შოუბიზნესი

მარიკა ბაკურაძე: ძალიან გაჭირვებული ბავშვობიდან მოვდივარ - მშიოდა, პირდაპირი მნიშვნელობით

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 22.08

მარიკა ბაკურაძე
დაკოპირებულია

რა ასაკში დაიწყო პირველად მუშაობა, როგორ გახდა ფინანსურად დამოუკიდებელი, რაში არ ხარჯავს გამომუშავებულ თანხას და რაში არ ენანება ფული მარიკა ბაკურაძეს, ამაზე თავად მოგვიყვება.

მარიკა ბაკურაძე: პირველად მუშაობა 2000 წელს დავიწყე, ამიტომ მარტივად ვითვლი ჩემს სამუშაო გამოცდილებას, ანუ, უკვე 25 წელია, ვმუშაობ.

2000 წელს 16 წლის ვიყავი, ჩემი პირველი სამსახურიც ჩემს დღევანდელ პროფესიას უკავშირდება – ინტერვიუებს ვწერდი. ეს საქმე მარტო არ დამიწყია, ჩემი ბავშვობის მეგობართან თეონა ალაშვილთან ერთად გავაკეთე პირველი ინტერვიუ, რომელიც ჟურნალ „ვარსკვლავებში“ დაიბეჭდა. ერთ სატესტო სტატიაში ჰონორარი სამი ლარი იყო. სანამ სამსახურში აგვიყვანდნენ, 6 ლარი გადაგვიხადეს და მე და თეომ გავიყავით. მაშინ მეათე კლასში ვსწავლობდი.

ამ ჟურნალთან კარგა ხანს ვთანამშრომლობდი და მერე ცოტა მოიმატა ანაზღაურებამ, მაგრამ მაშინ სულ სხვა დრო იყო, სხვა ფასები და ფულსაც სხვა ძალა ჰქონდა. მერე უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში დავიწყე მუშაობა, მაშინ პირველ კურსზე ვსწავლობდი და იქ საგრძნობლად გამეზარდა ხელფასი – 40 ლარს ვიღებდი (იცინის).

– როგორ განკარგავდი მცირე თუ შედარებით მეტ ანაზღაურებას იმ ასაკში?

– მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი გამომუშავებული ფული იყო, ვცდილობდი, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დამეხარჯა. უბრალოდ ფულის ხარჯვა არ არის ჩემთვის დამახასიათებელი. დღესაც, მაღაზიაში კაბა რომ მომეწონება, მაშინვე არ ვყიდულობ. ვფიქრობ, დავუშვათ ვიყიდე, მაგრამ კიდევ ათი კაბა მაქვს და მეთერთმეტე მექნება თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, აუცილებელი სულაც არ არის კიდევ ერთის ყიდვა. ავდგები და იმ თანხას სხვა რამისთვის გადავდებ. ასე მუშაობს ჩემი ტვინი.

მერე უკვე „მეცხრე არხზე“ დავიწყე მუშაობა, კიდევ გამეზარდა ხელფასი. ამ დროს, ჩვენს სახლში მთავარი საჭიროება ბინის გამოცვლა იყო, რისთვისაც თანხის დამატება გვჭირდებოდა. დედაჩემია მოწმე, ხელფასს რომ ავიღებდი, ჩემთვის მხოლოდ 100 ლარს ვიტოვებდი და დანარჩენს სახლისთვის ვდებდი, დედას ვეხმარებოდი თანხის მოგროვებაში. თავიდანვე ეს მიდგომა გამომიმუშავდა, ფული მხოლოდ იმაში უნდა დავხარჯო, რაც აუცილებელია. საერთოდ, რამის ყიდვის განსაკუთრებულ მოთხოვნილებას არ ვგრძნობ. ნივთებისა და ტანსაცმლის მიმართ – მით უმეტეს. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, კაბაში ან სათვალეში ძვირი გადაიხადო. სულ რომ მილიონერი ვიყო, მაგალითად, საათში რამდენიმე ათას დოლარს არ გადავიხდი. „ჰოლივუდის“ ვარსკვლავი რომ ვიყო, მაინც ასე იქნებოდა, რა ვქნა, არ მიმაჩნია, რომ ასეთ ნივთებში ამდენი ფულის გადახდა ღირს. ფული შეიძლება, გქონდეს, შეიძლება – არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი დამოკიდებულება ასეთია.

ცოტა ხნის წინ ახლობელმა მითხრა, არ გინდა, მანქანა გამოცვალოო!? დავიანგარიშე უკეთესი მანქანის ხარჯები და ვნახე, რომ დაახლოებით, 3 000 დოლარის დამატება მიწევდა. ეს თანხა მაშინვე სამოგზაურო ბილეთების რაოდენობაში დავაკონვერტირე. იმდენი ბილეთი მომივა, ანუ იმდენს ვიმოგზაურებ და ისეთ სიამოვნებას მივიღებ, რომელსაც ახალი მანქანა ნამდვილად ვერ მომცეს. ძველითაც არაჩვეულებრივად დავდივარ. ჩემთვის პრიორიტეტი მოგზაურობაა და მასში თანხის დახარჯვა არ მენანება, სხვა არაფრის მიმართ არ მაქვს ასეთი დამოკიდებულება.

ცოტა ხნის წინ ვიყიდე საზაფხულო კაბა, რომელიც ზღვაზე გამომადგება და რომელშიც, ფასდაკლებით, 7 ლარი გადავიხადე. 30 ლარი რომ ყოფილიყო მისი ფასი, არ ვიყიდდი. იმდენად მარტივი დანიშნულება აქვს, მეტის გადახდა რომ არ ღირს. ასე ალაგებს ამ თემებს ჩემი ტვინი (იცინის). ჩემზე ვერც რეკლამები ახდენს გავლენას და ვერც სხვა რამ. მთავარია, ბილეთის რეკლამა არ ამომიხტეს ან რომელიმე საინტერესო კუნძული არ მომხვდეს თვალში (იცინის).

– ვერც თავის მოვლის საშუალებები გაცდუნებს?

– ერთადერთი, რასაც ვარჩევ, შამპუნია და სახის დამატენიანებელი კრემი, რომელსაც მაკიაჟამდე ვიყენებ. თუმცა, ესეც საქმეს უკავშირდება, დასვენების დროს სახეზე საერთოდ არაფერს ვისვამ, ანუ აქაც საჭიროებიდან გამოვდივარ. არც კოსმეტიკურ პროცედურებს მივმართავ და არც ფრჩხილებს ვიკეთებ განსაკუთრებულად. ასეთი რამეები საერთოდ არ მიზიდავს. მხოლოდ მოგზაურობაში არ მენანება თანხა და სადმე რომ ვარ, დამატებითი სანახაობისთვისაც გადავიხდი ორმაგს. იმ ადგილას ხომ მეორედ არ ჩავალ და მირჩევნია, დავხარჯო ფული იმისთვის, რომ ყველაფერი მოვინახულო. ნივთები, სუნამოები, ავტომობილები, რესტორნები და ასე შემდეგ, არ არის ჩემი ინტერესის სფერო.

– სახლის საჭიროებები?

– ვერ ვიტან ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ონკანის, სარეცხის მანქანის გაფუჭება და ასე შემდეგ. ეს მირღვევს გონებაში დალაგებულ წესრიგს. თუ ასეთ პრობლემას ვაწყდები, მირჩევნია, ორმაგი გადავიხადო, ოღონდ მალე მომიგვაროს ხელოსანმა და ელიავაზე არ წავალ, რომ შეღავათიანი თანხა დამიჯდეს, რადგან ეს დამატებით დროსთან არის კავშირში. დედაჩემს ვეტყვი ხოლმე, სასწრაფოდ დარეკე და რასაც მეტყვი, გადავიხდი, ოღონდ ეს დისკომფორტი დიდხანს არ გაგრძელდეს-მეთქი.

– ყველაზე კარგ დაბანდებად რა მიგაჩნია და რაში „გადაგიყრია“ ფული?

– ყველა ჩემი ძვირად ღირებული შორეული ბილეთი საუკეთესო დაბანდებაა. მექსიკა, ბრაზილია, კუბა მართლა ძვირი ღირს, მაგრამ არცერთზე არ დავიწუწუნებ. ასევე, ყველაზე კარგი დაბანდებაა ესპანური ენის კერძო გაკვეთილებში გადახდილი თანხა. სწავლაში დაბანდება ყოველთვის ღირს. ესპანურს უკვე ხუთ წელზე მეტია, ვსწავლობ და ამ ენამ სრულიად სხვა სამყაროს კარი გამიხსნა, რაც ასევე, კავშირშია მოგზაურობასთან და არაჩვეულებრივ შედეგს მაძლევს. ფულის „გადაყრას“ ვერ ვიხსენებ. ყველზე ძვირი, რაც მახსენდება, 40 ევრო გადავიხადე ქურთუკში, მაგრამ მომწონს, კარგ მოგონებებთან ასოცირდება, ესეც მოგზაურობისას შევიძინე კონკრეტული ადგილის მოსაგონრად (იცინის).

– მობილური ტელეფონიც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

– მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყანაში რომ მივდივარ, ფესტივალებსა თუ სხვა ღონისძიებებზე, ძირითადად, მარტო ვარ და თვითონ ვიღებ. ამიტომ ჩემთვის კამერის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი მობილური კი მოძველდა და კარგად ვეღარ იღებს. ოპერატორებმა „აიფონის“ კონკრეტული მოდელი მირჩიეს და შევიძინე.

კი მაქვს, მაგრამ ყველა ჩემი თანამშრომელი თუ ახლობელი დამცინის, „აიფონი“ ჩანთაში რატომ გიდევსო (იცინის). ლეპტოპთან ერთად მიდევს და როცა გადასაღებად მჭირდება, ვიყენებ. სხვა საჭიროებებისთვის ისევ ჩემი ძველ ტელეფონი მაქვს. ჩემი შვილებიც დამცინიან, ჯაბახანათი დადიხარ და კარგი ტელეფონი ჩანთაში გიდევსო, მაგრამ მე იმისთვის ვიყენებ, რისთვისაც ვიყიდე. ვერ ვაგებინებ ამ ხალხს, რომ საქმისთვის რომ მჭირდებოდა, ამიტომ ვიყიდე და არა ფუფუნებისთვის. მე არ მაქვს ასეთი ცდუნებები. არ ვარ ტიპი, რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებლად „აიფონი“ უნდა ეჭიროს ხელში. თვითშეფასებისთვის ძვირად ღირებული ნივთების გამოჩენა საერთოდ არ მჭირდება. რაღაც თუ მჭირდება, ვიყიდი. თუ ნივთს ჩემთვის ფუნქცია არ აქვს, არ ვიყიდი იმისთვის, რომ მოდაშია და ასე შემდეგ. ადამიანს თუ თვითშეფასების პრობლემები გაქვს, ათი „აიფონი“ რომ გეჭიროს ხელში, მას მაინც ვერ აიმაღლებ. მაგალითად მომყავს ხოლმე, რომ ბილ გეითსი „კნოპკიანი“ ტელეფონით დადის, ბევრი მილიონერი კი – ერთი და იმავე მაისურით, რადგან ეს არ გამოხატავს ფინანსურ შესაძლებლობებს.

– საერთოდ, რამდენად განსაზღვრავს ფულის ქონა-არქონა შენს ემოციურ მდგომარეობას?

– მე ძალიან გაჭირვებული ბავშვობიდან მოვდივარ. პირდაპირი მნიშვნელობით, მშიოდა. 90-იან წლებში სახლიდან „ბანკებს“ ვაბარებდი, რომ ერთი ცალი პატარა წვენი მეყიდა. დედა მუსიკის მასწავლებელი იყო და მოსწავლე რომ ბამბანერკას მოუტანდა, შეჭმის შემდეგ კოლოფს მაცივარში ვინახავდი, რომ მისი სურნელი დიდხანს შემეგრძნო. გამონაცვალ ტანსაცმელში გავიზარდე. ალბათ, აქედან გამომდინარეც ჩამომიყალიბდა ასეთი ხასიათი. მაგრამ ამის გამო ცხოვრების ხალისი არ დამიკარგავს. ალბათ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩვენი განწყობა ფულის ქონა-არქონაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. გაჭირვება არ მიკვირს, მახსოვს ერთხელ მთელმა სადარბაზომ ავაგროვეთ ფული ერთი საზამთროსთვის და მე იმ საზამთროზე გემრიელი არაფერი მიჭამია. მგონი, ისეთი ბედნიერი, როგორც მისი ჭამისას, არასდროს ვყოფილვარ. დღეს ასეთი სიხარული შეიძლება, ვეღარ ვიგრძნო, არადა ბევრი რამის ყიდვა ძალიან მარტივად შემიძლია.

– სხვათა შორის, პატარების მიმართაც ხშირად გვესმის, რომ ასე განსაკუთრებულად არაფერი ახარებთ.

– მატარებლით ვმგზავრობდი, გვერდით მეჯდა ბავშვი, რომელსაც ხელში ბოლო თაობის „აიფონი“ ეჭირა, შოკოლადები, წვენები, სათამაშოები, ყველაფერი ჰქონდა და მაინც რაღაცაზე ჭიჭყინებდა. მშობელმა გამომხედა და მითხრა, ჩვენ რომ ეს ყველაფერი გვქონოდაო... ახლანდელ ბავშვებს მართლა ყველაფერი აქვთ. შედარება არ მიყვარს, რადგან სხვადასხვა თაობას წარმოვადგენთ, მაგრამ თითქოს დაფასების შეგრძნება დაიკარგა.

– თვითონ როგორი დამოკიდებულება გაქვს შვილების მიმართ?

– ჩემი ორივე შვილი 16 წლიდან მუშაობს – ხან მოკლე, ხან გრძელვადიან სამსახურებში. ვცდილობ, საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლის დაფასება შეეძლოთ. ზუსტად ახლა ვეუბნებოდი, თუ რამე ზედმეტი გაგიჩნდებათ, ხელფასისა და ჩემგან მოცემული ფულის გარეშე, ეს ხომ არსაიდან მოსული ფულია და მოდი, გადავდოთ-მეთქი. მინდა, რომ ამასაც მიეჩვიონ. მთავარია, რომ იციან, თუ თვითონ არ იმუშავებენ, მშიერს არც მე დავტოვებ, მაგრამ არის რაღაცები, რისი ფულიც 17-18 წლის ასაკში მე აღარ უნდა მთხოვონ. თვითონაც არ ეზარებათ, მუშაობენ და შრომას არ თაკილობენ. ჩემი ბავშვობისგან განსხვავებით, არ შიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი ფული არ უნდა ჰქონდეთ. მე რომ რამე დამემართოს, მერე რა მოხდება? ამ ლოგიკით, ვცდილობდი, დამოუკიდებლობისთვის მიმეჩვია. მაგალითად, პატარებს სკოლაში მანქანით რომ ვატარებდი, გზის რაღაც მონაკვეთში ჩამოვსვამდი, აბა, ახლა თვითონ გააგრძელეთ გზა სკოლისკენ ან სახლისკენ-მეთქი. ჩემ გარეშეც ხომ უნდა შეძლებოდათ გადაადგილება?! არასდროს მიტარებია მათი ჩანთა, რადგან სკოლის მოსწავლეს საკუთარი ჩანთის ტარება უნდა შეეძლოს – მე ასე მიმაჩნდა. იმიტომ, რომ ცხოვრება მერე ბევრი ტვირთის ტარებას დააჭირვებს და ჩანთა მასთან რა მოსატანია. არავინ იცის, წლები რომ გავა, როგორები იქნებიან, მაგრამ მე ვცდილობდი, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომემზადებინა. მე რომ მათ ასაკში ვიყავი, ინტერვიუებზე ხან სად მიბარებდნენ, ხან სად, რაც იმ დროს არ იყო უსაფრთხო და დედაჩემი დამყვებოაა. ხელს კი არ მიშლიდა მუშაობაში, მხარს მიჭერდა და სანამ მე ინტერვიუს ვწერდი, ის გარეთ მელოდებოდა, მაშინ სხვა დრო იყო და როგორც შეეძლო, ხელს მიწყობდა. მეც, როგორც შევძელი, ვეცადე, ჩემი შვილები დამოუკიდებლობისთვის მომემზადებინა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა