ლოლა წერეთელი: პლასტიკურ ოპერაციას ვიკეთებ. მთლიანად ვიცვლი სახეს, ახალი ლოლიკო დაიბადება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 22.09

ლოლა წერეთლის წლევანდელი დაბადების დღე განსაკუთრებული გამოვიდა. მისმა მეგობრებმა მომღერალი არაერთი სიურპრიზით გაახარეს. ამ ყველაფერზე ლოლა თავად მოგვიყვება.
ლოლა წერეთელი: დაბადების დღე ეს დღე რესტორანში, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად აღვნიშნე. დაახლოებით, 40 მარტო ჩემი მეგობარი იყო და 450 მოსული სტუმარი. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ამდენი ადამიანი გილოცავს შენს დღეს და შენს სიხარულს იზიარებენ. მით უმეტეს, როცა ხედავ, რომ ამ ადმაიანებს გულწრფელად უყვარხარ და შენი მოსმენა სიამოვნებთ.
რამდენიმე მეგობარმა ამ დღეს საოცარი სიურპრიზი გამიკეთა. ჩემს ახლობელს პატარა შვილიშვილი ჰყავს, რომელზეც ვგიჟდები. ძალიან მინდოდა, ჩემს დაბადების დღეზე მისი ჩამოყვანა. ბინაც კი გავამზადე ამისთვის. მინდოდა, ბავშვი დედიკოსთან ერთად ჩამომეყვანა, მაგრამ თითქოს, რაღაც ვერ გამოვიდა. თურმე, ესენი 3-4 დღით ადრე ჩამოსულან ქობულეთში, მაგრამ მე არაფერი ვიცოდი. 12 საათი რომ შესრულდა და 11 აგვისტო, ანუ, ჩემი დაბადების დღე, დადგა, ეს პატარა არ შემოვიდა პატარა ტორტით?! უნდა გენახათ, როგორ გამიხარდა, გიჟივით ვყვიროდი (იცინის). მის დანახვაზე მეტად არაფერი გამახარებდა და თან, ასეთი სიურპრიზი როგორია?! ძალიან გამაბედნიერეს.
კიდევ ერთი ძალიან კარგი ახლობელი მყავს, რომელიც მოსკოვში საქმიანობს. მინდოდა, ჩემს დაბადების დღეზე აქ ყოფილიყო, მაგრამ მითხრა, იმდენი საქმე მაქვს, რომ ვერ ჩამოვდივარო. არადა, თურმე, ისიც ქობულეთშია, მაგრამ მიმალავს. როცა მოლოცვების, ყვავილებისა და საჩუქრების მიღება დავიწყე, ჩართეს ლუბა უსპენსკაიას მოსალოცი ტექსტი. ბოლოს ლუბა ამბობს, სიმღერით, შენ რომ ასე ძალიან გიყვარს, მოვდივარო და ამ დროს ისმის ის სიმღერა, რომელსაც ორგანულად ვერ ვიტან და მარტო მან იცის, რომ არ მიყვარს (იცინის). უცებ ვხედავ უსპენსკაია შემოდის თავის შლაპით და სახეზე ნიღბით. მივედი, ავაძრე ნიღაბი და ვხედავ ჩემი მეგობარია, რომელიც წესით, ჩამოსვლას ვერ ახერხებდა (იცინის).
მაგარი დრო გავატარეთ ამ დაბადების დღეზე, ძალიან ბევრი ემოცია და სიხარული იყო. შალვა მორელი ჩამოვიდა სპეციალურად, ასევე, გაგა ჯიქიძე. კარგი დღე გამოვიდა. ძალიან ბევრი ვიგიჟე.
რუსეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან – საიდან არ ჩამოვიდნენ ჩემთვის მოსალოცად და ყველამ ძალიან გამახარა.
– აბა, როგორია ლოლას 60 წელი?
– არაფერი შეცვლილა. როგორი გიჟიც 50 წლის ვიყავი, ახლაც ისეთივე ვარ (იცინის).
– ასაკის მატებას როგორ ხვდებით?
– ჩემი დაბადების დღე ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. მამა და დედა მუსიკოსები იყვნენ, ასევე, ჩემი ძმა. მამა სოხუმში მუშაობდა და ყოველ წელს რესტორანში მიხდიდა დაბადების დღეს. ყოველთვის დიდი მხიარულება იყო. ახლა წლები რომ მემატება, კი მენანება ჩემი თავი, 60 და 20 წელი ერთი და იგივე ხომ არ არის?! ვნერვიულობ კიდეც ამაზე, ეს ხომ ბუნებრივია, მაგრამ საბედნიეროდ, პრობლემები არ მაქვს. რაც მთავარია, ისევ ის ხმა მაქვს, წლებს არაფერი შეუცვლია. ახლა ჩემი და შორენას ახალი სიმღერა გამოდის, ძალიან მაგარი პოპური, სახელწოდებით – „გაიხარეთ“. კიდევ ერთი სიმღერა გამოვა ლაშა რამიშვილთან ერთად. საერთო ჯამში, ოთხი ახალი სიმღერა მაქვს გამოსაშვები, მე სულ აქტიური ვარ. მხოლოდ ასაკი მემატება, ეგ არის და ეგ, არაფერი იცვლება.
ოქტომბერში საზღვარგარეთ პლასტიკურ ოპერაციას ვიკეთებ. მთლიანად ვიცვლი სახეს და ნახავთ, ახალი ლოლიკო დაიბადება. ახლა თუ 60 წლის ვარ, მერე 40-ის გავხდები (იცინის).
უნდა გაცინოთ, 60 წლის გავხდი და პენსიის დრო მოვიდა. გამგეობაში მივედი ისეთი გახარებული პენსიის დასანიშნად, მითხრეს, ქალბატონო, ცხოვრებაში არ გვინახავს ადამიანს ასე უხაროდეს პენსიაში გასვლაო (იცინის).
მე მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკას ვემსახურებოდი. არასდროს ვყოფილვარ გაფორმებული სამსახურში და შესაბამისად, სახელმწიფო არაფერს მიხდიდა. ახლა მაინც მომცემს რაღაცას-მეთქი, მეცინებოდა (იცინის).
– ყველაზე გამორჩეულად რომელი დაბადების დღე გახსოვთ?
– ალბათ, 6-7 წლის ვიქნებოდი, დაბადების დღეზე ჩამომიტანეს საჩუქრად: თოჯინა, კაბა, ფეხსაცმელები და პატარა უთო, რომელიც ნამდვილი იყო. ჩავიცვი ჩემი ახალი კაბა და ფეხსაცმელები, თოჯინა და უთო ხელში დავიჭირე და გიჟივით დავრბოდი სიხარულისგან. უცებ პირდაპირ „სერვანდის“ კუთხეს დავასკდი და იმდენი სისხლი წამომივიდა, რომ ყველაფერი სისხლში იყო ამოსვრილი. ეს მოიტანა სიხარულის ემოციებმა. სასიამოვნო არ იყო, მაგრამ განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, რადგან ეს ცოტა უსიამოვნო შემთხვევა დიდმა სიხარულმა და დადებთმა ემოციებმა გამოიწვია.
– განსაკუთრებულ საჩუქარზე რა გახსენდებათ?
– ყველა საჩუქარი სასიამოვნოა, თუმცა რამე განსაკუთრებული, რომ გავგიჟებულიყავი, არ მიმიღია. საერთოდაც, ხშირად არ მჩუქნიან საჩუქრებს (იცინის). უფრო მე ვჩუქნი სხვებს. ძალიან მიყვარს სხვების გახარება, ამით ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე. „ბეემვე“ რომ მიყიდა ვითომ იმან, სინამდვილეში, ისიც ჩემი ფულით იყო ნაყიდი, პიარისთვის გვჭირდებოდა და იმიტომ ვთქვით, რომ საჩუქარი იყო (იცინის). ყველაზე კარგ საჩუქრებს თვითონ ვუკეთებ ჩემს თავს. ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი მსმენელის სიყვარული და პატივისცემაა, რომელსაც ძალიან დიდი დოზით ვგრძნობ. ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! ვერცერთი ნივთი ვერ შეედრება ამ სიყვარულს. საერთოდ, არასდროს ველი, რომ ვინმემ რამე უნდა მაჩუქოს.
– გიყვართ სამზარეულოში ფუსფუსი და თუნდაც, საკუთარი დაბადების დღისთვის გემრიელობების მომზადება?
– არა, ეს საერთოდ არ მიყვარს. არც ვიცი კერძების მომზადება, ძალიან ცოტა რამეს ვაკეთებ. მხოლოდ: კვერცხისა და კარტოფილის შეწვა, კვერცხიანი პომიდვრის, კატლეტისა და ტოლმის მომზადება ვიცი. მეტი არაფერი. ამის დრო საერთოდ არ მაქვს და თითქმის არასდროს ვამზადებ. ისეთი სამსახური მაქვს, რომ ძალიან ვიღლები და სახლში რომ მოვალ, კიდევ სამსარეულოში ფუსფუსი ძალიან რთულია. გაგიკვირდება და ანაკომის სუპი მიყვარს. ყველა ამბობს არ შეიძლება მაგის ხშირად ჭამაო, მაგრამ მიყვარს და რა გავაკეთო (იცინის). ყოველდღე არ ვჭამ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, რა არ არის ქიმია?! მგონი, ჯანსაღი არ დარჩა არაფერი და მაშინ მშივრები უნდა დავრჩეთ. ასე რომ, არც დაბადების დღისთვის ვტრიალებ სამზარეულოში და არც სხვა დღეებში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან