მერიკო კარტოზია: ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, ღმერთმა მეორედ მაჩუქა სიცოცხლე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 03.03

მერიკო კარტოზიას ამერიკული ცხოვრება საინტერესო სიახლეებით გრძელდება. მართალია, შტატებში ამდენ ხანს დარჩენას არ აპირებდა, თუმცა, ფეხზე მიღებულმა მძიმე ტრავმამ ყველაფერი შეცვალა და რადგან დარჩენა გახდა საჭირო, მერიკო ამერიკული ცხოვრების რიტმშიც ჩაება.
მერიკო კარტოზია: ამერიკა მუდმივად სიურპრიზებს გთავაზებს და უამრავ შესაძლებლობას გაძლევს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ტრამპის ინაუგურაციაზე ვიყავი, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. ბილეთიც მქონდა, მაგრამ უამინდობის გამო აქტივობები შეიცვალა და ღონისძიებამ მხოლოდ დახურულ სივრცეში გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ყინვა -15 გრადუსი იყო, მაინც წავედი, რომ ამ ისტორიული მომენტის მომსწრე ვყოფილიყავი. არ ვნანობ, საოცარი სანახავი იყო იმ დღეს ვაშინგტონი – საომარი და სადღესასწაულო ვითარება ერთდროულად პირველად ვნახე.
– არც ისე ცოტა ხნის წინ, მოკლე პერიოდით წახვედი ამერიკაში და რას წარმოიდგენდი, თუ ინაუგურაციასაც დაესწრებოდი და ამერიკულ კინოინდუსტრიასაც დაუკავშირდებოდი. ამაზეც მოვყვეთ...
– კი, მე მართლა შემთხვევით შემოვრჩი ამერიკაში. მაისში ვბუნდებოდი და აპრილში ისეთი რამ შემემთხვა, რომ დარჩენა დამჭირდა. ორი ოპერაცია გადავიტანე, ცხრა თვე გავატარე საწოლში. რადგან ასე მოხდა, არ მინდა, ამერიკიდან ისე დავბრუნდე, რომ აქაც რაღაც მნიშვნელოვანი არ გავაკეთო. აქ ერთი ძალიან მაგარი გოგო გავიცანი, ამერიკელი ქართველი, რომელიც მანამდე ჩემს გადაცემებსაც უყურებდა და თბილისიდანაც მიცნობდა, მაგრამ ახლა აქ კიდევ უფრო დამიახლოვდა და ჩემთან დაკავშირებით ძალიან კარგი გეგმები აქვს. მან უკვე გამიკეთა პორტფოლიო და გადააგზავნა ძალიან მნიშვნელოვან სააგენტოებში. ისეთი, როგორიც არის „ნეტფლიქსი“ და სხვები. ამერიკა მართლა ძალიან ბევრ შანსს გაძლევს, აქ შეგიძლია, შენი თავი ყველგან მოსინჯო. გარდა იმისა, რომ ტელეწამყვანი ყოველთვის ვიქნები და საქართველოში რომ დავბრუნდები, ჩემს გადაცემას გავაგრძელებ, აქაც მაქვს გეგმები. რატომაც არა, თუ აქაც მნიშვნელოვან პროექტში მივიღებ მონაწილეობას?! არ ვიცი, ეს ფილმი იქნება თუ სერიალი ან თუნდაც ძალიან მაგარი სარეკლამო კომპანიის სარეკლამო სახე გავხდები, ამას ძალიან ცოტა ხანში გავიგებ. არ დაგიმალავთ, ჩემი პორტფოლიო უკვე გადაგზავნილია და რამდენიმე ქასთინგი უკვე ჩანიშნულია. ქასთინგები სხვადასხვა შტატშია, მაგრამ რადგან ჩვენ ნიუ-იორკთან ვართ ახლოს, ეს ადგილი და მისი მიმდებარე შტატები ავირჩიეთ. ყველაფერს გულდასმით ვარჩევთ და როგორც კი პირველი როლი მომივა, მაშინვე გახარებთ.
– ესე იგი, მალე მსახიობის ამპლუით მოგვევლინები.
– ძალიან მინდა, რომ ჩემი საქართველო მსოფლიო დონეზეც ვასახელო და თქვენც უფრო მეტად გაგახაროთ. ვნახოთ, რა იქნება ცოტა ხანში. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ძალიან კარგი ამბები მექნება მოსაყოლი.
– ამის გარდა, კიდევ გაქვს კარგი სიახლეები...
– აქაურ სამთავრობო რადიოში ვიყავით შეხვედრაზე. ძალიან უნდათ, ქართულად წავიყვანო გადაცემა. აქ ძალიან დიდ პატივს სცემენ ნაციონალობას, რწმენას, კულტურას, როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე სხვისას. აქვთ იდეა და ძალიან უნდათ, გავაკეთო ქართულენოვანი გადაცემა, რომელიც ემიგრანტებსაც გაახარებს და აბსოლუტურად იქნება დაცული ჩვენი ენა, კულტურა, ტრადიცია, რელიგია. უნდათ, ჩვენი ქვეყნის შესახებ ადამიანებს ქართულ ენაზე მივაწოდო ინფორმაცია.
– ეს, ალბათ, ქართული დიასპორისთვის კეთდება...
– კი, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული და მასშტაბური რადიოა, სამთავრობო დონის. მაქსიმალურად ვემზადები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერი ძალიან სწორად გავაკეთო. ალბათ, თარგმანსაც დაადებენ. ეს არ იქნება მხოლოდ რადიოსთვის, მათ არაერთი პლატფრომა აქვთ და ინფორმაცია ბევრგან გავრცელდება. კონტრაქტი უკვე გამოგვიგზავნეს. ახლა სახელზე ვფიქრობ. პირველ რიგში, ეს არის მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზეც, თუ როგორი სახის იქნება ეს გადაცემა. უკვე გვქონდა შეხვედრა, ეს მათი ინიციატივაა, შემოთავაზება მათგან მივიღე და როგორც მივხვდი, ძალიან არიან მონდომებული. სიმართლე გითხრათ, მე არც ვფიქრობდი, ამერიკაში, რადიოში ქართულად წამეყვანა გადაცემა. მანამდეც იყო სხვადასხვა შემოთავაზება და პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩემი გადაცემით ვიყავი დატვირთული, თითქოს, სერიოზულად არ განვიხილავდი, მაგრამ ახლა რომ დამიკავშირდნენ და ასეთი მნიშვნელოვანი წინადადება შემომთავაზეს, დავფიქრდი. თუმცა, აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი. როგორც ვთქვი, ჩემი პორტფოლიოები არაერთ კინო თუ სარეკლამო კომპანიაში გავგზავნე და თუ მათი პასუხი ამ პროექტის დაწყებამდე მივიღე, შეიძლება, ორივესთვის დრო არ მეყოს. როგორც ვუყურებ, მოვლენები ისე ვითარდება, არჩევანი მექნება გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ კინოზე დავთანხმდები.
– დაბრუნებაზე მინდა, გკითხო. როგორც ვხვდები, ამერიკაში საკმაოდ გრძელვადიანი გეგმები გაქვს.
– ეს პროექტი, არ იქნება გრძელვადიანი. აქ ყველაფერი ძალიან ოპერატიულად ხდება. ყველაფერი გაწერილია, მათ შორის, გადაღების დროც და მაქსიმუმ, ერთ წელიწადში დასრულდეს. ერთი წლის შემდეგ სრულიად თავისუფლად შევძლებ დაბრუნებას. თუმცა, შეიძლება, თვეები გაგრძელდეს, გააჩნია, რომელ პროექტს ავიღებ, მაგრამ იმას ნამდვილად გპირდებით, რომ ისე არ ჩამოვალ, სანამ ყველას არ გავაგებინებ, რა მაგრები ვართ ქართველები, ვინ და რა ხალხი ვართ. მინდა, აქაც გაიგონ, ვინ არის მერიკო კარტოზია. არ მინდა, ძალიან ამბიციურად გამომივიდეს, მაგრამ მსურს, მსოფლიო დონეზე გავიბრწყინო. საქართველოში რომ დავბრუნდები, კარგი ისტორია მქონდეს მოსაყოლი.
– ცოტა რთული იყო მიზეზი, რის გამოც დარჩენა მოგიწია, მაგრამ როგორი კარგი ამბები მოჰყვა და რამხელა პერსპექტივები.
– სიმართლე გითხრათ, არც პორტფოლიოს გაგზავნაზე ვფიქრობდი. ოცნება თბილისშიც მქონდა. რატომაც არა, როცა სერიოზული კომპანია დიდ პროექტს გთავაზობს, მაგრამ ამისთვის არ მეცალა. მე ჩემს გადაცემას ვემსახურებოდი, საქართველოში წამოსასვლელად ვემზადებოდი და მერე, უცებ ასეთი უბედური შემთხვევა დამემართა.
ჩემი ცხოვრება მართლა ორ ნაწილად იყოფა: ამერიკამდე და ამერიკის შემდეგ. ღმერთმა მეორედ მაჩუქა სიცოცხლე. ჯერ იყო ავტოავარია, მერე ფეხის ტრავმა, ორი ოპერაცია.
- 6-7 თვე რომ გადის, უკვე ფიქრობ, რომ ფეხზე უნდა დადგე და ამ დროს გეუბნებიან, რომ არა, მეორე ოპერაციაა საჭირო. ამ ყველაფერმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ძალიან შევიცვალე, თუმცა კარგი მხრივ. არ ვფიქრობ, ვაიმე, ეს რა დამემართა-მეთქი. პირიქით, მადლიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ, მადლიერი ვარ, რომ გადავრჩი და ვფიქრობ, ალბათ, ამქვეყნად კიდევ მაქვს მნიშვნელოვანი მისია შესასრულებელი, ტყუილად ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი?! რაც ამერიკაში ჩამოვედი, საერთოდ დავკარგე კონტროლი ჩემს ცხოვრებასა და გეგმებზე. ცოტა მისტიკური ქვეყანაა, თითქოს, თვითონ გკარნახობს, როგორ მოიქცე. რამდენჯერაც ვთქვი, მორჩა, ბოლო გადაცემას ვწერ და საქართველოში ვბრუნდები-მეთქი, იმდენი ახალი მიზეზი გამოჩნდა დასარჩენად... 17 აპრილს გაცნობიერებული მქონდა, რომ 20-ში ბოლო გადაცემას ჩავწერდი და მაისში უნდა წამოვსულიყავი. უკვე ყველანაირი დრო მეწურებოდა და საბუთების გაფუჭება არ მინდოდა. 20 აპრილს ისეთი ინციდენტი შემემთხვა, 7 უმძიმესი თვე გავიარე. ახლა ბევრად უკეთ ვარ, ჯოხით გადაადგილებაზე გადავედი. კვირაში სამჯერ მავარჯიშებენ ჩემი ფიზიოთერაპევტები და სახლში თვითონაც ვვარჯიშობ. ახლა მთავარია, რვა თვის განმავლობაში მოდუნებული კუნთები აღდგეს. ყოველდღიურად უკეთ ვგრძნობ თავს. ტკივილები მაქვს, ჯოხის გარეშე ვკოჭლობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე ჩვეულებრივად გავივლი, როგორც მანამდე. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ხანდახან მავიწყდება, რა მჭირს, წამოვხტები ხოლმე სადმე გასაქცევად, მაგრამ სად გაიქცევი, ფეხი მაშინვე მაჩერებს (იცინის). ტვინმა ჯერ კიდევ ვერ მიიღო ის ფაქტი, რომ ამხელა მოტეხილობა მქონდა და ამდენი თვე ამ მდგომარეობაში გავატარე. არ დავითრგუნე, პირიქით, უკეთ ვირწმუნე, რომ შეუძლებელი არაფერია და ზოგჯერ ადამიანს ოცნებაც არ გჭირდება, უბრალოდ, უნდა ადგე და გააკეთო. მით უმეტეს, ამერიკაში ბევრი შანსი გეძლევა და მთავარია, საკუთარ სურვილებზე უარი არ თქვა სიზამაცის გამო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან