მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00
კითხვა: რა არის ცხოვრებაში უმთავრესი?
პასუხი: თუ ადამიანი ცხოვრობს ეკლესიურად, ის აუცილებლად ერწმუნება წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს: „ცხოვრების მთავარი საქმე არის ლოცვა. ხოლო ყოველივე დანარჩენი – მეორეხარისხოვანი საქმეებია“.
კითხვა: რომელია „საღმრთო სათნოებანი“, რითაც ძალიან გამოირჩევიან ღვთისთვის სათნომყოფელნი?
პასუხი: საღვთო სათნოებას განეკუთვნება სარწმუნოება და სიყვარული. საღვთო სათნოებებად ისინი იწოდებიან იმიტომ, რომ ჩვენს სულს მიმართავენ უფლისკენ და წარმოადგენენ ყველა სათნოებების საფუძველს.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ვინმე გვემდურის და უარს ამბობს ჩვენთან შერიგებაზე?
პასუხი: ამის შესახებ რჩევას გვაძლევს წმიდა თეოფანე დაყუდებული: შეგიძლიათ, დაკმაყოფილდეთ იმით, რომ გონებაში გულწრფელად შეურიგდით მას და გსურთ მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა. სიტყვითა და საქმით შერიგების მცდელობა გიჯობთ, შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მრისხანება შეიძლება, გაიზარდოს და დაღუპოს იგი. ეძიეთ საშუალება, რაიმე სიკეთე გაუკეთოთ მას, მისგან უცოდნელად. ამის ქმნის შემდეგ იგი მალე მოეგება გონს, მაგრამ მასთან შეხვედრისას გულში შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ილოცეთ მისთვის.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ მისი თანამდებობა ხელს უშლის მას ღვთიური კანონებით ცხოვრებასა და სულის ხსნაში?
პასუხი: თუ თქვენი თანამდებობა ხელს გიშლით ღვთიური კანონებით ცხოვრებაში და თქვენი სულის ხსნას ეღობება წინ, უნდა დატოვოთ ეს თანამდებობა. სჯობს იყოთ რიგითი მუშაკი, ოღონდ სული იხსნათ და თავი გადაირჩინოთ. რა სარგებელს მოგიტანთ, თუკი მთელ ქვეყანას დაეუფლებით, მაგრამ სულს წარიწყმედთ?
კითხვა: თუ მალე იქნება სამყაროს აღსასრული, ღირს სწავლა, შრომა და საერთოდ, რაიმეს გაკეთება?
პასუხი: არავინ იცის ქრისტეს მეორედ მოსვლის ზუსტი დრო. ამიტომ გამუდმებით საჭიროა შრომა, სწავლა, მუშაობა, საკუთარი თავის სრულყოფა. ჯერჯერობით უფალი გვაძლევს დროს. საჭიროა ბრძოლა საკუთარ ცოდვილ მიდრეკილებებთან და სულიდან ყოველგვარი ბოროტის, ცუდის, უსარგებლოს გამოდევნა. უნდა გვახსოვდეს, რომ იქნება სამყაროს დასასრული და ჩვენ მარად უნდა ვიყოთ მასთან შესახვედრად, ამიტომ გადამეტებულად არ უნდა მივეცეთ მიწიერ სიამოვნებას და ვიცხოვროთ სწორად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


