რელიგია

უფლის გზაზე

№22

ავტორი: „თბილისელები“ 13:02

რელიგია
დაკოპირებულია

როგორ დავითმინოთ წყენა

როცა სხვა გაწყენინებს – მოითმინე; თანაუგრძნე მას, ვინც გაწყენინა, რადგანაც სცოდა. გაგანაწყენეს? ეცადე, როგორმე კეთილისკენ მიაქციო ამის ჩამდენი და თვით უჩვენე ამისი მაგალითი. აბბა პიმენი ამბობდა: „ბოროტება ვერანაირი სახით ვერ აღმოფხვრის ბოროტებას: ამიტომაც, თუ ბოროტი გიყოს ვინმემ, მიაგე მას კეთილი, რათა სიკეთით აღმოფხვრა ბოროტება“.

ერთხელ დედა თეოდორამ ჰკითხა ალექსანდრიის პატრიარქს – თეოფილეს, რას ნიშნავდა მოციქულის სიტყვა: „მოივაჭრეთ ჟამი (ეფეს. 5,16)“. პატრიარქმა უპასუხა: „მოციქულის სიტყვები სარგებელზე მიუთითებენ: თუ გლანძღავენ, გამოისყიდე ეს დრო თავმდაბლობით და მიიღებ სულისთვის სარგებელს. უპატიობაში თუ იმყოფები – გამოისყიდე ეს დრო მოთმინებით და ისევ მიიღებ სარგებელს. ასე რომ, თუკი მოვიწადინებთ, ყოველი უსიამოვნება შესაძლოა, ჩვენსავე სასარგებლოდ მივმართოთ“.

„... გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით“ ( მთ. 5,44), – გვამცნო უფალმა.

ერთმა კეთილშობილმა ადამიანმა მოითმინა რა გინება, უთხრა მაგინებელს: „შემეძლო, ამგვარივე გინებით მეპასუხა, მაგრამ ღვთის კანონი საცობს სდებს ჩემს ბაგეებს“.

ერთმა ბერმონაზონმა, აბბა პიმენს ჰკითხა:

– რის გაკეთებას მირჩევ, მამაო?

– იყავი იმის მეგობარი, ვინც გაწყენინებს, – უპასუხა ბერმა.

წმიდა აბბა დოროთე ასე გვასწავლის: „გწამდეს, რომ უპატიობა და ყვედრება წამალია სულისთვის, რომელიც შენი სულის სიამაყეს კურნავს. ილოცე შენი მაყვედრებლებისთვის, როგორც ჭეშმარიტი ექიმებისთვის. ვინც მაგინებლებს გაურბის, ის გაურბის სიმდაბლეს“.

თუკი გრძნობ, რომ მწუხარება და რისხვა გეუფლება, როცა შეურაცხყოფას გაყენებენ, შეინარჩუნე მდუმარება და მანამდე არ დაძრა სიტყვა, სანამ განუწყვეტელი შინაგანი ლოცვით არ დამშვიდდება შენი გული და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია, ელაპარაკო მას, ვინც შეურაცხყოფა მოგაყენა.

სიმდაბლისათვის

სიმდაბლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტიანმა შეიგნოს, არაფერი არა აქვს საკუთარი, არამედ აქვს ის, რასაც უფალი უბოძებს და რომ არანაირი კეთილის ქმნა არ შეუძლია ღვთის შემწეობისა და მადლის გარეშე. ამას აცნობიერებს ქრისტიანი და ყველაფერში ღვთის მეოხებას ეძიებს.

სიმდაბლის მაგალითებია: აბრაამი, რომელიც საკუთარ თავს ფერფლსა და ნაცარს უწოდებს; დავითი, რომელიც ამბობს: „მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და სიძულველი ერისა“ (ფს. 21,7); ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, რომლის სიმდაბლეში ჩაისახა მაცხოვარი და მრავალი სხვა წმიდა ადამიანი, რომლებიც სათნო ეყვნენ უფალს. სიმდაბლის უმაღლესი მაგალითი თვით უფალმა იესო ქრისტემ გვიჩვენა, რომელიც ჩვენი ხსნისთვის ჯვარზე სიკვდილამდე დამდაბლდა.

სიმდაბლე ყოველი კეთილი საქმის საწყისია. აი, რატომაც არის, რომ მაცხოვარი, მიუთითებს რა ზნეობრივი სრულყოფილების გზას, პირველ საფეხურად ამ ნიჭს ასახელებს, როცა ამბობს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მთ. 5,3). აი, რატომ ასწავლიდნენ წმიდა მამები სიმდაბლის შესახებ, რომ ეს ნიჭია ყველა სათნოების საცავი.

არ გვიხსნის არც მოსაგრეობა, არც მღვიძარება, არც სხვა რამ ღვაწლი, თუ იმავდროულად არ გვექნა ჭეშმარიტი სიმდაბლე, რომელიც მოიპოვება სიამაყის ცოდვის გააზრების საფუძველზე. სიამაყე ღუპავს ადამიანის სულს, ამიტომაც ხამს ჩვენი ბუნების უძლურების ხსოვნა, ხსოვნა იმისა, რომ ყველანაირად ღმერთზე ვართ დამოკიდებულნი.

მაშ, მოვიპოვოთ სიმდაბლე, ძმებო, დედა ყოველი კეთილი საქმისა, ამინ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი