შოუბიზნესი

გოგა ჩანადირი: თუ სხვას არ დაადანაშაულებ, ბოღმა არ გექნება

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 06.12

გოგა ჩანადირი
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის ადამიანის ცხოვრებაში, როგორია ამ საკითხზე ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის აზრი და რა ეხმარება პირადად მას წარმატების გზაზე, ამაზე მისგან შევიტყობთ.

გოგა ჩანადირი: ვფიქრობ, რომ ადამიანების ცხოვრებაში იღბლის როლი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ჩვენ ველით. ადამიანი იღბალს თვითონ ქმნის, ანუ, თუ არაფერი გააკეთე და უიღბლობას დააბრალე ის, რომ შედეგს ვერ მიაღწიე, ეს არასწორი მგონია. გამოდის, რომ მაშინ თავში უნდა დაგეცეს მანქანა, კარგი სახლი, ბევრი ფული და ასე შემდეგ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ ხდება?! ადამიანები შრომის შედეგად მოიპოვებენ ამ სიკეთეებს. ხშირად იტყვიან ხოლმე ვინმეზე „რა ცუდი იღბალი ჰქონია“, ან „რა ძლიერი მეტოქე შეხვდაო“. მოდი, შენ იყავი ყველაზე ძლიერი და მერე იღბალიც შენს მხარეს იქნება. ასე რომ, იღბალს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

– რამდენად შრომისმოყვარე ხართ?

– გააჩნია რა მიმართულებით. როცა საქმე კითხვასა და ცოდნის გაზიარებას ეხება, ამაში ძალიან შრომისმოყვარე ვარ. თუმცა, შეიძლება, თვეები გავიდეს და რაღაც ძალიან ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო საქმე არ გავაკეთო – ან მეზარებოდეს ან განსაკუთრებული საჭიროება ვერ დავინახო. ფოტოგრაფიას როცა ეხება საქმე, ყველაფერი სხვაგვარადაა, ამ საკითხში ძალიან შრომისმოყვარე ვარ. ასევე, ძალიან მიყვარს კითხვა. შეუძლებელია, იმასთან მიმართებით, რაც ჩემს ინტერესებშია, შრომისმოყვარე არ ვიყო. რაც დიდად არ მაინტერესებს, იმაში ზოგჯერ ფეხი ამითრევია, თვეობითაც კი.

– სიზარმაცის უფლებას როდის აძლევთ თავს?

– თუ რაღაც ჩემს ინტერესებშია, არ ვზარმაცობ. მაგალითად, პროფესიულ საკითხებში, ან ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებისას საკმაოდ შრომომისყვარე ვარ. თუმცა, მე არ ვიცი ფულის კეთება, ბიზნესის კეთება ჩემი საქმე არ არის. შეიძლება, ითქვას, ამ საქმეში ვერ გამოვდგები და ამ მხრივ, არც შრომისმოყვარე ვარ. შესაძლოა, დიდი ინტერესიც არ მქონდეს. მაგალითად, ფოტოებს ვერ ვყიდი, არ მაქვს შესაბამისი ბიზნესუნარები. ამ დროს ისიც ვიცი, რომ ადამიანს ყველაფრის უნარი აქვს, თუ ის ამაზე იმუშავებს. როგორც ჩანს, ეს დიდად არ მაინტერესებს. უფრო მეტად ფოტოს გადაღება მიყვარს, ვიდრე გაყიდვა. პირველში შრომისმოყვარე ვარ, მეორეში – ნაკლებუნარიანი.

– თანამედროვე ცხოვრებაში ეს არ არის დამაზარალებელი?

– რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ ფოტოს გაყიდი, მეტი შემოსავალი გაქვს. შემოსავლის ნაკლებობა კი დამაზარალებელია (იცინის). ამიტომ ვცდილობ, სხვა საქმეებით ავანაზღაურო. ეს შეიძლება, იყოს ცოდნის გაზიარება, ამიტომ ვთანხმდები ტურისტულ კომპანიებს, ჯგუფებს მეგზურობა გავუწიო სხვადასხვა ქვეყანაში.

– ძალიან ბევრი შრომის შემდეგ ყველაფერი წყალში ჩაგყრიათ?

– ჩემი აზრით, ასეთმა იმედგაცრუებამ უფრო მყარად უნდა წამოგაყენოს ფეხზე და უნდა დაამტკიცო საკუთარ თავთან თუ გარშემო მყოფებთან, რომ ეს იყო სხვა ფაქტორებით გამოწვეული და არა შენი მიზეზით. ვინც შრომობს, შეუძლებელია, ადრე თუ გვიან შედეგი არ ჰქონდეს. ყველაფერი წყალში ვერ ჩაგეყრება. თუ სტიქიური უბედურება მოხდა, კი ბატონო, ეს სხვა საკითხი არის და ამაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ როცა შენი მიზეზით ხდება „წყალში ჩაყრა“, ესე იგი, სადღაც დააკელი მცდელობა, შრომა სათანადოდ ვერ შეკარი. როცა პასუხისმგებლობას იღბალს და სხვა ფაქტორებს ვკიდებთ, ანუ, გავურბივართ საკუთარ თავს, შეცდომებს, მერე უკვე წარუმატებლობას ხან რას ვაბრალებთ, ხან რას. არადა, ეს მიზეზი მხოლოდ ჩვენ ვართ. ბუნებრივია, როგორც არ უნდა მოინდომო, სულ გამარჯვებული ვერ იქნები, მაშინ ეს ცხოვრება ინტერესს დაკარგავდა, მაგრამ ჩემთვის გამარჯვებულია ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, შეცდომები არ დაუშვას, მაგრამ თუ დაუშვა, საკუთარ შეცდომებზე სწავლობს მაინც. სამწუხაროდ, ბევრ შეცდომას მხოლოდ იმიტომ ვუშვებთ, რომ საკუთარი წარსული არ ვიცით სათანადოდ. არ ვიცნობთ იმ შეცდომებს, რომლებმაც პრობლემები შეგვიქმნა. წმიდა მამები ამბობენ, როცა რამე ავი გადაგვხვდება თავს, ეს არის პასუხი იმ ქცევისა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ და არა უიღბლობისა. ყველაფრის თავი და თავი ჩვენი ქცევაა. სად დავუშვით შეცდომა, სად დავაკელით – სჯობს, ამაზე ვიფიქროთ. როცა რამე არ გამომდის, მე არასდროს ვკიდებ პასუხისმგებლობას სხვას. ვფიქრობ, რომ სათანადოდ არ მოვინდომე და ამის გამო არ გამოვიდა. ამიტომ ვცდილობ, ძალიან მშვიდად, ნერვიულობისა და უიმედობის განცდის გარეშე გამოვასწორო. ვერ ვიტყოდი, რომ სერიოზული წარუმატებლობა მქონია, მაგრამ რაღაცები არ გამომსვლია და გული არ დამწყვეტია. ალბათ, ეს არ იყო ჩემი საქმე, არ ვიყავი სათანადოდ მომზადებული და ასე შემდეგ. კონფუცი ამბობდა, თუ მიზანს ვერ აღწევ, მიზანი კი არ უნდა შეცვალო, არამედ გზები. თუ შესაბამის გზებს მოვძებნით, ეს, ალბათ, დაგვეხმარება. მოდი ნუ დავაბრალებთ უგზოობას. რა თქმა უნდა, თუ უტოპიური მიზანი არ გაქვს. მიზანი უნდა ღირდეს მისთვის თავის გადადებად.

– წარუმატებელი მცდელობების შემდეგ საკმაოდ რთულია, არ გატყდე და კიდევ სცადო. ასეთ მომენტებში რა გეხმარებათ, რომ ფარ-ხმალი არ დაყაროთ?

– უამრავი ადამიანის გამოცდილება – სხვებმა ხომ არ დაყარეს ფარ-ხმალი?! ხომ გააგრძელეს ბრძოლა უკეთესობისთვის, მიზნის მისაღწევად?! თუ იმას იფიქრებ, ჯანდაბას, აღარ გავაკეთებ, არ გამოდისო, არაფერი გამოვა, მიზანს ვერასდროს მიაღწევ. შეიძლება, რაღაც მომენტში „გაგივარდეს“ და მარტივად გამოვიდეს, მაგრამ ადამიანები მხოლოდ ერთი მიზნისთვის ხომ არ ვცხოვრობთ, ცხოვრებაში ბევრი მიზანი გვაქვს, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ყველაფერი და ყველა ადამიანს აქვს შემთხვევა, როცა არ უმართლებს. ცნობილი საქმიანი ადამიანები ავიღოთ, ყოველთვის არ მოაქვს საქმეს წარმატება, მაგრამ წარუმატებლობის შემდეგ მცდელობებს, ზოგჯერ იმაზე უკეთესი შედეგის მოტანა შეუძლია, ვიდრე მანამდე წარმოგვედგინა. ყურების ჩამოყრა არ ღირს. არც სხვაზე გადაბრალებაა საჭირო. რა დონეზეც გინდა, მიაღწიო წარმატებას, იმ დონეზე მაინც უნდა გაისარჯო. თუ არ გაისარჯე, სხვას ნურაფერს დააბრალებ, ნურც გარემო ფაქტორებს.

ვიღაცამ შეიძლება, თქვას, როგორ არა, მე ვშრომობო და ასეც იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ფუჭი შრომა იყოს. ქვა უნაყოფოდ არ უნდა ააგორო, შრომა სწორად უნდა წარმართო. მთავარი ეგ არის. ჭკუას არავის ვასწავლი, უბრალოდ, მე იმ დონეზე ვაღწევ შედეგს, რა დონეზეც ვთხოვ ჩემს თავს და რა დონეზეც ვმოქმედებ.

ხშირად მეუბნებიან, რატომ არ აპიარებ საკუთარ თავსო. ეს არ არის ჩემი მოტივაცია. „საქმემან შენმა წარმოგაჩინენ“ – მე უფრო ამ იდეის მომხრე ვარ. შეიძლება ვიღაცები საქმესაც კარგად აკეთებენ და თავსაც კარგად ირეკლამებენ, მაგრამ მათ ასე მოსწონთ. მე უფრო აკადემიურ ხაზს მივყვები და ვფიქრობ, რომ დრო წარმოაჩენს, როგორი გულწრფელი და სწორი იყავი, გააკეთე თუ არა რაიმე ფასეული ადმიანებისთვის, ქვეყნისთვის, ღმერთისთვის. მე ასე ვუყურებ. ზოგჯერ მესმის, რომ ადამიანი რაც მეტ ეპატაჟს მიმართავს, უფრო აღწევს შედეგს. მესმის, არავის ვაკრიტიკებ, ყველას თავისი გზა აქვს, დაე, ყველა გზა გამართლებული იყოს, თუ ეს ადამიანებსა და ღმერთს ემსახურება.

– ამ გზაზე რამდენად უფრთხილდებით საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას?

– ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა ამოწურო საკუთარი რესურსი. რაღაც დონეზე ვუფრთხილდები, თუმცა ყოველთვის არ გამომდის. ერთი, რაც ვისწავლე, ისაა, რომ თუ სხვას არ დაადანაშაულებ, გულში ბოღმას არ ჩაიდებ, ნაკლები სანერვიულო გექნება. თუ არ ნერვიულობ, ესე იგი, მენტალურ ჯანმრთელობას დიდ სარგებელს აძლევ. ბევრ რამეზე აღარ ვნერვიულობ და ცოტა უფრო მშვიდად ვუყურებ გარკვეულ საკითხებს. თუ შემიძლია, რამე შევცვალო, თუნდაც სხვისი გაფუჭებული იყოს, რატომაც არა? ნერვიულობას და შორიდან ყურებას, სჯობს ხელები დაიკაპიწო და შენ თვითონ გააკეთო. ფიზიკურად ხანდახან დიდი შრომა მიწევს, ხშირად ძილი არ მყოფნის და ასეთ დროს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ფიქრი, ძნელია, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ჯანმრთელობა არ უნდა დაგვავიწყდეს და ვცდილობ, ეს ჩემს თავს ხშირად შევახსენო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი