რელიგია

უფლის გზაზე

№52

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 07.01, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

მდუმარება და მრავლმეტყველება

უნდა გავექცეთ უსარგებლო საუბრებს და არ დავუკავშირდეთ მათ, ვინც ღვთის შიშს არად აგდებს, რადგან ისინი სასარგებლოს არაფერს ამბობენ, არაფერს აკეთებენ უფლისთვის. არ საუბრობენ არც სათნოებებზე, არც – ღვთისმოსაობაზე, არც – სიწმიდეზე. მათი საუბარი – სიკვდილით სიკვდილია, მათი რჩევა – ჯოჯოხეთის უფსკრული, მათთან ერთობა – სულიერი დაღუპვა!

ეფრემ ასური

***

ხანდახან ხდება, რომ შეკრების დროს ძმათა შორის რაღაცას უდროოდ თქმის პატივმოყვარე აზრი იჭრება. ანგელოზებრივი აზრები კი გინერგავენ, განაგდო ეს ლაქლაქი და უდროო აზრი. ასე რომ, თუ არ განაგდებ მას კეთილი მდუმარებით, არამედ ნებას მისცემ გარეთ გამოვიდეს ის, რაც ამპარტავნებით იყო ნაკვები, ცუდ შედეგს მოიტანს. ერთმა კეთილმა სიტყვამ ოდესღაც ერთი ბილწი ავაზაკი სუფთა და წმიდა გახადა და სამოთხეში შეიყვანა. ერთმა ცუდმა კითხვამ კი გადაუღობა მოსეს აღთქმულ მიწაზე შესასვლელი. დაე, ნუ ჩავთვლით მრავალმეტყველებას სუსტ ავადმყოფობად: რამეთუ ბოროტად მეტყველნი და ფუჭად მოლაპარაკენი ცათა სასუფევლის დაკარგვას მიუსჯიან თავს.

***

არაფერია უფრო მეტად დამანგრეველი და ბოროტად მავნებელი, ვიდრე შეუკავებელი ენა და არაფერი ისე ძლიერ არ ანაწყენებს და ანადგურებს ძლიერ სიმდიდრეს, რამეთუ, რასაც ყოველდღე ჩვენში ვქმნით, იმას მრავალმეტყველება კვლავ ანადგურებს. და რასაც შრომით ვაგროვებთ, ის კვლავ ენის მიერ ითელება. რა არის შეუკავებელ ენაზე უარესი? იგი დაუკავებელი ბოროტებაა! უნდა მოზღუდო იგი, ალაგმო და შეავიწროვო და ასე ვიტყვი: აიძულო, მხოლოდ საჭიროებას ემსახუროს! უადგილო ფუჭი საუბრების ნაყოფი ხანდახან დაცინვა და ყვედრებაა, როდესაც ისინი ჩვენს უგუნურ მეტყველებას ნახავენ, ზოგჯერ კი – სინდისის შებღალვა, ზოგჯერ – ღვთის სასჯელი და სულიწმიდის განაწყენება, რაც ყველა დანარჩენზე უარესია.

***

მდუმარება საუკეთესო და საოცარია ყველა დამრიგებლურ საუბართან შედარებით. მას პატივს მიაგებდნენ და თაყვანს სცემდნენ ჩვენი მამები და მისით განდიდდნენ. მაგრამ ჩვენი უძლურების გამო ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ იქამდე, რომ სრულყოფის გზით ვიაროთ. მაშ, ვისაუბროთ იმაზე, რაც დამოძღვრის სფეროშია და ვისაუბროთ მამათა სიტყვებზე დაყრდნობით და წმიდა წერილის განმარტებას ნუ შევუდგებით, რადგან ეს საქმე საკმაო საფრთხეს უქადის უცოდინართ. წმიდა წერილი სულიერადაა წარმოთქმული. ხორციელ ადამიანს კი სულიერის გააზრება არ შეუძლია. უმჯობესია, საუბრისას მამათა სიტყვებს მივენდოთ და მათში სარგებელს ვიპოვით. მაგრამ უნდა ვისარგებლოთ ზომიერად, ვიხსენებდეთ ნათქვამს: „მრავალმეტყველებისგან ვერ გაექცევი ცოდვასაც“ (იგავ. 10,19), და ამ ყველაფერთან ერთად რომ არ ჩავვარდეთ გონების განდიდებასა და აზრების თვითქებაში, ვიფიქროთ იმაზე, რომ რასაც საქმით ვერ შევასრულებთ, იმას თვით დასასჯელად ვამბობთ!

***

თუ მდუმარება კეთილ საუბრებზე უპირატესად მიიჩნევა, მაშინ იგი მეტად სასარგებლოა საშუალო საგნებზე საუბრისას. მაგრამ როდესაც არ შეგვიძლია დადუმება და მსგავს საგნებზე საუბარი გვიტაცებს, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, ნუ გავაგრძელებთ საუბარს, რათა მრავალმეტყველებით არ ჩავვარდეთ მტრის რაიმე მახეში!

„სულიერი მდელო“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი