შოუბიზნესი

მაია ჯორჯაძე: იმდენი წელი ველოდით... გიო ოცნებობდა ამ დღეზე

№31

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 05.08

მაია ჯორჯაძე
დაკოპირებულია

მაია ჯორჯაძე ნანატრი შვილიშვილის ბებია გახდა. გიო ხუციშვილი უმცროსი - მათი ოჯახის ახალი წევრი სულ ცოტა ხნის წინ დაიბადა და ყველას ცხოვრება უზომო სიხარულით აავსო.

მაია ჯორჯაძე: პატარა გიოს დაბადება უდიდესი ბედნიერებაა, მან ჩვენს ოჯახში ყველაფერი შეცვალა. ჩვენი ცხოვრება სულ სხვანაირი გახდა. გაგვახალისა, გაგვაბედნიერა, გათენება გვიხარია, დაძინება გვიხარია და საერთოდ, ყველაფრის კეთება გვაბედნიერებს. თან, ძალიან კარგი ბიჭია. საოცრად ტკბილი.

– როგორი იყო პირველი ემოცია, როდესაც გაიგეთ, რომ მალე ბებია გახდებოდით?

– ვაიმე, კინაღამ გავგიჟდი სიხარულისგან, გადავირიე. ვერ გადმოვცემ, ეს რა ემოცია იყო. უდიდესი სიხარულით ველოდებოდით და ეს დღეც დადგა. უკვე მართლა ყველა გაგვაგიჟა და მერე რა იქნება, წარმომიდგენია (იცინის).

– როგორი ბიჭია?

– თავის შვილიშვილი ყველას უყვარს და ყველასთვის კარგია. ჩემთვისაც ასეა. ძალიან კარგი ბიჭია, ხასიათიც უსაყვარლესი აქვს. მშვიდია. ხომ პატარაა, მაგრამ თავის ხასიათი უკვე ეტყობა. თითქოს, უკვე დიდია (იცინის). რომ შეხედავ, ისეთი ხასიათი იგრძნობა, რომ კითხვა არ დაგჭირდება, გოგოა თუ ბიჭიო, ისედაც გასაგებია. პატარა კაცია (იცინის).

– დედას ჰგავს თუ მამას?

– ყოველდღე იცვლება, მაგრამ მამას ძალიან ჰგავს. ჯერჯერობით ასეა და ვნახოთ, მერე რა იქნება. ჯერ პატარაა, ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მართლა ყველა ამბობს, რომ ზუკას ჰგავს.

– თქვენ როგორი აღმოჩნდით ბებიის ამპლუაში?

– ჯერ ცოტა შიშები მაქვს. ნელ-ნელა ვეჩვევი. დედამ და მამამ ივაჟკაცეს ძალიან. ისე უვლიან ბავშვს, თითქოს პირველი კი არა, მეხუთე შვილი იყოს და ყველაფერში ძალიან გამოცდილები იყვნენ. თან, ყველაფერი ისე კარგად გამოსდით, რომ ამის ყურება ერთი ბედნიერებაა. რაც შემიძლია, მეც ვაკეთებ. მეც ჩართული ვარ და მგონი, ნერვებსაც ვუშლი, ესენი ზემოთ ცხოვრობენ და დღე-ღამის განმავლობაში უამრავჯერ ავდივარ. მაგრამ, რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია და არა უშავს (იცინის).

– ხშირად, ბებოებს შენიშვნების მიცემა უყვართ ხოლმე ახალგაზრდა მშობლებისთვის...

– არა, ვცდილობ, ამ მხრივ, არაფერში ჩავერიო, როგორც თვლიან სწორად, ისე უვლიან. მე თვითონ მეშლებოდა ნერვები, თუ ჩემი დედამთილი ან დედაჩემი რამეს მეტყოდნენ, ამიტომ მე ასე არასდროს მოვიქცევი. თვითონ იციან თავის საქმე. შეიძლება, ჩემი აზრი გამოვთქვა, მაგრამ იმწუთასვე ვჩერდები, მახსენდება, როგორ არ მიყვარდა ასეთი რამეები, ამიტომ იმას არ გავაკეთებ, რაც თვითონ არ მომწონდა. ასეც უნდა იყოს. მშობლებმა ყველაზე უკეთ იციან, რა სჭირდება ბავშვს. რამეში თუ მოვეხმარები, გამიხიარდება, თუ დავჭირდები, სულ მზად ვარ ყველაფრის გასაკეთებლად, მაგრამ ინიციატივების აღებას არ ვაპირებ.

– გაანებივრებთ შვილიშვილს?

– ალბათ, ძალიან გავანებივრებ, ვფიქრობ, რომ ყველაფერს შევუსრულებ (იცინის).

– პატარა როგორია, უყვარს ხალხთან ყოფნა?

– ყველასთან მიდის, უკარება ბიჭი არ ჩანს (იცინის). ვცდილობთ, 40 დღემდე მნახველები ნაკლებად ჰყავდეს. ამიტომ, ძირითადად, დედასთან და მამასთან არის. უკვე ძიძაც გვყავს, რომელიც მართლა აუცილებელი იყო; ჩვენს გარემოში გაუცხოება არ აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, დედისა და მამის გულზე ყველაზე მშვიდადაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან პატარაა, მეორე დღიდან ისე აზრიანად იყურება, გგონია, რომ შენ გიყურებს. ახლა მართლა სულ სხვანაირი ბავშვები იბადებიან. უკვე თავიც ისე კარგად უჭირავს, რომ არ გეშინია. არ ჰგავს დღეების ბავშვს.

– რამხელა დაიბადა?

– 3 და 800 დაიბადა, სიმაღლეში – 49 სანტიმეტრი, მაგრამ ახლა კიდევ გაზრდილია.

– თქვენი რძალი როგორი აღმოჩნდა დედის ამპლუაში?

– მართლა სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. მგონი, საერთოდ არ სძინავს და ვეხვეწებით ხოლმე, რომ ცოტა ხანი დაიძინოს. სულ ბავშვთან უნდა, სულ მასზე ზრუნავს და არც მოვლა უჭირს. რომ ამბობენ, ჩვილ ბავშვს სულ სძინავსო, გიო ასე არ არის, გარკვეული პერიოდი სძინავს, გარკვეული პერიოდი ფხიზლადაა და ყურადღება სულ სჭირდება, ამიტომ მშობლები ძალიან აქტიურები არიან.

– ზუკა ემოციური მამა აღმოჩნდა?

– ვაიმე, ძალიან. ამას წინათ კონცერტზე იყო და სახლში გაციებული დაბრუნდა. ლამის ტიროდა, ისე ენატრებოდა ბავშვი, მაგრამ ცოტა ხანი ვერ ეკარებოდა, რომ პატარას რამე არ გადადებოდა.

– თითქოს, მამებს უფრო უჭირთ ხოლმე ჩვილებთან ურთიერთობა.

– არა, არა. როგორც დედა, ზუკაც ისევე უცვლის, ბანს, ყველა საჭირო პროცედურას უტარებს. გაოგნებული ვარ. ბიჭებმა ნაკლებად იციან ასეთი რამეები. ესენი ერთნაირად უვლიან, ერთმანეთს საოცრად ეხმარებიან. რომ წამოიტირებს, ავხედავ ხოლმე და ერთად უცვლიან, ერთად აბანავებენ და მშვიდად ჩამოვდივარ. ვგრძნობ, რომ არ ვარ საჭირო, ყველაფერს კარგად ართმევენ თავს.

– ზუკას სახლიდან გასვლა არ უჭირს, რაც პატარა დაიბადა?

– ძალიან უჭირს. დღეში ცხრაჯერ რეკავს, როგორ არისო, კითხულობს. მამამისიც ეგრე იყო, სულ უნდა სცოდნოდა, როგორ ვიყავით და ზუკაც მუდმივად ინტერესდება, როგორ არიან, ქეთიც, ბავშვიც, თუმცა, უნდა იმუშაოს, ამის გარეშე არაფერი გამოვა.

– ზუკას თვითონ აქვს ნათქვამი, თუ შევძელი და იმის ძალიან მცირედი მაინც გავუკეთე ჩემს შვილს, რაც მე გიომ გამიკეთა, უბედნიერესი ვიქნებიო. ხედავთ მათ შორის მსგავსებას?

– გიოსა და ზუკას შორის ძალიან დიდი მსგავსებაა. ზუკაც ძალიან მეოჯახეა. სულ იმაზე ფიქრობს, რომ სახლისთვის რაღაც შეიძინოს, ოჯახს არაფერი მოაკლოს; მუდამ ყურადღებით არის, რომ არაფერი გამორჩეს. გიოც ზუსტად ასეთი იყო, მამას ძალიან ჰგავს ზუკა და ბევრ რამეში თვითონაც იჭერს მსგავსებებს. რაც დრო გადის, მით უფრო ემსგავსება გიოს. ისეთი ყურადღებიანია, სულ უნდა, იცოდეს, ბავშვმა რა ჭამა, რა დალია, როგორ ეძინა და ასე შემდეგ.

– ბავშვის დაბადებასაც დაესწრო...

– კი, დაესწრო და შოკში იყო. თავიდან, როგორც ვიცი, არ აპირებდა დასწრებას, მაგრამ ექიმმა პირდაპირ შეიყვანა. დღეს ამბობს, ძალიან კარგი ვქენი, რომ დავესწარიო.

პირველ რიგში, დედის მუცელზე დააწვინეს პატარა, მერე ზუკას მიაწოდეს და ვიდეოც აქვთ გადაღებული, გაოგნებული სახით რომ აკვირდება. ძალიან კმაყოფილი იყო, რომ ყველაფერი თავის თვალით ნახა. მერე ჩვენ აგვიყვანეს და რომ შევხედე გიოს, გადავირიე. მაშინვე ზუკას პატარაობა გამახსენდა.

– გიოს წასვლის შემდეგ პატარას დაბადება, ალბათ, სულ სხვა ემოციებია;

– ნამდვილად ასეა. ძალიან დიდი რამ მოხდა ჩვენს ოჯახში. ამდენი წელი ველოდით ამას და რთულია იმის აღწერა, რასაც ახლა ვგრძნობთ. გიო რომ ცოცხალი იყოს, ალბათ, ისიც გაგიჟდებოდა. ძალიან უნდოდა, ოცნებობდა ამ დღეზე. უნდოდა ზუკას შვილის ნახვა, მაგრამ ასე მოხდა. რომ იცოდეს, მისი მოსახელე გაჩნდა, მის სახელსა და გვარს ატარებს, უბედნიერესი იქნებოდა. იმედი მაქვს, რომ მამასა და ბაბუაზე კიდევ უფრო კარგი ბიჭი გაიზრდება. გაგიჟდებოდა გიო, ისე იამაყებდა მისით. გული მწყდება, რომ ვერ მოასწრო და გული მწყდება, რომ გიო ვერ ნახავს თავის ბაბუას. გიო ხომ კარგი მამა იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბაბუა კიდევ ათასჯერ უკეთესი იქნებოდა. თუმცა, არა უშავს, მოვუყვებით პატარა გიოს დიდ გიოზე და მარტო ჩვენ არა, ყველა მოუყვება, ამის იმედი მაქვს.

– როცა გაიგეთ, რომ ბიჭს ელოდით და გიო ერქმეოდა, ალბათ, განსაკუთრებული ემოცია გქონდათ.

– ბავშვებმა რომ დამირეკეს და ეს მითხრეს, კინაღამ გადავირიე. გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, სულერთი იყო, მთავარი ჯანმრთელობაა, სქესს ჩემთვის ნამდვილად არ ჰქონდა მნიშვნელობა, მაგრამ ორმაგად გადავირიე და გავგიჟდი, რომ მითხრეს, პატარა გიო დაიბადებაო. მე მგონია, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ალბათ, ასე იყო საჭირო.

– როცა გაიგეს, რომ გიოს დაბადებას ელოდით, მგონი, ყველა ძალიან ემოციურად შეხვდა ამ ამბავს.

– კი, კი... ტელეფონი ვერ დავდე, იმდენი ადამიანი მირეკავდა და ყველა სიხარულის ცრემლებით მილოცავდა. ასი წელი რომ არ გამოჩენილან, ისეთმა ადამიანებმაც კი დამირეკეს, ერთ ადამიანზე ვერ ვიტყვი, რომ არ გავახსენდი და ჩვენი ბედნიერება არ გაიზიარა, მთელი ქვეყანა რეკავდა. ზუსტად საფეხბურთო დღეები იყო, როცა ეს მოხდა და ეკა ხოფერიამ დაწერა კიდეც, გადაფარა ფეხბურთი, ისეთი ამბავიაო (იცინის). უდიდესი ბედნიერებაა, რომ ხალხს ასე უყვარდა ბაბუამისი და ასე გაუხარდათ პატარა გიოს დაბადება. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რამდენიმე დღის წინ აფთიაქში შევედი წამლის საყიდლად და გოგონა მეკითხება უდიდესი სიყვარულით, პატარა გიოსთვის გნებავთო?! ეს მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა და მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ამ სიყვარულისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა