შოუბიზნესი

ირმა ხეცურიანი: ყოველდღე ვჩუქნი რაღაცას საკუთარ თავს

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 13.10

ირმა ხეცურიანი
დაკოპირებულია

როგორია ირმა ხეცურიანის დაბადების დღეები, რა შეცვალა მასში განვლილმა წლებმა და რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ამას ჩვენი ინტრვიუდან შეიტყობთ.

ირმა ხეცურიანი: დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანს უყვარს საკუთარი დაბადების დღე. მეც მიყვარს 18 სექტემბერი, რადგან ამ დღეს დავიბადე. ყოველ წელს განსაკუთრებულ მადლიერებას ვგრძნობ იმის გამო, რომ კიდევ ერთი წელი დავრჩი ამ სამყაროში. ამ დღეს განსაკუთრებულად ნაკლებად აღვნიშნავ, მაგრამ სიყვარულით ნამდვილად გამოჩეულად მიყვარს.

– წლევანდელი დაბადების დღე როგორი იყო?

– ბოლო პერიოდში ჩემი დაბადების დღეები შეჯიბრებებს ემთხვევა ხოლმე. წელსაც 18 სექტემბერს გუნდური შეჯიბრება გვქონდა ინდონეზიაში. ჩვეულებისამებრ, ვიფარიკავე. განსაკუთრებული ის იყო, რომ იცოდნენ, იუბილარი ვიყავი და ძალიან ბევრი მოლოცვა მივიღე. გუნდურში ვერცხლის მედალი ავიღეთ, რაც კიდევ ცალკე ბონუსი იყო. 18 რომ თენდებოდა, ჩვენი გუნდის წევრებმა, მწვრთნელმა და ექიმმა სიურპრიზი გამიკეთეს – ტორტი ინდონეზიაში ცოტა რთული დასაორგანიზებელია, მაგრამ ყოველთვის ახერხებენ ჩემს გაოცებას. ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო. შეჯიბრების დასრულების შემდეგ ვხუმრობდი, დახურვა მე მომიძღვნეს-მეთქი, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ იქაც ისეთი მოლოცვა მივიღე, რომ ძალიან სასიამოვნო იყო და საერთაშორისო დაბადების დღე გამომივიდა – ბევრი დადებითი ემოციით დატვირთული.

არ ველოდი, რადგან ცოტა ისეთი ასაკია – 40 წლის გავხდი... რთული იყო ამის გააზრება. უკვე? – ეს კითხვა მიტრიალებდა თავში და გამიჭირდა იმის თქმა, რომ 40-ის ვიყავი (იცინის). რომ მეკითხებოდნენ, ცოტა ხანი ვფიქრობდი, ვთქვა, თუ არა-მეთქი, მაგრამ რომ ვთქვი, მივხვდი, რომ გადავლახე (იცინის). ყველას ვეკითხებოდი, რამე თუ იცვლება 40 წლის ასაკიდან-მეთქი. მერე ვხუმრობდი, მთავარია, თვალში შუქი არ წამერთვა-მეთქი (იცინის). მეხუმრებოდნენ, რადგან შიშმა შემიპყრო. წარმოდგენის დონეზე უფრო რთული იყო, ახლა არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. რეალურად, ამ თემაზე, ხშირ შემთხვევაში, ვხუმრობ ხოლმე და ზოგს ჰგონია, რომ მართლა ძალიან განვიცდი. რასაკვირველია, ყველას უნდა, ახალგაზრდა იყოს, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, გამოცდილებაც გემატება და ცხოვრება ამით არის საინტერესო. მარადჟამს 20 წლის ვერ ვიქნებით და არც იქნება საინტერესო. ჩემთვის ჩემი თითოეული წელი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები, ვაჯამებ – რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ წელს ან, მინიმუმ, ერთი კარგი რამ, რაც წამოვიღე ამ წლიდან, მაგალითად, წელს იმაზე ვფიქრობდი, რით იყო დასამახსოვრებელი 39 წელი ადამიანური თვალსაზრისით. ვნახოთ, რას მომცემს 40. მე, საერთოდ, ვხუმრობ ხოლმე, მთელი წელი ჩემი დაბადების დღეა, 2026-ში გავხდები 40 ის-მეთქი, ასე დავუთქვი ჩემს თავს (იცინის).

– წლის შეჯამების დროს, საკუთარი თავის მიმართ მადლიერების გრძნობა გაქვთ თუ შენიშვნა მეტია?

– ზოგადად, საშინლად კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. როცა საჭირო არ არის, მაშინაც კი ვაკრიტიკებ თავს. თუ ვინმესგან მესმის ჩემი კრიტიკა, ვფიქრობ, რომ ეს უკვე ზედმეტია და ვღიზიანდები, რადგან მე თვითონ საკუთარი თავის ქმედებების ყველაზე დიდი კრიტიკოსი ვარ.

რაც შეეხება შეჯამებას, ბოლო პერიოდში, ვისწავლე, რომ შედარებით ლოიალური ვიყო. ვცდილობ, ვიყო ტოლერანტული საკუთარი შეცდომების მიმართ, თუმცა, მერე იგივე შეცდომები აღარ დავუშვა. ბოლო პერიოდში უფრო ვახალისებ საკუთარ თავს. შეიძლება, შენიშვნა მივცე, მაგრამ მადლობა ღმერთს, წლები მემატება და მაქვს იმის საშუალება, რომ გამოვასწორო ნაბიჯები, რომლებიც არასწორად მიმაჩნია.

– როგორ შეგცვალათ წლებმა?

– ყველაზე კარგი, რაც ჩემში შეიცვალა, დაბრკოლებების მიმღებლობაა. აქამდე თუ ტრაგიზმში გადამქონდა, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი, რაც ცუდ აზრებს იწვევდა და ზედმეტად ვაკრიტიკებდი თავს. ახლა უფრო დავღვინდი, დავმშვიდდი. პრიორიტეტები შემეცვალა. წინა პლანზე ადამიანური ემოციები წამოვიდა. წარუმატებლობისგანაც შემიძლია გაკვეთილის მიღება. ვფიქრობ და ვმუშაობ მშვიდად, რომ სამომავლოდ იმედგაცრუებები და ჩავარდნები შევამცირო. თავისით, ბუნებრივად მოვიდა კიდევ ერთი განცდა – არავისგან არაფერს ველოდები. თუ აქამდე ყველასგან განსაკუთრებული მოლოდინი მქონდა, ახლა სრულიად შევიცვალე და შესაბამისად, იმედებიც ნაკლებად მიცრუვდება. ალბათ, ეს თავდაცვითი მექანიზმია. რადგან დიდ მოლოდინებთან ერთად, იმედგაცრუებებიც ხშირია. ასე რომ, ვფიქრობ, ამ მხრივ, სასიკეთოდ შევიცვალე.

– არის ერთი კონკრეტული დაბადების დღე, რომელიც გამორჩეულად გახსოვთ?

– ყველას თავისი ხიბლი ჰქონდა. მე ძალიან პრაქტიკული ადამიანი ვარ. სიურპრიზები არ მაოცებს, თუმცა, არ ვიტყვი, რომ არ მიყვარს. რა თქმა უნდა, მიხარია. განსაკუთრებული, ალბათ, წინა დაბადების დღე იყო, როცა 39 წლის გავხდი. ყველა მეგობარი, ვინც ძალიან მიყვარს, ჩემს გვერდით იყო. გაგრძელებაც ძალიან საინტერესო ჰქონდა, თუმცა ეს უფრო პირადია.

– არ ყოფილა მომენტი, რომ განსაკუთრებულად აღნიშვნა მოგდომებიათ, ისეთი, დღესასწაულის სახე რომ ჰქონოდა?

– ყოველთვის დღესასწაულის სახე აქვს, მაგრამ ეს ჩემი მეგობარების დამსახურებაა (იცინის). მე არ მიყვარს გრანდიოზულობა, მაგრამ ყურადღება ძალიან სასიამოვნოა. საჩუქარიც რომ ავიღოთ, ერთი ყვავილიც რომ მაჩუქოს ვინმემ, შეიძლება, ბავშვივით გამიხარდეს. მე ვცდილობ, არ გავაფეტიშო ჩემი დაბადების დღე, მაგრამ ჩემი მეგობრები ყოველთვის დღესასწაულად აქცევენ ხოლმე. არ მაძლევენ უფლებას, ჩუმად გავატარო ეს დღე (იცინის). ჩემთვის მთავარია, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვიყო.

– გიყვართ საკუთარი თავის დასაჩუქრება?

– მე ყოველდღე ვჩუქნი რაღაცას საკუთარ თავს, მიზერულს, შეიძლება, ზოგჯერ უფრო მეტს, მაგრამ რატომაც არა?! როცა ამის შესაძლებლობაა, სიამოვნებით, როცა არ არის, არ ვითრგუნები.

– როგორი იყო ბავშვობისდროინდელი დაბადების დღეები?

– მე ხომ ომგამოვლილი ბავშვი ვარ, შესაბამისად, მაშინ ტორტი ნაკლებად იყო, უფრო ნამცხვრით აღვნიშნავდით დაბადების დღეს. ძალიან მძიმე პერიოდი იყო, თუმცა, სილაღე და განსაკუთრებული ბედნიერება ნამდვილად გვქონდა. სკოლაში არაჩვეულებრივი დამრიგებელი გვყავდა და მახსოვს, როგორ სიყვარულს მაგრძნობინებდნენ ჩემს დაბადების დღეზე, როგორ ცდილობდნენ, პატარა ჩანახატებით თუ გამხმარი ყვავილებით გავეხარებინე. მაშინ გრანდიოზული საჩუქრების შესაძლებლობა ვის ჰქონდა, გაჭირვება იყო ქვეყანაში, მაგრამ იმ დროში, მცირედიც კი უდიდესი ბედნიერების მომტანი იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა