ირინა ტორონჯაძე: ერთმანეთს ვეჯიბრებით, მე უფრო მიყვარხარ, არა მეო, თუმცა, თუ შერიგებაზე მიდგა საქმე, არასოდეს ვდგამ პირველ ნაბიჯს
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 11.02
![ირინა ტორონჯაძე ირინა ტორონჯაძე](/files/2025/02/10/12463/irina-toronjadze_w_h.jpeg)
2025 წლის 25 იანვარს ხუთი წელი გახდა, რაც ირინა ტორონჯაძემ და მისმა რჩეულმა, საყვარელმა მამაკაცმა, ლევან სამყურაშვილმა იქორწინეს, ჯვარი დაიწერეს და ქორწილი გადაიხადეს. იმ დღის შემდეგ წყვილის ცხოვრებაში უამრავი ბედნიერი წამი, წუთი და საათი იყო, წინ კი კიდევ ბევრი საინტერესო და ბედნიერი დღე ელით. ჟურნალი „თბილისელები“ კიდევ ერთხელ ულოცავს წყვილს თანაცხოვრების ხუთი წლის იუბილეს და დიდხანს სიყვარულში, ბედნიერებასა და იდილიაში ცხოვრებას უსურვებს.
ირინა ტორონჯაძე: ხუთწელიწად-ნახევარია, რაც მე და ლევანი ერთად ვცხოვრობთ. სანამ ვიქორწინებდით, ექვსი თვე ერთად ვცხოვრობდით და შემდეგ გადავწყვიტეთ ოფიციალური ქორწინება, ხელის მოწერა და ჯვრისწერა. ზუსტად მახსოვს ყველა ჩვენი გადაწყვეტილების დღე; ის ზაფხული, როცა თანაცხოვრება დავიწყეთ; ის დღე, როცა ჯვარი დავიწერეთ... ანუ, ჩემთვის ყველა მომენტს თავისი მნიშვნელობა აქვს. ესენი ერთგვარი ეტაპები იყო ჩვენს სიყვარულში. ჩემი იმიჯის გამო, რაც მორგებული მქონდა და ჩემთვის სარწმუნო იყო, ფემინისტობას ვგულისხობ, ვერ წარმომედგინა, რომ ასე ადვილად შევეგუებოდი კაცთან თანაცხოვრებას. ზოგადად, ადამიანს გგონია, შენს თავს იცნობ, მაგრამ ურთიერთობაში უკვე მართლა იწყებ შენი ემოციური საჭიროებების, შენი თავის თავისებურებების შეცნობას, უკეთ ხედავ შენს სისუსტეებს, ძლიერ მხარეს. მე, ასეთი გამოცდილება არ მქონდა. რასაკვირველია, 37 წლის ასაკში გავთხოვდი და მანამდე მქონდა გამოცდილება საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობის, მაგრამ ჩემი ფემინისტური ქალის იმიჯის ყველა კაცს ეშინოდა. კიდევ ვამბობ, თავად ვიყავი საკუთარი თავის მიმართ ასე განწყობილი – ჩემს ხასიათს ვინ შეეგუება-მეთქი. ლევანთან რომ დავიწყე თანაცხოვრება, მერე დავინახე, რომ ეს არის რეალობა და ეს ადამიანი კი არ შემეგუა, პირიქით, განცდა გამიჩინა, რომ არაფერი შესაგუებელი არ მჭირს. ყველა ჩემი თვისება, რაც მეგონა, ძნელი ასატანია, პირიქით, ასი პროცენტით მიიღო და ეს გახდა ჩემთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომ მე ნამდვილად მინდა ამ ადამიანთან ცხოვრება, ურთიერთობის გაოფიციალურება. სხვათა შორის, ჩვენი გაცნობა ლევანის ინიციატივა იყო. დამიკავშირდა, თვალს მადევნებდა, შევხვდით, ასე ვთქვათ, ლევანი უფრო ინიცირებდა. ამიტომ, მისი მხრიდან გარკვეული იყო, რომ მოვწონდი და ჩემთან ურთიერთობა უნდოდა. წელიწად-ნახევარი, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, იყო გაცნობა-შეცნობის პერიოდი, დისტანციური მოწონება, უფრო მეტად ფლირტი და რომანტიზირებული თამაში. მერე კი დავიწყეთ თანაცხოვრება და როცა ვნახე, ის ჩემს ხასიათს იღებს, როგორც მოცემულობას და თან, არ ღიზიანდება, მივხვდი, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ჩემია.
– შენს ხასიათში რას გულისხმობ?
– ჯიუტი ვარ, შემიძლია, ყველაფერზე ვიკამათო, ყველაფერზე ჩემი აზრი მაქვს, სიზუსტე მიყვარს, ჩარჩოები მაქვს და ცოტა თუ რამე ისე ვერ არის, ნერვები მეშლება. ლევანს კი ამ ჩემს ხასიათზე ასპროცენტიანი მიმღებლობა ჰქონდა. სხვათა შორის, პირველ წელს, სულ ვკამათობდი, ჩემს საზღვრებს ვავლებდი, რაღაცას ვამტკიცებდი და მერე მივხვდი, რომ არავინ მეჭიდავებოდა, ნელ-ნელა დავიწყე ჩემი თავის დამკვიდრვება და გაზრდა და დავწყნარდი. ეს მომენტები იყო, რამაც, სწორედაც რომ, საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ურთიერთობას. მე რომ ვაფასებ, ვთვლი, რომ ლევანი ემოციურად უფრო მოწიფული იყო და არის, ვიდრე მე. თუმცა, ამ ურთიერთობაში მე საკმაოდ გავიზარდე და ბავშვური კინკლაობების მუღამი აღარ მაქვს, რომ რაღაც ვამტკიცო.
– ირინა, რომ ამბობენ დროთა განმავლობაში სიყვარული ფერებს იცვლის და ოჯახურ მოვალეობებში გადადისო?
– ჩემი და ლევანის სიყვარულმა, არც ფერი იცვალა და არც გახუნდა, პირიქით, დაემატა ახალი შტრიხები. ხანდახან მგონია, შვილივით უნდა ვიზურნო მასზე და რომ ვეუბნები, ეს ჩაიცვი, არ შეგცივდეს-მეთქი, მპასუხობს: რატომ იცი ასე, მე არ ვიცი, რა უნდა ჩავიცვა, რომ არ შემცივდესო? (იცინის) რა ვქნა, მაქვს ეს მომენტი, რომ მასზე შვილივით ვიზრუნო და ხშირად წამოვსულვარ მეგობრებისგან, მშობლებისგან და წვეულებიდან, რომ ლევანისთვის საჭმელი გამეცხელებინა და მეჭმია. რასაკვირველია, თავადაც გააკეთებს ამას, მაგრამ მე გულით ვაკეთებ და მსიამოვნებს, როცა საყვარელ მამაკაცზე შვილივით ვზრუნავ. მე მაქვს სიყვარულის მაგალითები, რომელსაც საკუთარი თვალით ვუყურებდი. მაგალითად, ბებია და ბაბუა, ღრმა სიბერეში, როგორ შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში, როგორ ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ. ასევე, ჩემი მშობლების სიყვარული, რომლებიც 50 წელია ქორწინებაში არიან და დღემდე ეჭვიანობენ, დღემდე უერთმანეთოდ ვერ ძლებენ. ასე რომ, მე თეორიებიდან კი არ გამოვდივარ, მაქვს მაგალითები, რასაც საკუთარი თვალით ვუყურებდი. ყოველდღე ვუფრთხილდები ჩემი და ლევანის ურთიერთობას, ყოველდღე მადლიერი ვარ. ლევანიც ასეა.
– ეჭვიანობა ახსენე. არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ, გიყვარს თამამად ჩაცმა და ლევანი ამას როგორ იღებს?
– მეც და ლევანიც, ორივე, ძალიან ეჭვიანი ტიპაჟები ვართ. სულ ვამბობ, რომ გამიმართლა ლევანიც რომ ჩემსავით ეჭვიანი-მეთქი, რადგან ამან რაღაცნაირად დაგვაბალანსა. თუმცა, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ კონკრეტულზე გვქონდეს ეჭვი. ახლა რომ დავფიქრდი, ჩვენ უფრო მესაკუთრეები ვართ, ვიდრე ეჭვიანები. ზოგადად, პირველი წელი წყვილისთვის ერთგვარი შეგუების წელია. სწორედ ამ პერიოდში, ახალი დაქორწინებულები რომ ვიყავით, ლევანს არ მოსწონდა ჩემი ჩაცმულობა და მეც ამოვიღე მოკლე კაბები ჩემი ჩაცმულობიდან. ვყიდულობდი, ვიკერავდი, ვკიდებდი კარადაში, მაგრამ არ ვიცვამდი. მივხვდი, ლევანი ნერვიულობდა და არ შევეწინააღმდეგე, ვიცვამდი როგორც მას მოსწონდა. მერე, დროთა განმავლობაში, თავად მითხრა: „ტიკ-ტოკზე“ გააკეთე შენი პლატფორმა და დადე ვიდეოებიო. იქ დავიწყე მოკლე კაბების ჩაცმა და მერე ძალიან მოსწონდა, როგორც გამოვიყურებოდი. ნელ-ნელა მიიღო ჩემი იმიჯი, მიხვდა, ჩემი ჩაცმულობა და ჩვენი ურთიერთობა არანაირ კავშირში არ იყო და გააანალიზა, რომ მე მის გამო დავთმე ის, რაც მიყვარდა. თუმცა, კიდევ ვამბობ, არ დავუწყე ქმარს ჭიდაობა, ახალდაქორწინებულს მომიწია ჩემი ჩაცმის სტილის შეცვლა და ეს მხოლოდ ლევანის გამო გავაკეთე.
– წამით თუ გაგიფიქრია, მე რომ ლევანს ცოლად არ გავყოლოდი და ის დღეს ჩემი ქმარი არ იყოსო?
– მქონდა ასეთი სიზმარი: ვურეკავ, ვურეკავ ლევანს და არ მპასუხობს, მერე მიპასუხა და სულ სხვა გარეგნობის ადამიანი იყო. ამ კოშმარული სიზმრის მერე შიშით გამეღვიძა. მერე, რომ მოვუყევი, თან ვეჩხუბებოდი: რომ გირეკავდი, რატომ არ მპასუხობდი-მეთქი (იცინის). მერე ეს სიზმარი ბევრჯერ დამესიზმრა და ბოლოს რომ ვნახე, უკვე ლევანმა მიპასუხა. ალბათ, შიშის გადაძლევის პროგრამას ჩემი ქვეცნობიერი ამუშავებს ამ სიზმარში – მე ასე დავასკვენი. ბავშვობაში ხომ ოცნებობენ გოგონები თავის პრინცზე? ჰოდა, როგორი პრინციც წარმომედგინა ჩემს ბავშვობაში ჩემ გვერდით, ზუსტად ემთხვევა ლევანი. მადლიერი ვარ და ყოველდღე მახსოვს, რომ ამ ურთიერთობას უნდა გავუფრთხილდე და ვიყო მადლობელი. არა მარტო მე, ამ ურთიერთობას ორივე ვუფთხილდებით და ალბათ, ესაა ჩვენი ოჯახური იდილიის მთავარი კოზირი. არ მახსოვს, უკმაყოფილო ვიყო, უხასიათოდ და არ მოვიდეს ლევანი და არ გაარკვიოს, რაშია საქმე. ღამე არ დაიძინებს, თუ ჩემთან გაბუტულია. მე უფრო ვიცი გაბღუნძვა, ლევანი კი მოდის და მირიგდება, ყოველთვის ის დგამს შერიგების პირველ ნაბიჯს. გრძნობების ნაწილში ერთმანეთს ვეჯიბრებით: მე უფრო მიყვარხარ, არა – მეო, თუმცა, თუ შერიგებაზე მიდგა საქმე, არასოდეს ვდგამ პირველ ნაბიჯს. ლევანს კი ეს სილაღე აქვს. თან, აღმოვაჩინე, რომ კაცის მხრიდან ეს თვისება მაკლდა. გულჩათხრობილობა ბავშვობიდან მქონდა და ეს ლევანმა გამიხსნა. ეს ყველაფერი კი ჩვენი თანაცხოვრების იდილიის საიდუმლოა.
– ახლახან, როცა თქვენი ქორწილის ვიდეოები დადე, საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ქორწილი მეორედ გადაიხადეთ და ახლა დაიწერეთ ჯვარი.
– ჩვენ დავქორწინდით, ჯვარი დავიწერეთ და ქორწილი გადავიხადეთ 2020 წლის 25 იანვარს. ერთ თვეში დაიწყო პანდემია და ჩაიკეტა ყველაფერი. ნამდვილად ვერ ვხდები, მე, რომელიც ყველაფერს ვდებ სოციალურ ქსელში, ეს კადრები მაშინ რატომ არ დავდე. ზოგადად, 25 იანვარს სოციალურ ქსელში ყოველთვის ახალ ფოტოს ვდებ ხოლმე, რომელსაც მე და ლევანი ვიღებთ. წელს კი, ფოტო რომ უნდა დამედო, გამახსენდა, რომ ქორწილის ვიდეო მაქვს და დავიწყე ძებნა. აღმოვაჩინე ძველ ლეპტოპში, რომელიღაც ფოლდერში მიმალული. მართლა არ ვიცი, რა მოხდა, ეს კადრები მაშინვე რომ არ დავდე. ხუთი წლის მერე კი ამ კადრებს ოცჯერ ვუყურე და მახსენდებოდა, როგორ ვემზადებოდი ამ დღისთვის (იცინის). იმდენად გაპრანჭული ქორწილი არ იყო, როგორც სახალისო და ახლა რომ ვუყურებ, ძალიან მომწონს. ისიც კი ვიფიქრე, კიდევ ხომ არ გადავიხადო მსგავსი წვეულება ერთ-ერთ იუბილეზე და ვინც მაშინ არ იყო, დავპატიჟო-მეთქი. ახლა რომ ვფიქრობ, ხუთი წელი არც ბევრია და არც ცოტა, თუმცა ძალიან მალე გაირბინა ხუთმა წელმა. სულ ვამბობ და ვიტყვი, რომ ბედნიერი ქალი ვარ და მადლიერი ვარ იმისთვის, რაც მაქვს და ვინც გვერდით მყავს. ბედნიერებას ვინ გაზომავს, თუ არა შენი მადლიერება? თუ ხარ მადლიერი, მაშინ ბედნიერებაც იმატებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან