რატომ აღიქვამს ადამიანი ძალიან დიდ სიყვარულს ძალიან დიდ ბოროტებად
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
რატომ ეშინია უძღებ შვილს მამასთან დაბრუნების; რატომ უნდა დაეცე ფსკერზე და ღორების საჭმელი გენატრებოდეს, რომ გაგახსენდეს, ვინ ხარ და საიდან მოდიხარ; რატომ არ ესადაგება ღმერთს არც ერთი ეპითეტი და მხოლოდ ერთადერთი მიწიერი სიტყვა – სიყვარული გამოხატავს მის არსს; რატომ და რას უთარგმნის ქრისტე თავის მოწაფეებს და როდის ემგზავრება ადამიანს ჭეშმარიტება? – ამ თემებზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– წინა ნომერში შევჩერდით უძღები შვილის შიშთან, როდესაც ის მამასთან ბრუნდება. ჩვენ როგორ უნდა გადავლახოთ ეს შიში?
– დიახ, უძღებ შვილს ეშინია მამასთან დაბრუნების, მაგრამ გადალახავს ამ შიშისა და უღირსობის გრძნობას, ამბობს, მსახურად მაინც დავუდგებიო და თავჩაქინდრული მიდის მამასთან. ოღონდ ეს ხდება მაშინ, როდესაც ბოლომდე ამოწურავ შენს რესურსს, რკოს შეჭამ – ღორების საჭმელს და აი, ის დაგაბრუნებს უკან. სწორედ ეს არის ნამდვილი დაბრუნება, გონს მოსული დაბრუნება და არა შიშით დაბრუნება... გონს მოსვლა არის გახსენება. აბა, ვის ჰქვია გონიერი კაცი? ვიგონებ, მოგონება... ავთანდილზე წერია, „საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად“. საგონებელი გასახსენებელია, გახსენებაა... ანუ გონება არის მოგონება.
ესე იგი, ვინ ყოფილა გონიერი კაცი?! ვისაც ახსოვს, ვისაც ხსოვნა სამოთხეზე აქვს მიბმული. ამიტომაც ჩვენი ყველაზე დიდი გადასალახავი, რომ გაიხსნას ჭეშმარიტება და იესოს მივეახლოთ, ანუ სისრულეს, სრულ კაცს, არის უღირსობაზე ამაღლება. აი, ეს გვიჭერს ჩვენ და ვისაც ხსოვნა აქვს, ის არ უყურებს თავის ტანსაცმელს, იმას, რაც გარედან ჩანს, რომ მე უღირსი ვარ და არ მეკუთვნის, ის გადალახავს თავის შიშს; მას სჯერა, რომ იესო არის მისი გახსენება და მხოლოდ ამ ხსოვნას შეუძლია გადაალახვინოს თავისი უღირსობა. თუ არადა, ისევ აქ დარჩები.
განა იუდას ქრისტე არ უყვარდა?! განა არ იცოდა, ვინ არის ქრისტე?! პირიქით, იმდენად ჭარბია ქრისტეს სიდიდე, რომ იუდა ვერ უძლებს, არ სჯერა ასეთი უპირობო სიყვარულის და ანადგურებს მას, იშორებს. მიზეზი ისაა, რომ თვითონ ვერ უძლებს! ჩვენც გვემართება ხოლმე ასე: ძალიან დიდი სიყვარული ძალიან დიდ ბოროტებად აღიქმება, იმიტომ რომ ამ სიდიდის აღქმის უნარი არ გვაქვს. გონს მოსვლა არის გახსენებით დაბრუნება, მაგრამ, რომ გაგახსენდეს, ჯერ ის სიზმარი უნდა ამოწურო, რასაც წუთისოფელი ჰქვია. გონს რომ მოდიხარ, ფხიზლდები და უკვე ძალასაც არ ატან, იმიტომ რომ უკვე ყველაფერი ნახე. უძღებ შვილს იქით კიდევ რამე დარჩა?! არა – ყველაფერი ნახა, ფსკერზე დაეცა და სწორედ იქ იღვიძებს ის ნამდვილი, რომელიც მანამდე ლატენტურ მდგომარეობაში, თითქმის დავიწყებულიც ჰქონდა ან ამბობდა, რომ უკან არ მიმესვლება და კიდევ გავქაჩავ. არადა, სად გაქაჩავ?! გინდა თუ არ გინდა, საწყისისკენ ბრუნდები, როდესაც სამყაროს ამოწურავ. მამარდაშვილიც იმავეს ამბობს, როდესაც ჩვენ ამოვწურავთ ყველა ჩვენს შესაძლებლობას, რესურსს მაძიებლობის გზაზე, ზუსტად მაშინ გაგვეცხადება ახალი სამყარო და არა უადრესო. ამდენად, ერთგვარი ინფანტილიზმი, ბავშვური ყვავილობაა, როდესაც გგონია, რომ რაღაცას ვაკეთებ და ვცხონდები.
საერთოდ, როდესაც არსებულზე ლაპარაკობ, იმ არსებულს აკლებ რაღაცას, აკნინებ და ერთგვარად სასაცილო მდგომარეობაში იგდებ თავს. აი, მე რომ ახლა ვთქვა: „მე და ნინო ვიწერთ ინტერვიუს“. ეს ხომ ისედაც გასაგებია?! არსებობს აპოფათიკა, რომელზეც თანხმდებიან მართლმადიდებელი მამები და იუდეველი ინტერპრეტატორებიც, რომ იმ ერთზე ლაპარაკი აკრძალულია, თუნდაც, თქვა, რომ ის დიდია, უკვე შეზღუდე, იმიტომ რომ ეპითეტით მოიხსენიე; ისევე, როგორც ვერც ღმერთს ვერ დაახასიათებ სიტყვით მოწყალეა ან ყოვლისმცოდნეა... იმიტომ რომ ეს თვისებებია, ის ერთი კი თვისებების ჯამი არ არის, ის მათ მიღმაა. ამ თვისებებს მე ჩემი დამოკიდებულებით გამოვწოვ იქიდან. ეს შენთვისაა ღმერთი მოწყალე, იმიტომ რომ ასე დაინახე; ვიღაცისთვის ძალაუფლებაა, იმიტომ რომ ღმერთის სახელით ამკვიდრებს სამართალს, არადა ის ერთი არც ერთ განსაზღვრებასა და ფორმაში არ ეტევა. მაგრამ ერთადერთია სიყვარული, რომელსაც ეკლესია, მამათა მოძღვრება და „სახარება“ ტოვებენ ღმერთის გვერდით – ღმერთი სიყვარულია! იოანე მახარებელს აქვს ორ თუ სამგვერდიანი წერილი სიყვარულზე, დავთვალე და 27-ჯერ აქვს ნახსენები სიყვარული....
სიტყვა თარგმანებას დღეს ვიგებთ, როგორც უცხო ენიდან გადმოთარგმნას ჩემთვის გასაგებ ენაზე. მაგრამ მთარგმნელებს აქვთ ხოლმე პრობლემა: შეინარჩუნო სიტყვა სიტყვით ნათარგმნი თუ გაწირო ეს და სათქმელი ქართულ რეალობას მიუსადაგო?! „სახარებაში“ წერია, იესო მათ გადმოუთარგმანებდაო. რატომ წერია ეს?! გაგახსენებ, აღდგომის შემდეგ ემაუსის გზაზე მიდის იესოს რამდენიმე მოწაფე, გულგატეხილები არიან: ჯვარცმა ნახეს, დაფვლა ნახეს და მათი ოცნებები და იმედებიც დაიმსხვრა, იმიტომ რომ ვერ ნახეს აღდგომა. არადა ამ დროს ახსოვთ ქრისტე, რომელსაც სამი წლის განმავლობაში უსმენდნენ; რომელიც სასწაულებს ახდენდა. ემაუსი ნიშნავს ზრახვათა ადგილს. ესე იგი, ქრისტეს მოწაფეები ზრახვასა და ძიებაში არიან და სწორედ იქ დაემგზავრება მათ იესო. შეწუხებულ მოწაფეებს ქრისტე ეკითხება, ისინი ჯერ ვერ ცნობენ მას, რაზე ბჭობთ, რა ხდებაო. იცის ქრისტემ, მაგრამ მაინც ეკითხება. პასუხობენ, უცხო ხომ არ ხარ, არ იცი, რა მოხდა? ჩვენ გვეგონა, მესიაა, მესამე დღეა და არ აღმდგარაო. ძალიან გულგატეხილები ბრუნდებიან იერუსალიმიდან. თან, ვერ ივიწყებენ იმას, რაც იესოსთან მოხდა. სამი წლის განმავლობაში განხორციელებულ ღმერთთან იყვნენ, საოცარი სითბო და სიყვარული ახსოვთ, მაგრამ ახლა რეალობა დამცირებული და დაკნინებულია. აი, ამ ზრახვასა და ძიებაში იყვნენ და იმიტომ დაემგზავრა მათ მაცხოვარი და ჩვენც, როდესაც ზრახვასა და ძიებაში ვართ, სწორედ მაშინ დაგვემგზავრება ხოლმე ჭეშმარიტება.
მეორე მხრივ, სად არის ღმერთი?! სად უნდა ნახო?! რა თქმა უნდა, ქრისტეზეც შეიძლება, ვილაპარაკოთ; ღმერთზეც... მთელი სამყარო, ქვიდან დაწყებული და ადამიანით დამთავრებული, ღაღადებს მასზე – „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“, ესე იგი, ყველაფერში, თვისებებში, ჩვევებში, ფორმებში, გრძნობებში უნდა ვეძებო. ამის იქით სად უნდა წახვიდე, როდესაც ჯერ ეს ვერ გაგიგია?! რა ხდება, რა ამოძრავებს სამყაროს?! როდესაც აქ ადამიანია, როგორც გვირგვინი, მაშინ უკვე სიყვარული, როგორც ღმერთი, ცალკე არც არსებობს. ღმერთის სული, ცნობიერება, სისავსე შემოდის მატერიაში, ამ გარსში და მასთან შერწყმით ვიღებთ სიყვარულს, მოქმედებაში მოყვანილს. ანუ სიყვარულია ის, თუ როგორ თარგმნი ღმერთს, როგორ მიგაქვს სხვასთან. მაგალითად, ყოველდღიურ ურთიერთობაში ვარ თუ არა მე ღმერთის თარგმანი?! წამიკითხავს თუ არა ის მე?! და ამის სავიზიტო სახეა სიყვარული. ანუ მე ვარ ღმერთის პროფილი. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობ ღმერთზე, ქრისტეზე, არადა ყველაფერზე შემიძლია, ვილაპარაკო, ის გიყურებს, გეძებს და თუ შენ არ ხარ იმ მომენტში მისი გახსენება, ვერ გკითხულობს. ღმერთის თარგმანი თუ არ ხარ, რომ მე წაგიკითხო, მაშინ მე ღმერთს შენი მეშვეობით ვერ დავინახავ. ამიტომ, როდესაც ქრისტეს ეუბნებიან, მამა გვაჩვენე და საკმარისია ჩვენთვისო. ქრისტე საყვედურობს მათ: „რამდენი ხანია, თქვენთან ვარ და მე ვერ მიცანი, ფილიპე; ვინც მე მიხილა, მამა იხილა...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


