მანუ მურღულია: არის ადამიანი, ვისთანაც საინტერესო ურთიერთობაში ვარ
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 12.01
მომღერალ მანუ მურღულიასთვის გასული წელი, გარდა იმისა, რომ შემოქმედებითი თვალსაზრისით, წარმატებული იყო, საკმაოდ ტკივილიანიც აღმოჩნდა, რადგან საყვარელი ბაბუა გარდაეცვალა – დედის მამა და დღემდე უჭირს დაჯერება, რომ სახლში მისულს ვეღარ შეეგებება. მიუხედავად ამისა, ცდილობს, დარდი და ტკივილი არ შეიმჩნიოს, ჩვეული ენერგიითა და სიხალისით დგას სცენაზე, მიკროფონით ხელში. როგორც თავად ამბობს, ქუჩაში გასულს უცხო ადამიანებისგან იმხელა სითბო და სიყვარული ხვდება, წლების განმავლობაში მისი დამღლელი შრომა ამ შედეგად ღირდა.
მანუ მურღულია: გასული წელი ჩემთვის საინტერესო იყო, ცხოვრებისეულ მომენტებს გავუმკლავდი, ბევრი რამ ვისწავლე, რის შემდეგაც შეცდომებს აღარ ვუშვებ და ესეც ერთგვარი გამოცდილება იყო. გასულმა წელმა მომიტანა ხალხის სიყვარული, რასაც ძალიან ვაფასებ და რომ მკითხონ, პოპულარობა რის გამო მოგწონსო, დაუფიქრებლდად ვუპასუხებ – ხალხის სიყვარულის გამო! ქუჩაში რომ გავდივარ, მიღიმიან, მაჩერებენ და თბილ სიტყვებს მეუბნებიან, ვდნები, მთელი დღე ბედნიერი დავდივარ. ვიცი, ყველას მოსაწონი ვერ ვიქნები და სოციალურ ქსელში ცუდ კომენტარსაც მიწერენ, მაგრამ მაინც სჯობნის კარგი კომენტარები და ეს ძალიან მიხარია.
– ცუდ, უარყოფით კომენტარებს რომ კითხულობ, განიცდი და შენზე მოქმედებს?
– როგორ არა, ჩემზე უარყოფით კომენტარს რომ ვკითხულობ, განვიცდი, თუმცა, არ მოგატყუებთ, ადრე უფრო განვიცდიდი. ვერ გეტყვით, მივეჩვიე-მეთქი, მაგრამ ახლა ვცდილობ, გულთან ახლოს აღარ მივიტანო, ჩემს თავს დავაჯერო, რომ ყველას მოსაწონი ვერ ვიქნები. თუმცა, რომ გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს, ჩემზე რას წერენ-მეთქი – არა. შეიძლება, სპეციალურად არ წავიკითხო კომენტარები. მირჩევნია, არ ვიცოდე, ვიდრე ცუდი წავიკითხო. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი გავიდა, წლებია, ასე თუ ისე, პოპულარული ვარ, ცუდ კომენტარებს ბოლომდე მაინც ვერ მივეჩვიე.
– მანუ, რამდენად გიყვარს ახალი წლის ჯადოსნური დღეები და თოვლის ბაბუა თუ მოდიოდა შენთან შეკვეთილი საჩუქრებით?
– ძალიან მიყვარს ახალი წელი, ყველა დღესასწაულზე მეტად. ჩემი დაბადების დღეც კი არ მიყვარს ისე, როგორც ახალი წელი. ბავშვობიდან, როცა ბებიასთან და ბაბუასთან, მანანასთან და გიასთან, ვცხოვრობდით, იმ წლებიდან მახსენდება ტკბილად. თოვლის ბაბუის როლი ბაბუაჩემს – გია მურღულიას, ჰქონდა მორგებული. მე კი 12 წლამდე მჯეროდა ნამდვილი თოვლის ბაბუის. ახალ წელს მაგიდის ქვეშ ვძვრებოდი და იქიდან ვუთვალთვალებდი, როდის მოვიდოდა. ჩემი და რომ პატარა იყო, გია შემოვიდა და თქვა, თოვლის ბაბუამ ეს გამოგიგზავნაო, იქ მივხვდი, რომ თოვლის ბაბუის მითი დამემსხვრა (იცინის). გულით მჯეროდა და რომ მივხვდი თოვლის ბაბუა ბაბუაჩემი იყო, არ შევიმჩნიე, მაგრამ ძალიან მეწყინა. დღემდე შემონახული აქვს დედაჩემს, თოვლის ბაბუასთვის ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი ჩემი წერილები და ახლა რომ ვკითხულობ, მეცინება (იცინის). თან, ზუსტად ის მოჰქონდა, რასაც ვთხოვდი.
– როგორც მეკვლეს, როგორი ფეხი გაქვს და სასწაულების ახდენის თუ გჯერა?
– არავის მეკვლე არ ვყოფილვარ, შესაბამისად, არ ვიცი როგორი ფეხი მაქვს (იცინის). თუმცა, ვფიქრობ, კარგი მეკვლე ვიქნები, რადგან სადაც შევალ, გულით შევალ, კეთილი ვარ და ცუდს არავის ვუსურვებ. სასწაულების ახდენის კი თეორიულად მჯერა, რადგან რომ გითხრათ, რამე ჩავიფიქრე და მაინცადამაინც ის ამიხდა-მეთქი, არ მახსენდება.
– სიახლეები და გამოწვევები გაშინებს თუ პირიქით?
– რომ გითხრათ, სიახლეები არ მაშინებს-მეთქი, მოგატყუებთ. გადაწყვეტილებებს არასდროს ვიღებ მარტო. ყოველთვის ვეკითხები აზრს ოჯახის წევრებს, გვერდით მიდგანან და ერთად მივდივართ კონსენსუსამდე. შეიძლება, თავიდან ცოტა გავჯიუტდე, მაგრამ მერე ვფიქრობ და საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებ, თუმცა აუცილებლად ვითვალისწინებ ოჯახის წევრების აზრს. სხვათა შორის, რამდენჯერმე, როცა ოჯახის წევრებს არ დავუჯერე, დიდად კარგად არ წამივიდა საქმე. შესაბამისად, ვისწავლე მოსმენა, მათი აზრის გაანალიზება და მხოლოდ ამის შემდეგ ნაბიჯის გადადგმა.
– მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი შემოქმედებითად საკმაოდ წარმატებული იყო – შექმენი საკუთარი ბენდი, გქონდათ გამოსვლები, მიპატიჟებები კორპორაციულ საღამოებზე და ასე შემდეგ, იმავდროულად იყო ტრაგიკულიც. როგორ შეძელი ამის ფონზე, სცენაზე აქტიურად დგომა და სიმღერა?
– დიახ, მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითად წარმატებული წელი მქონდა, ტრაგიკულიც იყო, რადგან დიდი ხანი არ გასულა, რაც საყვარელი ბაბუ გარდამეცვალა. ხალხს ჰგონია, რადგან ეკრანზე და სცენაზე მხიარული ვარ, არ განვიცდი. არც ვაპირებ რამის თქმას, რადგან, მხოლოდ მე ვიცი, როგორ მიყვარდა, როგორ განვიცდი და რა ტკივილი დამრჩა გულში ამ ადამიანის გარდაცვალებით. დიდი ბებია და ბაბუა რომ გარდამეცვალა, პატარა ვიყავი და იმდენად ვერ ვიგრძენი მათი წასვლის ტკივილი, ახლა რომ რეალურად დავეჯახე სიკვდილს, ისეთი მძიმე და საშინელი გადასატანია, გონებას ვკეტავ, არ მინდა, ვიფიქრო. მხოლოდ იმაზე ფიქრი მამშვიდებს, რომ კარგად არის იქ, სადაც არის, მფარველობს ზემოდან და სულ მადევნებს თვალს. მოკლედ, სამწუხაროდ, დადგა ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როცა არ მემღერებოდა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე. თან, ბაბუს გარდაცვალება სულ შემთხვევით გავიგე - ვიყავი კვიპროსზე, ჩემები მიმალავდნენ და სცენაზე გასვლის წინ გავიგე, რომ ბაბუ გარდაიცვალა. ახლო მეგობარმა მომისამძიმრა მესენჯერში. სახლში რომ დავრეკე, მითხრეს: არ გაგაგებინეთ. ვიცოდით, უნდა გემღერა და არ გვინდოდა, გენერვიულაო. ესეც ერთგვარი გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან როცა შემოქმედი ადამიანი ხარ, მომღერალი, არტისტი, მსახიობი და ასე შემდეგ, რამდენად ძლიერი უნდა იყო, რომ გარდაგეცვალოს უსაყვარლესი ადამიანი, ახვიდე სცენაზე და ვითომც არაფერი, იმღერო. მაგ დროს არ ვიცი, რა დამემართა, სცენაზე გასვლისას ტვინი ჩავკეტე, რომ ბაბუზე არ მეფიქრა და რობოტივით ვმღეროდი. ძალიან ძნელია, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ბოდიში, აღარ ვიმღერებ-მეთქი, არ გამოვიდოდა.
ზოგადად, ძლიერი ხასიათი მაქვს, მაგრამ ბუნებრივი ინსტინქტია, როცა ტრაგედიის დროს ტვინი იკეტება და ეს დამემართა მეც. თუმცა, რომ გითხრათ, ბოლომდე გაცნობერებული მაქვს მისი გარდაცვალება-მეთქი, მოგატყუებთ. ხანდახან, სახლში რომ მივდივარ, მგონია, გამოვა და შემეგებება. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემ გვერდით აღარ არის.
– თქვი, ძლიერი ვარო. ზოგადად, შენს ხასიათში რომელი თვისება მოგწონს ყველაზე მეტად და არის ისეთი რამ, რასაც გამოასწორებდი?
– მთელი ცხოვრება ჩემს თავს ვუმტკიცებდი, ძლიერი გოგო ვარ-მეთქი და რა მინდოდა, რატომ გადავწყვიტე, ძლიერი უნდა ვიყო-მეთქი?! ვყოფილიყავი სუსტი! (იცინის) სკოლა დავამთავრე თუ არა, იმ დღის მერე ვმუშაობ. ხასიათში მქონდა, მე თავად უნდა ვიშრომო და გავაკეთო ყველაფერი-მეთქი. სწორია, კარგია, მაგრამ ისე ვიღლები, ხანდახან ვამბობ: რად მინდოდა, მოევლო სხვას, შემეშნოვებინა სუსტი სქესობა-მეთქი (იცინის). თუმცა, ასე, დაღლილი როცა ვარ, მაშინ ვფიქრობ, რეალურად კი, ნამდვილად არ მინდა მთელი ცხოვრება სხვამ მომიაროს და მე არაფერი ვაკეთო. ძალიან კარგად გამომდის ჩემი თავის ხელში აყვანა და ეს თვისება ჩემს ხასიათში ძალიან მომწონს. როცა ცუდად ვარ და რაღაც მიჭირს, არ მიყვარს სხვასთან ლაპარაკი, ჩემს თავთან ვსაუბრობ და ვეძებ გამოსავალს. სხვათა შორის, გამომდის. არ მიყვარს ჩემი ტკივილი და განცდა სხვას მოვახვიო თავს. შეიძლება, ძალიან მტკიოდეს, ემოციურად მძიმედ ვიყო, მაგრამ ეს სხვამ ვერ დაინახოს და გაიგოს. რაღაც მომენტში ცუდია, მაგრამ მე ასეთი ადამიანი ვარ. რომ შემეძლოს, ჩემს ხასიათში გამოვასწორებდი ჩემს ბუტიაობას. ძალიან მარტივად მწყინს. ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამოც კი შეიძლება, დავაიგნორო ადამიანი და ცხოვრებაში აღარ გავუღიმო. პატიება ძალიან მიჭირს, მგონია, ისევ ცუდს გააკეთებს და მეორე შანსს ვერავის მივცემ.
– შენს ასაკთან შედარებით, უფრო პატარად გამოიყურები. ალბათ, სხვებიც გეუბნებიან ამას, ხომ ასეა?
– 28 წლის ვარ და ყველას 25 წლის გოგო ვგონივარ. ისე მომწონს, ასე რომ ფიქრობენ ჩემს ასაკზე, კომპლიმენტადაც ვერ ვიღებ, რადგან თავადაც ასე მჯერა, რომ პატარა ვარ (იცინის). რეალურად, ბავშვური ტიპი ვარ, არ ვუყურებ ციფრებს, რომ უკვე 28 წლის ვარ, ცოტა შევიმჩნიო ასაკი, უფრო მორიდებული ვიყო. ვარ მხიარული, ჩემი ემოციების კონტროლიც არ მიყვარს – როგორც მიხარია თუ არ მიხარია, ისე გამოვხატავ და ისე ვიმჩნევ.
– ვიცი, არ გიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა უნდა გკითხო: როდის გეწვია პირველი სიყვარული, თუ იყო გულისტკენები და ახლა თუ არის შენ გვერდით საყვარელი ადამიანი?
- მე მყავდა ძალიან კარგი პირველი შეყვარებული, იდეალური, რომელთან ერთადაც 2 წელი ვიყავი. მაშინ 22 წლის ვიყავი, არც გვიჩხუბია, ისე დავშორდით. უბრალოდ, მე დავასრულე ეს ურთიერთობა, რადგან მივხვდი, ამოვწურე ჩემი თავი ამ ურთიერთობაში, ჩვენი გზები ასცდა, არ მინდოდა გული მეტკინა მისთვის და ჯობდა, მეგობრებად დავრჩენილიყავით. სანდრო და მე ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, შეყვარებულები არ ვართ, მაგრამ კარგ მეგობრებად დავრჩით და ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, როგორც მეგობარი. ორი წლის მერე, ისევ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ძალიან მატკინა გული. მასთან ურთიერთობა ცუდად დასრულდა. ახლა არის ადამიანი, რომელთანაც საინტერესო ურთიერთობაში ვარ. მის გვერდით ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. იმ ორმა ურთიერთობამ კი დამანახვა, რომ არსებობენ გადასარევი ადამიანები და ბოროტები. მგონია, რასაც მე არ გავაკეთებ, სხვა არ გამიკეთებს და მეორე რომანტიკულ ურთიერთობაში, ეს მითის კოშკი ჩამოინგრა. ხუთი წლის წინ რომ გეკითხათ, ალბათ, გეტყოდით სტიმულისთვის გვერდით საყვარელი ადამიანი არ მჭირდება-მეთქი, მაგრამ ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გყავს ადამიანი, ვისი იმედიც ნებისმიერ დროს გაქვს. ახლა კი, სწორედ, ისეთი ადამიანია ჩემ გვერდით, რომლის იმედიც ყოველ წამს მაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





