შოუბიზნესი

მერიკო კარტოზია: პირადი ცხოვრება ვერ ამეწყო, მეც არ შევუწყვე ხელი, არასდროს მეცალა

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 13:39 09.10

მერიკო კარტოზია
დაკოპირებულია

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რამ განსაზღვრა მერიკო კარტოზიას წარმატება, რომელს უფრო დიდი წვლილი მიუძღვის მის მიერ მიღწეულ შედეგებში და რა ასწავლა ტელეწამყავნს მიღებულმა რთულმა გამოცდილებებმა.

მერიკო კარტოზია: თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ, რადგან ჩემს ცხოვრებაში იყო გარდამტეხი მომენტები, რამაც ყველაფერი სასიკეთოდ შეცვალა და რამაც ჩემი გადაცემა შექმნა. სწორ დროს სწორ ადგილას მოვხვდი და სწორი რესპონდენტებით დავიწყე საქმიანობა, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა. შედეგად, უკვე წლებია, საავტორო გადაცემა მაქვს, კონკრეტულად – 2017 წლიდან.

– კარიერის მიღმა?

– იცით ჩემი ბოლოდროინდელი ამბები, ბევრი რამ გამოვიარე და გადავიტანე. ასე რომ, ნამდვილად იღბლიანი ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ ახლა თქვენთან ვსაუბრობ და საერთოდ, ცოცხალი ვარ. ფეხზე რომ ვდგავარ, სიარული რომ შემიძლია და ცხოვრება ახლიდან დავიწყე, თან უცხო ქვეყანაში, სრულიად უცხო გარემოში გადავრჩი – ეს ნამდვილად იღბალია. ავარია გადავიტანე, ეტლიდან გადმოვვარდი. ყველაფერი 2023-ში დაიწყო და 24-შიც გაგრძელდა.

მე ცოტა ხიფათიანი ვარ, ალბათ, იმიტომ, რომ რისკი მიყვარდა. მიყვარდას ხაზს ვუსვამ, იმიტომ, რომ გადატანილის შემდეგ, ძალიან ფრთხილი გავხდი. ადრე არ ვუფრთხილდებოდი თავს. გადაცემისა და კარგი რეიტინგის გამო ისეთ რამეებს ვაკეთებდი, რასაც ფრთხილი ადამიანი არ გააკეთებს. თუნდაც, ის შემთხვევა გავიხსენოთ, მიწისძვრის დღეებში, თურქეთი რომ დაინგრა, მე ერთ-ერთ პროვინციაში წავედი ჩაწერაზე და ვიყავი სასტუმროში, რომელსაც კედლები გახსნილი ჰქონდა და მიწისძვრა ყოველდღიურად მეორდებოდა. მერე იყო ავარია ამერიკაში, შემდეგ ეტლით გადაყირავება, როცა უმძიმესი ტრავმა მივიღე და ურთულეს ოპერაციებს გავუძელი. ახლა უკვე ძალიან ფრთხილი ვარ, მხოლოდ ქმედებებში კი არა, ოცნებებშიც კი. ყოველი დღე ღმერთის საჩუქარია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს არ გვახსოვს.

– რამდენად შრომისმოყვარე ხარ?

– ვარ. იღბალი შეიძლება, მოგეცეს, მაგრამ მას გაფრთხილება და განვითარება სჭირდება, რაც შრომის გარეშე არ გამოვა. შრომისმოყვარეობის გარეშე წარმატება არ მიიღწევა. არ უნდა მოდუნდე იმაზე ფიქრით, რომ რაღაცას უკვე მიაღწიე. თუ მუდმივად რაღაც ახალი არ შემატე შენს თავს, განვითარებაზე არ იფიქრე, შენი წარმატება დიდხანს არ გაგრძელდება. ერთი თუ მოეშვი, იღბალიც და წარმატებაც უცებ დაგტოვებს.

ერთსაც ვიტყვი, შრომისმოყვარეობა იღბლის გარეშე, ხშირ შემთხვევაში, დამაზიანებელია. თუ სწორ ადგილას და სწორი ადამიანების გარემოცვაში არ ხარ, თუ გარშემო მყოფები არ გაფასებენ, შენ კი ერთგულად აკეთებ შენს საქმეს და თავს არ ზოგავ, შეიძლება, დაზარალდე და წარმატების შანსები დაკარგო. მუდმივად უნდა იფიქრო წარმატებაზე, განვითარებაზე და არ უნდა შეგეშინდეს იმ ადგილის მიტოვება, სადაც არ გაფასებენ. არც სიახლეებისა და გამოწვევების მიღებამ უნდა შეგაშინოს. წარმატების მისაღწევად ხანდახან რისკიც აუცილებელია. მეც მქონია სიტუაცია, როცა ისეთ ადგილას ვიყავი, სადაც არც თუ ისე მაფასებდნენ და ასეთ გარემოში ჩემი ერთგულება და შრომისმოყვარეობა მაზიანებდა. ამიტომ ხანდახან უნდა შეცვალო მიმართულება, თორემ წარმატებას ვერ მიაღწევ. თავის გადადება იმისთვის, რაც საკმარისაც არ გიფასდება, შენთვის დამაზიანებელია, რადგან გარშემო მყოფები ამით ცუდად სარგებლობენ.

– ყველაზე მეტი რისთვის გიშრომია?

– ჩემი გადაცემისთვის. მე ძალიან მიყვარს ჩემი მაყურებელი და ყველაფერი გადამიდია მათთვის საუკეთესოს შესათავაზებლად. ჩემთვის არ არსებობდა ახალი წელი, აღდგომა, ახლობლების ქორწილი ან სხვა დღესასწაულები. ბევრჯერ მითქვამს უარი გართობაზე, სიამოვნებაზე, ბევრ კარგ ამბავს გამოვკლებივარ იმის გამო, რომ ჩემს გადაცემას, რომელიც შვილივით მიყვარს, ყურადღება არ მოჰკლებოდა.

– როდის აძლევ საკუთარ თავს სიზარმაცის უფლებას?

– სხვათა შორის, ახლა ვარ ცოტა გაზარმაცებული. ეს რეაბილიტაციის პერიოდმა და სახლში ყოფნამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ არც ამერიკაში ვიყავი უსაქმოდ, ავადმყოფ ადამიანსაც თავისი გრაფიკი ჰქონია და თქვენ წარმოიდგინეთ, რთული მდგომაროების მიუხედავად, სახლის სისუფთავზეც ვზრუნავდი. ორი თვე ფეხზე საერთოდ ვერ ვდგებოდი, ჩემი შვილი მეხმარებოდა, მაგრამ როგორც კი წამოდგომის საშუალება მომეცა, საკუთარი თავის დატვირთვა დავიწყე. შეიძლება, ყველაფერს ძალიან ნელა, მაგრამ მაინც ვაკეთებდი. სისუფთავე იმდენად მიყვარს, სიამოვნებით ვალაგებდი, მაგრამ სახლში ყოფნას იმდენად მივეჩვიე, ახლა ცოტა მიჭირს ხელახლა რესოციალიზაცია, კომუნიკაციების დამყარება და ასე შემდეგ. ჩემს თავს მოვუწოდებ, რომ გამოვფხიზლდე, გავაქტიურდე და მჯერა, ყველაფერი ასეც იქნება. ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ ვარ, რეაბილიტაციის პროცესს აქაც ვაგრძელებ, მაგრამ ვიცი ჩემი შესაძლებლობები და პასიურად ყოფნას არ ვაპირებ. მე მუდმივად ვშრომობდი, პროექტიდან პროექტზე ვერთვებოდი და ეს ტემპი ახლა მაკლია, მაგრამ იმედია, ძალიან მალე ახალი ენერგიით უფრო მეტს გავაკეთებ.

– რთულ პერიოდებში რა გეხმარება მორალურად?

– უფალთან საუბარი და ლოცვა. ყველაზე რთულ პერიოდში სახარების კითხვა მაძლევს სწორ მიმართულებებს. ამან გადამარჩინა ურთულეს პერიოდებში. რომ ვიხსენებ, რა ტკივილები გავიარე, როგორი უნარშეზღუდული ვიყავი, მით უმეტეს, უცხო ქვეყანაში... მადლობა უფალს, შვილი მყავდა გვერდით. რწმენა რომ არ მქონოდა, ალბათ ვერც ფსიქოლოგიურად გავუძლებდი, აღარაფერს ვამბობ ფიზიკურ მდგომარეობაზე, რადგან ძალიან მძიმე იყო ის, რაც გამოვიარე.

– ხარ ადამიანი, ვინც უფრთხილდება საკუთარ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას?

– არ ვიყავი ასეთი, ჩემს თავზე არასდროს ვზრუნავდი და ალბათ, ამიტომაც დამემართა ის, რაც დამემართა. სხვის გამო ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, ბევრს დავთმობ, ვიზრუნებ მასზე, ვისაც ეს სჭირდება. მხოლოდ საყვარელ ადამიანებს არ ვგულისხმობ, ჩემი გადაცემის ფარგლებშიც ბევრი ადამიანის ცხოვრება შევცვალეთ უკეთესობისკენ, კეთილ ადამიანებთან ერთად. ამას მხოლოდ ჩემს თავს ნამდვილად არ მივაწერ.

საკუთარ თავს არასდროს ვუფრთხილდებოდი. ახლა მივხვდი, რომ ცვლილებების დროა, თავსაც უნდა მოვუფრთხილდე, დავისვენო კიდეც და ასე შემდეგ.

– რამდენად იღბლიანი აღმოჩნდი პირად ცხოვრებაში?

– თუ ოჯახს ვიგულისხმებთ, ალბათ, არა, მაგრამ დანარჩენი – ჩემი შვილი, დედა, თავის დროზე მამა, და-ძმა, ყველა ძალიან კარგი მყავს და მყავდა და მადლობა უფალს, ასეთი ოჯახისთვის.

ბედნიერება სრულყოფილი არასდროსაა და როგორც ქალს, პირადი ცხოვრება ვერ ამეწყო, მეც არ შევუწყვე ხელი, არასდროს მეცალა ჩემი პირადი ცხოვრების სრულყოფისთვის და ამას არავის არ ვაბრალებ. ასეა და ისე შევეჩვიე ასე ცხოვრებას, რომ ჩემთვის ეს უფრო ბუნებრივია. თუმცა, ასაკოვან წყვილს რომ ვუყურებ, ძალიან მომწონს. ჩემთვის სამაგალითოა, როცა ასაკოვანი მეუღლეები შვილების ბედნიერებით ერთად ხარობენ, სამწუხაროდ, მე ეს არ გამომივიდა.

– როგორი ინტუიცია გაქვს და ეს შეგრძნება თუ გეხმარება წარმატების გზაზე?

– მართლა კარგი ინტუიცია მაქვს. გადაცემის ჩაწერის დროს უკვე ვგრძნობ, როგორი რეიტინგი ექნება მას. ვგრძნობ, რა არის ჩემი მაყურებლისთვის საინტერესო და რეიტინგთან დაკავშირებით, კონკრეტულ ციფრებზეც წინასწარ შემიძლია საუბარი.

სხვათა შორის, როცა ეტლიდან გადავყირავდი, ვგრძნობდი, რომ ჩემთვის ძლიან მძიმე დღე იყო. რამდენიმე წამით ადრე მთელი ორგანიზმი შიშმა შეიპყრო, ვგრძნობდი, რომ რაღაც დამემართებოდა.

ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ნიშნებს. საქმე, რომელიც თავიდანვე კარგად მიდის და ხელის შემშლელი ფაქტორები არ მხვდება, ვიცი, რომ ბოლომდე კარგად დასრულდება, ხოლო, ის რაც თავიდანვე პრობლემებს აჩენს, არ მაგრძნობინებს თავს კარგად, ვხვდები, რომ სწორ გზაზე არ ვარ და რაღაც უნდა შევცვალო. სასწაულად ვგრძნობ ადამიანების აურას, ასევე, სახლისასაც. მივსულვარ სადღაც და ორ წუთში დამიტოვებია ადგილი, რადგან საოცრად ვგრძნობ უარყოფით ენერგეტიკასაც და ბუნებრივია, ვცდილობ, გავერიდო. დადებითსაც და უარყოფითსაც მაშინვე ვგრძნობ და შესაბამისად ვმოქმედებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა