რელიგია

უფლის გზაზე

№27

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 15.07, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ვნებები

შენ გამოგცდის ბოროტი სული – სხეულის ბიწიერი მძლავრი მოთხოვნილების აღძვრით, წარმოიდგინე უმანკო სახე ქრისტესი და გადაწყვიტე: შებილწავ ამ უმანკოებას შენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით თუ არა? შენ გულფიცხობ და ვერ აგიტანია მეზობლისგან გალანძღვა, შეხედე მაცხოვრის მშვიდობიან სახეს და მოიგონე, რაგვარ საქციელს გავალებს იგი ამისთანა შემთხვევაში? შენ ხარ ბატონი დიდი სიმდიდრისა, გაიხსენე მაცხოვარი – მომცემი ამ სიკეთისა და მოძღვრება მისი, – სად უნდა ინახავდე სიმდიდრეს. შენ გიჭირავს საზოგადოებაში საპატიო ალაგი და წარჩინებული ხარისხი, მიხედე მაცხოვრის ხატს და წარმოიდგინე, რისთვის აღგამაღლა და პატივ-გყო მან. შენ შეუპყრიხარ სიზარმაცეს, გარჯის ოფლის ღვრისა და მომჭირნეობის სიძულვილს. აბა, თვალი გაუსწორე მაცხოვრის სახეს! შენ გემძიმება შენი ობლობა, მაგრამ, აბა, შეხედე იმის სახეს, რომელსაც დედად და ნათესავად მიაჩნია ღვთის სიტყვის აღმსარებელნი!

***

იმის იმედზე ყოფნა, რომ ვნებების სიმხურვალე წლების განმავლობაში ჩაცხრება, ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად იცნობ ვნებების ბუნებას, შესაძლოა, ისინი წამიერად დააკმაყოფილო, მაგრამ სრულად – შეუძლებელია. მათი შხამიანი ფიალა წყურვილის მოკვლის ნაცვლად უფრო მეტად აღაგზნებს ამ სურვილს. მათი დაკმაყოფილება მხოლოდ მათ გაძლიერებას ემსახურება. რაც მეტად ასიამოვნებ მათ, მით უფრო დაჟინებულნი ხდებიან ისინი. ამრიგად, წლების სიგრძე, იმის ნაცვლად, რომ ვნებები მოაკვდინოს, უფრო აღანთებს მათ; იმის ნაცვლად, რომ შეამსუბუქოს მათი უღელი, კიდევ უფრო ამძიმებს მას.

***

ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ვნებების დროებით მიჩუმებას გრძნობდე, რადგან ვნებები და დემონები ხშირად მზაკვრულად იმალებიან და იკვლევენ – ხომ არ გაამპარტავნდება ადამიანი თავის გულში, როცა ჰგონია, რომ უკვე თავისუფალია მათგან; შემდეგ მოულოდნელად დაეცემიან საბრალო სულს და ჩიტივით წარიტაცებენ მას; და თუ დაეუფლებიან, დასცემენ მას ყოველგვარი ცოდვით, ადრინდელზე უფრო უმოწყალოდ და ბოროტად.

***

ადამიანის გულში არის ცოდვის ეკლებით ამოზრდილი ყანა, მისი დამუშავებისას ქრისტიანს მტკიცედ უნდა ახსოვდეს, რომ სრულიად ვნებების ფესვი მასში სიკვდილამდე არ აღმოიფხვრება და ჩვენი მხრიდან დაბნეულობასა და გაუფრთხილებლობას შეუძლია, გამოიღოს ყლორტები, რომლებიც დაუბრკოლებლად დათმობენ კეთილ თესლს, გაჭირვებით დათესილსა და გახარებულს. ხშირად ჩვენი ზნეობრივი მიძინებისა და დაუდევრობის ერთი წუთი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს გულში დამკვიდრდეს ბოროტება, რომლის ამოსაძირკვადაც ცხოვრების მთელი წლებია საჭირო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი