გურამ შეროზია: დროს ვუსწრებ, ვიღაცები 60-70 წლის ასაკში ახერხებენ იმდენს, რამდენიც მე ამის ნახევარში მოვასწარი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00
გურამ შეროზია იმ ადამიანების რიცხვს არ მიეკუთვნება, ვინც საკუთარ დაბადების დღესა და მის გამორჩეულად აღნიშვნაზეა შეყვარებული. ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, როგორ ატარებს ის ამ დღეს და რა საჩუქრებით ანებივრებს საკუთარ თავს.
გურამ შეროზია: ჩემი დაბადების დღე დიდად არ მიყვარს, ყოველთვის სტრესულია იმაზე ფიქრი, სად და როგორ გადაიხადო და ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, ტრადიციად მაქვს, ამ დღეს სახლში შევხვდე, ჩემი შვილის გაკეთებული სიურპრიზებით დავტკბე, მასთან, დედაჩემთან და ძაღლთან ერთად გავატარო რამდენიმე საათი და მეორე დილით რომელიმე ქვეყანაში გავფრინდე. წლევანდელ დაბადების დღეზე დუბაიში მქონდა ჯგუფური ტური, სადაც 25 ძალიან კარგ და მეგობრულ ადამიანთან ერთად ვიყავი.
– რომელი დაბადების დღე გახსენდება განსაკუთრებულად?
– ერთ-ერთ დაბადების დღეზე გავიგე, რომ მამა ვხდებოდი. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე და ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც დაბადების დღეზე მივიღე. ზუსტად დაბადების დღეზე არ მომხდარა, მაგრამ მიმდინარე დღეები იყო და საერთოდ, ის წელი ყველაზე ბედნიერად მახსოვს. უჩვეულო შეგრძნებები მქონდა.
– აღნიშვნა რატომ არ გიყვარს?
– ვალდებულებად მივიჩნევ და ამიტომ. ჩემი დაბადების დღე ჩემთვის ყოველთვის დაკავებული დღეა. თუ შუა კვირაა, ვმუშაობ, დაბადების დღეზე შვებულებას არ ვიღებ და სხვათა შორის, უამრავი ადამიანი რომ მირეკავს, ზარები მაწუხებს. ჩემმა ყველა მეგობარმა იცის, რომ წერილობითი მოლოცვა არის მოლოცვის ყველაზე სასიამოვნო ფორმა ჩემთვის. მერე გადავხედავ, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, ვისიამოვნებ, მაგრამ ვიღაცებმა დღემდე ვერ დაიმახსოვრეს და მაინც უნდა დამირეკონ. არადა, ეს სიამოვნებაზე მეტად, მაწუხებს. თან მიხარია, კონკრეტულ ადამიანებს რომ ვახსენდები, მაგრამ რომ ვერ გაიგეს, რომ ზარი არ მიყვარს და თითქოს, ჯინაზე, მაინც არ მწერენ, ეს ნამდვილად არ მსიამოვნებს. ძველი ყაიდის ადამიანებს ჰგონიათ, რომ დარეკვა მეტი პატივისცემაა, არადა, ჩემთვის პირიქითაა.
– ამ დღეს განსაკუთრებით ამაღლებული განწყობა არ გაქვს?
– არა, ჩვეულებრივი დღეა, არანაირი ამაღლებული განწყობა არ მაქვს (იცინის). რატომ უნდა მქონდეს, ერთი წლით გავიზარდე. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი წელი გავიდა. განწყობაზე მოქმედებს ის, რომ ხანდახან ისეთ ადამიანსაც ახსენდები, რომელიც მთელი წელი არ გამოჩენილა და საერთო ჯამში, ბედნიერი აურა ტრიალებს შენ გარშემო. ეს ფაქტი სასიამოვნოა, მაგრამ არა ის, რომ დაბადების დღეა და ამიტომ განსაკუთრებულად უნდა ვიგრძნო თავი.
– განსაკუთრებულ საჩუქარზე რა გახსენდება?
– რაც ვთქვი, რომ გავიგე მამა ვხვდებოდი – ეს იყო ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი. სხვა განსაკუთრებული არაფერი მიმიღია. უფრო მე ვარ საჩუქრების გამკეთებელი სხვებისთვის. ხან მოგზაურობებს ვჩუქნი ადამიანებს, ხან სხვა ოცნებებს ვუსრულებ. სხვისთვის ოცნებების ახდენით უფრო „ვკაიფობ“, ვიდრე საჩუქრების მიღებით.
– რამდენად ემოციური ხარ, თუნდაც საჩუქრის მიღებისას, როგორ გამოხატავ ემოციებს?
– მაგ დროს ემოციებს ნამდვილად ვერ გამოვხატავ. საერთოდ, შინაგანად უფრო ემოციური ვარ, ვიდრე ამას გამოვხატავ. ეს ალბათ, ზოგადად, ქართველი კაცების პრობლემაა (იცინის). ემოციების გამო ხტუნაობა და წივილ-კივილი არ შეგვიძლია. შეიძლება, ეს ბავშვობაში ჩამენერგა ფუნდამენტურად და დღემდე მომყვება. მახსოვს, „პრაიმჰაუსიც“ რომ მოვიგე, წამოვხტი, ვა, რა მაგარია-მეთქი, ვთქვი, მაგრამ ემოციებისგან იატაკისთვის თავი ნამდვილად არ მირტყამს (იცინის). არადა, რეალურად რომ შევხედოთ, ძალიან სასიხარულო ამბავი იყო, ძალიან კარგი ზომის ბინა მოვიგე, კარგ ადგილას და წესით, სიხარულისგან ჰაერში უნდა გავკვანძულიყავი (იცინის).
ზოგადად, შინაგანად ემოციური ვარ და მიყვარს, როცა ჩემ მიმართ დადებით განწყობებსა და სიყვარულს გამოხატავენ, საპასუხოდ, მეც ასე ვიქცევი.
– ამ დღეს სევდაც არის?
– ერთადერთი, იმ თვალსაზსირით შეიძლება, იყოს, რომ მინდა, კიდევ უფრო მეტი რამ მოვასწრო. თუმცა, დროსთან კარგად ვარ, უფრო მეტი, წინაც ვარ, ჩემს ასაკს ვასწრებ. ვიღაცები 60-70 წლის ასაკში ახერხებენ იმდენს, რამდენიც მე ამის ნახევარში მოვასწარი. ასე რომ, სევდასაც ვერ დავარქმევ, მაგრამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას თავისებური შეგრძნება უკავშირდება. ყოველი ახალი წელი ჩემთვის გამოწვევაა, რომ ჩემს თავს კიდევ უფრო მეტად ვაჯობო და კიდევ უფრო მაგარ ფორმაში ვიყო.
– დიდი გეგმები გაქვს ხოლმე კონკრეტული ასაკისთვის?
– რაღაცები „მიტრუხდება“, იქიდან გამომდინარე, რომ წინსწრებით ჩავაბარე ჩემს თავს დასახული გეგმები, იქნება ეს მანქანა, ბინა, უფრო დიდი ბინა, ოჯახი, ოჯახის წევრებისთვის სურვილების ასრულება, მოგზაურობა თუ ასე შემდეგ, ყველაფერში წინსწრება მქონდა. ამიტომ ცოტა ამომეწურა მიზნები, მაგრამ დროსთან ერთად მადა და მოთხოვნილებები იზრდება. საბედნიეროდ, ამ ეტაპამდე, ვერ ვიხსენებ მიზანს, რომელიც ვერ განვახორციელე.
– რამდენად გიყვარს საკუთარი თავის დასაჩუქრება?
– საკუთარი თავის დასაჩუქრება ძალიან მიყვარს. მაგალითად, წელს ახალი მანქანა ვაჩუქე ჩემს თავს. მთლად ახალი არა, 2023-წლიანი, ცენტრიდან არ გამომიყვანია, მაგრამ ჩემსა და ჩემი ოჯახის კომფორტზე მიბმული ძალიან კარგი საჩუქარია. ასევე, გამიჩნდა „მუღამი“, რომ ამემაღლებინა ცხოვრების ხარისხი და ხუთვასკვლავიანი სასტუმროს ფორმატში მეცხოვრა, ამიტომ ერთ-ერთ მშენებარეში შევიტანე თანხა. სამწუხაროდ, უფრო მერკანტილური მიზნები მაქვს (იცინის).
საერთოდ, ჩემი სტრესის მინიმუმამდე დასაყვანად მჭირდება, რომ უძრავი ქონება მქონდეს. ხვალ რომ მუშაობა დამეზაროს ან ვერ შევძლო, ამ ქონებამ უნდა მარჩინოს ისე, რომ ცხოვრების ხარისხი არ დამივარდეს, ასევე, ანგარიშზე გარკვეული თანხა უნდა მქონდეს მოულოდნელი საჭიროებებისთვის. მოკლედ, ჩემი თავი ძალიან კარგად შევისწავლე, განსაკუთრებით 30 წლის შემდეგ და მაშინვე ხარისხზე ორიენტირებული გავხდი, ამიტომ შესაბამისადაც ვცხოვრობ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





