შოუბიზნესი

ანი ყიფშიძე: სულ ვამბობდი, ჭკვიანი ქალი არ თხოვდება-მეთქი. ვერ გადავაბიჯე ჩემს სიტყვას, თორემ, ფაქტობრივად, გათხოვილი ვარ

№7

ავტორი: ქეთი მოდებაძე 19:00

ანი ყიფშიძე
დაკოპირებულია

ანი ყიფშიძე შეყვარებულია. ვინ არის მისი რჩეული, რით მოიხიბლა ის და როგორ განვითარდა მათი სიყვარულის ამბავი – ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ანი ყიფშიძე: ჩემი სიყვარულის ისტორია წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო, მაგრამ არ გამიხმაურებია. თავს იმდენად კარგად ვგრძნობდი, მეშინოდა, თვალი არ გვცემოდა. არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომლებიც ცუდ ენერგიებს გვიგზავნიან და არ მინდოდა, ამას ჩვენს ურთიერთობაზე მოეხდინა გავლენა. თან, ხომ იცით, სიყვარულს მალვა უყვარსო. თუმცა, მერე, ერთხელაც, ჩემს ბიჭს შევხედე და ვიფიქრე, რა დასამალი ბიჭი ეს არის, პირიქით, ყველამ უნდა დაინახოს, ვინ მყავს გვერდით-მეთქი. ღმერთს ძალიან ვუყვარვარ და ასეთი ბიჭი გამომიგზავნა. ახლა უკვე აღარ მეშინია ცუდი თვალის, რადგან ჩვენი სიყვარული იმდენად ძლიერია, ფეხებსაც ვერავინ მოგვჭამს (იცინის).

– როგორია შენი საყვარელი ადამიანი?

– ჩემი რამაზი უკეთილშობილესი ადამიანია. იდეალური პიროვნებაა. რომ იტყვიან ხოლმე, სანთლით საძებნი ადამიანიო, ზუსტად ასეთია. ძალიან გამიმართლა, რომ ამდენ ქალში ამომარჩია. მხოლოდ მამაკაცური მიზიდულობის გამო არ მომწონს, მის პიროვნებას ვცემ დიდ პატივს. იმდენად მაგარი ადამიანია, რომ მასთან მთელი ცხოვრება რომ გაატარო, არ მოგბეზრდება. სამართლიანია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად იცის, როდის რა უნდა გააკეთოს, ვისთან როგორ მოიქცეს. ცხოვრებაში ბევრი რამ აქვს ნანახი და არაფერი ეშლება. ახლა ისეთი დრო მოვიდა, რომ ნორმალურ ადამიანს ვერ იპოვი და ასეთი რომ მყავს გვერდით, ეს მართლა დიდი გამართლებაა.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– როდესაც პროექტი დასრულდა, მომწერა, როგორ ხარო? მეც მოვიკითხე, ვუთხარი, ცოტა ცუდ ხასიათზე ვარ-მეთქი. ახლავე მოვალ შენს უბანში და აუცილებლად მოგიყვან ხასიათზეო. დავთანხმდი და რომ მოვიდა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი. მართალია, მანქანით იყო, მაგრამ იგრძნობოდა, ვინც იყო. რომ გავიცანი, მაშინვე ისეთი სასიამოვნო სუნი ვიგრძენი, რომ უკვე მოვიხიბლე. სასეირნოდ წავედით და საუბრისას ინსტინქტურად სათვალე მოიხსნა, თვალებში რომ შევხედე, მაშინვე დავდნი. რა ლამაზი თვალები აქვს ამ ბიჭს-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ხმა არ ამომიღია, „დასტოინი“ მეჭირა (იცინის).

პირველივე შეხვედრაზე ავაწყვეთ ურთიერთობა და მას შემდეგ ერთად ვართ. რთული პერიოდებიც გავიარეთ, კარგიც და ალბათ, კიდევ ბევრი წინ გველოდება, მთავარია, ერთად ვართ და ყველაფერს ვუმკლავდებით.

– შენ ძალიან ძლიერი ენერგიის ადამიანი ხარ, ის როგორია?

– ის ჩემზე ძლიერია. გამორიცხულია მოატყუო. საერთოდ ყველაფერი იცის, ვერაფერს გამოაპარებ (იცინის). სხვათა შორის, ბევრს ჰგონია, რომ მან მზესუმზირას ჭამით მიაღწია წარმატებას. რეალურად, ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ დღეს კარგად ყოფილიყო. ბევრს ჰგონია, ადვილია იმის მიღწევა, რაც მას აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის, ამის გამო ბევრი ტკივილიც გამოიარა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ომში იბრძოდა. ვიღაცებს თურქი ჰგონიათ, ვიღაცებმა ისიც თქვეს, არაბიაო.

– კი, წერდნენ, თურქი მილიონერიაო.

– იმასაც წერდნენ, შეიხიაო. არა, ქართველია, რომელიც ომში სხვა ქართველების საკეთილდღეოდ და ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდა. ასევე, საქართველოს არაერთგზისა და მსოფლიოს ჩემპიონია სამჭიდში. ასეთი ქართველი ვაჟკაცები ღმერთმა უმრავლოს საქართველოს. მეგობრებიც ძალიან ვაჟკაცი ბიჭები ჰყავს და თითოეულ მათგანს რომ იცნობდეთ, მიხვდებით, რა ადამიანთან მაქვს საქმე.

ბევრი ლაპარაკობს, რომ ფულით დავიკერე, დავიწყოთ იმით, რომ მე ფულით ვერავინ მიყიდის. მე, ეშმაკივით, ადამიანის სული მაინტერესებს. მეორეც, მე გვერდზე ისეთი ბიჭი მყავს, რომელიც ასევე, არ დაიკერება არც ფულით და არც სხვა საშუალებით, გარდა ადამიანობისა. ვინც ამას ამბობს, ვფიქრობ, თვითონ არიან „ფულით დაკერილები“ და ყველა მათნაირი ჰგონიათ. ბოღმიანი და შურიანი ვარაუდები თავისთვის დაიტოვონ. თუმცა, ვისაც რა უნდა, ის ეგონოს. მე ვიცი, რომ ამ ადამიანთან ბედნიერი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. პირველ რიგში, მისი მადლობელი ვარ, რადგან ერთი პერიოდი, როცა ადამიანები წიხლს მაჭერდნენ, მე იმ ჭაობიდან ზუსტად ამ ადამიანმა ამომიყვანა და დღეს რომ ცოცხალი ვარ, მისი დამსახურებაა.

– რას გულისხმობ?

– სწორმა ადამიანმა იცის, როგორ დაინახოს სხვისი შინაგანი ბუნება. მხოლოდ სილამაზე არ არის მნიშვნელოვანი. მე რომ ცუდად ვიყავი, მან ეს დაინახა. არავინ იცოდა, როგორ ვიყავი, რამხელა ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღე გარემოსგან, უაზრო ბულინგისგან და ასე შემდეგ. ამ ადამიანმა ყველაფერში გამიგო. ის, რომ მე არ ავყევი მავნე ჩვევებს, ალკოჰოლს ან რომელიმე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას არ მივმართე, ეს მისი დამსახურებაა. ეს ადამიანი ისეთ დროს გამომიგზავნა ღმერთმა, როცა მართლა მჭირდებოდა. მხოლოდ ის არაა, რომ მაგარი ლამაზი თვალები აქვს და ზოგადად, სიმპათიური ბიჭია, ის ძალიან მაგარი ადამიანია. ყველა მოყვარეს ვუსურვებ მისნაირი კაცი ჰყავდეს გვერდით, ოღონდ ეს არა, ეს ჩემია (იცინის). მე შემიძლია, თვალები დავხუჭო და მას ნებისმიერ ადგილას გავყვე – ვიცი, რომ ყველგან საიმედოდ ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო ამხელა აუდიტორიაა, რომელიც ჭრელი ხალხისგან შედგება, ის ყველაფერს სწორად იგებს. როცა ლანძღვას აწყდებოდა, თავიდან ამბობდა, რა დაუშავე ამ ხალხსო, მაგრამ მიხვდა, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვიყავით, რომ ბევრს თვითონ აქვს ტვინში პრობლემა და ეს უნდა „გავატაროთ“, ჩვენ ჩვენი ბედნიერებით უნდა დავტკბეთ, მეტი არაფერი. მიუხედავად უამრავი იდიოტური კომენტარისა, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობდა, ერთხელაც არ მივუტოვებივარ, ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. როცა ძლიერი მამაკაცი ხარ, ასეთი „ფინთიკლუშკობები“ პრობლემას არ გიქმნის. თუ ფარჩაკი კაცი ხარ და კომპლექსები გაწუხებს, თავისთავად გეშინია და უკან-უკან იხევ. ამით ყველაფერი სრულდება. ის კარგად მიცნობს. რომ უთხრან, ანი გულაობსო, ეს უპასუხობს, თბილად აცვია და არ ვნერვიულობო. მიცნობს და მენდობა.

– შენს შვილთან როგორი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა?

– როცა კაცს ქალი უყვარს, მისი შვილიც უყვარს. ნატალისა და რამაზს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ჩემს შვილს მე რომ ვერ ვუპასუხო ტელეფონზე, ზუსტად იცის, რომ რამაზს დაურეკავს და ის უპასუხებს, სადაც არ უნდა იყოს. ნატალის მისი იმედი ყოველთვის აქვს და რამაზიც თავის შვილივით უყურებს.

– რამდენად რომანტიკული წყვილი ხართ?

– დიდად რომანტიკულები არ ვართ, საწოლამდე ვარდებით მოფენილი გზით არ მივდივართ, მაგრამ შეიძლება, უცებ მოგვინდეს და სიცივეში სადღაც ძალიან შორს წავიდეთ და იქ ცხელი აბაზანითა და ერთმანეთის სიყვარულით დავტკბეთ. შეიძლება, უბრალოდ, მუსიკას მოვუსმინოთ ან კარგ რესტორანში წავიდეთ. ზოგადად, რომანტიკული ადამიანი არ ვარ, მაგრამ სპონტანური გაქცევები მიყვარს. სულ სადღაც დავდივართ.

– როგორც ვხვდები, შენც ახლო ურთიერთობაში ხარ მის წრესთან.

– სულ ვამბობდი, ჭკვიანი ქალი არ თხოვდება-მეთქი. ვერ გადავაბიჯე ჩემს სიტყვას, თორემ, ფაქტობრივად, გათხოვილი ვარ. ოფიციალურად არ დავარქვი სახელი ურთიერთობას, ვიცი, რომ ვიღაც ჩემს ნათქვამ სიტყვებს წამომაძახებს და ამიტომ (იცინის). ვიყოთ, როგორც ვართ – შეყვარებულები მთელი ცხოვრება. მეტი არ ვიცი, რა უნდა იყოს. დედაჩემი და მამაჩემი 30 წელია, ერთად არიან, მაგრამ არც ჯვარი აქვთ დაწერილი და არც ხელი მოწერილი, მაგრამ ცოლ-ქმარი არიან. არანაკლები ურთიერთობა გვაქვს ჩვენ, თუმცა, ჯერჯერობით საერთო შვილი არ გვყავს. ერთი წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ და ეს არ არის დიდი დრო.

– თვითონ რა აზრის არის ოჯახის შექმნაზე? ერთხელაც რომ თეთრი კაბით გნახოთ...

– ჩემი მეუღლეა, მე მისი ცოლი ვარ... თეთრ კაბას რაც შეეხება, ბოლო დროს რამდენიმე ადამიანი ისე მიჩიჩინებს, შეიძლება, დავაპირო კიდეც (იცინის). თუ ღმერთი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საერთო შვილი გვყავდეს, ძალიან მაგარი იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი