ლიზი დარასელია: მამაჩემი ამბობდა,ბიჭი რომ ყოფილიყავი, ძალიან მაგარი ფეხბურთელი იქნებოდი, რადგან გოგო ხარ, არ მინდა, ფეხები დაგიმახინჯდეს, სჯობს, ნარნარა დარჩეო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 15:52 26.06

ლიზი დარასელიას ცხოვრება მრავალმხრივაა საინტერესო. ახლა მომღერლის ცხოვრებაში სიახლეებია, ის ბაბუის სახელობის აკადემიისთვის ჰიმნს ქმნის.
ლიზი დარასელია: ბოლო პერიოდში ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი საავტორო სიმღერას უჭირავს, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობ და მინდა, ალბომიც გამოვუშვა. ამ ეტაპზე ბაბუაზე ვაკეთებ საავტორო სიმღერას. მამამ ამერიკაში ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია გახსნა და მისთვის ვამზადებ.
– თურმე შენც ძალიან გიყვარს ფეხბურთის თამაში.
– ძალიან და სხვათა შორის, ძალიან კარგად ვთამაშობდი. სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია არ მითამაშია. მამაჩემი ამბობდა, შენ რომ ბიჭი ყოფილიყავი, ნამდვილად ძალიან მაგარი ფეხბურთელი იქნებოდი, მაგრამ რადგან გოგო ხარ, არ მინდა ფეხები დაგიმახინჯდეს, სჯობს, ლამაზი და ნარნარა დარჩე, ვიდრე კაცის ფეხებით იაროო და მეც დავუჯერე (იცინის). მართლა ძალიან მინდოდა ფეხბურთის თამაში და სხვათა შორის, ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში მეც დავდიოდი ოთხი თვე. ძალიან კარგი შედეგები მქონდა, ყველა ტრენერი გაოცებული იყო, ეს როგორ თამაშობს ბიჭებზე კარგადო (იცინის). მე აღარ, მაგრამ ჩემი პატარა ძმა თამაშობს, პატარა ვიტალი დარასელია და ყველას მისი იმედი გვაქვს. ძალიან მონდომებულია და კარგადაც გამოსდის. პროგნოზებზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ბაბუს და მამის განეტიკა აქვს.
– შენ ფეხბურთს არ გაჰყევი, მაგრამ ეზოში ხშირად თამაშობდი...
– კი, თან ძალიან ხშირად. ერთ-ერთ მოედანზე ვთამაშობდი, როგორც ყოველთვის, ბიჭებთან ერთად. იქვე მდგომ კორპუსში ჩემი ნათესავი ცხოვრობდა. მის მეზობელს უთქვამს ჩემზე, ამ გოგოს პატრონი არ ჰყავს, სულ ბიჭებთან ერთად რომ თამაშობსო?! ოღონდ მთელი სერიოზულობით უთქვამს, ალბათ, იმიტომ, რომ 24/7-ზე ფეხბურთს ვთამაშობდი. ჩემთვის თოჯინები არ არსებობდა. პირველი სიტყვა დედა ვთქვი და მეორე ბურთი. ჩემს ნათესავს იმ ქალბატონისთვის უთქვამს, ეს იცით ვინ არის? ვიტალი დარასელიას შვილიშვილიაო და ახლა გასაგებიაო, უთქვამს იმ ქალს (იცინის). ვინც იცოდა, ვინ ვიყავი, ის ისედაც არაფერს ამბობდა (იცინის).
– ნათქვამი გაქვს, რომ ბიჭური ხასიათიც გაქვს.
– კი, კი, ნამდვილად მაქვს ბიჭური ხასიათი (იცინის). ძალიან ნაზი გოგო არ ვარ. ცოტა ხისტი ვარ. ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რასაც მოვინდომებ. კაცივით მყარად ვდგავარ ფეხზე (იცინის). რა თქმა უნდა, კაცს ფიზიკურ ძალაში ვერ გავეჯიბრები, მაგრამ ყველანაირად დამოუკიდებელი და ძლიერი ადამიანი ვარ. ვცდილობ, საკუთარ თავზე თვითონ ვიზრუნო, შემდეგ – ჩემს ოჯახზე. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი ოჯახი კარგად იყოს.
– როგორც ვხვდები, ეს ხასიათი და ფეხბურთისადმი ინტერესი მამის ხაზით მოდის და ნაზი და გამორჩეული გარეგნობა უკვე დედის დამსახურებაა.
– კი, ნამდვილად ასეა. დედას ძალიან მამსგავსებენ, რაც გულწრფელად მიხარია, იმიტომ, რომ დედაჩემი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ის ჩემი კუმირია. რაც გამაჩნია, მართლა დედაჩემის უდიდესი დამსახურებაა, რადგან ბავშვობიდანვე ძალიან ბევრს აკეთებდა ჩემი განვითარებისთვის. ის ყოველთვის ცდილობს, მაქსიმუმი გააკეთოს შვილებისთვის.
– ტელევიზიაში ქალური, დახვეწილი სტილი გაქვს, ტანსაცმელს შენი გემოვნებით არჩევ?
– რაც მიყვარს და მიხდება, იმას ვიცვამ. ვერ ვიტყვი, რომ ამაზე დიდხანს ვფიქრობ, მაგრამ კარგი ჩაცმა მიყვარს. იქ არ მაცმევენ, ეს საკითხი ყველანაირად ჩემზეა დამოკიდებული და რაც მეკომფორტულება და მომწონს, ის მაცვია. ეკრანსა და სცენის მიღმა კი უფრო განსხვავებული სტილი მაქვს, კლასიკურ-მოსპორტულო.
– დღეს რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში სპორტს?
– სამწუხაროდ, ახლა დიდად აქტიური არ ვარ. რამდენჯერაც ვთქვი, დავიწყებ-მეთქი, ვერ შევასრულე, ამიტომ აღარ ვამბობ. სპონტანურად უფრო გამომდის, ნაადრევად დაგეგმილის განხორციელება უფრო მიჭირს. მარტივ ვარჯიშებს სახლში ვაკეთებ, დარბაზში სიარულს ვერ ვახერხებ, რადგან მუდმივად, გადარბენაზე ვარ – ტელევიზია, ივენთები, პლუს ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ, თან ძალიან მიყვარს ძილი. მე თუ ვერ გამოვიძინე, საშინელ სახიათზე ვარ (იცინის).
– სწავლას როგორ უთავსებ აქტიურ კარიერას?
– ძალიან მიყვარს ფილოსოფიური წიგნები და ფილმები. რომ გითხრათ, უნივერსიტეტში სიარულის დრო ხშირად მაქვს-მეთქი, არ იქნება მართალი, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერი ონლაინ გავაკეთო. იციან ჩემი გრაფიკი და ყველანაირად ხელს მიწყობენ. „ქავერ შოუს“ გამო აკადემიურიც მქონდა აღებული და ახლა გავაგრძელე სწალა. მეოთხე კურსზე ვარ და მალე დავამთავრებ.
ფსიქოლოგიურზე იმიტომ ჩავაბარე, რომ ადამიანების ცნობა ყოველთვის მაინტერესებდა. ვცდილობდი, მათთვის გამეგო. ეს ჩემს მუსიკალურ კარიერასაც სჭირდება. ჩემთვის სიმღერას პირველი ადგილი უჭირავს და სხვა ყველაფერი მის შემდეგაა. ფსიქოლოგია კი ყველაფერში მეხმარება.
– რთულ პერიოდებში როგორ ეხმარები საკუთარ თავს?
– თუ არ დაჯექი და საკუთარ თავს არ დაელაპარაკე, ვერც ფსიქოლოგი გიშველის და ვერც ფსიქიატრი. თუ საკუთარ თავს არ უთხარი, რომ შენ ყველაფერს შეძლებ, თუ არ გექნება ჯანსაღი ამბიცია, რომ შენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაქსიმუმს გააკეთებ იმისთვის, რაც ცხოვრებაში აირჩიე, ვერავინ დაგეხმარება. მე კარგად გამომდის საკუთარ თავთან მუშაობა.
არ მიყვარს სხვებთან ჩემს პრობლემებზე საუბარი, ამიტომ მირჩევნია, საკუთარ თავში გავიაზრო ყველაფერი და თვითონვე ვიპოვო გამოსავალი.
– ერთ ბაბუაზე ვისაუბრეთ. სულ რამდენიმე თვის წინ მეორე ბაბუ გარდაგეცვალა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა შენს ცხოვრებაში.
– ეს მართლა ძალიან რთული იყო. საბედნიეროდ, ორივე ბაბუ გმირი მყავდა. ორივეს ყველა დიდ პატივს სცემდა, ორივე ძალიან მაგარი იყო თავის საქმეში. ორივე პატიოსანი კაცი იყო. სამწუხაროდ, დღეს ასეთი კაცები იშვიათობას წარმოადგენენ. ძალიან გამიჭირდა, როცა ბაბუ გარდაიცვალა. იმ პერიოდში ტელევიზიაშიც მიჭირდა მისვლა. ყოველ გადაღებაზე მეტირებოდა, თავს ვიმხნევებდი. ბევრი ივენთი გავაუქმე, ძალიან რთული პერიოდი მქონდა. საერთოდ, ოჯახი ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია. მე ჩემი ოჯახის სარკე ვარ. ისეთ რამეს არასდროს ჩავიდენ, რაც ჩემს ოჯახს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ამიტომ ყველაფერს ძალიან პატიოსნად ვაკეთებ. შეცდომა ყველას მოგვდის, მაგრამ ძალიან ვცდილობ.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში და როგორია შეყვარებული ლიზი?
– ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. არ მეგონა, თუ ასე იქნებოდა, რადგან მე ძალიან მიჭირს ადამიანების ნდობა, თუმცა, ამ ადამიანმა მოახერხა ჩემი ნდობის მოპოვება და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ვაფასებ, რადგან ყველანაირად გვერდით მიდგას. ჩემი პროფესია არ არის მარტივი და ის ყველანაირად ხელს მიწყობს და მეხმარება. რაც მთავარია, არ არის ეჭვიანი. ასეთი ადამიანი ჩემ გვერდით ვერ იქნება. ის არ არის მუსიკოსი, ბიზნესის სფეროშია, მაგრამ კარგი მსმენელი და მრჩეველია. ჩემი ოჯახი რომ მეტყვის, კარგი ბიჭიაო, ესე იგი, მართლა ძალიან კარგია. დედაჩემის თითოეული სიტყვა წინ დამხვედრია ცხოვრებაში და თუ მას ადამიანი მოსწონს, ეს ბევრს ნიშნავს, თუმცა მათაც იციან, რომ მე ცუდ ადამიანს გვერდით არ დავიყენებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან