შოუბიზნესი

კახა კუხიანიძე: მქონია ფინანსური კრიზისი, ისეთი, ჭაობში რომ აღმოვჩნდი

№5

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:42

კახა კუხიანიძე
დაკოპირებულია

მომღერალ კახა კუხიანიძის ცხოვრებაში იყო ფინანსურად კრიზისული პერიოდები, რომლის შესახებაც არათუ ხმამაღლა უსაუბრია, უახლოესი მეგობრისთვისაც არ უთქვამს და არ დაუწუწუნია. საკუთარი შრომით ცდილობს, ის კომფორტი შეიქმნას, სადაც თავს მშვიდად იგრძნობს. არასოდეს იცის, რამდენი თანხა აქვს ბანკში ანაბარზე, საფულეში თუ ბარათზე, თუმცა, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ისეთ დროს უპოვია სახლში საკუთარი თანხა, რომლის არსებობაც აღარც ახსოვდა.

კახა კუხიანიძე: მშვიდად ვარ, როცა ანაბარზე მიდევს თანხა. არ შემიძლია, ვიყო ადამიანი, რომელიც ფიქრობს: „ხვალ რაღაცა იქნება“. ასე ვერ ვიცხოვრებ. კირჩხიბი ვარ და ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს უყვართ ფინანსური კუთხით თავდაცული ცხოვრება. არც მე ვარ გამონაკლისი. როცა ფინანსები ცოტავდება, ცუდ განწყობაზე ვდგები. საფულე როცა თხელდება, საშინელ ხასიათზე ვარ (იცინის). ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის ფინანსები არ არის მნიშვნელოვანი და ვერაფრით ვუგებ.

– ზოგადად, რამდენად რისკიანი ადამიანი ხარ და ფინანსურად თუ გაგირისკავს?

– ჩემს ბავშვობაში ტელევიზიით „საოჯახო ლოტო“ გადიოდა: უნდა გეყიდა ბილეთი, შეგევსო და დალოდებოდი, რომელი ციფრები ამოვიდოდა. სულ მიმართლებდა და ვიგებდი. ზოგადად, ჩემი სტილი არ არის კაზინოში სიარული. თუმცა, ერთადერთხელ მეგობრებს შევყევი, ვითამაშე, 50 დოლარი ჩავდე და 200 დოლარი მოვიგე. რა თქმა უნდა, იმ წამს გავჩერდი და აღარ გამიგრძელებია. ეს არ არის ჩემი სფერო. მაგრამ, რისკიანი ვარ. აზარტული კი – იმ შემთხვევაში, თუ მეგობრები ვთამაშობთ. მოკლედ, აზარტული ვარ, მაგრამ შემიძლია, ეს დავბლოკო, რადგან ვიცი, კაზინოში სიარულს კარგი არავისთვის მოუტანია. ჩემთვის კაზინო ეშმაკის სფეროა, სატანისეული. ზუსტად ვიცი, ჩემი სტილი არასოდეს იქნება. არც ფულის სარისკო საქმეში ჩადება მიყვარს. კიდევ ვამბობ, ბუნებით რისკიანი ვარ, მაგრამ გარისკვის გარეშეც შემიძლია, გამოვიმუშავო ფინანსები. მქონდა არაერთი შემოთავაზება საქმიანი და ბიზნესკუთხით, სადაც ძალიან დიდ თანხებზე იყო საუბარი, უპრობლემო ცხოვრებას რომ შევიქმნიდი საშვილთაშვილოდ, მაგრამ არ გავრისკე. მე ჩემი შეგრძნებებით ვცხოვრობ და თუ ვიგრძენი, იქ მე არ მესაქმება, უარს ვამბობ. ასე რომ, არაერთ მილიონიან საქმიან შემოთავაზებაზე მითქვამს უარი. სხვათა შორის, გამართლებულა ჩემი უარი, რადგან ის საქმე საბოლოოდ არ გამოსულა. ხშირად მქონია ფინანსური კრიზისი, ისეთი, ჭაობში რომ აღმოვჩნდი. ფაქტობრივად, ორწელიწად-ნახევარი ფინანსურად ისეთი კრიზისული პერიოდი მქონდა, ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს. ახლა რომ ვფიქრობ, ეს ფინანსური კრიზისი საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ გადამეხარისხებინა, სხვანაირად შემეხედა, მივმხვდარიყავი, რას ნიშნავს გაჭირვება, მივმხვდარიყავი, როგორ ამოვსულიყავი ჭაობიდან. გავძლიერებულიყავი და გამეზარდა ჩემი თავი. ძალიან დიდი მადლობელი ვარ სამყაროსი, რომ ეს პერიოდი გავიარე. ადრე სხვა შეხედულებები მქონდა და ახლა სხვა შეხედულებები მაქვს. ადრე ქირით ვცხოვრობდი, საკუთარი ბინა არ მქონდა და მიჭირდა ფულის გადახდა, თუმცა, მაინც ვიხდიდი. მქონდა სესხები, ვალდებულებები, არ მქონდა ფული, მაგრამ იმედი არასოდეს დამიკარგავს. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვის ცხოვრებაშიც დღეს ფინანსური კრიზისი დგას, არასოდეს დანებდნენ. იფიქრონ პოზიტივზე და ღმერთი, სამყარო აუცილებლად გადმოგხედავთ. მთავარია, არ მოდუნდეთ, არ დაჯდეთ და დღეები არ გაატაროთ მხოლოდ იმ ფიქრში, რომ დაიღუპეთ და აღარაფერი გეშველებათ. შენივე ფიქრები შენივე ენერგიას განაგებს.

– იმ ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, როცა ფინანსური კრიზისი გქონდა, ბევრი მეგობარი ამოიცანი და დაინახე მათი რეალური სახე?

– წარმოიდგინეთ, არცერთი მეგობრისთვის არ მითქვამს, რომ მიჭირდა და ასეთი მდგომარეობა მქონდა. არ ვიმჩნევდი, არ ვეუბნებოდი ჩემს თავს: „კახა, რა უბედური ხარ“. ზუსტად ვიცოდი, სამყარო ხვალ ჩემივე შრომით დამაჯილდოვებდა. როცა სირთულეში ვარ, ის გზა ჩემით უნდა გავიარო, ამ დროს ჩემს თავს ვუმტკიცებ: მაგარი ხარ-მეთქი. ამიტომ, დღეს არ მეშინია. პანდემიის დროს, სესხი მქონდა და ბანკში ყოველთვიურად გადასახდელი საკმაოდ სოლიდური თანხები. ნამდვილად არ მიზარმაცია ჩემი ნებით, დამსვეს სახლში და ბანკი მეუბნებოდა, ფული მიხადეო. ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. სახლი აუქციონზე უნდა გაეტანათ, მაგრამ მაინც ჩემით დავიხსენი და გავიარე ის რთული გზა, არავინ შემიწუხებია, მაინც ვიპოვე გამოსავალი. იმის თქმა მინდა, როცა რთულ სიტუაციაში ვარ, არასოდეს ვფიქრობ ცუდზე, ზუსტად ვიცი, გამომივა. ცუდი ფიქრი თუ მოვა, დავბლოკავ, გავაგდებ.

– ადამიანი მხოლოდ ცუდი ფიქრის დაბლოკვითა და განდევნით ხომ ვერ გადაიხდი საბანკო ვალდებულებას?

– არა, მხოლოდ ფიქრით არა, ფიქრი განაგებს შენს ენერგიას, რომელიც სამყაროში მიდის და მერე სამყარო აუცილებლად გაჩვენებს იმ გზას, რომელიც კრიზისული სიტუაციიდან ამოგიყვანს, გამოგიჩნდება რაღაც საქმე. მეც გამომიჩნდა, აბსოლუტურად სხვა სფეროში – სამედიცინო სფეროში დავკავდი. ერთ-ერთი სამედიცინო დაწერსებულების მენეჯმენტი მქონდა აღებული, უსაქმურად ვერ ვიჯდებოდი

– კახა, თუ გახსოვს შენი პირველი გამომუშვებული თანხა და რაში დახარჯე ის?

– პირველი ჩემი ჰონორარი 13 წლის ასაკში ავიღე კონცერტიდან – 100 დოლარი და ტანსაცმელებში დავხარჯე. ამ ასაკიდან სულ მქონდა ჩემი შემოსავალი. ფული მიყვარს იმიტომ, რომ უნდა ვხარჯო. თუ ფულს არ ვხარჯავ, ცუდ ხასიათზე ვარ. ფული ამისთვის მჭირდება, რომ დავხარჯო.

– ყველაზე დიდ თანხებს რაში ხარჯავ?

– ფუფუნების საგნებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ჩემი სურვილების ასრულებისთვის ფულის ხარჯვა არ მენანება. თუ ადამიანმა სურვილები არ დაიკმაყოფილე, შენი განწყობა ფუჭდება. განწყობა რომ ფუჭდება, ყველაფერზე აისახება – გამომეტყველებაზე, ენერგიაზე, შრომისმოყვარეობაზე. განწყობა თავად უნდა შეიქმნა და მე ამაზე ვზრუნავ. იმიტომ ვშრომობ, რომ ნორმალურად ვიცხოვრო. კომფორტისტი ვარ, კომფორტი მიყვარს. სახლში თუ რამე არ მომწონს, ახალი გაკეთებულიც რომ იყოს, ეგრევე ვცვლი. ასე შევცვალე ახალგარემონტებულ სახლში მეტალოპლასტმასის ახალი ფანჯრები და სამზარეულო. ჩემს განწყობაზე ცუდად მოქმედებდა და როგორიც მინდოდა, ისეთი გავაკეთე. ჩემი ფუფუნებისთვის თანხები არ მენანება. ასე რომ, კარგად რომ ვიმუშავო და კარგად გამოვიმუშავო, განწყობა და ენერგია მჭირდება, რასაც თავად ვიქმნი.

– რამდენად ხშირად მოგმართავენ ადამიანები ფულის სასესხებლად?

– ძალიან ხშირად მთხოვენ ფულს უცხო ადამიანები. ადრე ვეხმარებოდი და მერე მივხვდი, ბევრი იტყუებოდა, არც შვილი ჰყავდა ავად და არც საარსებოდ სჭირდებოდა. ბევრ ტყუილში მაქვს ფული გადახდილი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ასე არ შეიძლებოდა. მირჩევნია, როცა ფულს მთხოვ, სიმართლე მითხრა და არ მომატყუო, რომ შვილი ავად გყავს, რომელიც საერთოდ არ გყავს. ასეთ ტყუილებში ფულს აღარ ვფანტავ. ტყუილს არ ვჭამ და თავს არ დავიგოიმებ. თავად კი ლარიც რომ არ მქონდეს, არ მიყვარს ადამიანისგან სესხება. მირჩევნია, ბანკს მივაკითხო, ვიდრე ხელზე ვისესხო მეგობრისგან. ერთადერთხელ მქონდა ახლო მეგობრის ვალი და ვადაზე ადრე დავუბრუნე. რომ ვიცი, ადამიანი კაზინოში თამაშობს და ამისთვის მთხოვს ფულს, ნამდვილად არ მივცემ, მაგრამ თუ უჭირს, შესაშური გვერდით დგომა ვიცი.

– რჩევებს ან ცრურწმენებს თუ ითვალისწინებ, რასაც, როგორც ამბობენ, ფულის მოზიდვა შეუძლია?

– ცრურწმენებისა და თილისმების არ მჯერა. თუ თავდაუზოგავად არ შრომობ, ფულს ვერ მოიზიდავ,. ლატარიაშიც რომ იგებს ხალხი მილიონებს, იქაც შენი მოქმედებაა საჭირო – უნდა მიხვიდე, იყიდო ბილეთი და შეავსო. მერე ან მოიგებ ან არა.

– რომ მიხვიდე, იყიდო, შეავსო, იღბალმა გაგიღიმოს და მილიონი მოიგო, რაში დახარჯავ?

– მოგებულ მილიონს დავხარჯავ იმაში, რომ ვიყიდი ჩემი ოცნების სახლს ესპანეთში. ჩემს კარიერას მოვახმარდი აუცილებლად და მერე, ის მილიონი თვისით გაორმაგდებოდა. სხვათა შორის, არ მიყვარს ფულის დათვლა და არასოდეს ვიცი, რამდენი თანხა მაქვს საფულეში, ანაბარზე ან ბარათზე. არ ვიცი ბენზინის ფასი, რომელსაც წლებია, მანქანაში ვასხამ, არ ვიცი სიგარეტის ფასი, რომელსაც ყოველდღე ვყიდულობ, პურის ფასი... უბრალოდ, ბარათით ვიხდი და არ ვაკვირდები, რამდენი მეჭრება. არასოდეს ვინახავ სახლში ფულს, მაგრამ არაერთი შემთხვევა მქონია, როცა ისეთ დროს და ისეთ ადგილას მიპოვია ჩემივე თანხა, რომელიც არც კი მახსოვდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი