შოუბიზნესი

მაკა შალიკაშვილი: ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, სადაც არ უნდა ჩამაგდო, მაინც ვიზამ რამეს, არ არის პრობლემა

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 03.08, 2022 წელი

მაკა შალიკაშვილი
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა - რომელს რა წვლილი მიუძღვის მაკა შალიკაშვილის წარმატებაში და რა არის მისი ცხოვრების მთავარი იღბალი და უიღბლობა, ამას მაკასგან შევიტყობთ.

მაკა შალიკაშვილი: საკუთარ თავს ძალიან იღბლიან ადამიანად ვთვლი. მინდა, ყველა მშობლის საყურადღებოდ ვთქვა, რომ გარშემო მყოფებს და პირველ რიგში, მათ, ბავშვის ცხოვრებაში ლომის წილი აქვთ ყველანაირი თვალსაზრისით. მაგალითისთვის, ჩემს მშობლებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს იღბლიანობაში. სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს, ეს ყველამ ვიცით. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემზე ამბობდნენ „ო, მაკა როგორი იღბლიანიაა“. „მაკას საოცარი იღბალი აქვს, სულ იგებს“. თამაში იქნება, სწავლა თუ რამე ელემენტარულის გაკეთება – ყველაფერთან მიმართებაში ეს სიტყვები მესმოდა. „დედა, ეს რომ გაიზრდება, ისეთი იქნება, ქვაზე რომ დასვა, იცხოვრებს“ და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩემ შესახებ სულ მესმოდა „ჩვენი იღბლიანი გოგო“ და მართლა იღბლიანი აღმოვჩნდი. ყოველთვის და ყველგან საინტერესო ხალხსა და სიტუაციებში ვხვდებოდი. მაგალითად, ავტობუსში რომ ავდიოდი, აუცილებლად მძღოლთან ჩამომიყალიბდებოდა ძალიან კარგი დამოკიდებულება.

– ანუ, სადაც მოხვდებოდი, იმ სიტუაციაში ლიდერებთან გამოგდიოდა კარგი ურთიერთობა?

– აუცილებლად. ყველგან ლიდერთან ერთად ვიდექი. ქუჩაში მთავარ მეეზოვესთან მექნებოდა დიალოგი, ავტობუსში მძღოლთან და ასე შემდეგ. ყველგან იღბალი მდევდა თან. ჩემი ნათლია გივი ბერიკაშვილი გახლდათ, თეატრალურში საუკეთესო პედაგოგი მყავდა – მუშა გაწერილია, საუკეთესო მეგობრები მყავს. მე მიყვარს ყველა ჩემ გარშემო და ყველა საუკეთესოა. დიდხანს ვგრძნობდი, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე. მოვიდა პოპულარობა, წარმატება. ამ მხრივაც ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი. საოცარ რამეს გეტყვი, „სარდაფში“ მივედი, საუკეთესო თეატრში მოვხვდი, ყველაზე მეტად რომელიც მომწონდა და უცებ, ვერ ვიტყვი, რომ დიდი დამსახურება მქონდა, მაგრამ აღმოვჩნდი თქვენი ჟურნალის გარეკანზე. ადამიანები ამისთვის ძალიან ბევრს შრომობენ. არ არის ადვილი ჟურნალის გარეკანზე მოხვდე, მით უმეტეს, ძალიან პატარა გოგოსთვის, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს.

აი, უკვე შრომა და ძალიან დიდი შრომა ჩავდე ლექსების თქმაში. ეს იღბალი აღარ არის, ეს შრომაა. იღბლიანი ვარ, ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, სადაც არ უნდა ჩამაგდო, მე მაინც ვიზამ რამეს, არ არის პრობლემა, გამოსავალს ვიპოვი, მე ხომ მაგარი ვარ, მე ეს შემიძლია – ეს აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვგრძნობ, რომ ასეთი ვარ, მაგრამ შრომა ის არის, რაც გზრდის, ამყარებს შენს იღბალს და რის გარეშეც მას ჩალის ფასი ექნება.

– ბავშვობიდანვე შრომისმოყვარე იყავი თუ ეს თვისება გამოიმუშავე?

– მე ყოველთვის მჭირდებოდა ბევრჯერ წამეკითხა გაკვეთილი, რომ მესწავლა. ერთხელ წაკითხვით ვერ ვიმახსოვრებდი. მაგრამ მერე დავწყნარდი და ჩემს იღბალს მივენდე. ვფიქრობდი, მე გამომივა, მე მაგარი ვარ, რაც არასწორია. ამ გზით განა არ ვაღწევდი წარმატებას, მაგრამ უფრო მეტს მივაღწევდი ცხოვრებაში, მაშინაც რომ ბევრი მეშრომა. განა არ ვშრომობდი, ვშრომობდი, მაგრამ მეტად რომ მომენდომებინა, სიღრმეები რომ მეძია, კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, თავგადაკლული შრომაა საჭირო. სისხლი და ოფლი რომ გერევა ერთმანეთში, მერე იღებ საოცარ შედეგს. ოფლის გამოდენამდე ვშრომობდი, მაგრამ სისხლიც რომ გამომედინა, კიდევ უფრო მაგარი გოგო ვიქნებოდი.

– ფეხს ფეხზე რომ გადაიდებ და მხოლოდ იღბალს მიენდობი, ამის უფლება მიგიცია თავისთვის?

– უფრო ადრეულ ასაკში, მაგრამ საერთო ჯამში, ეგ არ არის ჩემი პოზა. თუმცა, დღეს ზუსტად ამ თემაზე დავწერე სტატია. ხშირად დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ვუყურებ ადამიანებს: ნერვიულობენ, ჩქარობენ, გვერდზე გაგწევენ, გადაგივლიან, გაირბენენ, ჩაირბინენ. შენ დგახარ. ჩახვალ და ის ადამიანიც იქ დგას და ელოდება მატარებელს შენთან ერთად. ამ დროს, ამდენი ირბინა. ამაზე კი არ ვბრაზდები, ძალიან ხშირად პირიქითაც ყოფილა – მე ჩამირბენია და ფრთები რომ მქონოდა, ყველას გადავაფრინდებოდი კიდეც. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველას მატარებელი მოვა მაშინ, როცა საჭიროა. იმის თქმა მინდა, რომ ზედმეტი სიგიჟე, რაღაცაში კარგია, რაღაცაში მართლა ფეხი ფეხზე უნდა გადაიდო და დაელოდო. არის მდგომარეობა, როცა არაფერს აზრი არ აქვს. უბრალოდ, უნდა იცოდე, როდის ღირს ხელების ქნევა და როდის – არა. „ხელი გაანძრიე და გეშველება“ – ეს გამოთქმა ყველამ ვიცით და კი, ეს ნამდვილად საჭიროა, მაგრამ ზოგჯერ უნდა გაჩერდე და დაელოდო. ეს არ ნიშნავს უმოქმედობას. შენ შეიძლება, ხელების ქნევა შეწყვიტო, მაგრამ არა ფიქრი. მერე გონება აუცილებლად მიგიყვანს შედეგიან ქმედებამდე.

– ადამიანებში რამდენად გიმართლებს? ხომ არსებობს „ცუდი და კარგი თვალი“ და როცა სულ ყურადღების ცენტრში ხარ, ალბათ, მეტად ამჩნევ ამას.

– როგორი თვალითაც შევხედავ, ზუსტად იმ თვალით მიყურებენ ადამიანები. თუმცა, ყოფილა აბსოლუტურად არაადეკვატური პრეცედენტები. მიუხედავად ჩემი კეთილი დამოკიდებულებისა, მიმიღია როზგი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჯიუტად არ მაინტერესებს, არ მესმის და არ მინდა, გავიგო მათი როზგი. თუმცა, არ მეტყობა და ვერ მივხვდი – არა, ადრესატმა იცის, რომ მივხვდი და იმ წუთას მურაბა ადამიანი ნამდვილად არ ვარ, თუმცა საერთო ჯამში, საზოგადოებისგან ადეკვატურ დამოკიდებულებას ვიღებ. არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როდესაც მე საზოგადოებამ გამლანძღა.

– როგორ ფიქრობ, რაში ხარ ნაკლებად იღბლიანი?

– მგონია, რომ ყველაფერში იღბლიანი ვარ. ერთი თვისება მაქვს, მე შეიძლება ჩემთვის ვფიქრობდე, რომ რაღაცაში არ გამიმართლა და ეს ცუდია, მაგრამ როდესაც მეკითხებიან, პირველ რიგში, ჩემი იღბლიანობა მახსენდება. თორემ, არ გამიმართლა იმაში, რომ ფულიანი არ ვარ. ძალიან მინდა, რომ ბევრი ფული მქონდეს, მაგრამ არ მაქვს. იმდენ საქმეს გავაკეთებდი... მსახიობებს რომ მილიონები აქვთ, დადიან და ეხმარებიან გაჭირვებულებს, ამას რა სჯობს?! სად არ ჩავიდოდი, ვის არ დავეხმარებოდი, რამდენ სოფელს და რაიონს მოვივლიდი და ამ ჩვენს მოსახლეობას გავუკეთებდი, რაც სჭირდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი