შოუბიზნესი

ბარბარა სამხარაძე: ბედნიერების პიკზე როცა ვარ, ახლობლები მტოვებენ

№32

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 12.08

სამხარაძე
დაკოპირებულია

ნიჭიერი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი ბარბარა სამხარაძე, ერთი შეხედვით, მხიარული და ლაღი ადამიანია. თუმცა, ამის მიღმა, უდიდესი ტკივილი იმალება. იყო პერიოდი, როცა წარმატების ეშინოდა, რადგან ყველა მის წარმატებას ახლობლის გარდაცვალება მოჰყვა. ახლა კი, როგორც მისი შინაგანი ხმა ჰკარნახობს, წინ საკმაოდ პოზიტიური პერიოდი ელოდება, რასაც უკვე უყრის საფუძველს და სულ მალე, შედეგსაც მოიმკის.

ბარბარა სამხარაძე: შინაგანი შეგრძნება მაქვს, როდის რა წარმატება მელის. როცა ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება, ყოველთვის ვგრძნობ, რომ რაღაც დიდისთვის ვემზადები. ოღონდ, ამ მომზადების პროცესში, ფაქტობრივად, ვერ ვგრძნობ რესურსს. როცა სიმღერის სწავლას ან წერას ვიწყებ, ეს პროცესი მოულოდნელად, ძალისხმევის გარეშე ხდება. მაგრამ, უშუალოდ წარმატება ჩემს ცხოვრებაში მსხვერპლების ფონზე მოდის.

– მსხვერპლებში რას გულისხმობ?

– მაგალითად, სანამ კონკურსზე გავიმარჯვებდი, ფინალამდე, ბებია გარდამეცვალა, ასევე, ჩემი მეგობარი. გამარჯვებიდან სამ თვეში კი – მეორე ბებია. ინგლისურენოვანი სიმღერა „ოკეანის მხარე“ რომ გამოვუშვი – ბაბუა. ერთი სიტყვით, ბედნიერების პიკზე როცა ვარ, ახლობელი ადამიანები მტოვებენ. ყველაზე რთული პერიოდი იყო კონკურსის პერიოდი, როცა უკან მოვიხედე და დავინახე ადამიანები, რომლებიც ჩემი წარმატებით უნდა დამტკბარიყვნენ და ჩემი წარმატებით ჩემთან ერთად ეხარათ, გვერდით აღარ მყავდნენ. მიკვირს ჩემი თავის, როგორ არ ვიმჩნევდი ტკივილს და იმ განცდას, რომელიც რეალურად გულში მქონდა იმ მომენტში, როცა სცენაზე ვიდექი. გამოვდიოდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი და იმ ტკივილს ვერავინ მატყობდა. მოკლედ, ეს იყო პერიოდი, როცა არც მემღერებოდა, არც მეცეკვებოდა, მაგრამ უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა. დამეწყო საშინელი სპაზმები, მომენგრა ყველაფერი და მაინც არ დავნებდი. ამიტომ ვთქვი, მსხვერპლის გარეშე ჩემთან წარმატება არ მოდის-მეთქი. უფრო სწორად, წარმატება ვერანაირად ვერ შევირგე. კონკურსში გამარჯვების მერე, სოფელში რომ ჩავედი და გულით საყვარელი ადამიანები არ დამხვდნენ, მეტკინა, გააზრების პროცესი იყო ძალიან რთული. ის პერიოდი განსაკუთრებით მძიმედ მახსენდება. ამის მერე წარმატების მეშინოდა. როცა რამე კარგი მოხდებოდა, შიშით ვამბობდი: ნეტა, ახლა რა უნდა მოხდეს-მეთქი. წინასწარი მოლოდინის შეგრძნებები მაქვს ხოლმე, ეს ინსტინქტია და გინდა თუ არა, ეს ადამიანს აქვს. თუმცა, უტყუარს ამას ვერ დავარქმევ, რადგან ბევრჯერ ცუდის მოლოდინი მქონია, მაგრამ არ მომხდარა, უბრალოდ, „გონება წამეთამაშა“. ასეთ შეგრძნებებს ვერ გადავრქმევ განსაკუთრებულ წინათგრძნობას. ის, ლოგიკურ მომენტებში გვიჩნდება, მე ასე ვფიქრობ. ზოგადად, ჩემს ინტუიციას ვუსმენ და ჩემი შინაგანი „მე“-ს წინააღმდეგ არასოდეს მივდივარ.

– როგორ გადალახე წარმატებების შიშები?

– გადავლახე კი? (იცინის) შინაგანი განცდები მაინც მაქვს და ცოტას მაინც ვნერვიულობ. არასოდეს მივდივარ გამიზნულად წარმატებისკენ. ჰოპ და ახდება (იცინის). ასე რომ, როდის რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში, წინასწარ არ ვიცი, უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ. ძალიან მინდა, მჯეროდეს, რომ იღბალი არსებობს და იღბლიანი ვარ, მაგრამ ამ იღბლის მიღმაც, კოლოსალურ შრომას ვდებ. თუმცა, არის რაღაცები, რაშიც შრომა არ ჩამიდევს და ძალიან კარგი რამე გამოსულა და არის რაღაცები, რაშიც მართლა ტვინი ჩავანთხიე და ისე მივაღწიე. ზოგადად, ბედისწერის მჯერა.

– თქვი, შინაგანი შეგრძნებები მიჩნდება და წარმატებისკენ მიბიძგებსო. ახლა რას გიგრძნობს გული და რას გკარნახობს ინტუიცია?

– მგონია, შემოდგომიდან, კერძოდ, ოქტომბრიდან დაიწყება ყველაფერი საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში და დაახლოებით, ერთი წელი მაინც არ გაჩერდება. ამ ყველაფრისთვის კი, რომ დაიწყოს, უკვე ვდებ რესურსს. ასე რომ, ვფიქრობ, წინ ძალიან აქტიური, სიურპრიზებითა და წარმატებებით სავსე შემოდგომის პერიოდი მელის. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მოლოდინი მაქვს.

– ვიცი, ემოციური ადამიანი ხარ. რომ გამოჩნდი, სანამ ხალხი გაგიცნობდა, შეგიყვარებდა და შენს ნიჭიერებას დააფასებდა, მანამდე იყო ბულინგი. ამან რამდენად იმოქმედა შენზე და თუ იქონია გავლენა სტიმულზე?

– ემოციური და ძალიან მგრძნობიარე ვარ. სტიმული საზოგადოებიდან არც არასდროს მიმიღია და არც დამიკარგავს. რეალობა ის არის, რომ მე ჩემს თავს ძალიან კარგად ვხედავდი – რამხელა, როგორი და რანაირი ვიყავი.

ვერავინ სიახლეს ვერ მეტყოდა. მეც ვიცოდი, რომ წონაში უნდა დამეკლო, უკეთ უნდა მცმოდა. საშუალება რომ ყოფილიყო, უკეთესად ჩავიცვამდი და რომ შემძლებოდა, წონაშიც დავიკლებდი. სირაქლემის პოზიციით არ შემიხედავს ბულინგისთვის, თვალს ვუსწორებდი, უბრალოდ, გამოხატვის ფორმები არ მომწონდა, უხეშად მხვდებოდა და გულს მტკენდა. თორემ, რასაც ამბობდნენ, ვეთანხმებოდი, მართლები იყვნენ. უბრალოდ, ვისაც როგორი ინტელექტი და განათლების დონე ჰქონდა, ისე გადმოსცემდა თავის სათქმელს. დღეს გარეგნობასა და ჩაცმულობაზე ბულინგი ყველაზე დაბალი დონეა, მაგრამ მაშინ 2015 წელი იყო. წლების მერე, ბულინგის გამო არა, უბრალოდ, ჩემი თავის ახალი ვარიანტები მინდოდა მენახა და ამიტომ დავაპირე გახდომა. სწორი კვებით რომ დავიკლებდი ორ კილოს, დავდებდი სოციალურ ქსელში ფოტოს და მოვიტყუებოდი, აი, 20 კილო დავიკელი-მეთქი, ყველა იმ ოც კილოს ამჩნევდა და არა რეალობას (იცინის). ჩემი დაკვირვებებით, იმ საზოგადოებაზე მოვახდინე გავლენა, ვინც მე სოციალური ქსელით მიყურებდა.

– და, რა ზეგავლენა მოახდინა იმ შენმა მოტყუებულმა კილოგრამებმა შენს ინტერნეტგამომწერებზე?

– ყველა ამჩნევდა დაკლებულს, რაც რეალური არ იყო. არადა, 15-20-25 კილოც დამიკლია. ზოგადად, ჩემი კლება ჯაჭვურადაა მიბმული ჩემს ემოციებზე. შეიძლება, ორი დღე გასულიყო და არ მეჭამა ან ნერვიულობის გამო დამეკლო, მაგრამ მერე, ისევ ვიმატებდი. კლება-მატება იყო დამოკიდებული იმაზე, რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში.

– ამ ზაფხულს თუ მოასწარი დასვენება და რა გეგმები გაქვს?

– ზაფხულის დიდი ნაწილი კი გავიდა, მაგრამ მე ისევ თბილისში ვარ და სოფელშიც ვერ წავედი. ზოგადად, სახლში ყოფნით ვიღებ ინსპირაციას, სიმღერა იქნება ეს თუ შინაგანი განვითარება. სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს და ამ ზაფხულს მაქსიმალურად პიროვნული განვითარებით ვარ დაკავებული. დავიწყე იტალიური ენის სწავლაც, მაგრამ არც კი ვიცი, რატომ (იცინის). იმედია, სამომავლოდ გამოვიყენებ. სხვათა შორის, მინდოდა, ჩემით რომელიმე მუსიკალური ინდუსტრია დაინტერესებულიყო, მქონოდა შემოთავაზება და ასეც მოხდა. დამიკავშირდნენ, გავაფორმე კონტრაქტი, ჯერ ქართულ ბაზარზე არ მუშაობენ და დამეხმარებიან უცხოურ ბაზარზე გავიდე. ასე რომ, საქართველოში ბარბარა სამხარაძე დავრჩები, უცხოეთში კი ბარბარა კეით გამიცნობენ. სექტემბრიდან მათთან ერთად ახალ სიმღერებზე დავიწყებ მუშაობას და იმედი მაქვს, წინ დიდი წარმატებები გველის. ასე რომ, ამ ზაფხულს ვერ ვახერხებ დასვენებას, მირჩევნია, საქმეებს მივხედო.

– მახსოვს, ბრიტანეთის „ახალი ხმის“ კონკურსზე გქონდა მონაცემები გაგზავნილი.

– მოეწონათ მონაცემები, მაგრამ აინტერესებდათ, საცხოვრებელი ვიზა თუ მქონდა. მითხრეს, თუ ვიზა არ გაქვს, აზრი არა აქვსო და ამიტომ ვერ მივიღე მონაწილეობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა