რელიგია

როგორ მოვიქცეთ, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ

№30

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

საკითხი, თუ როგორ მოვიქცეთ, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ, ძალზე მნიშვნელოვანია. ცხოვრებაში ეს პრობლემა სხვადასხვა ადამიანის მიერ სხვადასხვანაირად არის გადაჭრილი. ერთნი წყენას აუცილებლად წყენით პასუხობენ, თანაც უფრო მძაფრად, უფრო მწარედ. ხშირად ერთი საწყენი სიტყვის სანაცვლოდ ადამიანები სამაგიეროს იხდიან ძარცვით, ხელისულებასთან ჩივილით, სამსახურიდან დათხოვნით, ზოგჯერ კი – მკვლელობითაც. სხვები, რომელთაც არ ძალუძთ ზიანის მიყენება ცხადად, სულის სიღრმეში ინახავენ ბოღმას, გამუდმებით გულით დააქვთ მტრობა, ძვირის ხსენება. ის კი არა და, ღმერთს შესთხოვენ შეურაცხმყოფლის დასჯას და ხარობენ კიდეც, როცა ეს უკანასკნელი უბედურებას გადაეყრება. მესამენი თავიანთ ვალად თვლიან შეურაცხყოფას შეურაცხყოფით უპასუხონ. მიტევება, მათი აზრით, გულნამცეცობაა და სილაჩრე. თითქოს, დაუთმო შეურაცხმყოფელს – ესაა საბაბი იმისა, რათა მან ხელახლა გაწყენინოს.

მაგრამ ასეთი დამოკიდებულება შეურაცხმყოფლის მიმართ უგუნურებაა და წინააღმდეგობაშია ქრისტიანული სარწმუნოების სულთან, არ ეთანხმება ღვთის სჯულს. „თუ მიუგე ჭრილობას ჭრილობითვე, – ამბობს მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი, – მაშინ ერთის ნაცვლად გაჩნდება ორი ჭრილობა და შესაბამისად, ბოროტება გაორმაგებულია და არა აღკვეთილი, იმიტომ, რომ შეურაცხყოფილი, რომელიც ზიანს აყენებს შეურაცხმყოფელს, ვერ განიკურნავს ამით საკუთარ ჭრილობას“.

როგორ მოვიქცეთ, როცა შეურაცხგვყოფენ? გავცეთ შეძლებისდაგვარი პასუხი ამ მნიშვნელოვან კითხვას, მნიშვნელოვანს იმიტომ, რომ წყენა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, უფრო მეტად კი იმიტომ, რომ შეურაცხყოფასთან და შეურაცხმყოფელთან ამა თუ იმ მიმართებაზე დიდადაა დამოკიდებული ჩვენი სულის გადარჩენის საკითხი.

როგორ მოვიქცეთ?

როცა გვაწყენინებენ მაშინ, როცა ჩვენ ამას ვიმსახურებთ, არათუ არ უნდა ვეცადოთ, ვავნოთ შეურაცხმყოფელს, არამედ უნდა ვმადლობდეთ მას და ეს მადლიერება უნდა გამოიხატოს ცხადად (რისთვისაც საჭიროა ნების უდიდესი ძალა და დიდბუნებოვნება) ან არადა უნდა ვმადლობდეთ შინაგანად, სულის სიღრმეში, ლოცვითი კეთილმსურველობით.

უსაფუძვლო შეურაცხყოფისას მშვიდად, საკუთარი სინდისის სინათლით უნდა გადაისინჯოს ყოველი ჩადენილი საქციელი, გავიხსენოთ ყოველი ჩვენი ცოდვა, გავაანალიზოთ მთელი წარსული. ყველას აქვს აურაცხელი ცოდვა და ის, ვინც წყენას გრძნობს სხვისგან, ეს ღირსეული სასჯელია ცოდვებისთვის. უფალი ხომ მრავალგვარი ხერხით შეაგონებს და ასწავლის ცოდვილებს. ისწავლე შეურაცხყოფის ჟამს ყურადღება გადაიტანო საკუთარ ცოდვებზე და მადლობდე ღმერთს იმისთვის, რომ ის გაძლევს შესაძლებლობას, წყენათა გზით დაუფიქრდე და უჭირისუფლო ცოდვებს. დაუმსახურებელი შეურაცხყოფისას თანაგრძნობით უნდა განიმსჭვალო და გებრალებოდეს შეურაცხმყოფელი. უნდა ევედრებოდე ღმერთს ამგვარი ადამიანისთვის, რათა გონს მოვიდეს იგი. ჩვენი მაცხოვრის სიტყვით, ხომ უნდა გიყვარდეს მტრები და ლოცულობდე მათზე, რადგან ისინიც ძმები არიან ჩვენი, დაბრკოლებულნი და დაბრმავებულნი.

ყოველი წყენა უნდა მიუტევო ადამიანებს, მაგრამ მიტევება გულწრფელი უნდა იყოს, გულიდან ამომავალი, ისე რომ, ამ მიტევებაში არ დარჩეს ბოროტების, წყენის, გაღიზიანების ნასახიც კი. ამგვარად მოქცევა ძალზე ძნელია, მაგრამ მაინც შესაძლებელია ღვთის შეწევნითა და ძლიერი, პიროვნული ძალისხმევით. მაგალითად მარადის უფალი იესო ქრისტე გყავდეს, რომელმაც თავისი სიმართლით დაითმინა ყოველი უსამართლობა ადამიანთა მხრიდან, ჯვარცმულ და მოკვდინებულ იქნა სამარცხვინო სიკვდილით.

ჭეშმარიტი ქრისტიანი არათუ შეურაცხყოფით პასუხობს შეურაცხყოფას, არათუ შურს იძიებს, არამედ ხარობს წყენათა გამო, ცდილობს, ბოროტის წილ კეთილი მიაგოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი