მაგრამ შემდეგ იყო ეტაპები, როცა პირიქით, ძალიან გამიმართლა. ყველაზე მთავარი იღბალი და გამართლება ისაა, რომ ჩემი მშობლების შვილი ვარ. ამის გამო ყოველთვის ამაყი და ბედნიერი ვიყავი და ვიქნები. იმაშიც გამიმართლა, რომ ძალიან კარგი შვილი და შვილიშვილები მყავს – მე ამით ბედნიერი ვარ. ცხოვრება არ არის მუდმივად ერთნაირი. ადამიანებს რთული პერიოდიც გვაქვს, სულ კარგად არ ვგრძნობთ თავს, ზოგჯერ წარუმატებლობაა, ზოგჯერ რაღაც არ აეწყობა, მაგრამ ესეც ნორმალურია, ადამიანურია და ამის გამო ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ.
– რამდენად შრომისმოყვარე ხართ?
– ზედმეტად შრომისმოყვარე ვარ. არ ვინდობ საკუთარ თავს. არც დასვენების კულტურა მაქვს, არც განტვირთვის. მე ყოველთვის ასეთი ვიყავი. რასაც არავინ მავალებდა, იმასაც ვაკეთებდი. მნიშვნელობა არ აქვს, საქმე პროფესიას ეხება თუ საყოფაცხოვრებო პასუხისმგებლობებს, ყველაფერში მაქსიმალისტი ვარ, სამუშაო თუ სახლის საქმე, ყველაფერს ბოლომდე უნდა მივაკლა თავი.
– დამაზარალებელი არ არის?
– რასაკვირველია. ამიტომაც ვამბობ, რომ არ ვინდობ თავს და ეს მაზარალებს.
– სიზარმაცის უფლებას თავს არასდროს აძლევთ?
– რასაკვირველია, ხანდახან ასეც ხდება, მაგრამ ძალიან იშვიათად, ძირითად შემთხვევაში, ჩემთვის ჩვეულ როლში ვარ (იცინის). მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება, „ვიზარმაცო“ – თუ ძალიან გადაღლილი ვარ.
– ცხოვრებისეული სირთულეები რამდენად გიშლით ხელს პროფესიაში?
– ეს, რასაკვირველია, ხელისშემშლელია, მაგრამ ყოფილა მომენტი, ანერვიულებული, რაღაც პრობლემით წავსულვარ გადაღებაზე, მიფიქრია ხოლმე, ამ ხასიათითა და ნერვებით როგორ უნდა გავაკეთო რამე-მეთქი, მაგრამ როგორც კი დავჯდები და გადაღებისთვის გრიმის კეთებას დავიწყებ, ყველაფერი მავიწყდება და მთლიანად სამუშაო პროცესში ვეფლობი.
– რთულ პერიოდებში კარგი შანსი გაგიშვიათ ხელიდან?
– სამწუხაროდ, ეს ძალიან ბევრჯერ მომხდარა. ხან სირთულის დროს, ხან - სიხარულის, ხანაც რაღაცით გატაცებისას დამიკარგავს ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მითქვამს უარი მნიშვნელოვან საქმეზე და მერე ეს ძალიან მინანია. მოგვიანებით მივმხვდარვარ, რომ რატომღაც ძალიან კარგი შანსი გავუშვი ხელიდან.
– კარიერისტი ხართ?
– არა, კარიერისტი ნამდვილად არ ვარ. ჩემი კარიერა ყოველთვის ძალიან მიყვარდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, დღემდე ასეა, მაგრამ ისე, რომ პირველ ადგილზე დამეყენებინა, არ მომხდარა. მსახიობის პროფესიას რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ამას მოითხოვს, თითქოს, ჩვენი პროფესია მსხვერპლს საჭიროებს, თითქოს, შვილი, ოჯახი, მშობელი, ყველა და ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და მხოლოდ მასზე იყო ორიენტირებული. მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს და მათ მიუღწევიათ კარიერაში მაღალი მწვერვალებისთვის. ჩემთვის ასე არასდროს ყოფილა. ჩემი საქმიანობა პრიორიტეტული ყოველთვის იყო, მაგრამ ჯერ კარიერა რომ დამეყენებინა და მერე შვილი და ოჯახი, ასე არასდროს მომხდარა.
– რამდენად ყურადღებიანი და მზრუნველი ხართ საკუთარი ვიზუალის მიმართ?
– წინასწარ მრცხვენია ჩემი პასუხის, რადგან ამაზე საერთოდ არ ვზრუნავ. ქალები ათასნაირ პროცედურებზე დადიან, უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ არაფერს ვიყენებ. ეს ძალიან ცუდია. ამით არ ვამაყობ. დამეტყო კიდეც, რომ ამ მხრივ, არაფერს ვაკეთებ. იმას არ ვამბობ, რომ საკუთარ თავს საერთოდ არ ვუთმობ დროს, მაგრამ დღეს ათასნაირი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ 20 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდე და მე არცეთს არ ვიყენებ. სხვათა შორის, დედაც ასე იყო. არასდროს უვლია კოსმეტოლოგებთან რაღაც პროცედურებზე. ძალიან ცუდია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა. საჭიროა, განსაკუთრებით კი ჩვენს პროფესიაში. ბოლო წლები, რაც ტელეწამყვანის ამპლუა შევითავსე, აუცილებელიცაა, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება, შიშიც მაქვს, რომ რამე გავიკეთო და ძალიან შევიცვალო. სარკეში რომ ჩავიხედო და სხვანაირი თავი აღმოვაჩინო, მგონია, რომ ვერ შევეგუები. მოდი სიმართლეც ვთქვათ, თუ რამეს იკეთებ, აუცილებლად ძალიან ხარისხიანად უნდა გაიკეთო, რაც არც თუ ისე ცოტა ფინანსებს საჭიროებს, რისი საშუალებაც მე არ მაქვს, ვერ მივცემ თავს ძალიან ძვირად ღირებული პროცედურების ჩატარების საშუალებას. ჩემს უკან ოჯახია, რომელსაც მე ძალიან ვჭირდები. თუმცა, მარტო ამასაც ვერ დავაბრალებ. ძალიან თუ მომინდება, ჩემი თავისთვის საჭირო ფინანსებსაც გავიმეტებ, მაგრამ არ ვარ ამ თემაზე ჩაციკლული. დღეს უფრო ახალგაზრდები არიან ამაზე ორიენტირებულები. მგონი, უნდა შეეგუო, რომ ასაკი გემატება და შენ უკვე ახალი ფუნქცია და დანიშნულება გაქვს. პროფესიაშიც ისეთი როლები გექნება, რომლებიც შენს ასაკთან შესაბამისობაში მოდის. ჩემი ერთადერთი აქტიურობა ამ კუთხით, რაც მახსენდება ისაა, რომ პანდემიის დროს, როცა სახლში ვიყავით ჩაკეტილები, ჩემი შვილის ძალდატანებით, სახეზე ნიღბებს ვიკეთებდი. ახლაც ვიყიდი ხოლმე გამზადებულს და საერთოდ არ მახსენდება მათი გამოყენება.
– საკუთარ შეცდომებზე სწავლა შეგიძლიათ?
– ყველაფერს წლები და გამოცდილება სჭირდება. რაღაც ასაკამდე, სანამ გამოცდილებას დააგროვებ, შესაძლოა, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. თეორიულად ყოველთვის აღქვიქვამ შეცდომას, მაგრამ ბუნება არ გიშვებს, სხვანაირად გააკეთო. მოგეხსენებათ, სამი ქმარი მყავდა. მიფიქრია, აღარ გავაკეთებ ასე, ეს არ არის სიკეთის მომტანი-მეთქი, ქალებს ისიც ხომ ხშირად გვითქვამს, არავის უნდა გადაჰყვეო, მაგრამ მერე მაინც ვერ მოვქეულვარ სხვანაირად, ბუნებით ვარ ასეთი და იმიტომ. თეორიაში ძალიან მაგარი ვარ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ადამიანის ხასიათი, ბუნება, გენეტიკა ისეთი რამ არის, რომ ვერ გაურბიხარ და იმავე გზით მიდიხარ, ანუ, იგივე შეცდომა მოგდის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან