ირმა სოხაძე: წონის შენარჩუნება-დაკლებაში პროფესორი ვარ
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 08.07
მომღერალი ირმა სოხაძე წლებია, სასურველ წონას ინარჩუნებს, გადასარევად გამოიყურება და სულ ფორმაშია. გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მას ამისთვის არც მტანჯველი დიეტების დაცვა უწევს, არც კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება და არც სილამაზის სალონებში ხშირი ვიზიტი. მისი ახალგაზრდობის, ფორმაში ყოფნისა და ხიბლის მთავარი საიდუმლო, მისსავე ხასიათსა და იმ ყოველდღიურ თავის მოვლის მარტივ რუტინაშია, რომელსაც სახლის პირობებში აკეთებს.
ირმა სოხაძე: რომ მეკითხებიან, რა მოგწონს შენს თავშიო, ვპასუხობ: ჩემი ხასიათი. ვარ ძალიან დამთმობი და მიმტევებელი. ჩემთვის დასკვნები, რა თქმა უნდა, გამომაქვს ადამიანებზე – ახლობლებზეც და შორებლებზეც, მაგრამ ვცდილობ, კონფლიქტში არ შევიდე, საქმეები არ ვარჩიო, არ გავართულო. ვამარტივებ ყვეელაფერს, მთელი ცხოვრება.
– ქალბატონო ირმა, როგორი ბავშვი იყავით? რა ასაკიდან დაიწყეთ თავის მოვლა?
– პრანჭია ბავშვი საერთოდ არ ვყოფილვარ. რაც შეეხება თავის მოვლას, სალონში ვიზიტებს, თმის ღებვას, ფრჩხილების დაგრძელებას და კანზე რაღაც პროცედურების ჩატარებას, ეს დღემდე არ მახასიათებს და არ მიყვარს. მიმაჩნია, რომ ადამიანი თავს რაღაც განსაკუთრებული რუტინით კი არ უნდა უვლიდეს, არამედ რუტინა უნდა იყოს ყოველდღიური რეჟიმი. როცა ეს ყოველდღიურობაშია გადასული, ეს ისეთი მარტივია, ჩათვალეთ, სულ ფორმაში ხართ. სულ მიკვრიდა ჩემი ამხანაგების და ნაცნობი ქალების, რომ ამბობდნენ: სამ დღეში ქორწილში მივდივარ, თმა უნდა შევიღებო, ფრჩხილები გავიკეთო, კაბა შევიკერო ან ვიყიდო და როგორ მოვასწროო. ადამიანს თმაც სულ მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, ფრჩხილიც და გარდერობში ისეთი კაბაც უნდა ეკიდოს, რომელიც არავის ახსოვს ან ახალი ლუქი გააკეთოს ძველი ტანსაცმლისგან. თუ ქალს ამის უნარი და ნიჭი აქვს, ის მუდამ მოვლილია. დამიჯერეთ, გაცილებით მარტივია იყო სულ ფორმაში, ვიდრე იყო ფორმაში განსაკუთრებულ დღეებში. ნულიდან დაწყებას და ყველაფრის მოწესრიგებას სჯობს, ყოველთვის იყო მოწესრიგებული და ფორმაში.
– თქვით, სალონში სიარული არ მიყვარსო...
– სახლის პირობებში ჩემით გადასარევად ვიწესრიგებ ფრჩხილს, ვიკეთებ მანიკიურ-პედიკიურს და თმასაც ჩემი ხელით ვიღებავ. მაგალითად, თუ ზღვაზე მივდივარ დასასვენებლად, შეიძლება, წავიდე სალონში და პედიკიური პროფესიონალს გავაკეთებინო. თუ არა და, მეც საკმაოდ ოსტატურად ვაგვარებ ამ საქმეს. არ მცალია არასოდეს თმის შესაღებად და ფრჩხილების დაგრძელების გამო სალონში საათობით ვიჯდე. ასე რომ, მთელი ცხოვრებაა, თმას თავად ვიღებავ, სალონში არასდროს შემიღებავს. ბევრი მეუბნება, თმა რა კარგ ფერზე გაქვსო. ვიცი, როგორ შევიღებო ძირები სხვა საღებავით და დანარჩენი თმა – სხვა ფერით. ამ საქმეს სკრუპულოზურად არ ვუდგები, თმას მარტივად და ადვილად თვე-ნახევარში ან ორ თვეში ერთხელ ჩემით ვუვლი და ვიღებავ. ბევრი ჭაღარაც არ მაქვს და ამისთვის მადლობა გენეტიკას. არადა, ყველას ჰგონია ათასგვარ პროცედურას ვიტარებ კანზე, თმასა და ტანზე, მაგრამ ასე არაა.
– ასაკის მატებასთან ერთად, კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამ მხრივ, რას აკეთებთ, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა კანის დაცვა აუცილებელია?
– ამ მხრივ, ძალიან ცუდი მრჩეველი ვიქნები სხვებისთვის. მაქვს არაპრეტენზიული და მადლიერი კანი – რაც არ უნდა წავისვა, უბრალო ზეითუნის ზეთიც კი, იმაზეც კი კარგი რეაქცია აქვს. არც დამცავს ვხმარობ და არც მზეს ვერიდები, ყოველ წელს კარგად ვირუჯები. სანაპიროზე ქუდითა და სათვალით ვერ მნახავთ, უბრალოდ, შუადღის 2-3 საათის მზეს ვერიდები. რა კრემებსაც ვისვამ ზამთარში, იმავეს ვხმარობ ზაფხულში. ექიმმა კი მითხრა, მზისგან დამცავი კრემი აუცილებელიაო და ბავშვებმა მიყიდეს, მაგრამ წასმა მავიწყდება (იცინის). რომ ამბობენ, მზე კანს აჭკნობსო, ესეც არ ვიცი, რადგან ჩემს ასაკში – 68 წლის ვარ და არ მაქვს ცუდად კანი. ნაოჭები არ მაქვს. არც ბოტოქსი გამიკეთებია და არც ფილერი და ისიც არ ვიცი, რა არის – არც ერთი და არც მეორე. სპორტულ აზარტში გადამივიდა და ვამბობ: არასოდეს გავიკეთებ-მეთქი (იცინის). რომ ვამბობ, არასოდეს გამიკეთებია ბოტოქს-ფილერები-მეთქი, უკვირთ, ვა, რა კარგად გამოიყურებიო, ეს ძალიან მიხარია. ასე რომ, არაფერს ვიკეთებ და არც მზეს ვერიდები. იცით, რატომ არ მიჩნდება ნაოჭები? ძალიან მიყვარს კრემების ხმარება. ძვირფასი კოსმეტიკა, სამასი ევრო რომ ღირს, არ მიყვარს, რადგან ერთი-ორჯერ მაჩუქეს ყველაზე მაგარი ბრენდები და რომ წავისვი, იგივე შედეგი ჰქონდა რაც ჩვეულებრივ კრემებს. დამატენიანებელს და მკვებავს ერთმანეთში ვურევ, ვამატებ ზეთოვან A და E ვიტამინს, მოკლედ, ჩემით ვალქიმიკოსობ და ამ კრემებს ვიყენებ. ესაა მთელი ჩემი სახის მოვლის რუტინა. დილას, ორჯერ-სამჯერ ვისვამ სახის კრემს, მერე შხაპამდე და მის შემდეგ, მერე სახლიდან გასვლის წინ, ზემოდან ცოტა რუჯს გადავისვამ ფუნჯით და ესაა მთელი ჩემი კოსმეტიკა. ალბათ, კრემის ხშირად წასმით ვინარჩუნებ სახის სიგლუვეს. კანს ძალიან უყვარს და სჭირდება კარგი „დალევაც“ და „ჭამაც“, ამიტომ მუდმივად უნდა დავატენიანოთ და მკვებავიც არ მოვაკლოთ. ზაფხულში ცხიმიან მკვებავსაც ვხმარობ და ძალიან კმაყოფილი ვარ.
– წლებია, ერთ წონაზე ხართ და არაჩვეულებრივ ფორმაში. ამის საიდუმლო ვარჯიშია, განტვირთვის დღეები, დიეტები თუ ჯანსაღი და სწორი კვება?
– წონის შენარჩუნება-დაკლებაში პროფესორი ვარ და კარგი მრჩეველიც (იცინის). როგორც მე ვინარჩუნებ წონას, ისე შეინარჩუნებს ნებისმიერი ადამიანი, თუ დამიჯერებს მე კი არა, ნუტრიციოლოგებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ტკბილი საერთოდ ამოვიღოთ რაციონიდან. შაქარი არ უნდა გავიკაროთ, სჯობს, თაფლითა და ხილით ჩაანაცვლოთ და ასე მიიღოთ ფრუქტოზა და გლუკოზა. რაფინირებული შაქარი რომ შხამია, ამაში დავრწმუნდი. ვისაც მაღალი ქოლესტერინი აქვს და ცხიმების შემცირებას აპირებს, ეს სულ არ არის აუცილებელი, უნდა შეამციროს ნახშირწყლები. როგორც კი პურეულსა და ტკბილეულს ამოიღებთ რაციონიდან, წონის შენარჩუნება-კლება არ გაგიჭირდებათ. ეს ჩემი პირადი დაკვირვებაა. სამი-ოთხი წლის წინ, როცა 65 კილოს გავცდი, ვიწრო სამოსში ჩემი თავი არ მომწონდა. ამიტომ, გამოვიმუშავე და ბოლო სამი წელია, მთლიანად ავიკრძალე პურეული, ცომეული და ტკბილი, დამთავრდა ჩემი წვალება. ისე ჩამოვედი 62 კილოზე, ვერც გავიგე, მეტი აღარც მინდა დავიკლო. ასევე, ბოლო ერთი წელია, ინტენსიურად ვცურავ აუზზე.
ეზოში მაქვს აუზი და ყოველ საღამოს, დაახლოებით, 35 წუთი ვცურავ. ცურვა, გარდა იმისა, რომ გახდომასა და ფორმაში ყოფნას უწყობს ხელს, გადასარევი რელაქსია, ფსიქოლოგიურად გაწყნარებს და გამშვიდებს, ტონუსში მოჰყავხარ, პოზიტივზე განგაწყობს. და, მთავარი – ძალიან მიყვარს ფეხით სიარული, სიგარეტსა და ალკოჰოლზე ლაპარაკიც ზედმეტია. სხვათა შორის, ადრე ვეწეოდი და ეს იყო ყველაზე სამრცხვინო საქციელი, რაც კი ჩემს ცხოვრებაში ჩამიდენია. მომღერალი ვარ და არ უნდა მომეწია, მეორე – სუნთქვის პრობლემა შემიქმნა. 30 წელი ვეწეოდი და 16 წელია, თავი დავანებე. დამიჯერეთ, თუ გინდათ, დიდხანს იყოს ჯანმრთელები, საჭირო კი არა, აუცილებელია, სიგარეტი გადააგდოთ. რატომ უნდა მოვიკლათ თავი, სულელური ჩვევის გამო? მაშინ, ახალგაზრდობაში ამას ვერ ვაანალიზებდი. ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ გაუძელით და შეეშვით მოწევას!
– ორი თვეა, რაც ეკრანზე აღარ ჩანხართ. რა იყო ტელევიზიიდან წამოსვლის მიზეზი რეალურად?
– წამოსვლის მიზეზი, ყველასთვის გასაგები და ცნობილია და არ მინდა ამ თემაზე კონკრეტულად ვისაუბრო. მარტო ერთს გეტყვით – არ შემიძლია, ვიყო იქ, სადაც ჩემი პოზიციით ან რაიმე ქმედებით ვინმეს დისკომფორტს ვაყენებ. ასევე, არ შემიძლია, მე ვიყო თევზივით პირში წყალჩაგუბებული და თავად ვიგრძნო თავი დისკომფორტში. „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო“ და ძალიან კმაყოფილი ვარ, ამ ჩემი გადაწყვეტილებით. სითბოთი ვიგონებ „პოსტ ტვ-ის“, თავისი კოლექტივით, არაჩვეულებრივი ხალხი მუშაობს იქ და ძალიან მიყვარს ყველა. ის სამი წელი, ეთერში რომ ვიჯექი, ერთგვარი გამოცდაც იყო, რომ ამ ასაკში ფორმაში ვარ და შემიძლია, ყოველდღიური გადაცემა უდანაკარგოდ წავიყვანო, რაც არ არის იოლი. ამ წუთში კი მე ჩემს თავს ვერცერთ ტელევიზიაში ვერ ვხედავ და რაღაც პერიოდი თუ არ ვიქნები ტელეეკრანზე, არც ამაში ვხედავ ცუდს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან