შოუბიზნესი

დათო ლიკლიკაძე: პირველად ნარკოტიკი ძალის გამოყენებით გამიკეთეს

№5

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 07.02, 2022 წელი

დათო ლიკლიკაძე
დაკოპირებულია

ყველასთვის საყვარელი, ქუთაისის კოლორიტი, იუმორით სავსე და კომუნიკაბელური ადამიანის, დათო ლიკლიკაძის ცხოვრებაში არაერთი ცდუნება იყო. თუმცა, საკუთარი ნებისყოფით თავი დააღწია და არჩეულ გზას არ გადაუხვია. ამბობს, რომ დღეს ამით კმაყოფილია, უნდა თავისი ხალისიანი განწყობით გარშემო მყოფები გააბედნიეროს და ყველას ურჩიოს, ღირსეულად ჩააბარონ ის გამოცდები, რასაც ცხოვრების გზაზე არაერთხელ გადაეყრებიან.

დათო ლიკლიკაძე: ყველა მიცნობს, როგორც მხიარულ ადამიანს. მეგობრები ხშირად მეუბნებიან: იუმორით სავსე კი ხარ, მაგრამ ალბათ, გულით სევდას ატარებო. მინდა გითხრათ, გულით არანაირ სევდას არ ვატარებ. სევდიანი რომ ვიყო, ძალით ვერ გავიცინებდი და ვერც გულწრფელი ვიქნებოდი. ვფიქრობ, კარგ ხასიათს ბევრი კარგი ხასიათი მოსდევს, ცუდს კი – ცუდი. მე კი მინდა, სულ კარგ ხასიათზე ვიყოთ მეც და ჩემ გარშემო ყველა. 45 წლის ვარ და მინდა, წინ ბევრი სასიამოვნო წელი მქონდეს, სულ კარგ ხასიათზე ვიყო და ეს განწყობა სხვებსაც გადავდო. ხანდახან რომ ვამბობ, ბედნიერი ვარ-მეთქი, ამის თქმისაც კი მეშინია. ამის გამო რამე სამაგიერო ხომ არ უნდა გავიღო-მეთქი – ამის შიშები დამეწყო (იცინის).

– რამეს ნანობ განვლილი ცხოვრებიდან?

– ამ გადმოსახედიდან, რაღაცებს ვნანობ, მაგალითად, მამასთან დაკავშირებით. ასე მგონია, ისე ვერ მოვეფერე, როგორც მინდოდა. თვითონ რომ მეფერებოდა, ვბრაზობდი ხოლმე: რას მეფერები ამხელა ბიჭს, გოგო ხომ არ ვარ-მეთქი. ახლა, როცა თავად ვარ მამა, გული მტკივა, რომ მამას ვერ მოვეფერე ისე, როგორც ჩემგან ეკუთვნოდა – კარგად და ბევრჯერ.

– რადგან განვლილ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ჩაგეძიო – კანონმორჩილი, მოწესრიგებული, სამაგალითო ადამიანის იმიჯი გაქვს, თუმცა, შენს ცხოვრებაში იყო საკმაოდ რთული პერიოდი, ნარკოტიკზე დამოკიდებულებას ვგულისხმობ. ამ თემაზე საუბარს ხომ არ გაურბიხარ?

– ქუთაისში, საფიჩხიაზე დავიბადე და გავიზარდე. 90-იან წლებში ამ უბანში, ერთ ოჯახზე ორი ქურდი მოდიოდა. საბჭოთა კავშირის ქურდების 80 პროცენტი ქართველი იყო, ამ ქართველთაგან უმეტესობა – ქუთაისელი და კიდევ უმეტესობა – საფიჩხიელი. ბევრს ვიცნობდი და მათ ოჯახებთანაც მქონდა შეხება. მიუხედავად ამისა, ქუთაისში ყველა დაგიდასტურებთ, რომ არანაირ ქურდულთან მისწრაფება მე არ მქონდა, მაგრამ ამათ წიაღში გავიზარდე და საკმაოდ პატივს ვცემ მათ ოჯახებს და ცოლებს. ფიზიკურად ძლიერი არასოდეს ვყოფილვარ, ვინ გამალახიებდა მე თავს ან სკოლაში და ან უბანში (იცინის), ამიტომ, თავაც რომ არ გავლახულიყავი, ჩემი მიდგომით, იუმორით და ქურდული სამყაროს ოჯახებთან კარგი ნაცნობობა-მეზობლობით კი გავდიოდი ფონს. რაც შეეხება ნარკოტიკებს, ნარკომანი ნამდვილად არ ვარ, თუმცა, ყველას გაუკვირდება და ამას ვერც მე ავცდი – ნარკოტიკი გამისინჯავს. სხვათა შორის, პირველად ნარკოტიკი, ძალის გამოყენებით გამიკეთეს. ჩემს ქალაქში არაფერი იმალება, მაგრამ ეს კარგა ხანს დამალული იყო და დღემდე არ იცის ბევრმა, რადგან ამაზე არასოდეს მისაუბრია. ძალის გამოყენებაში კრიმინალურ გატაცებას არ ვგულისხმობ, უბრალოდ, მეგობრები მეხუმრნენ.

– ნარკოტოკი, ძალადობა და ხუმრობა? ცოტა გაურკვეველია და იქნებ, დააკონკრეტო რას გულისხმობ?

– მოკლედ, პრესის სახლში, მეოთხე სართულზე რადიოში ვმუშაობდი. ანუ ეს ის პერიოდია, როცა დათო ლიკლიკაძეს, როგორც ჟურნალისტს, უკვე მიცნობდნენ. გადაცემას რომ მოვრჩი და გამოვედი, დერეფანში ძმაკაცები დამხვდნენ. დავინახე, ხელში ბაიანი-შპრიცი ეჭირათ და სიცილით მითხრეს: „წამალი“ უნდა გაგიკეთოთო. გავიცინე: კარგი, კაცო, რა „წამალი“, ისე ჭირს მაგის შოვნა, ცხინვალში დარბიხართ მაგის საყიდლად და მე გამიკეთბთ-მეთქი? „წამლის“ არა, მაგრამ იმის შემეშინდა, ვიფიქრე, ესენი არ გამეხუმრონ და ამ შპრიცით წყალი არ გამიკეთონ ან ჰაერი არ გაეპაროთ და ამ ხუმრობაში არ მომკლან-მეთქი. მოკლედ, მგონია, ბოლომდე მაშინებენ და ვიცი, „წამალს“ არ გამიკეთებენ, მაგრამ მაინც შემეშინდა და გავიქეცი, წავიქეცი და დერეფანში, იატაკზე გავითხლაშე. მეცნენ, დამახტნენ ზემოდან, გამაკავეს, ვიგრძენი, როგორ ჩამარჭვეს ნემსი პირდაპირ კუნთში. ატეხეს სიცილი. ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ „წამალი“ არ გამიკეთეს, მაგრამ ზუსტად წუთ-ნახევარში, თითქოს მიწა გამომეცალა ფეხიდან, გავითიშე, ვერ მოვედი აზრზე, სად ვიყავი. ჩემს ძმაკაცებს ვუყვირე: მართლა „წამალი“ გამიკეთეთ-მეთქი? აი, ეს იყო ჩემი პირველი შეხება ნარკოტიკთან. არ მინდა, პროპაგანდაში ჩამომართვათ, მაგრამ გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ მომეწონა ნარკოტიკის ზემოქმედება და კიდევ მომინდა. სამი-ოთხჯერ რომ მეგობრების ხარჯზე გავიკეთე, მერე მითხრეს: 80 ლარია გადასახდელი, უნდა ავკრიბოთ ფული, დადე და გაგიკეთებთო. ეს აღარ მომეწონა (იცინის). რომ მიხვდნენ, ფულის დამდები არ ვიყავი, შემეშვნენ. ცოტა სუსტი ნებისყოფა რომ მქონოდა, ჩვეულებრივად გავხდებოდი ნარკომანი, როგორც მთელი ჩემი თაობა მაშინ და დღეს დაღუპული ვიქნებოდი. სხვათა შორის, სანამ ეს ამბავი გადამხდებოდა, რამდენჯერმე წავყევი ჩემს მეგობრებს წყალტუბოში, ბარიგასთან „წამლის“ საყიდლად. მახსოვს, თუ ბარიგას სახლთან პოლიციის მანქანა იდგა, მაშინ არ იყო „წამლის“ ყიდვა პრობლემა. თუ არ იდგა, იქ მისულ ნარკოტიკის მყიდველს ან ბარიგას დაიჭერდნენ. ასე ამიხსნეს, მაშინ ბიჭებმა.

– ეს ბოლო შეხება იყო ნარკოტიკთან?

– სხვათა შორის, არ დაგიმალავთ და, ცოლი რომ მოვიყვანე, იმ პერიოდშიც მქონდა შეხება, თუმცა, მსუბუქ ნარკოტიკთან და ეს არც დამიმალავს. სანამ საქართველო-რუსეთის საკითხის განხილვა დაიწყებოდა, ჰოლანდიიდან მეილზე მოვიდა პროკურორ გენ სუდას მიწვევა – ჰააგის საერთაშორისო სასამართლო გვეპატიჟებოდა ჟურნალისტებს, რათა გვენახა, როგორ მიდიოდა წინა სასამართლო პროცედურები. ამ შანსს ვინ გაუშვებდა ხელიდან და რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტი ჩავედით. ჰოლანდიაში კი ვიყავი მანამდე ნამყოფი და ვიცოდი, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალური იყო, მაგრამ არასოდეს გამჩენია სურვილი, კოფე-შოპში „მარიხუანა“ მომეწია. მოკლედ, ვინც ჩავედით, გოგონებმა და ბიჭებმა, ყველამ გავსინჯეთ. გამოცდილება არ მქონდა და სიგარეტივით მოვწიე, თუმცა, ბოლომდე არა, რამდენიმე ნაფაზი დავარტყი და კი ვიფიქრე, ამან რა უნდა მიქნას-მეთქი. რას მიზამს კი არა, ჭკუიდან გადამიყვანა, სასწაული დამემართა. სასტუმროში რომ მივდიოდით, უცებ მომეჩვენა, რომ მოტოციკლეტი მეტაკება. დავიყვირე, მოტოციკლეტი-მეთქი, ვისკუპე ტროტუარიდან და კინაღამ ტრამვაიმ გადამიარა და გამიტანა. ძლივს ამომათრიეს რელსებიდან. ტრამვაი, რომელიც ნამდვილად არსებობდა ვერ დავინახე და მოტოციკლეტს, რომელიც არ არსებობდა, ვხედავდი – ჰალუცინაცია დამემართა. ძალიან შემეშინდა, ღმერთს ვეუბნებოდი, ამ სიბერეში, როცა ყველა მისია შევასრულე, ცოლიც მოვიყვანე და მინდა, შვილსაც მოვესწრო, ახლა მკლავ? გეხვეწები, არ მომკლა-მეთქი, ვლოცულობდი... „იზმენაში“ ჩავვარდი, პანიკას ავყევი და ერთი, რაც მოვახერხე, ახალმოყვანილ ცოლს დავურეკე და ვუთხარი: სალი, „პლანი“ მოვწიე, ძალიან ცუდად ვარ, ჭკუიდან ვარ გადასული, შეიძლება, მოვკვდე და გემშვიდობები-მეთქი. გადაირია კინაღამ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის ღამე როგორ გავათენე, არ ვიცი. დილით რომ გავიღვიძე, არ მეგონა, თუ ისევ ცოცხალი ვიყავი, სხეული დავიჩქმიტე, სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი. ღმერთს ვეუბნებოდი: მადლობა, რომ გადამარჩინე, აღარასოდეს მოვწევ-მეთქი. და იმ დღის მერე მართლა აღარ მომიწევია.

– თუმცა, „წამალი“ და „მარიხუანა“, არ იყო ერთადერთი ცდუნება შენი წარსული ცხოვრებიდან, ხომ ასეა? რომ არ დაგაბნიო, კაზინოს ვგულისხმობ.

– კაზინოზე დამოკიდებული მართლაც გავხდი და მადლობა ღმერთს, ესეც დავძლიე, როგორც ნარკოტიკი და „მარიხუანა“. თუმცა, კაზინო საშინელებაა. სჯობს, ყველაფერი გააკეთო ცხოვრებაში და მას არ გაეკარო. კაზინოში ჩემმა მეგობრებმა დამპატიჟეს და ფულიც მომცეს. ეს ჩემი მეგობრები ფინანსურად კარგად არიან, მდიდარი ქმრები ჰყავთ და მათთვის 200, 300, 500 დოლარის წაგება არაფერია. მოკლედ, მითხრეს: წამოდი, ფულს ჩვენ მოგცემთ, მოგეწონება და ცოტა გაერთეო. კაზინო ქუთაისთან ახლოსაა. გავყევი. მიყიდეს 50 დოლარის ფიშკები და დავიწყე თამაში. პირველივე დადებულ ფიშკაზე მოვიგე, „ფრეშ როიალი“ გავშალე, ანუ 5-დოლარიანი ფიშკით 1 000 დოლარი მოვიგე, ზუსტად 10 წამში. პირველად ვიყავი კაზინოში, ვიფიქრე, არავინ წამართვას ეს მოგებული ფიშკები-მეთქი, ჩავბღუჯე და ჩავიყარე ჯიბეებში (იცინის). მოკლედ, მოვიგე-წავაგე, მოვიგე-წავაგე და საბოლოო ჯამში, 2 000 დოლარი მოვიგე. წამოვედი სახლში მოგებული თანხით და შევთავაზე მეგობრებს, მოდი ხვალაც წამოვიდეთ სათამაშოდ-მეთქი. გაეცინათ: არა, დათო, სულ კი არ გაგიმართლებს, ასე იშვიათად ხდებაო. მოკლედ, მეორე დღეს დავავლე ხელი 100 დოლარს და წავედი მარტო. თუ წავაგე, არა უშავს-მეთქი. შევედი თუ არა, ხუთ წამში წავაგე ის ფული. ავფორიაქდი, გავიქეცი ტაქსით სახლში, ავიღე კიდევ 100 დოლარი და დავბრუნდი კაზინოში სათამაშოდ. ისევ წავაგე. კიდევ წავედი სახლში, წამოვიღე 300 დოლარი და ისიც წავაგე. მოკლედ, იმ დღეს 500 დოლარი წავაგე. შევედი აზარტში, თან გავბრაზდი, მეორე დღეს, ისევ ჩავიდე 500 დოლარი და წავედი სათამაშოდ. თან, ვიფიქრე, რაც წავაგე, იმას ავინაზღაურებ და მერე აღარ გავეკარები კაზინოს-მეთქი და ის ფულიც წავაგე. მოკლედ, 4-5 დღე ვიარე კაზინოში და მოგებული 2 000 ათასი დოლარიდან, 175 დოლარი რომ დამრჩა, მერე მოვეგე გონს და შევწყვიტე თამაში. გამიჭირდა პირველი დღე, კაზინოს გარეშე, მეორე დღესაც და მესამე დღეს მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მერე მითხრეს, თურმე, კაზინოში ამბობდნენ: ვარიანტი არ არის, ჩამოვა ლიკლიკაძე, მოიტანს იმ მოგებულ თანხას და იმასაც წააგებს, ჯერ ჩვენ ადამიანი არ გვახსოვს, ვინც ამხელა ფული მოიგო და მერე შეეშვა თამაშსო. იმის მერე გავიდა რვა წელი, მაგრამ აღარ გავკარებივარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა