მარიტა როხვაძე: როცა პირველად გავიგე, რას ნიშნავს მეგობრის ღალატი, იმის მერე ძალიან შევიცვალე
ავტორი: ეთო ხურციძე 18:00 12.04, 2022 წელი

ბლიცინტერვიუ მარიტა როხვაძესთან 👇
სახელი: მარიტა.
გვარი: როხვაძე.
პროფესია: მომღერალი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ცოტა მწარედ მახსენდება, როცა ეკლის ხიდან გადმოვვარდი და მუხლში დიდი ეკალი შემერჭო. დღემდე ვინახავ იმ ხის ეკალს, რომელმაც „შრამი“ დამიტოვა. აი, რომ ამბობენ, გუშინდელი დღესავით მახსოვსო, ზუსტად ამ მომენტზე შემიძლია, ვთქვა. დედაჩემის სახეს რომ შევხედე და ვიგრძენი, ეკლის ამოღების დროს ხელები როგორ უკანკალებდა, მაშინ შემეშინდა.
– მშობლების როლი...
– ყველაზე დიდი როლი ამ ადამიანებს აქვთ ჩემს ცხოვრებაში, იქიდან გამომდინარე, რომ არ მახსოვს რამე გადაწყვეტილება მიმეღოს და მათი მხარდაჭერა არ მქონოდა. დიდი როლი აქვთ, როგორც ჩემს კარიერულ წინსვლაში, ასევე იმ ადამიანად ჩამოყალიბებაში, რაც დღეს ვარ.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– ჟურნალისტი. სარკესთან დავდგებოდი ხოლმე და ვითომ სხვადასხვა გადაცემა მიმყავდა, ტექსტებს ვკითხულობდი. ნაწილობრივ ავიხდინე კიდეც ეს სურვილი, რაღაც პერიოდი ერთ-ერთ ტელევიზიაში ვმუშაობდი.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ბავშვობიდან ყველგან ვმღეროდი, ვცეკვავდი და ვიყავი წამყვანი. დედამ თავიდან ხალხურ ცეკვებზე შემიყვანა და ასევე, დავყავდი ფორტეპიანოზე. სიმღერას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ სხვა რაღაცები მუსიკამ გადაწონა.
– ჩემი მეტსახელი...
– ტუშკი. მარიტუშკებს მეძახდნენ და მერე ტუშკით შეამოკლეს, სკოლის დამთავრებამდე, ბოლომდე ასე მეძახდნენ მეგობრები.
– ადამიანში ვაფასებ...
– პასუხისმგებლობის უნარსა და ერთგულებას, რაც ძალიან იშვიათია დღევანდელ რეალობაში. ასევე, ადამიანს იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს.
– წარმატებული ადამიანი არის...
– წარმატებულია ადამიანი, თუ არ არის შურიანი, ბოღმიანი და სხვის საქმეში ცუდად არ ერევა. ასეთი ადამიანები საკუთარ თავზე ბევრად მეტ დროს ხარჯავენ, რეალიზებულები არიან და შესაბამისად, დროც არ აქვთ ვიღაცაზე დასაბოღმად. პირველი წარმატების ფორმულა ის არის, რომ ადამიანი არ უნდა იყო დაბოღმილი ვინმეზე. საკუთარ თავზე უნდა იმუშაო. წარმატებისთვის ბევრი შრომაა საჭირო, მაგრამ ეს შრომა ყოველთვის ფასდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ასეა.
– მეშინია...
– საერთოდ არაფრის არ მეშინია, მეგონა, რომ სიბნელის შიში მქონდა და თურმე, მარტივი გადასალახავი ყოფილა. ვფიქრობდი, ღრმა წყლის შიშიც მქონდა, სინამდვილეში არც ეგ მქონია. როგორც ბანალურად ამბობენ, სიკვდილის მეშინიაო, არც სიკვდილის მეშინია.
– მწამს...
– სიყვარულის. არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს ნიჭი. დიახ, სიყვარული დიდი ნიჭია ნებისმიერი რამის მიმართ: ადამიანის, მცენარის, ცხოველის. ღმერთია ჩემთვის სიყვარული და მწამს ამ გრძნობის. უფრო მეტიც, დედამიწაზე ყველაფერს სიყვარული ამოძრავებს.
– ვრისკავ...
– ხშირად. მიყვარს რისკი და ჩემს შემთხვევაში ყოველთვის ამართლებს. ბევრჯერ ყოფილა, რომ 10-ჯერ გამიზომავს და ერთხელ გამიჭრია, თუმცა არ გაუმართლებია, მაგრამ როცა პირდაპირ რისკზე წავსულვარ, კარგი შედეგი მოუტანაია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თვალდახუჭული უნდა გააკეთო, არის შემთხვევები, როცა დაფიქრება საჭიროა.
– მაკვირვებს...
– დაუნახაობა. ვარ ადამიანი, რომელსაც ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ამიტომ მგონია, ეს ჩემი დამოკიდებულება ცალმხრივი არ უნდა იყოს. როცა მის წარმატებაში რაღაც წვლილს შეიტან, ადამიანს ელემენტარული მადლობის თქმა მაინც უნდა შეეძლოს. როცა ადამიანი დაუნახავია, ვცდილობ, ჩამოვიშორო. ურთიერთობისას მადლიერების უნარი ჩემთვის გადამწყვეტია.
– ვერიდები...
– მატყუარა ადამიანებს და მანქანებს – გადასასვლელზე, ისეთი მოძრაობაა, ვფრთხილობ. კიდევ ბევრ ჭამას ვერიდები (იცინის).
– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...
– საზოგადოებიდან დანაკლისი არ მაქვს, რადგან ვისწავლე ადამიანებთან მოქცევა. ყველგან, სადაც უნდა ვიყო, თავს ლიდერად ვგრძნობ.
– ბედისწერა...
– მჯერა, რომ არსებობს, მაგრამ ადამიანს შეუძლია, ისე წაიყვანოს საკუთარი ცხოვრება, ბედისწერაც კი შეცვალოს. როცა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და მამა გარდამეცვალა, მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ბედისწერა იყო. გონება ისეთი რამეა, მსგავს რამეებსაც გაფიქრებინებს და საკუთარ თავს აჯერებ რაღაცებს, რასაც შემდეგ ბედისწერას უკავშირებ.
– სიცოცხლე არ ღირს...
– ჯანმრთელობისა და ფულის გარეშე. ჯანმრთელობა და სახსრები გჭირდება იმისთვის, რომ ადამიანმა იცხოვრო და არა იცოცხლო გადარჩენისთვის.
– სიყვარული...
– ნდობა და ურთიერთპატივისცემაა.
– დრო და სიყვარული...
– არ მჯერა ისეთი სიყვარულის, როცა ორი ადამიანი ცალ-ცალკეა, როცა ვერ ნახულობენ ერთმანეთს. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, სულ ერთად უნდა იყვნენ და უნდა აბედნიერებდნენ ერთმანეთს. თუ მართლა გიყვარს, გრძნობა დროს ნამდვილად უძლებს, მაგრამ ამას ხელშეწყობა და ერთმანეთის გვერდში ყოფნა სჭირდება. გულის წყვეტა რომ არ ჰქონდეთ, ორი ადამიანისთვის ყველაფერი უნდა იყოს 50-50-ზე. უნდა მიიღონ ერთმანეთი ისეთი, როგორებიც არიან.
– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...
– ღალატი და ტყუილი. პირად ურთიერთობაში არა, მაგრამ მეგობარს უღალატია და ეს ჩემთვის უპატიებელია. როცა მე შენ გენდობი და მერე გულს მტკენ, თან იცი ჩემი დამოკდებულება მსგავსი რამეების მიმართ, ვერ გაპატიებ.
– შემშურებია...
– არასდროს მქონია შურის განცდა. ყოფილა შემთხვევა, როცა ვარსკვლავს აუღია „გრემი“ და მეც გამჩენია სურვილი, მიფიქრია, ნეტა იქ ვყოფილიყავი-მეთქი, მაგრამ მას რა მაგარი მანქანა ჰყავს და მე რატომ არა, მსგავსი რამ არ განმიცდია. ესეც, ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის მაქვს ის, რაც მინდა.
– სამაგიეროს გადახდა...
– დედა ყოველთვის მეუბნებოდა: არასოდეს გადაუხადო ვინმეს სამაგიერო, ღმერთი ყველას გასცემს პასუხსო. კი, ეს გასაგებია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უნდა დაანახვო მას შენი სიძლიერე და მიუთითო შეცდომაზე. თუ ამასაც ვერ მიხვდება, მაშინ სამაგიეროს ვუხდი ძალიან ცუდად.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს, თუმცა ხშირად არ ვიხდი, რადგან საბოდიშოდ არ მაქვს ხოლმე საქმე. თუ არასწორად გავაკეთე რამე ან არ გამომივიდა, ბოდიშის და მაპატიეს თქმა „გრეხი“ არაა. არც ცრემლია სირცხვილი – ეს როგორც ქალების, ასევე კაცების გასაგონად.
– ვნანობ...
– ყოველთვის ისე ვაკეთებ, როგორც მე მინდა და აქედან გამომდინარე, სანანებლად არ მაქვს საქმე.
– ვაგროვებ...
– ბავშვობიდან ძალიან მიყვარს რბილი სათამაშოები და სულ მჩუქნიდნენ ხოლმე ან თავად ვყიდულობდი. ძალიან ბევრი დამიგროვდა და მერე დედამ ზოგი გააჩუქა. თავიდან ამაზე გული მწყდებოდა, მაგრამ ბავშვების გახარება ბევრად მნიშვნელოვანი იყო. მიყვარს ტირი და სულ ვიგებ იმის გამო, რომ ვიცი, ბოლოს სათამაშოს მომცემენ (იცინის).
– არასოდეს დამავიწყდება...
– „ჯეოსტარის“ ფინალი რომ მოვიგე, ეგ იყო საოცრება, ის შეგრძნება არასოდეს დამავიწყდება. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს შრომის დაფასება და ამ ბედნიერების შეგრძნება. იმ დღის მერე უფრო გამძაფრებულად ვგრძნობ, რომ თუ იშრომებ, ყოველთვის დაგიფასდება.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– როცა პირველად გავიგე, რას ნიშნავს მეგობრის ღალატი, იმის მერე ძალიან შევიცვალე და უფრო მეტად დავკარგე ადამიანებისადმი ნდობა. და მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან შემორიგების ბევრი მცდელობა იყო, არ ვაპატიე. ყველას მინდა, ვურჩიო: ადამიანებო, თუ ვინმე გულს გატკენთ არ აპატიოთ, მიუტევოს ღმერთმა. როცა ერთხელ გაუტარებ ადამიანს, ის მეორედაც იმავეს გააკეთებს, ამიტომ დათვური სამსახური არასდროს არავის არ უნდა გაუწიოთ.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– დედა ყოველთვის მეუბნებოდა, თავმდაბალი იყავიო. იმდენად მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ბევრს უთქვამს, სულ სხვანაირი მეგონე და სულ სხვა ყოფილხარო. ოღონდ, როგორი ვეგონე, ვერ ვხვდები (იცინის). ზუსტად ვიცი, როგორ წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო, სხვას ზემოდან ვერასდროს გადმოვხედავ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან