გიორგი გილიგაშვილი: ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი, პირველ რიგში, მინიმუმ, სამი შვილი მეყოლებოდა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 11.08

როგორ აღნიშნავს გიორგი გილიგაშვილი დაბადების დღეებს, რა არის მისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი და რის გამო საყვედურობს საკუთარ თავს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
გიორგი გილიგაშვილი: 14 ივლისს გახლავართ დაბადებული. 1988 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 100 წლის თავზე, ვაჟა-ფშაველასა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს. ძალიან ვხარობ, რომ ამ სამი უდიდესი ქართველის დაბადების დღეს ინება უფალმა ჩემი დაბადება. როგორ არ მივიღო ეს ძღვენი, რაც უფალმა ჩემი დაბადებით მიძღვნა მე თავად, ჩემს დედ-მამას და და-ძმას, ჩემს ქალაქს, ჩემს სამშობლოს. დედამიწას შეემატა ერთი ადამიანი, ღვთის ხატად და მსგავსად მოვლენილი, რომლის ვალიც არის, უყვარდეს უანგაროდ და განღმრთობისკენ, ანუ, ცხონებისკენ, სამოთხისკენ იყოს მისი ყოველი ნაბიჯი მიდრეკილი. რასაცა იქმოდეს და იტყოდეს, იყოს სადიდებლად ღვთისა, როგორიცაა ადამიანის დანიშნულება.
– შესაბამისად, ეს დღე, ალბათ, განსაკუთრებულად გიყვართ.
– რომ არა ეს დღე, მე სხვა დღეებს ვერ შევიცნობდი და ვერც შევიყვარებდი. ის, რომ გამეცნობიერებინა საკუთარი არსი, უფალი, შეუფასებელი ღირებულებები, შემდეგ დავფიქრებულიყავი სხვა დღეთა მნიშვნელობაზე, ამისთვის აუცილებელი იყო ეს დღე.
– როგორი იყო წლევანდელი დაბადების დღე?
– საოცარი არის ყოველი დაბადების დღე. შარშან გადავწყვიტე, ჩემს ძმაკაცებთან ერთად, მთაწმინდაზე, ვაჟასთან, ქაქუცასთან და ნოდართან გამეტარებინა ჩემი დაბადების დღე. ჩემმა უსაყვარლესმა თელაველმა ძმამ საოცარი ქინძმარაული მომართვა საჩუქრად, ჩემმა უმცროსმა ძმამ – საოცარი „დედას პურები“. პურითა და ღვინით აღვნიშნე ჩემი დაბადების დღე. მთაწმინდის ერთ-ერთ უსაყვარლეს მოძღვარს ვთხოვე, პანაშვიდები გადაეხადა ამ სამი უდიდესი ადამიანისთვის. ჩვენ იქ ვიყავით, მათ საფლავზე ვსვამდით მათ სადღეგრძელოს, უფლის სადიდებელს და საქართველოს ვლოცავდით, ვილოცავდით თავსაც. ვინც კი მირეკავდა, ჩემი მეგობრებიდან, იქ ამოდიოდნენ და თითო ჭიქით შესანდობარს და სადიდებელსაც ამბობდნენ.
წლევანდელ დაბადების დღეზეც უდიდესი პატივი მხვდა წილად – ჩემი ძმის, ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმში ვმონაწილეობ, ქარი მქვია სახელად და სცენარის მიხედვით, ჩემს უფროს ბრძენ მეგობართან მივდივარ დარიგების მისაღებად. ამ მეგობრის როლს ბატონი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. აქედან გამომდინარე, ბატონ რეზოსთან ერთად გავატარე ეს დღე.
ძველ კლასიკოსებთან, საოცარ ქართველებთან, რომელნიც უკვე ზეციური საქართველოს მკვიდრნი არიან, აღვნიშნე წინა დაბადების დღე, ამ დაბადების დღეზე კი ცოცხალ, საოცარ დიდ ქართველთან, არტისტთან და ადამიანთან ერთად ვიყავი, ასევე, მთელ გადამღებ ჯგუფთან, ისინი ჩემი უსაყვარლესი მეგობრები არიან. ასე რომ, ორივე დაბადების დღე ძალიან საინტერესოდ გავატარე.
ბატონი რეზო ახმოვანებდა ფილმს მაცხოვრის შესახებ, რომელიც მე ბავშვობაში ვნახე და მისი ხმა ბავშვობიდან ჩამესმა, როგორც მაცხოვრის ხმა, მშვიდი და სიყვარულით სავსე. ამ ხმის გამომცემ კაცთან ერთ კადრში დიალოგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მადლობელი ვარ უფლის, რომ წლევანდელი დაბადების დღე ასეთი გამოვიდა.
– საერთოდ, ცდილობთ, ამ დღეს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს?
– ყველა დღეს ვფიქრობ, რომ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს. უფლის ნების გარეშე არ ვარდება წვიმის წვეთი ციდან. ყოველი დღე არის რაღაცის ნიშანი. წუხელ დავწერე და ჩემმა დამ სოციალური ქსელით ამცნო ქალაქს:
ზეცა ყოველთვის განიშნებს, ჩვენ კი ვერ ვამჩნევთ ამ ნიშნებს“.
მე ვფიქრობ, ზეცა ყოველთვის გვაძლევს ნიშნებს. რაღაც შემთხვევას რომ შეესწრები, მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევი, როგორც ღმერთის შვილს ეკუთვნის მოქცევა თუ გულგრილი იქნები და უბრალოდ, განერიდები. თუ დავდრდომილ კაცს შეხვდი, ესე იგი, ის შენი წამოსაყენებელია. თუ მშიერ ადამიანს შეხვდი, ესე იგი, შენი დასაპურებელია. ასე რომ, ყოველი შეხვედრა, ადამიანთან თუ შემთხვევასთან, აუცილებლად ნიშანია და შენ უნდა მოიქცე, როგორც ღვთის შვილი.
33 წლის რომ შევსრულდი, მაშინ დაიბადა ავთვისებიანი კვანძების ისტორია, ანუ ჩემი განსაცდელის ისტორია. ადრეც ვამბობდი, ქრისტეს ასაკში ველოდებოდი-მეთქი, შინაგანად მქონდა ასეთი განცდა. მახსოვს, ასეთი ლექსიც ვთქვი:
მათხოვრობაში გავატარე 33, გულით ვატარე უფრო ცოდვა, ვიდრე რო მადლი და მაინც ვიტყვი, მიწა ცოტა, იყო ცა – მეტი და რომ უფალმა მომიტევა ყოველი ადლი“.
რატომღაც ახლა, ოთხი წლის შემდეგ, როცა ჩემი დაბადების დღე დგებოდა, 12 საათზე გავთიშე ტელეფონი, რადგან არ მსურდა ჩემი ფიქრების ახმაურება, მშვიდად მსურდა შევხვედრილიყავ. მეორე დილით, გაღვიძებისთანავე კი ასეთი სიტყვები აღმომხდა:
დღეს დავიბადე დიდი ხნის წინათ,
ამ წუთისოფლის სიდიდე ვინ თქვა,
ჩემში ცოდვებს ჯერ არ მოეწყინათ,
37 ისე შთაინთქა.
წლევანდელ დაბადების დღეს, ჩემმა ძმაკაცმა მაჩუქა მეთორმეტე საუკუნის დროინდელი ისარი, ეს ჩემთვის გამორჩეული საჩუქარია. ეს ისეთი ნაწრთობი ისარია, ჯაჭვის პერანგს რომ არღვევს, უნიკალური ექსპონატია. მას სახლში განსაკუთრებული ადგილი მივუჩინე.
– ასაკის მატებას სევდანარევი განწყობაც ახლავს თუ ცალსახად სიხარულია?
– სხვათა შორის, დღეს დილით ვფიქრობდი, თუ მე შევატყობ საკუთარ თავს მოწყენას, ესე იგი, მთლად ისე არ არის საქმე სულიერ მდგომარეობაში, როგორც უნდა იყოს. რადგან ადამიანი არ უნდა იწყენდეს, უფალი ამბობს, გიხაროდენ ყოველთა და ყოველთვის, რამეთუ შენთანა ვარ. თუ უფალი შენთან არის, აბა, რა მოწყენის დრო უნდა გამონახო. არა, ჩემმა მზემ, არა! ადამიანს ღმერთის ძიების პროცესი ისეთ დალოცვილად აგრძობინებს თავს, ისეთ ბედნიერებას ანიჭებს, რომ მერე უკვე აღარ გედარდება. იყოს ნება შენი, უფალო, რაც გინდა, მომეწიოს, ესე იგი, ასე იყო დაშვება შენი ჩემზე. თუ გავიმარჯვე ამ ყველაფერზე, ესე იგი, ასეთი იყო ნება შენი. უფრო პატარა ასაკში, თითქოს, სევდა მეპარებოდა, ამას ვგრძნობდი, მაგრამ დიდება უფალს, დღესაც და გუშინაც ვიაზრებდი, რომ არამცთუ სევდა არ დამუფლებია, პირიქით, ასეთი მტკიცე ჩემს ფიქრებსა და ნაბიჯებში არასდროს ვყოფილვარ. დიდება და მადლობა უფალს ამისთვის!
– ბავშვობისდროინდელი დაბადების დღეები როგორ გახსენდებათ?
– მახსოვს, რომ 14 ივლისს უკვე დასრულებული იყო სწავლა და თანაკლასელები დასასვენებლად იყვნენ წასული. ამიტომ დაბადების დღეებზე ძალიან ცოტა ბავშვს ვეპატიჟებოდი, რაც ძალიან მწყინდა, რადგან სხვა დროს მთელი კლასი ვიკრიბებოდით ხოლმე (იცინის). მახსოვს, ერთხელ ძალიან დიდი დაბადების დღე მქონდა და ყველა ჩემს კლასელს მოვუყარეთ თავი ჩემს სახლში. ძალიან ბედნიერად გავატარეთ დრო, განსაკუთრებით დიდ აუზში (იცინის). ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ უშუქობასაც მოვესწარით და არაკომფორტულ ცხოვრებასაც, ბავშვობა მაინც ძალიან თბილი, ფერადი, ცოცხალი ემოციებითა და აღფრთოვანებით სავსე იყო.
საინტერესოა, რომ მამაჩემისა და დედაჩემის ძმის დაბადების დღე ერთ დღეს არის და ჩემი და ჩემი დის მეუღლის დაბადების დღეც თითქმის ერთ დღესაა, 14-ში – მე, 15-ში ლევანიკოს აქვს. ეს მისტიკაც ძალიან მომწონს. როგორც მამამ და ბიძამ თქვეს ძმობა, თითქოს, ისე მე და ჩემმა ლევანმაც სულიერი კავშირი შევძინეთ ერთმანეთს. ჩემი დაბადების დღის შემდეგ ჩემს ლევანიკოსთან გადავინაცვლებთ ხოლმე. ასე რომ, რაც ჩემი და დაოჯახდა, ორ ტორტზე ზრუნავენ გოგონები (იცინის). კიდევ ერთი საყვარელი გოგონაა, ჩვენი ოჯახის ახლობელი და მას 16-ში აქვს დაბადების დღე. თუ ისიც ჩვენთან ერთადაა, კიდევ ერთი ტორტი ემატება და სამდღიანი დაბადების დღე გამოდის. შედეგად 17-ში ისეთი დაღლილები ვართ, დასავენებლად მივდივართ ხოლმე (იცინის).
– წარსულიდანაც გავიხსენოთ გამორჩეული საჩუქარი...
– ჩემთვის ყველაზე გამორჩეული საჩუქარი იყო ჩემი ძაღლი ბობო, რომელიც ჩვენმა ოჯახის უსაყვარლესმა მეგობარმა მაჩუქა. სახლში აკრძალული იყო ცხოველის ყოლა, დედამ თქვა: ან მე და ან ეგო და ჩვენ დედა ავირჩიეთ (იცინის). ჩვენმა მეგობარმა ეს არ იცოდა და უცებ მომიყვანა ყაზბეგურა – კავკასიური ნაგაზის მოკლებეწვიანი სახეობა, ქართული ნაგაზი. ისეთი საყვარელი იყო, რომ დედაჩემმა ვერაფერი ვეღარ თქვა და დავიტოვეთ. ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო. ხილიანზე დიდი გარაჟი გვქონდა და ბობოს იქ მივუჩინეთ სახლი. ერთი-ორჯერ ისე მოხდა, რომ კარი გააღო და გამოვიდა. საბურთალო დაბლა ვეღარ ჩამოდიოდა – დიდი ლომი დადიოდა აშვებული (იცინის). დამირეკეს, ბობო გაიქცა და მოდი, ხალხი ქუჩაში ვეღარ დადისო. ძალიან დიდი იყო, დაახლოებით, 80 კილოგრამამდე, უბრალოდ, იმდენად საყვარელი იყო, არავის არაფერს ავნებდა, მაგრამ ეს შუბლზე ხომ არ ეწერა.
ძალიან დიდი ხანია, ბობო აღარ მინახავს. ვამბობ ხოლმე, რომ მთაში, ცხვარში წავიდა. არ მინდა, ვინმემ მითხრა რომ აღარ არის, ამიტომ მირჩევნია, ასე პოეტურად მოვიხსენიო.
– დაბადების დღეს ბევრი ადამიანი აჯამებს განვლილ გზას, განიცდის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას გადადგმული ნაბიჯების გამო. როგორია თქვენს შემთხვევაში?
– ძალიან მადლიერი ვარ უფლის ყველაფრისთვის, მაგრამ ძალიან უმადური ვარ საკუთარი ნაბიჯების, რაც აქამომდე გადამიდგამს. ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. პირველ რიგში, ალბათ, მინიმუმ, სამი შვილი მეყოლებოდა. დანარჩენი, დიდება უფალს, მხოლოდ მადლიერებას ვგრძნობ მის წინაშე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან