კატო მიქაცაძე: საქმეების გარჩევებზე დავდიოდი, მომხვედრია კიდეც ჩხუბში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00
კატო მიქაცაძე ჯერ სოციალური ქსელებიდან გაიცნო და შეიყვარა საზოგადოებამ, შემდეგ კი – სერიალებიდან. კატო ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიად სულ სხვა საქმე აირჩია, ძლიერმა სურვილმა ადრე დასახულ მიზნამდე მაინც მიიყვანა.
კატო მიქაცაძე: ჭიათურაში დავიბადე და გავიზარდე. უბანში ერთადერთი გოგო ვიყავი და რადგან სულ ბიჭების გარემოცვაში ვიზრდებოდი, 14 წლამდე მეგონა, რომ მეც ბიჭი ვიყავი. იმდროინდელ ჭიათურაში სხვა მდგომარეობა იყო, მით უმეტეს, მე „მეცამეტე რაიონში“ ვცხოვრობდი, სადაც სულ საქმის გარჩევები მიდიოდა და მეც დავდიოდი გარჩევებზე – მომხვედრია კიდეც ჩხუბებში (იცინის). ვთამაშობდი კალათბურთს, ფეხბურთს და ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც ბიჭები.
– ბიჭებიც თავისიანად გიღებდნენ, პრობლემების გარეშე?
– ცოტა ისეთი ხასიათი მქონდა, ქუჩას მივყვებოდი (იცინის). ჩემს ბინაზე ქურდების სია მქონდა გაკეთებული და ჩემი სახელი და გვარი ნომერ პირველ ადგილზე მეწერა. ბიჭებს ყველაფერში კარგად ვყვებოდი და ჩემი გოგოობის გამო საერთოდ არ ჰქონდათ პრობლემა (იცინის). თუმცა მამაჩემი პოლიციელი იყო და მითხრა, შვილო, არ არის ლამაზი, შენი სახელი რომ აქ გიწერიაო და მერე ჩამოვრეცხე (იცინის).
– როდის მიხვდი, რომ გოგო ხარ და გაპრანჭვაც დაიწყე?
– სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, ოქროს მედალზე დავამთავრე. მთელი ბავშვობა ვცეკვავდი ქართულ ცეკვებს, ვმღეროდი, ინგლისურში, მათემატიკაში ვემზადებოდი და ჩემი მთავარი მიზანი იყო, ძალიან კარგად მესწავლა. 15-16 წლის ასაკში კი მივხვდი, რომ გოგო ვიყავი და ნელ-ნელა ჩამოვშორდი „ქუჩის ცხოვრებას“ (იცინის). გაპრანჭვაზე ფიქრი ძალიან გვიან დავიწყე, ალბათ, 18-19 წლის ასაკში, უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ. ჩემი მშობლები საკმაოდ მკაცრები იყვნენ. მაგალითად, სკოლაში არასდროს ვყოფილვარ გაშლილი თმით. არასდროს მსმია მანიკური. დედა სულ ამბობდა, რომ ეს არ უხდება სკოლის მოსწავლეს. როცა სკოლა დავამთავრე, მერე თმაც გავიშალე და მაკიაჟიც გავიკეთე (იცინის).
– პროფესია როგორ შეარჩიე?
– მინდოდა თეატრალურზე ჩამებარებინა. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ბავშვობაში ჭიათურის თეატრში ვთამაშობდი, წრეებზე დავდიოდი, შეჯიბრებებში ვიღებდი მონაწილეობას. მოკლედ, სულ სცენაზე ვიდექი და ძალიან მინდოდა მსახიობობა ან მოცაკვავეობა, რადგან კარგად ვცეკვავდი. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩემმა მშობლებმა ითამაშეს დიდი როლი, განსაკუთრებით მამამ. მითხრა, საქართველოში რომ თეატრალურზე ჩააბარო, მომავალი არ გექნებაო. შენს და-ძმას რომ ექნება მოგზაურობის შესაძლებლობა, შენ არ გექნება და ვერსად წახვალ. ტყუილად ხომ არ სწავლობ კარგად, ისეთი პროფესია აირჩიე, რომელიც სამსახურით უზრუნველგყოფსო. ბიზნესადმინისტრირებაზე ჩავაბარე და ფინანსისტი გავხდი. ეს პროფესია ჩემს პიროვნებასთან სულაც არ არის ახლოს, თუმცა ვმუშაობ ამ სფეროში.
– მაგრამ ბავშვობის სურვილების განხორიციელებაც შეძელი. როგორ მოხდა ეს, როგორ დაიწყე სოციალურ ქსელში აქტიურობა და გახდი პოპულარული?
– მგონია, რომ ოცნებები სრულდება, თუ ადამიანი მისთვის ცდას არ შეწყვეტს. ძალიან ბევრი შრომის ფასად მოვიდა ის, რაც მინდოდა. სტუდენტი მე, რომელიც მაღლივში ვსწავლობდი ბუღალტერიას და არ მინდოდა ეს ყველაფერი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ის, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება, შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ მაინც სულ ამისკენ მივდიოდი. ბავშვობიდან პირველი ტელეფონით, პირველი ვიდეოკამერით, სულ რაღაცას ვიღებდი: ვიდეოკლიპებს, ფილმებსა და ასე შემდეგ. სანამ „ტიკ-ტოკი“ გამოჩნდებოდა, მანამდე სხვა პრობრამა იყო და მასაც ვიყენებდი, თუმცა, მხოლოდ მეგობრებისთვის. „ტიკ-ტოკი“ რომ გამოჩნდა, რა თქმა უნდა, მისი საშუალებითაც დავიწყე გადაღება და ისევ და ისევ მეგობრებს ვუგზავნიდი, არაფერს ვპოსტავდი. ერთ დღესაც, ვიდეო დამრჩა გამოქვეყნებული, მეგონა წავშალე, მაგრამ შევცდი და ცოტა ხანში რომ აღმოვაჩინე, უკვე უამრავი ნახვა და ძალიან მაგარი კომენტარები ჰქონდა. იმდენად მომეწონა პოზიტიური შეფასებები, ვიფიქრე, აქტიურობა გამეგრძელებინა. თავიდავე ძალიან კარგი გამოხმაურებები მქონდა, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობდი, წითელი ხაზები არ გადამეკვეთა და ხალხში აგრესია არ გამომეწვია. ამის შემდეგ იყო შემოთავაზება „კეთილებიდან“, სადაც ვითამაშე, შემდეგ ფილმი გადავიღეთ, ახლა ახალ სერიალ „ტახიმახოში“ ვთამაშობ. ეს ყველაფერი მართლა დიდი შრომის შედეგად მოვიდა.
– „კეთილებზე“ თქვი, თანხა გადავიხადე, რომ როლი მიმეღოო, რაც ალბათ, ყველას ძალიან გაუკვირდა.
– ეს ვთქვი, მაგრამ თუ უყურებენ, მიხვდებიან, რომ ხუმრობაა. წამყვანი მეკითხება, ნაცნობობით მოხვდიო? ვიცოდი, რომ ჩემს პასუხს პრომოსთვის გამოიყენებდნენ და ბევრი ნახვა ექნებოდა, ამიტომ ვიხუმრე, რომ ფული გადავიხადე. რეალურად, ბიჭებს საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ვიცოდი, ვინც იყვნენ და რას წარმოადგენდნენ. ერთ დღეს, აკაკიმ მომწერა, გოგოს ვეძებთ და ვერ წარმომიდგენია, ჭიათურელი გოგო შენზე კარგად ვინ უნდა ითამაშოსო. რეალურად, ასე მოხდა... ფული არ გადამიხდია, პირიქით, აქეთ მიხდიდნენ (იცინის).
– საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა რა მოგიტანა ემოციური თვალსაზირისით?
– ქუჩაში ბავშვები რომ მოდიან და მეხუტებიან, ვგრძნობ, რომ რასაც ვაკეთებ, სწორია და ასე უნდა გავაგრძელო, რადგან ბავშვები ყველაზე ნამდვილები არიან და ამ ემოციას ვერ ითამაშებენ. ბედნიერი ვარ, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მიყვარს და არასდროს მეზარება. არაფერია იმ დადებით ემოციებზე მაგარი, რაც ჩემ მიმართ ხალხს აქვს. ამას ვერცერთი ხელფასი ვერ შეედრება.
– სიყვარულის ამბავიც მოგვიყევი, ამასობაში დაოჯახდი. როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?
– ძალიან უცნაურად. სპორტდარბაზში დავდიოდი. ჩემი ტრენერი ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო. მეუბნებოდა, რომ დიდი ხანია, მის ძმაკაცს ძალიან მოვწონვარ და ჩემი გაცნობა უნდა. ერთნაირები ხართ და მოდი, გაგაცნობო. დაახლოებით, სამი თვე მიდიოდა ამაზე საუბარი და ყოველთვის უარს ვამბობდი. არავის გაცნობა არ მინდოდა. მაშინ გუკას სახელიც კი არ ვიცოდი, ჩემი ტრენერი „სიყვარულოვიჩს“ ეძახდა. მთელი ეს პერიოდი გუკა კომპლიმენტებს მითვლიდა ხოლმე, მაგრამ მე მისი ფოტოც კი არ მქონდა ნანახი. იმ მომენტში ისეთ ეტაპზე ვიყავი, საერთოდ არ მინდოდა არავისთან ურთიერთობა. ერთ დღეს ტრენერმა მითხრა, სიყვარულოვიჩმა თქვა, შემდეგ ვარჯიშზე ასი ვარდი უნდა გამოვუგზავნო ჩემს მომავალ შეყვარებულსო. მაგრად დავცინე ამაზე. შემდეგი ვარჯიში სამშაბათს მქონდა, მე ორშაბათს მივედი და ვეუბნები, სად არის შეპირებული ვარდები-მეთქი. მანაც, შენ ხვალ უნდა მოსულიყავიო... არ მაინტერესებს, ვიდეო გადამიღე და გაუგზავნე შენს სიყვარულოვიჩს-მეთქი. ამ ვიდეოში ვამბობ „კაცი რასაც იტყვის, პასუხისმგებელი უნდა იყოს. დღეის შემდეგ, ჩვენ შორის შავმა კატამ ჩაიარა-მეთქი“. გაუგზავნა ეს ვიდეო ტრენერმა სიყვარულოვიჩს და ღამის 12-ის ნახევარზე მირეკავს, გარეთ გადი, სიყვარულოვიჩი მოდის, ყვავილები უნდა მოგიტანოსო. თურმე, გუკა მარნეულში წავიდა, ფერმაში ასი ვარდი თავისი ხელით დაკრიფა და 12-ის ნახევარზე, მომიტანა. მეუბნება: გამარჯობა, მე გუკა ვარ, დიდი ხანია შენი გაცნობა მინდაო. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და აქედან დაიწყო ყველაფერი.
– ალბათ, ამ შთამბეჭდავმა დასაწყისმა მოახდინა შთაბეჭდილება.
– მაინც ვუთხარი, დიდი მადლობა, მაგრამ არ ვარ დაინტერესებული ურთიერთობებით-მეთქი. ამის შემდეგ, ყოველდღე, სადაც მივდიოდი ან ვარდები მხვდებოდა ან გუკა – ვარდებით. სამი თვე თითქმის ყველა დღე ასეთი იყო.
– როდის მიხვდი, რომ შენი მხრიდანაც უკვე სხვა რაღაც ხდებოდა? რამდენ ხანში გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა და როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– რაღაც მომენტში ბათუმში წავედი, იქაც რომ ჩამომადგა, მივხვდი, რომ მთლად ცუდი ადამიანი არ იყო (იცინის). მაშინ დავიწყე მასთან ურთიერთობა. გუკამ კომუნიკაციის დაწყებიდან, დაახლოებით, ერთ თვეში მითხრა, მოდი, დავქორწინდეთო. ეს ყველაფერი მე ერთი წელი გავწელე, ვეუბნებოდი, რა დროს ქორწინებაა, ჯერ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ-მეთქი. ერთ წელში ხელი მთხოვა და დავქორწინდით. ოჯახური ცხოვრება მარტივი არასდროსაა. როცა ადამიანს შენი კომფორტის ზონა გაქვს და მასში სხვა ადამიანი ჩნდება, ორივე მხარეს უწევს კომპრომისებზე წასვლა, მაგრამ მე უფრო რთული ხასიათი მაქვს, ვიდრე გუკას. ის ძალიან გამგებია და რაც ყველაზე მეტად მჭირდება, მაქსიმალურ თავისუფლებას მაძლევს, არ მბოჭავს, არას არ მეუბნება, დღემდე არაფერზე უთქვამს უარი. ყველაფერზე მომყვება, ყველაფერში გვერდით მიდგას. ერთადერთი პრობლემა გვაქვს ოჯახში, რაზეც ვკამათობთ – მისი ნივთების მილაგება მე მიწევს, რადგან მას საერთოდ არ აწუხებს, როგორც ალბათ, მამაკაცების უმეტესობას (იცინის). ისეთი ურთიერთობებისაც არ მჯერა, სადაც კამათი არ არის. ვჩხუბობთ კიდეც, მაგრამ რაზეც ვჩხუბობთ, ალბათ, სხვისთვის სასაცილოა. სამჯერ დავაკაკუნებ ხეზე – ჯერჯერობით სერიოზული მიზეზით არ გვიჩხუბია და იმედია, ასე გაგრძელდება (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





