შოუბიზნესი

გურამ ლომიძე: ციხეში რომ არ მოვხვედრილიყავი, გამარიდეს იმ გარემოს და მომიწია ახალდაბაში გადასვლა

№36

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 15.09

გურამ ლომიძე
დაკოპირებულია

ყველასთვის საყვარელი ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ 30 წლის გახდა. ამ დროის განმავლობაში საზოგადოების სიყვარული არ მოგაკლდეს, სცენაზე იდგე და გესმოდეს, როგორ გყვება ყველა სიმღერაზე დარბაზი, მათ შორის ახალი თაობის წარმომადგენლები, რომელმაც ზეპირად იცის ყველა სიმღერის ტექსტი, ცოტა წარმოუდგენელი და რთულია. როგორც ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გურამ ლომიძე ამბობს, მათი მღერა გულიდან მოდის, ყოველ ბგერაში სიყვარულსა და სითბოს აქსოვენ და ამიტომაც მათ ნამღერს მსმენელი ზუსტად ხვდება და იგებს.

გურამ ლომიძე: ჩემი ცხოვრება „ქუჩის ბიჭებამდე“ ისეთი იყო, როგორც 90-იან წლებს შეეფერებოდა, ანუ, ცოტა შავი, ცოტა ბნელი და ცოტა მხიარული. სხვათა შორის, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სიმღერა, მინდოდა, მომღერალი გამოვსულიყავი, ეს შანსი მომეცა და ოცნებაც ამიხდა.

– როგორ მოხვდი 15 წლის ბიჭი ჯგუფში, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული იყო და რა ცვლილება მოახდინა „ქუჩის ბიჭებმა“ შენში?

– იყო პერიოდი, როცა ბირჟა, ქუჩა და ძველბიჭობა იყო მოდაში და რასაკვირველია, პატარა ბიჭები აყოლილი ვიყავით იმ ცხოვრებას. მაშინ რუსთავში ვცხოვრობდი, რომელიც იმ პერიოდისთვის საკმაოდ კრიმინალური ქალაქი იყო. მეც არ ვიყავი არავისზე ნაკლები და გარდატეხის ასაკში, როცა ჩემი მეგობრები დაიჭირეს, მშობლებმა, გზას რომ არ ავცდენოდი და მეც ციხეში არ მოვხვედრილიყავი, გამარიდეს იმ გარემოს და სოფელ ახალდაბაში, მამაჩემის დედ-მამასთან მომიწია გადასვლა. იქ გავაგრძელე სკოლაში სწავლა. იმ პერიოდში, მხიარულთა და საზრიანთა შეჯიბრებები ტარდებოდა და მათში ჩევნი სკოლაც მონაწილეობდა. სხვათა შორის, „მანსანკანში“ პირველი ადგილი ავიღეთ. ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ ბავშვთა ფედერაციის პრეზიდენტი, ქეთინო ნოზაძე და ზურა ხაჩიძე, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა ჯგუფი. მათ შემამჩნიეს. პაატა ხაჩიძე, რომელიც პირველ ხმას მღეროდა, იმ დროს ჯარში იყო გაწვეული და ჯგუფისთვის, დროებით, პირველ ხმას ეძებდნენ. მაშინ, ჯგუფი ექვსი კაცისგან შედგებოდა – პაატა და ზურა მღეროდნენ და დანარჩენები ცეკვავდნენ. მაშინ ჯგუფს ერქვა „ქუჩის ბიჭებს პლუს ორი“. მოკლედ, შემამჩნიეს „მანსანკანში“, თან გამარჯვებული ვიყავით და თან მამიდაჩემი მაშინ გამგებლის მოადგილე იყო და რასაკვირველია, ჯგუფს ხელს შეუწყობდა. შემოთავაზება რომ ჩემამდე მოვიდა, დიდი სიამოვნებით მივიღე. მე რომ მივედი, ჯგუფში პიკასოც, ირაკლი ნოზაძეც მოიაზრებოდა. მაშინ ის უკრავდა როკ-ჯგუფში, რომელსაც „როკმიქსი“ ერქვა და ერთი-ორჯერ ხმის ოპერატორად წამოგვყვა კონცერტებზე, რომელსაც სოფლებში ვატარებდით. ბანი მოგვცა და ჩვენს ხმებს ძალიან მოუხდა, მოგვეწონა. მერე, პაატაც დაბრუნდა, რაღაც პერიოდი კი ჩვენთან მისი ძმაც იყო. ასე რომ, ხუთ ხმაში ვმღეროდით. მერე, პაატას ძმა წავიდა, დავრჩით ოთხნი და ჩვენ გავაგრძლეთ სიმღერა ოთხ ხმაში. ასე რომ, 1999 წელს ჩამოყალიბდა ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“, ოთხი ბიჭით და იმ სახით, როგორი სახითაც დღემდე მოვედით. ამ პერიოდში უკვე 19 წლის ვიყავი.

– მომღერლობაზე ოცნებობდი და ეს ოცნება აგიხდა, მაგრამ მუსიკალური განათლება გაქვს?

– შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, ფორტეპიანოს განხრით. ექვსი წლის ვიყავი, როცა პირველ მუსიკალურ სკოლაში შევედი რუსთავში და რომ დავამთავრე, სწორედ მაშინ მომიწია ახალდაბაში გადასვლა. ასევე, სამეჯლისო ცეკვებსაც ვცეკვავდი.

– თქვი, 90-იან წლებში ცოტა ქუჩურ ცხოვრებას „ვაწვებოდით“ ბიჭებიო და უბანში ნოტებით ხელში რომ გხედავდნენ, ამის გამო არ გაბულინგებდნენ ის, ეგრეთ წოდებული, ძველი ბიჭები, ვისთანაც მეგობრობდი?

– რასაკვირველია, ნოტებით რომ მხედავდნენ, უბანში ჩემ მიმართ იყო ბულინგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვაჟკაცურად ვპასუხობდი ამ ყველაფერს და მაინც ნოტებისკენ მიმდიოდა გული. მაშინ პატარა ვიყავი და მშობლები, ასე თუ ისე, ახერხებდნენ დაძალებას.

– უკვე, 30 წელია, ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ არსებობს. ახლა რომ წარსულში იხედები, რა გზა გამოიარეთ და როგორი იყო ეს წლები შენთვის?

– უკან რომ დამაბრუნოთ, არაფერს შევცვლიდი და იმავეს გამოვივლიდი. რასაკვირველია, რთული პერიოდებიც გვქონდა, მაგრამ წარმატება – უფრო მეტი. ჩვენ რომ ჩამოვყალიბდით, თითზე ჩამოსათვლელი ჯგუფები იყო. თუმცა, მერე და მერე ბევრი დაიშალა, ჩვენ კი დღემდე მოვედით. ჩვენი მომავალი წარმატების საფუძველი იყო ის, რომ ყველაფერს ენთუზიაზმით ვაკეთებდით. მაშინ ჯგუფი „ფლეში“ დაიშალა, ჯგუფი „სკოლაც“... დათო ფორჩხიძემ „ფლეშიდან“ დათო ხუჯაძე წამოიყვანა და ჯგუფი „სახე“ შექმნა. არ დამავიწყდება, მათი პირველი სიმღერა, ის ძალიან პოპულარული გახდა. მაშინ დეფიციტი იყო დასავლური სტილის სიმღერების, უფრო როკი, ქალაქური სიმღერები და რუსული ჟანრი იყო და „სახემ“ თავისი პოპულარობით დიდი სტიმული მოგვცა. მაშინ საღი კონკურენცია იყო, საღი შეჯიბრება, თუმცა, კიდევ ვამბობ, ჩვენ დროს გავუძელით, დანარჩენი ჯგუფები კი, მიუხედავად წარმატებებისა, დაიშალა.

– წლების წინ დაწერილი სიმღერები, რასაც თქვენ 90-იან წლებში მღეროდით, დღემდე პოპულარულია და ტექსტი ახალმა თაობამაც კი იცის, კონცერტზე რომ აგყვეთ. როგორ გგონია, რა არის ამის მთავარი მიზეზი?

– გულიდან ამოსული სიმღერები გვქონდა, გულით გაკეთებული და გულით ვმღეროდით. ასეთი ნამუშევრები კი დროს უძლებს და თაობებს რჩება. ბევრმა მკითხა: გჯერა, 30 წელი რომ გავიდა და ისევ ხართო? (იცინის) მჯერა, მაგრამ, იყო პერიოდები, როცა დავიშალეთ, მერე, ისევ შევიკრიბეთ, მერე საზღვარგარეთ დაფანტვა მოგვიწია: მე – ამერიკაში, პიკასოც – ამერიკაში, ზურა – ჯერ საბერძნეთში, მერე ჰოლანდიაში. ასე რომ, ის ნოსტალგია და მონატრების პერიოდებიც გამოვიარეთ. ბოლოს და ბოლოს შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოსა და ამ ხალხის სიყვარულის გარეშე არ შეგვიძლია, გვძლია „ქუჩის ბიჭობამ“, შევიკრიბეთ, ვმუშაობთ და ვაგრძელებთ. რამდენიმე ახალი სიმღერა ჩავწერეთ, ვიდეორგოლიც გადავიღეთ ნინი ქარსელაძესთან და მარიკა თხელიძესთან ერთად და კიდევ ირაკლი ნოზაძის, პიკასოს, სიმღერას ვამზადებთ. ასე რომ, ვაგრძელებთ სცენაზე დგომას და მსმენელის გახარებას, სანამ შეგვეძლება და სანამ უფალი მოგვცემს ნებას. ღმერთის ნებაა ყველაფერი. სხვათა შორის, 30 წლის რომ გავხდით, გვქონდა ტურნე – საქართველოს სხვადასხვა ათ ქალაქში ჩავატარეთ კონცერტები, კიდევ არის დაგეგმილი და მერე მივდივართ ისრაელში, სადაც მეგობრებმა მიგვიწვიეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა