შოუბიზნესი

ხატია სიჭინავა: როგორც კი ჩვენი სიყვარული იწყებს ჩაქრობასა და გახუნებას, ეგრევე ვცდილობთ სიტუაციის გამოსწორებას

№52

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 05.01

ხატია სიჭინავა
დაკოპირებულია

წლების წინ, როცა ხატია სიჭინავა ტელევიზიის ეკრანებზე გამოჩნდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის მომავალში, ასეთი ცოლი და დედა იქნებოდა. ამას თავადაც აღიარებს და ამბობს, რომ სიყვარულმა ძალიან შეცვალა, საყვარელ მამაკაცთან, რამაზ ნოზაძესთან, თანაცხოვრებაში, მეოჯახე, მზრუნველი ცოლი და საოცარი დედა დადგა. საახალწლო სამზადისში ხატიას ოჯახის ყველა წევრია ჩართული. თავადაც, ძალიან უყვარს ახალი წლის ჯადოსნური დღეები, თუმცა იმის დრო ნაკლებად აქვს, ბავშვურ მოგონებაში დაბრუნდეს.

– რამდენად გიყვარს ახალი წლის ჯადოსნური დღეები და რასთან ასოცირდება შენთვის ახალი წელი?

– ორი უსაყვარლესი დღესასწაული მაქვს – აღდგომა და ახალი წელი. ამიტომ, ამ დღესასწაულებისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. ახალი წლისთვის წელსაც განსაკუთრებულად მოვემზადე. ჩემს ბავშვობაში ასეთი ფერადი და კაშკაშა ახალი წლები არ იყო, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის სიახლესთან, იმედთან და სიხარულთან ასოცირდებოდა.

– რამდენად ადრიანად დაიწყე საახალწლო მზადება?

– სხვათა შორის, წელს საახალწლო მზადება ძალიან გვიან დავიწყე. ძალიან ბევრი სიახალე მაქვს სამსახურის მხრივ, გადარბენაზე ვიყავი, ვერ მოვახერხე და ადრეულად ვერ მოვასწარი საახალწლო სამზადისი და საშობაო შოპინგი. ნაძვისხეც საკმაოდ გვიან დავდგი. ბავშვები ყოველდღე მახსენებდნენ: დედა, როდის დავდგამთ ნაძვისხესო (იცინის). ბოლოს, ჩემ გარეშე გამოალაგეს სათამაშოები, საახალწლო დეკორაცია და სახლში დაბრუნებულს გარემო მორთული და გაბრდღვიალებული დამხვდა. მოკლედ, ყველაფერი მზად იყო საახალწლოდ, ნაძვისხის გარდა. იძულებული გავხდი, სასწრაფოდ ამესრულებინა მათი სურვილი. ძველ ნაძვისხეს ფეხი მოსტყდა, ძველ წელს გავატანეთ და ახალი შევიძინეთ.

– საახალწლო შოპინგზე ვისთან ერთად დადიხარ?

– საახალწლო შოპინგზე მთელი ოჯახი ერთად მივდივართ. არ მინდა, ბავშვებს ჩემი არჩეული ნაძვისხე ან მოსართავები ჰქონდეთ, მირჩევნია, თავად იყვნენ პროცესში ჩართული. მოკლედ, ბევრი ვიფიქრეთ, დავსხედით, განვიხილეთ, როგორი ნაძვისხე გვეყიდა, როგორი – განათება, სათამაშოები და დეკორები და საბოლოოდ, ჩემმა შვილებმა გადაწყვიტეს, შეგვეძინა ცოცხალი ნაძვისხე, განათებები და მინიმალისტური სათამაშოები. მთელი ოჯახი წავედით „სპორტის სასახლესთან“, ავარჩიეთ ცოცხალი ნაძვისხე და ძლივს შევტენეთ მანქანაში. დანარჩენი ატრიბუტიკა კი „დინამოს“ ბაზრობაზე შევიძინეთ. სხვათა შორის, მაღაზიებში, სამჯერ მეტი თანხა ღირდა, ბაზრობაზე კი შედარებით – იაფი და ჩემს შვილებს აქედანვე ვასწავლი ეკონომიურ ცხოვრებას. რატომ უნდა გადაგვეყარა ზედმეტი ფული? თან, მეტი არჩევანიც დაგვხვდა. ელექტრობუხარიც ვიყიდეთ, რომ ახალი წლის ღამეს ოჯახში სიმყუდროვე შეგვექმნა. სახლში რომ დავბრუნდით, ბავშვები ისეთი დაღლილები იყვნენ, ისევ მე „შემეტენა“ ნაძვისხის აწყობა (იცინის).

– თოვლის ბაბუის საჩუქრები ოჯახის წევრებს ნაძვისხის ქვეშ გხვდებათ თუ პირადად გიყვართ მათი გადაცემა?

– თოვლის ბაბუის საჩუქრებისთვის კედელზე სპეციალური წინდაა დაკიდებული, ბავშვები იქ დებენ წერილს, ნაძვისხის ქვეშ უტოვებენ სპეციალურად გამოცხობილ ჯინჯერის „პეჩენიებს“, ტკბილეულს და უდგამენ რძეს, რადგან გადაწყვიტეს, რომ თოვლის ბაბუას რძეც უყვარს (იცინის). თან, თოვლის ბაბუასთან გასაგზავნ წერილებს ჩემთან ათანხმებენ, მეუბნებიან: დედა, თოვლის ბაბუას ისედაც ბევრი საჩუქარი აქვს საყიდელი და ეს რომ მივწეროთ, ხომ არ ეძვირებაო (იცინის). დედიკო, ერთი საჩუქარი მივწერო თუ ორი, ვინმე ბავშვი რომ არ დარჩეს უსაჩუქროდო (იცინის).

– ხატია, როგორი იყო 2025 წელი შენთვის და რა ემოცია და მოგონება დაგიტოვა?

– ჩემთვის ეს წელი, ძირითადად, ბრძოლის წელი იყო. აღმოვაჩინე, რომ რაშიც ბოლო პერიოდში ჩავერთე, თურმე, ეს ყოფილა ჩემი საქმე და ტელევიზია – სულაც არა. ბავშვთა განვითარების ცენტრი მაქვს და მთელი წელი მოვანდომე იმას, რომ ამ ბავშვებისთვის მეტად მრავალფეროვანი ყოფილიყო ის პროგრამა, რაშიც ჩართული არიან და გადიან.

თქვი, მივხვდი, ტელევიზია სულაც არ ყოფილა ჩემი საქმეო. თუმცა, საკმაოდ ადრეული ასაკიდან გამოჩნდი ტელეეკრანზე და ცნობადობაც ამან მოგიტანა.

– ალბათ, ყველაფერს თავისი ასაკი აქვს. იმ ასაკში, როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, გასათხოვარი ვიყავი, თავისუფალი, მხოლოდ ჩემი თავი მებარა და იმ დროს ტელევიზია ჩემთვის უფრო ჰობი იყო, ვიდრე პროფესია. ტელევიზიაში მუშაობისას ჩემს რესურსს ისე არ ვხარჯავდი, როგორც ამ საქმეში, სადაც ახლა ვარ. ის იყო გართობა, პოპულარობა, რომელიც მინდა, გითხრათ, დიდად არ მეხარბება. საერთოდ არ მაქვს ამბიცია, აუცილებლად პოპულარული ვიყო-მეთქი. ჩემს შვილებსაც ვეუბნები: დღეს იმდენად ხელმისაწვდომი გახდა პოპულარობა, იმდენად სულელური რაღაცით შეიძლება, გახდე პოპულარული, რომ ამ სიტყვამ ფასი დაკარგა-მეთქი. ყოველთვის ვასწავლი, რომ უნდა იყვნენ პოპულარულები მათი საქმიანობით, საკუთარი ტვინით, გაქანებით და შესაძლებლობით და არა იმით, სადღაც იხტუნაო, იტანცაო-მეთქი.

– თავად როგორ ფიქრობ, რით გახდი პოპულარული?

– ზოგადად, ვფიქრობ, არიან ადამიანები, ვისაც პოპულარობა შლეიფივით დაჰყვება თან. რაც არ უნდა ვთქვა თუ დავწერო, ამ ქვეყანაში ყველაფერი განხილვის საგანი ხდება. რამეს ვიტყვი და საერთოდ ვერ წარმოვიდგენ, რომ ეს შეიძლება, ვიღაცას ისე დააინტერესოს, რომელიღაც გვერდზე გადაიტანოს და გააპიაროს, ისიც კი ხდება ყურადღების ცენტრში. მართლა არ ვყოფილვარ ეპატაჟური ადამიანი, ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია პოპულარობის გამო და თუ რამეს ვაკეთებდი, მხოლოდ იმას, რაც მე მსიამოვნებდა. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მკითხა ჟურნალისტმა: როცა სოციალურ ქსელში სთორებს დებ, ფიქრობ, შენი აუდიტორია როგორ მიიღებს და ცდილობ, ისე დაწერო რამე, რომ მათ მოერგოო, ვუპასუხე: ცუდად მიცნობ-მეთქი. არასდროს ვფიქრობ, ვის რა მოეწონება, მე რასაც განვიცდი და რა ემოციაც მაქვს, იმას ვაფიქსირებ. ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას – არა. თუნდაც, მარტო იმიტომ არ ვფიქრობ, ვის რა მოეწონება, ის ვილაპარაკო, რომ არ არსებობს, ვერასდროს იტყვი წინადადებას, რომელიც ყველას მოეწონება. ეს გამორიცხულია და ამიტომ, აზრი არ აქვს იმაზე ტვინის ჭყლეტას, ვიღაცას თავი მოვაწონო და კარგი გოგოს როლი ვითამაშო. ჩემი აზრით, უნდა იყო ინდივიდუალური, გქონდეს საკუთარი აზრი და რა თქმა უნდა, არაჯანსაღი ილუზია და ამბიციები არ უნდა გაგაჩნდეს, მაგრამ როცა რაღაცას აკეთებ და ამბობ, გულით უნდა აკეთო და თქვა. დანარჩენი, ყველაფერი თამაშია, მე კი თამაშის დრო არ მაქვს.

– ამდენი წელია, შენ და რამაზს ოჯახი გაქვთ. როგორ ფიქრობ, თანაცხოვრების პერიოდში ოჯახური მოვალეობები წყვილს შორის სიყვარულს აუფერულებს?

– 15 წელია, რაც ოჯახი შევქმენით და 17 წელია, რაც ერთად ვართ. ამ წლების განმავლობაში, როგორც კი ჩვენი სიყვარული იწყებს ჩაქრობას, გახუნებასა და შენელებას, პრობლემები იწყება და შვილებზე ზრუნვის გამო ერთმანეთისთვის ხშირად არ გვცალია, ეგრევე ვცდილობთ სიტუაციის გამოსწორებას. როგორც კი ვხვდებით, ამ ყველაფრის გამო ერთმანეთს სივრცეში დავეკარგეთ, ჩვენს სიყვარულს „ვაღვივებთ“, რეანიმაციას ვუკეთებთ და ვაცოცხლებთ. ეს შეიძლება, მოხდეს ერთდღიანი ქალაქგარეთ განმარტოებით. ოთხი შვილი, უამრავი პრობლემა, ყოველდღიური საოჯახო საზრუნავი – უამრავი ენერგია და ძალისხმევა გჭირდება ამას გაუმკლავდე და ეს მართლაც ახუნებს სიყვარულს და გრძნობ, ნელ-ნელა, შენ საყვარელ ადამიანს შორდები, სივრცეში ეკარგები. მაგრამ თუ გიყვარს ადამიანი, ამას გრძნობ და უნდა ეცადო, მეორე ნახევარს ის ყურადღება გაუასმაგო, რაც მოაკელი. სხვათა შორის, როგორც კი ჩემგან ყურადღება მოაკლდება, რამაზი მეუბნება: ხატია, საქმეზე და ბავშვებზე გადაერთე და მე მიტოვებულად ვგრძნობ თავსო. ასე რომ, ვცდილობთ, თვეში ერთი დღე მაინც გავიდეთ ქალაქგარეთ და დავისვენოთ.

– წლების წინ გეგონა, რომ შენი ცხოვრება ასე რადიკალურად შეიცვლებოდა და სიყვარული ასეთ ფერებს შემოიტანდა შენს ცხოვრებაში?

– არასდროს მნდომებია, წინასწარ მცოდნოდა, რა იქნებოდა ჩემს თავს. სულ ვამბობდი: კარგი იქნება თუ ცუდი, მაინც ვერსად გავექცევი და ის იქნება ჩემს ცხოვრებაში-მეთქი. მერჩივნა, მომავალში სიურპრიზი ყოფილიყო ცუდიც და კარგიც, ვიდრე წინასწარ მცოდნოდა. არასდროს იცი, რა გელის წინ. მე რომ ტელევიზიაში ვმუშაობდი და ვინმეს ეთქვა, ასეთი დედა იქნები, ასეთი ცოლი და ასეთი ოჯახი გექნებაო, სასაცილოდ არ მეყოფოდა. ფიქრადაც კი არ გამივლია, რომ ამ სასიამოვნო ტვირთის საზიდად, რასაც დიდი ოჯახი ჰქვია, მზად ვიქნებოდი. ასე რომ, 30 წლის ასაკში გავთხოვდი და ამ ტვირთის საზიდად მზად ვიყავი (იცინის). ახლა უკვე დიდი გოგო ვარ, 45 წლის და რომ მეგონა, ამ ასაკში სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ახლა ვხვდები, რომ ეს საუკეთესო ასაკია, ცხოვრებით დატკბე. ზოგადად, ადამიანის ბუნებაა, ოცნება რომ აუხდება, მერე უფრო მეტი უნდა. მე ასეთი ადამიანი ვარ, მიხდება ოცნებები და კიდევ უფრო მეტზე ვოცნებობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი